ნათია თურნავა - დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დღეს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ, რომლის ფარგლებშიც საუბარი მიმდინარეობს საერთო ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო პროექტებზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა სულ სხვაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინ იყო, როცა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს.

ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების და ჩატარებული რეფორმების წყალობით.

„საკმარისია ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები. ასევე თუ ავიღებთ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ევროპიდან, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა, მათი თითქმის ნახევარი ბოლო ხუთ წელიწადში განხორციელდა, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები იქნა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაიმეს ვაკლებთ, პირიქით - ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ბაზარი წარმოადგენს მესამედზე მეტს ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა, რომ ფორუმის ფარგლებში საუბარი შეეხება არამხოლოდ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, არამედ ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ჩართულობასა და ინტეგრაციას. მისი ინფორმაციით, ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც სრულ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკის სექტორში ახალ რეფორმებს - ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკასა და ეკონომიკაზე გადასვლას, და ხარისხის ახალ სისტემებს და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომელთა დანერგვის პროცესიც მიმდინარეობს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს