ზაზა ფირალიშვილი - დღევანდელი მდგომარეობით, საეჭვოა, რომ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული მიზანი მიღწევადი იყოს

საეჭვოა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული მიზანი მიღწევადი იყოს, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან მიმდინარე აქციების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი განმარტებით, ძნელია იმის თქმა, ამოწურა თუ არა აქციებმა თავისი თავი, რადგან გააჩნია, როგორ ორგანიზაციულ ფორმებს შეიძენს.

„ძნელი სათქმელია, რამდენად არიან მზად იმისათვის, რომ ბრძოლა განაგრძონ და უფრო მეტს მიაღწიონ. საამისოდ მათ არ აქვთ არც გამოცდილება და არც ორგანიზაციული გამართულობა. ერთი რამ კარგად იციან, პოლიტიკურ ძალებთან ორგანული კავშირი ამ აქციების საზოგადოებრივ ხასიათს ავნებს. საეჭვოა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული მიზანი მიღწევადი იყოს. გიორგი გახარიას, როგორც ჩანს, ის კავშირი აქვს ხელისუფლებაში და შეიძლება, საერთაშირისოც, რომლებიც მას უფრო მყარად აგრძნობინებს თავს, ვიდრე კობახიძესა და ქუცნაშვილს“, - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა უკვე ბევრს მიაღწიეს, მათ შორის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას, რაც „სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს“.

ფირალიშვილის შეფასებით, „ამ საქმეს პოლიტიკოსები ვერ უშველიან“, თუმცა ვნებათაღელვის გამოწვევა რამდენჯერმე უკვე სცადეს, რაც საზოგადოებრივ მხარდაჭერას ასუსტებს.

„პოლიტიკოსების როლის გაძლიერება გამოიწვევს საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტებას, რომელიც ამ აქციებში მონაწილე ახალგაზრდობას ჯერ კიდევ აქვს. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საკუთარი მოთხოვნების მოცულობას და მათი განხორციელების შესაძლებლობას რამდენად ზუსტად განსაზღვრავენ. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ასე სპონტანურად განაგრძობენ, საბოლოო ჯამში, ეს აქციები შეიძლება არასასურველად ჩაინავლოს. ეს კარგი არც საზოგადოებისთვის არის და არც შემდგომი პოლიტიკური მოვლენებისთვის“, - განაცხადა ფირალიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