ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ პროექტს იხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს, პირველი მოსმენით „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ პროექტს იხილავს.

ინიციატივის მიხედვით, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ექსპლუატაციის პირობებზე.

კანონი დაიცავს მომხმარებელს უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან. კანონი გავრცელდება, როგორც ქუჩაში, ასევე ონლაინ და დისტანციურად დადებულ გარიგებებზე, რომელთა ღირებულებაც 30 ლარს აღემატება.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელმა მისი უფლებების დასაცავად უნდა მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც შეისწავლის განაცხადს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჯერ გააფრთხილებს მოვაჭრეს და ვადას მისცემს გამოსასწორებლად, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებს მას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამომხმარებლო ბაზარი დღეს საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ყოველდღიურად არაერთი ფაქტი ფიქსირდება, როცა არაკეთილსინდისიერი ბიზნესი ბოროტად სარგებლობს მომხმარებლის არაინფორმირებულებით.

"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს უხარისხო პროდუქციის შესყიდვებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამებისგან, მოტყუებისგან ონლაინ შეკვეთების დროს. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქები პროდუქტს შეიძენენ 0%-იანი განვადებით, თუმცა მათ არ აწვდიან ინფორმაციას დამატებითი ხარჯების შესახებ, რაც შემდგომში სამართლიანად იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივის მოსახლეობის გარდა, სერიოზულად ირღვევა ტურისტების სამომხმარებლო უფლებებიც, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

კონკურენციის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონის აღსრულებას, დაეხმარება მომხმარებლებს მათი უფლებების დაცვაში, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. რაც მთავარია, კანონი არ იქნება ორიენტირებული ბიზნესს შეუქმნას რაიმე წნეხი, პირიქით, კანონი გააჯანსაღებს კონკურენციას ბიზნეს შორის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა