ქართული პრესის მიმოხილვა 08.07.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”

ბათუ ქუთელია - “სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი”

გია ხუხაშვილი – “გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში“

დავით ზურაბიშვილი - “ხელისუფლება ისე იზამს, რომ თავს მთელს მსოფლიოში მოიჭრის”

რომან გოცირიძე - ჩვენი “გავრილოვის სია” ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”

“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის. ეს უნდა გახდეს სასწრაფო გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება უპირველესად “ოცნებაში” სჭირდება”/ “პარტიას, რომელიც ვერ შეძლებს იმდენი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ 15 000 ხმა მიიღოს, რა უნდა პოლიტიკაში?!” / “ხელისუფლების გზავნილი ასეთია: ჩვენ ვართ ძლიერები, ჩამოშლას არ ვაპირებთ და ქოცებადქცეულო „ნაცებო“, და არა მხოლოდ თქვენ, პარტიის შეცვლასა და ახალი პატრონის ძებნაზე არ იფიქროთო”.

“რა ვიხილეთ 20-21 ივნისის ღამეს? - აქციის მონაწილეების პარლამენტში ძალისმიერი შეღწევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა და ამის საპასუხოდ პოლიციის მიერ პარლამენტში ძალისმიერად შესვლის აღკვეთა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ეტაპზე პოლიციის მოქმედება იყო აბსოლუტურად კანონიერი, თუმცა ამის მერე დაიწყო დანაშაულებრივი პროცესი! უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ხელისუფლებას დასჭირდება ძალიან მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ჩაითვალოს ამბოხისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს ის, რომ ეს საპროტესტო პროცესი ძალიან სპონტანურად წარმოიშვა. ეს სპონტანური აქცია, თუნდაც პარლამენტში შეჭრის მცდელობასთან ერთად, როგორ შეიძლება დაუკავშირდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას? - ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. არის მეორე კითხვაც, რომელსაც ხელისუფლებამ ასევე უნდა უპასუხოს - რა საჭირო იყო 5-საათიანი დაუნდობელი სადამსჯელო ოპერაცია, დევნა, დარბევა, დამიზნებით სროლა, რაც პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღკვეთის შემდგომაც გაგრძელდა. ხელისუფლების არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია, როდესაც საქმე შეეხება სწორედ პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღკვეთას. ვგულისხმობ იმ არგუმენტს, რომ სპეცრაზმი და პოლიცია თავს იცავდნენ და ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოქმედებდნენ - როდესაც პოლიციას თავს ესხმიან, მან უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შესაძლოა არც დაელოდოს ბრძანებას, მაგრამ, როდესაც ვერის უბნის ჩიხებს და სადარბაზოებში მოქალაქეებს დასდევდნენ, ვის იგერიებდა სპეცრაზმი ამ დროს? - გაქცეულ პროტესტანტებს?! ეს იყო განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეებზე შურისძიებისა და დაშინების აქტი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“რა მოხდა იმ 5 საათის განმავლობაში: სპეცრაზმი უმართავი იყო და შლეგივით დაქროდა თბილისის ქუჩებში? - დავუშვათ ასე იყო, მაგრამ სად იყო ხელისუფლება, რას აკეთებდა?! - ეს კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან. ასევე კითხვები გვაქვს იმ პირებთან, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, არ იყო უბრალოდ ძიძგილაობა. არსებობს კითხვები იმის თაობაზეც, თუ ვინ არიან ეს კუნთმაგარი ტიპები, საიდან მოვიდნენ და ა.შ. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც ვითარებასთან გამკლავების ძალისმიერი გზა აირჩია, გარკვეული ახსნა აქვს, მაგრამ არა გამართლება. ხელისუფლებას დღეს, როგორც არასდროს, ძლიერის იმიჯი სჭირდება. “ქართულ ოცნებას” ძალიან აშინებს სისუსტის გამოჩენა. ისინი, ვინც საკუთარ მომავალზე ფიქრობენ, აუცილებლად დაუსვამენ საკუთარ თავს კითხვას: სად არის გამოსავალი - სუსტი “ოცნების” გვერდით, რომელიც ჩამოქცევის პირას არის, თუ `ნაცებთან~ მოსარიგებელი გზების ძიება? სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ “სიმტკიცის” გამოჩენა და ძლიერის იმიჯზე ზრუნვა. ძალის დემონსტრირება ხელისუფლებას უპირველესად “ოცნებაში” სჭირდება. ხელისუფლების გზავნილი ასეთია: ჩვენ ვართ ძლიერები, ჩამოშლას არ ვაპირებთ და ქოცებადქცეულო “ნაცებო”, და არა მხოლოდ თქვენ, პარტიის შეცვლასა და ახალი პატრონის ძებნაზე არ იფიქროთო. ეს არის მესიჯი იმ ამომრჩევლის შემოსამტკიცებლადაც, ვინც დიდი ხანია ითხოვს კოაბიტაციის დასრულებასა და სამართლიანობის აღდგენას. მათთვის სამართლიანობის აღდგენა არის სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შეზღუდვა. მთავარია, “ოცნებას” ძლიერის იმიჯის შენარჩუნების სურვილმა უფრო დიდი შეცდომები არ დააშვებინოს, როგორც მის წინამორბედებს დაემართათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რას გულისხმობენ სამართალდამცავები განცხადებაში - `პირველი ფაზა მიზნად ისახავდა პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე" - ძნელი სათქმელია, თუმცა ხელისუფლების ჩამოშლის პირობებში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სცენარის გათამაშება იყო შესაძლებელი. თუ ხელისუფლება იშლება, მერე ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიდის და ეს შეიძლება გავრცელებულიყო რეგიონებშიც. მოხდებოდა ის, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში “ქართული ოცნებიდან” “ნაციონალებში” გადაბარგება დაიწყებოდა და ამას ჯაჭვური რეაქცია ექნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კონკრეტული მზადდებოდა, ამის მტკიცებულებად ფაქტები თუ არ წარმოადგინეს, ისეთი ფაქტები, რომელთა მართებულობაშიც საზოგადოებას ეჭვი არ შეეპარება, ხელისუფლებას გაუჭირდებათ ამ ბრალდებების დამტკიცება. ისე, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში რევოლუციით ერთხელ მოვიდა, ხოლო მისი ლიდერი დღესაც გამუდმებით ლაპარაკობს სწორედ ძალისმიერი გზებით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რევოლუციური სცენარის ამოქმედება სულაც არ იქნებოდა მოულოდნელი, მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე ოფიციალური ბრალდება, რასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება და ამის მტკიცების ტვირთი სწორედ ხელისუფლებას აწევს”, - ამბობს ექსპერტი.

“20-21 ივნისს უსაფრთხოების ვერტიკალი თავიდან ბოლომდე არასწორად მოქმედებდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საზოგადოდ სახელმწიფო უსაფრთხოების არქიტექტურას. როდესაც ხედავ, რომ პარლამენტში შეჭრას ცდილობენ, ამაზე დიდი საფრთხე რა უნდა დაემუქროს ქვეყანას? არგუმენტად იმის მოყვანა, ვის სჭირდებოდა ცარიელ პარლამენტში შეჭრაო და ა.შ., სრულიად არასერიოზულია: პარლამენტში შეჭრა თავისთავად იქნებოდა ისეთი დემორალიზაციის აქტი მთელი ხელისუფლებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის, რომ შეუქცევად პროცესად იქცეოდა. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ასეთი საშიშროების წინაშე იდგა სახელმწიფო, რატომ არ შეიკრიბა მთავარი სტრუქტურა - უსაფრთხოების საბჭო? ასეთ შემთხვევაში საერთოდ აღარ გაჩნდებოდა კითხვები, ვინ გასცა ბრძანება, რატომ გასცა და ა.შ. გაცილებით მწყობრი იქნებოდა სახელმწიფოს რეაქციაც და გადაწყვეტილებებიც. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრია, საერთოდ არაფერი იცოდა, ისე დაიწყო აქციის დაშლა; მეორე _ გახარიას მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად მგონია, რომ სწორედ მან გასცა დაშლის ბრძანება, არადა, სწორედ ის არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი”, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ მაშინვე გამოსულიყო და ეთქვა: ის ტყვიები, რომლებიც რუსთაველზე გავარდა, უპირველესად “ქართულ ოცნებასა” და ხელისუფლებას მოხვდა. ჩვენ ვიწყებთ ამის გამოძიებას და ვინც უნდა იდგეს ამის უკან, დავსჯითო და საქმისთვის დროებით ჩამოეშორებინა პასუხისმგებელი პირები. ამის მერე სრული მორალური უფლება ექნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღეძრა ყველა იმ მონაწილესა და ინიციატორზე, რომლებიც პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. გავრილოვის პარლამენტში სტუმრობა ხომ შემთხვევითი არ ყოფილა: ეს არის ძალიან მწყობრი ჯაჭვის მორიგი რგოლი: პანკისი, გარეჯი, ვასაძე თავისი “გალავარეზებით”, ნეიტრალიტეტის თემა და ბოლოს გავრილოვი. ახლა იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა მიზანს ისახავდა ეს პროვოკაცია. რამდენიმე თვის წინ უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოსო. ამას მოჰყვა პანკისი, გარეჯი და გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანებაც…”, - განმარტავს ექსპერტი.

“გახარიას წასვლასაც და დარჩენასაც ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, ერთი ფასი აქვს. ის, როგორც ხელისუფლების საყრდენი ფიგურა, უკვე ძალიან მოირყა, ყველაფერი გაკეთდა როგორც “ოცნებაში”, ისე მის გარეთ, მისი იმიჯის დანგრევისთვის. თუ რატომ არ გადააყენეს აქამდე, რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ: პირველი - შესაძლოა ის მართლაც არ არის ბრძანების გამცემი, ამიტომაც მისთვის ხელის შეხოცვას ვერ ბედავენ; მეორე - შეიძლება კიდევ ერთხელ სისუსტის გამოჩენა არ უნდა ხელისუფლებას და თან არ სჯერა, რომ ხალხის მოთხოვნები ამით ამოიწურება. თვალსაჩინოა აქციის ორგანიზატორებზე საინფორმაციო შტურმიც, მაგრამ თვითონ ხელისუფლებამ უნდა განასხვაოს ამ აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდებისა და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნები. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ჩვენ გახარიას გადადგომით დავასრულებთ აქციასო, მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” სანდრა რულოვსის პირით მოითხოვს მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ამიტომაც არ სჯერა ხელისუფლებას, რომ გახარიას გაწირვით ეს პროცესი დამთავრდება, - თვლის ლაგაზიძე.

“თუ ახლა რაიმეთი შეიძლება დარჩეს `ქართული ოცნება~ ისტორიაში, ეს პროპორციული არჩევნებია. არავინ ამბობს, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერი საჩუქარია პოლიტიკური სპექტრისთვის. საქმე ის არის, რომ პარლამენტში ამ გზით, სავარაუდოდ, შევლენ იმ ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც საკუთარ თავს მხოლოდ სავაჭრო დახლზე ხედავენ, რომელთაც აქვთ გარკვეული ფასი და ამ შემთხვევაში ვინც მეტს გადაიხდის, იმას მიეყიდებიან. რა თქმა უნდა, ამას ვერ ავცდებით, თუ საზოგადოება ვერ მიხვდება, ვინ არის პოლიტიკური “ნივთი”, რომელიც საკუთარ თავს ყიდის, და ვინ არის რეალურად მოსურნე იმისა, რომ პარლამენტში შევიდეს გარკვეული ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრზე მეტად გაიზარდა და ამას უნდა მიხვდეს. იმავდროულად, ეს არის შანსი იმისა, რომ პარლამენტში მოვიდეს ის ახალი თაობა, რომელმაც დღეს ეს ცვლილებები მოიტანა და აბსოლუტურად უკომპრომისოა დღევანდელ პოლიტიკურ კლასთან. მათ ორგანიზება რომ შეუძლიათ, უკვე ვნახეთ, ახლა დროა ასევე ორგანიზებულად იქცნენ პოლიტიკურ ძალად და შევიდნენ პარლამენტში. გარდა ამისა, მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება, რომლებიც დიდი შემადგენლობით ვერ შევლენ, მაგრამ კოალიციურ მთავრობაში ძალიან სერიოზული ხმა და გავლენა ექნებათ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ქართული ოცნება” იძულებული გახდა ამ დათმობაზე წასულიყო. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ შანსის გამოყენებაზე იტყვის უარს, პირდაპირ `ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ ამას ხელს შეუშლის “ნაციონალური მოძრაობა”, ამას მმართველი ძალა ფარულად მხოლოდ მიესალმება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” გადააბრალებს. ოპოზიციის ნაწილი რომ ბლოკებზე არ თანხმდება,- ეს ბლოკები იყო სწორედ, ერთი მხრივ, ამ ერთკაციანი პოლიტიკური ძალების გადარჩენის და, მეორე მხრივ, ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღების თაღლითური მცდელობა. ხშირად ამგვარი პარტიების წარმომადგენლები საერთო სიაში ისეთ ადგილას იყვნენ, რომ პარლამენტში ვერასოდეს შევიდოდნენ, მაგრამ ბარიერს თუ გადალახავდა ბლოკი და პარლამენტში შევიდოდა, ამ ერთკაციან პარტიებს უზარმაზარი ფინანსური შემოსავალი ეძლეოდათ. სინამდვილეში ეს იყო ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღების არაკეთილსინდისიერი გზა. ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ოპოზიცია ამბობს, ასეთ შემთხვევაში ბევრი ოპოზიციური პარტია დარჩება გარეთო, მაშინ ასეთი შეკითხვა მაქვს: პარტიას, რომელიც ვერ შეძლებს იმდენი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ 15 000 ხმა მიიღოს, რა უნდა პოლიტიკაში?!” – სვამს კითხვას ექსპერტი.

“ნაციონალებს” ეს პოლიტიკური სივრცე თავისთვის უნდათ და ამას არც მალავენ, როდესაც ასე გამხეცებით ეკვეთნენ უსუფაშვილსა და ელისაშვილს, რატომ მიხვედით პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე გამართულ შეხვედრაზეო. არადა, ვის აქვს პოლიტიკური სივრცის პრივატიზების უფლება?! რაც გამოჩნდა, მოწმობს, რომ მომავალი არჩევნები ამ ტრენდით წარიმართება: “ოცნება” ყველა ოპოზიციურ პარტიას “ნაცების” კლიშეს მიაკერებს, “ნაციონალები” კი მათ “ოცნების” სატელიტად გამოცხადებას შეეცდებიან. ამიტომაც უნდა დაინგრეს ეს ორპარტიული მონსტრი, მახინჯი სისტემა, რომელშიც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას ან სიაში პირველნომრობას, რაზეც მიდის ამ ბოლო დროს ლაპარაკი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად დადგება “ქართული ოცნებისთვის” ამის სასიცოცხლო აუცილებლობა”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ბათუ ქუთელია - “სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი”

“მთავრობა გავრილოვის გამოჩენის დღიდან ყველა ეტაპზე არასწორად და დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს იღებს, შესაბამისად, ახლაც სახეზეა ზუსტად იგივე პროცესი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ზუსტად აღიქვამენ ამ პრობლემის და პროტესტის მასშტაბს, რამაც გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში და როგორც ჩანს ისევ არასწორ სვლას აკეთებენ იმაზე, რომ როდესღაც ეს ხალხი დაიღლება და მერე დაეზარებათ გამოსვლა, ესეც არასწორი გათვლაა, იმიტომ, რომ ეს დააზიანებთ მათაც და სახელმწიფოსაც. რაც უფრო დროზე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და გახარია დატოვებს თანამდებობას, მაშინ შანსი ექნებათ მათაც, რომ პროცესი პოლიტიკურ ჭრილში დააბრუნონ და ლეგიტიმურობის ხარისხი შეინარჩუნონ, სანამ ახალ არჩევნებამდე მივა ქვეყანა”, - აცხადებს “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, როდესაც ერთი ადამიანის კლანი აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას” - ქუთელია.

“ძნელია პროგნოზი გავაკეთო რა ეტაპზე გადავა პროტესტი, მაგრამ, ამ რეჟიმში ისინი ქვეყნის სწორად და ეფექტურად მართვას ვერ გააგრძელებენ, ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს რეგიონებშიც და ამას ჭირდება ქმედუნარიანი ეფექტური მთავრობა და თუკი ისინი ამ პროცესს გაწელავენ, გაუჭირდებათ ქვეყნის ეფექტური მართვა და ამას სხვა კრიზისებიც მოჰყვება, გამომდინარე იქიდან, რომ არ მუშაობს გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციური მექანიზმები… აქციები კონკრეტულ საკითხზეა, შესაბამისად, გახარიას გადადგომა იქნება ამ აქციის მიზანი, და სხვა რამეებზე ხალხი თუ უკმაყოფილოა, ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რა ფორმით მოხდება ამ უკმაყოფილობის გამოხატვა, ეს უკვე ამ ქვეყნის მოქალაქეებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ მთავრობა ვერ აღიქვამს ამ სირთულეს იმ დონეზე, რაც არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბათუ ქუთელია.

“გახარია თუ გადადგა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი სხვა ყველაფერი ხალხს ამ მთავრობის მოსწონთ, მოქალაქეებს ექნებათ უფლება ყოველთვის პროტესტი გამოხატონ რა ფორმითაც ისინი საჭიროდ ჩათლიან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ, რომ ძალადობაზე თქვან უარი, გამოიძიონ ყველაფერი და შესაბამისად პროცესები დაბრუნდეს პოლიტიკურ ჭრილში, და შემდეგ უკვე პოლიტიკური ცხოვრება გამოავლენს რაზე ექნება ხალხს პროტესტი. 2020-ში საპარლამენტო არჩევნებია და არჩევნებზე აისახება სწორედ ის განწყობები, რაც საპროტესტო უკმაყოფილებებით დაგროვდა საზოგადოებაში… მთავრობა რეალურად არ ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს ინსტიტუციებით და პოლიტიკური პასუხისმგებლობებით, ეს არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითი, სადაც სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, როდესაც ერთი ადამიანის კლანი აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას და ამიტომაც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად სწორედ ეს არის რეცეპტი იმისა, რომ მომავალშიც ბევრ შეცდომებს დაუშვებენ და ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე ფორმის კრისზისები შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ ინსტიტუციები არის აბსოლუტურად პარალიზებული”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობის მატარებელია გახარიას პიროვნება ბიძინა ივანიშვილისთვის?” – პასუხობს:

“გახარია პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა, ივანიშვილისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს, როგორც ჩანს, რაღაცა რუსული კავშრების გამო და ძალისმიერი ავტორიტარული მართვისთვის გახარიასნაირი ტიპი სჭირდება და ვერ ელევა მას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის მერე, რეალურად ექნება ლეგიტიმაცია გამოძიებასაც და შეიძლება სწორედ ეს შემდგომი გამოძიების პროცესი არის ის, რომელიც მთავრობას არ აწყობს და ცდილობენ, რომ რამენაირად ეს ჩაფარცხონ, ეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციაა”.

გია ხუხაშვილი – “გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში“

“ხელისუფლება წინა ხელისუფლების შპარგალკებით ხელმძღვანელობს, ანუ სისტემა არ შეცვლილა და ისინი იმავე ნაღმებზე ფეთქდებიან. 2007 წელს აღძრული სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი ვიყავი. დღევანდელ ხელისუფლებას მას მერე არაფერი შეუცვლია. ის იმ სისტემას კი არ ებრძვის, პირიქით, ყველა მანკიერებას იმეორებს და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამ ყველაფერს თუ სახელმწიფოს პრიზმაში გავხედავთ, ეს დამანგრეველი შედეგების მომტანია - როდესაც მართლმსაჯულების პოლიტიზება ხდება, ანუ მისი გამოყენება პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად და გახმაურებული საქმეების გადასაფარად, ეს საბოლოოდ ანგრევს სახელმწიფოს და თვითონ ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ურჩხულს, რომელიც, როგორც კი დაფრთიანდება, მისივე მშობელს შეჭამს. ასეთია ისტორიული კანონზომიერება, საქართველოს უახლესი ისტორიაა ამის დასტური. ადრე თუ გვიან, ეს მონსტრი თვითონ ამ ხელისუფლებას შეჭამს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში“.

“გახარია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ვთქვათ, მაინცდამაინც მას გადაეფარნენო. გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში, ეს აშკარად ჩანს. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და მინისტრს იმიტომ კი არ წირავენ, რომ მოსწონთ, არამედ იციან, რომ გახარიას გაწირვამ შეიძლება სისტემური რყევები გამოიწვიოს. გახარია დღეს უფრო ხელისუფლების პრობლემაა, ვიდრე ოპოზიციის. ოპოზიციას ის უფრო უხარია, რაც მეტხანს იქნება გახარია, ეს პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების ინსტრუმენტს აძლევს. პოლიტიკური ლოგიკით, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უკვე უნდა გადაედგა და პრობლემაც აღარ იქნებოდა. ბიძინას მმართველობითი სისტემა დომინოს ქვებით არის ნაშენი და ერთი ქვაც რომ გამოაცალო, ხუხულასავით დაიშლება. ამის ეშინია ივანიშვილს. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი რომ გვქონდეს, გახარია უნდა წასულიყო და კრიზისიც აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჩვენი მმართველობითი სისტემა ხომ არ არის რეალურად დემოკრატიული? ჩვენ ჯერ კიდევ ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ყველაფრის დირექტორია. ოპერატიული თვალსაზრისით, ამ კრიზისის ჩაცხრობა რომც შეძლონ მისი დისკრედიტაციის გზით, რა გზაც აირჩია ხელისუფლებამ, ორ კვირაში ახალი კრიზისი იფეთქებს, რადგან პერმანენტული კრიზისების ეპოქაში ვართ შესული. ნავს, რომელშიც ხელისუფლება ზის, ძალიან ბევრი ხვრელი აქვს და ნელა, მაგრამ მაინც ჩაიძირება, მას თითებით დაგმანვა კი არა, გენერალური რემონტი უშველის, რისი სურვილიც ხელისუფლებას არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ნიკა მელიას კი არა, ხელისუფლებას აქვს პრობლემა მელიას გამო. როცა პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესშია, ის ციხეშიც ჯდება, ამათ კი ერთი დამატებითი გმირი შექმნეს და ამით ისევ თვითონ გაიჩინეს პრობლემა… იმ დღეს ცარიელ შენობაში ცარიელი ხელებით 200 კაცი უნდა შესულიყო. სახელმწიფო გადატრიალება ფოსტა-ტელეგრაფის აღებით უნდა იწყებოდეს, ეს XX საუკუნის დამდეგის თემაა. XXI საუკუნეში პარლამენტის აღება არაფერს იძლევა. საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ამ შენობის აღება არ ნიშნავს ხელისუფლების პარალიზებას. ყველა ინსტიტუტი ფუნქციონალურია და რომ შეცვივდებოდნენ, იმ შენობიდან მათი გამოყვანაც ადვილი იყო და დასაბუთებული სამართლებრივი შედეგებიც იქნებოდა. ანალოგიური და უფრო მძიმე ფაქტი მოხდა ჰონკონგში - პარლამენტში არმატურებით შეიარაღებული 100-მდე კაცი შევარდა და პოლიციამ გაზი გამოიყენა. ისინი შენობიდან გამოიყვანეს და სახელმწიფო გადატრიალება არც გამოუცხადებიათ. დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუციური პოტენციალი აღარ აქვს. რევოლუციას ისევ ხელისუფლება თუ მოუწყობს თავის თავს, არა “ნაცები”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რა შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას ისეთი, რაც ბრალდებას გაამყარებს?” – პასუხობს:

“შეიძლება აქვს, შეიძლება არა, მაგრამ გვაქვს გამოცდილება. საბურავების საქმეზეც ამბობდნენ, რაღაც საშინელებას აპირებდნენო, მტკიცებულებები გვაქვსო და სად არის? იყო მიშასა და წიკლაურის, სხვათა საუბრების ჩანაწერებიც, გვიმტკიცებდნენ, თითქოს გადატრიალებას და რაღაც საშინელებას აპირებდნენ, მაგრამ სადაა? რამდენჯერ შეიძლება დავუჯეროთ ხელისუფლებას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური ამოცანის შესრულების ობიექტად თვლის და მერე დასცინის. დაცინვაა ყველა ის საქმე, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძრა. “ოცნების” სტრატეგიული ამოცანა იმაში მდგომარეობს, როგორმე გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, ამის მეტი ამოცანა აღარ აქვს და ცდილობს დაშინებისა და შეთქმულების თეორიების გზით მიიღოს შედეგი”.

