ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა ხარვეზებით მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა საბჭოში ხარვეზებით მიმდინარეობს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რამდენჯერმე დაფიქსირდა ინტერესთა კონფლიქტი. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 50-კაციანი სია შედგა, მასში მოხვდა იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა, ლევან თევზაძე. ჯანეზაშვილის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ცნობილია, თუმცა შენგელიას თვითაცილების შესახებ საკითხი არ დაუყენებია და კენჭისყრაში ჩვეულებრივ მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს და მთელი ამ პროცესის მიმართ სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

"ლევან თევზაძე ასევე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და "კლანის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და წევრი. ყველას ძალიან კარგად ახსოვს მისი დაპირისპირება საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძესთან და საერთოდ, მისი დამოკიდებულება სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლი შენგელია უნდა ჩამოშორებოდა ამ პროცესს, მაგრამ არ ჩამოშორდა. მე, აუცილებლად დავაყენებ საკითხს იმის შესახებ, როდესაც უკვე შემდგომ ეტაპზე დაიწყება გასაუბრებები, რომ ირაკლი შენგელია ამ ეტაპზე მაინც ჩამოშორდეს ამ გასაუბრებას, თუმცა კანონი და მთავარი მოთხოვნა, რომ ინტერესთა კონფლიქტი უკვე წარმოიშვა, დარღვეულია. შერჩევის პროცესს აი, ასეთი დამოკიდებულება, ხარვეზები და პირადი დამოკიდებულება აყენებს ზიანს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შედგენისას ინტერესთა კონფლიქტი დაფიქსირდა სხვა შემთხვევაშიც.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის მაზლი,ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ხოლო კენჭისყრის დროს ონიანს თვითაცილების საკითხი არ დაუყენებია, რაც თავისთავად დარღვევაა.

"ოფიციალურად, დეკლარაციის თანახმად,ზურაბ აზნაურაშვილი თამარ ონიანის მაზლია, რომელიც გადავიდა შემდგომ ეტაპზე...ანუ, ისე გამოდის, რომ უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესი მორგებულია მათზე და ისე მიდის, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების ნათესავები დასაქმდნენ სასამართლოში. ცხადია, ეს არც ქართველი ხალხის ინტერესშია და არც ჩემი, როგორც საბჭოს წევრის. ასევე ,დარწმუნებული ვარ, რომ არც არავის ინტერესშია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრთა ოჯახის წევრები ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაზე ფიქრობდეს ვინმე", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს