შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენი ცივილიზებული არჩევანის ხორცშესხმა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ კონფერენციამ ამ ურთიერთობის მაღალი ნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენა.
„ბათუმში ვუმასპინძლეთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიძღვნილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად და ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამ კონფერენციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს, პრეზიდენტ ტუსკს, ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო და უმნიშვნელოვანესი მესიჯები მოვისმინეთ. ევროპასთან ინტეგრაციამ მოგვიტანა კონკრეტული შედეგები: ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსლვა ევროპაში. 10 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას, აღმოსავლეთ პარტნიორობას, რომელმაც 6 სახელმწიფოს მისცა საშუალება, ახალ დონეზე გადაეყვანა ევროპული მისწრაფებები. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რასაც ერთხმად ყველა აღიარებს. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყანას, აქვს მისწრაფება და ამავე დროს, შესაძლებლობა, რომ ინტეგრაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანოს ევროპულ ინსტიტუტებთან. დღეს ჩვენ ვართ ასოცირებული წევრები და შემდეგი ნაბიჯი რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჩვენი ცივილიზებული არჩევანის ხორცშესხმა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობამდე არსებობს შესაძლებლობები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს შეუძლია, მეტ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ ინსტიტუტებთან.
მამუკა ბახტაძემ ჩამოთვალა საკითხები, რის შესახებაც ევროპელ პარტნიორებთან შედგა საუბარი.
„მანამდე ვფიქრობთ, რომ არის შესაძლებლობები, სექტორალური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველომ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტთან მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ წარმატებას. ევროპელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევქმნათ მსგავსი მექანიზმები. რამდენიმე თვის წინ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც სექტორალურ ინტეგრაციას და იმას გულისხმობს, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი - ენერგეტიკული ბაზრის, ერთიანი ციფრული ბაზრის, სატრანსპორტო სექტორის, ენერგეტიკული სექტორის, განათლების, მეცნიერების, კულტურის. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში და აქედან გამომდინარე, საქართველო იმსახურებს დამატებით შესაძლებლობებს. ამასთან, გვქონდა ევროპელ მეგობრებთან საუბარი, რომ აუცილებელია ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნა, რათა საქართველო უფრო წარმატებული იყოს თავისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა იმ ჰუმანიტარული კრიზისი შესახებაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს და ასევე, იმ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელსაც ეწოდება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. გვჭირდება ევროპელი კოლეგების დახმარება იმისთვის, რომ ეს სამშვიდობო ინიციატივა რაც შეიძლება, მოკლე ვადაში დავნერგოთ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, თუ რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს, რა მნიშვნელოვანი როლი შეგვიძლია, ვითამაშოთ შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ჩვენ ვისაუბროთ სტაბილურ, მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპული ოჯახისთვის და ამ კონცეფციაში საქართველოს თავისი უნიკალური როლი აქვს“, - აღნიშნა ბახტაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"