დავით ზურაბიშვილი - “ხელისუფლება ისე იზამს, რომ თავს მთელს მსოფლიოში მოიჭრის”

“საბჭოთა კავშირის დროს გადიოდა ასეთი სერიალი “გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი მიულერი ამბობს, რომ არაპროგნოზირებადი ლოგიკის ცნობა შეუძლებელიაო - ასეა ჩვენი ხელისუფლებაც. ხელისუფლებას კი ვამბობ, მაგრამ იგულისხმება ერთი ადამიანი, ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ის იტყვის შეთქმულებაა და სახელმწიფო გადატრიალება და ესენიც დარბიან. ეტყობა, გავრილოვის შემდეგ შეშინდა და ახლა რუსებს უგზავნის მესიჯს, რომ მისი მტერი არ არის. რა შეიძლება ამაზე რომ თქვა”, - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება ისე იზამს, რომ თავს მთელს მსოფლიოში მოიჭრის” - დავით ზურაბიშვილი.

“რა შეთქმულება, რის სახელმწიფო გადატრიალება? ჩვენ გვინახავს სახელმწიფო გადატრიალება ტანკებით რომ მიადგნენ პარლამენტს, იყო ასეთი მომენტი საქართველოს ისტორიაში. მეც ვიყავი შეთქმულებაში ეჭვმიტანილი “ნაციონალების” დროს, მაგრამ, იმათ იმდენი ჭკუა მაინც ჰქონდათ, რომ საქმე არ აღუძრავთ, იცოდნენ, რომ სერიოზული შედეგი მოჰყვებოდა, რადგან ეს არის უმძიმესი ბრალდება და ამის მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. ეს რომ დაამტკიცო უტყუარი ფაქტები სჭირდება. მე მგონი რომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, ბოლოს ისე იზამენ, რომ თავს მოიჭრიან მთელს მსოფლიოში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე – “არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე საპროტესტო მუხტი 18 ივლისამდე შეინარჩუნოს, ვიდრე ცნობილი არ გახდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი 2”- ის საქმესთან დაკავშირებით, რომ შემდეგ პროტესტი “რუსთავი 2-ის” თემაზე ააწყოს...” – პასუხობს:

“ არ ვიცი, ხალვაშის სასარაგებოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ არა, უფრო მგონია რომ არა, მაგრამ ხელისუფლება მაინც შეეცდება თავის სასარგელოდ ინტერპრეტაციებს მაინც გააკეთებს. ეს ხელისუფლება წარმავალია და მალე დამთავრდება ეს მარაზმი იმ არჩევნებში, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდება”.

რომან გოცირიძე - ჩვენი “გავრილოვის სია” ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის

“ჯერ ჭიკაიძის ათასი საბურავი გამოიტანონ, დააწყონ რუსთაველზე და მერე ილაპარაკონ გადატრიალებაზე. მათი ერთადერთი “სამხილი” დამონტაჟებული სატელეფონო საუბრებია. ეს ყველაფერი საზოგადოების მოსატყუებლად კეთდება - უნდათ, ზემოქმედება მოახდინონ, გააბრიყვონ. თუმცა ხალხმა ჭკუა ისწავლა და ამათ არავინ დაუჯერებს. ასე რომ, ეს მორიგი აბსურდული ბრალდებაა, რომლითაც საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვა უნდათ. ვაფრთხილებდით, რომ გავრილოვის ჩამოყვანა საზოგადოებისთვის უმძიმესი იქნებოდა, არ უნდა შემოეშვათ. ბრიფინგი მოვაწყვეთ, პრეზიდენტის სასა­ხლესთან აქცია გავმართეთ, ვეუბნებოდით, რომ ამას მოჰყვებოდა გართულება, მაგრამ... სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ადამიანი, რომ გავრილოვს პარლამენტში მიიყვანდნენ და კობახიძის სკამზე დასვამდნენ”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტევიუში, სათაურით რომან გოცირიძე - “სპეცოპერაცია არა რიგითი გახარიას გადასარჩენად”.

“თავიდან საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა. შემდეგ ვიღაცას თავში მოუვიდა, რომ ეს არ არის საკმარისი, შევცვალოთ კვალიფიკაცია და დავარქვათ ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზითო. პროკურატურამ სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რასაც ამბობს რუსეთის ხელისუფლება - დაისაჯონ ისინი, ვინც საპროტესტო აქციით შეხვდა გავრილოვს. ეს თეზისი გავრილოვს ეკუთვნის და დაიწყეს კიდეც ხალხის დასჯა - ჯერ მელიას შეუზღუდეს კონსტიტუციური უფლება, მისი პარლამენტში მისვლა-არმისვლა პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს. ამ თვეში განიხილება სამი რეზოლუცია. ერთი ჩვენი, - გავრილოვის სია, რომელიც ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის. ბუნებრივია, პარლამენტი მას ჩააგდებს, მაგრამ ჩვენ მაინც მივმართავთ საელჩოებს, თან მომავალი პარლამენტი მაინც მიიღებს ამ სიას. პარლამენტში შესული კანონპროექტები არსად ქრება, შემდეგი მოწვევის პარლამენტში გადადის; განიხილება ასევე გახარიას გადაყენების საკითხი და მესამე რეზოლუცია შეეხება ამ მოვლენებთან დაკავშირებულ “ქართული ოცნების” საქმიანობას. ამ დროს კი მელიას არ მისცეს უფლება, რეზოლუციების განხილვაზე მივიდეს პარლამენტში, სამაგიეროდ შეუძლია დაესწროს მეღორეობისა და მეფრინველეობის განვითარებაზე მსჯელობას. ამით პროკურატურა დეპუტატის საქმიანობას შერჩევითად განსაზღვრავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

“გავრილოვს ოცნება აუხდინა “ოცნებამ”, ამას დაუმატეთ კარასინის შანტაჟი, - “თუ ასე გააგრძელებს საქართველო, ორივე მხარე შევიარაღდეთ და ასე გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედიო”. - წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? მაშინ, როდესაც ნახევარ მსოფლიოს რუსეთის ატომური ბომბის ეშინია? მეტიც, თითს უქნევს ჩვენს პარტნიორებს, რომ არ გაბედონ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა. ამ ვითარებაში არავინ იცის, ივანიშვილთან არსებული ფარული არხებით ოპოზიციის დასჯას რა მეთოდებით მოითხოვს. `ოცნებამ~ კრემლის სურვილებს შეასხა ხორცი… ფარული ჩანაწერების დღეს არავის სჯერა. შეუძლიათ ნებისმიერი რაღაც დაამონტაჟონ. თუ გაავრცელებენ ჩანაწერს, მე მეორე დღესვე გავავრცელებ ფარულ ჩანაწერს, როგორ ელაპარაკება პრემიერი-მინისტრი ივანიშვილს, ზებრასა და ზვიგენს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა მიდის სპეცოპერაცია არა რიგითი გახარიას გადასარჩენად... არა მგონია, ოქრუაშვილსა და უგულავას სერიოზული პრეტენზიები წაუყენონ, აქცენტების გადატანას ცდილობენ, რომ ხალხს დაავიწყონ სხვა პრობლემები. ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები უკვე დაიწყეს - აქციის მონაწილეებს­ იჭერენ, დევნიან. ჩვენ შევხვდით დიპლომატიურ კორპუსს და ყველა საელჩოს მივაწოდეთ ინფორმაცია. ვთხოვეთ, თავიანთი სახელმწიფოები ჩააყენონ საქმის კურსში, რათა მკაცრი ზომები მიიღონ. ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი დაკავშირებულია უცხოურ წყაროებთან... ნუ ავიწყდება ივანიშვილს, რომ მისი ანგარიშებიც უცხოეთშია. თუ ძალიან აიშვებს თავს, აგერ კარგი მაგალითია მოლდოვა - ოლიგარქს ეგონა, ქვეყნის სათავეში 30 წელი იქნებოდა, მაგრამ 30 დღის წინ გაიქცა ქვეყნიდან და მისი აქტივებიც გაყინულია”, - დასძენს გოცირიძე და შეკითხვაზე – “დაკავებული 4 პირიდან რომელიმეს თუ იცნობთ?” – პასუხობს:

“არც ერთს არ ვიცნობ, ერთზე ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა