ხათუნა ლაგაზიძე - “აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს”
„მოქალაქეობის“ სანაცვლოდ 400-მა გალელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა
თემურ ჭყონია: “ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით“
* * *
ხათუნა ლაგაზიძე - “აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს”
“ხაზარაძე-ჯაფარიძის ოფიციალური ბრალდების მოტივში დაეჭვების გამო სუბიექტურობა რომ არავინ დაგვწამოს, დავიწყებ პირდაპირ ამერიკის საელჩოს განცხადებით - სრულიად გასაგებად არის ჩამოყალიბებული ის სამი პოსტულატი, რომელიც აშშ-ის პოზიციას ნათლად წარმოაჩენს. პირველი - განცხადებაში ნათქვამია, შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტისა და დროის გარემოებასთან დაკავშირებითო, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებს აეჭვებთ ბრალდება და ამ პროცესში სხვა მოტივებსაც ეძებენ. მეორე გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აუცილებლობაზე მკვეთრი აქცენტირება, მესამე კი იყო ანაკლიის პორტის თემა და იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელოვანია ამერიკისთვის პროექტი და რომ ეს ამერიკული ინვესტიციების წყაროა. ამაზე ნათლად ვერ წამომიდგენია, ვინ შეიძლება ჩამოაყალიბოს აზრი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს” / “ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს” / “ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შერკინებაში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ, როგორც 2008 წელს მოხდა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დღეს, წესით, უნდა გამოჩნდეს, რა ფასის გადახდა უღირს აშშ-ს საქართველოსთვის...”
“აშშ პირდაპირ ამბობს, რომ ის ხაზარაძეს, ანაკლიის პორტის მომავალსა და ამ პორტში საკუთარ ინტერესებს ერთ მთლიანობად განიხილავს. მისთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული სწორედ ანაკლიისა და ხაზარაძის მომავალი. ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ჩვენ კი არა, აგერ, ამერიკას ეპარება ეჭვი, რომ ამ პროცესის წამოსაწყებად დრო და კონტექსტი შეარჩიეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ოფიციალური ბრალდების მიღმა სხვა ინტერესები იკვეთება. ჯერ პომპეოს და ახლა აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აქ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი არ არის, არამედ ამ პორტს ენიჭება სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე აშშ-ისთვის არის ტესტი, თუ რამდენად და რა ხარისხით არის საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც თურქეთთან ურთიერთობა უკიდურესად გართულებული აქვს, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები კი სულ უფრო ხშირად თანხვდება ერთმანეთს. ვფიქრობ, მალე გამოჩნდება, რა ადგილი უჭირავს საქართველოს აშშ-ის სტრატეგიულ ხედვაში...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“ჩვენ დაუფარავად ვხედავთ ორი უმსხვილესი მოთამაშის - აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებს ანაკლიის პორტის გარშემო, თანაც გაითვალისწინეთ, ერთია, რაც ხმამაღლა ითქმის და მეორე - რამდენი რამ ხდება ამის მიღმა, რასთან გამკლავებაც საქართველოს ხელისუფლებას უწევს. ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ანუ ის შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალს ვერ ხედავს და ერთ ნაბიჯს ერთი მიმართულებით დგამს, სხვას - მეორე მიმართულებით, რათა როგორმე დრო მოიგოს და სიტუაცია გადააგოროს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავამახვილებდი ყურადღებას ამერიკის პასუხისმგებლობაზე არა საქართველოს (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ქვეყანა სხვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად საკუთარ ინტერესებს დააზიანებს), არამედ თავისივე ინტერესების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შერკინებაში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ, როგორც 2008 წელს მოხდა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დღეს, წესით, უნდა გამოჩნდეს, რა ფასის გადახდა უღირს აშშ-ს საქართველოსთვის...” - მიიჩნევს ექსპერტი.
“ერთს ვიტყვი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ანაკლიის პორტის აშშ-ის ინტერესებში შენარჩუნება არ მიმაჩნია ერთადერთ სწორ გამოსავლად. კი ბატონო, ეს პროექტი არის ჩვენი ინტერესიც უსაფრთხოების, თავდაცვისა თუ ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ აქ თანაბრად არის წარმოდგენილი აშშ-ის ინტერესიც. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი გადასახედიდან ასე ჩანს - დღეს აშშ-ისთვის საქართველო გაცილებით ღირებული უნდა იყოს, ვიდრე განვლილი 10-15 წლის განმავლობაში იყო, რადგან სრულიად შეცვლილია გეოპოლიტიკური რეალობა, რომლის ფონზეც აშშ-ისთვის გაცილებით იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონში დარჩენილი მისი ერთადერთი ფორპოსტის წონა და ფასი, თუმცა, ვიმეორებ, ეს მაინც ჩვენი ხედვაა და სწორედ ახლა გამოჩნდება, როგორ ჩანს ეს ყველაფერი აშშ-ის მხრიდან. თუ მას საქართველო და ანაკლიის პორტი უღირს, მაშინ არ უნდა დააწვეს ეს პროექტი დამატებით ტვირთად ისევ და ისევ საქართველოს ისედაც ჩაწიხლულ ეკონომიკას და აშშ-მა ეკონომიკური პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს. ეს იქნება სწორედ სტრატეგიული პარტნიორობა! რადგან ერთობლივი ინტერესი გვაქვს, მაშინ ერთნაირად გავიზიაროთ ზარალიც და პასუხისმგებლობაც და საქართველომ ეს ხმამაღლა უნდა განაცხადოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა იმიჯი, რომ თითქოს ქვეყნის ქაოსით მართვას ცდილობდა, მაგრამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, თავი შემიძლია დავდო, რომ არ არის ხელისუფლების პროვოცირებული. აქ ქაოსით მართვაზე აღარ არის ლაპარაკი, აქ ვხედავთ ქაოსში ხელისუფლების ჩაძირვის მცდელობებს. ამიტომაც შეუძლებელია ეს ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგი იყოს - ვგულისხმობ პანკისს, გარეჯს და ა.შ. თუმცა პრობლემაა ის, რომ ამ განუწყვეტელ სტრესსა და დაძაბულობას ხელისუფლება რაციონალურად ვერ პასუხობს და აფექტურ ნაბიჯებს დგამს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ როცა მე ვლაპარაკობ რუსეთ-აშშ-ს შერკინებაზე, სწორედ ამ კონტექსტშია ყველაფერი დასანახავი; შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის გამოძახილია პანკისიდან მოყოლებული დღემდე ყველა ის გამოწვევა, რომელთა წინაშეც საქართველო და მისი ხელისუფლება დადგა. სხვა საკითხია, როგორ უმკლავდება ამას "ოცნება"... - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
“სასამართლოში მიმდინარე პროცესის შემდეგ მამუკა ხაზარაძგან უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ - მან პირველად თქვა, რომ ის შეცვლის ამ ხელისუფლებას, ამ რეალობას. სწორედ ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირველად გამოიკვეთა რეალურად მესამე პოლიტიკური ძალის კონტურები. ერთია ანაკლიის თემა, მაგრამ რეალურად ხაზარაძე დღეს “ქართული ოცნებისთვის” არის ყველაზე უხერხული კონკურენტი. საზოგადოებას დღეს სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის როლს შეასრულებს, რომელიც მას ქვეყნის სტაბილური განვითარების გზას დაანახებს; არა ისეთი სტაბილურობის, რომელსაც დაჭაობებამდე მიჰყავხარ, არამედ სტაბილური განვითარების. სწორედ ამ ნიშის დაკავება უნდა სცადოს ხაზარაძემ თუ რეალურად ეცდება პოლიტიკურ აქტიურობას. ასევე ხაზარაძის ნიშაა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები, როგორც ერთ-ერთი დიდი სეგმენტი, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ კარგად დაინახა, რომ ამ ბიზნესის დაცვისა და განვითარების სტრატეგია და ხედვა ხელისუფლებას არ აქვს და ეს არ ანაღვლებს არც ოპოზიციას. მოკლედ, მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული უამრავი ადამიანის კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული არ არის. ეს კარგად გამოაჩინა რუსული ტურისტული ბაზრის გადაკეტვამ. მოკლედ, ხაზარაძეს შეუძლია, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად, პოტენციურ მხარდამჭერად სწორედ ეს სეგმენტი გაიხადოს. გარდა ამისა, ხაზარაძის სეგმენტია წარმატებული სტარტაპერები, ვისაც ის და მისი ბანკი აფინანსებდნენ”, - თვლის ექსპერტი.
“იდეოლოგია, რომელსაც ის შესთავაზებს საზოგადოებას, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდობაზე იქნება მორგებული. ამ ერთმანეთის ჩაძირვის, ბოღმის, შურის, შავი პიარის საყოველთაო ფონზე ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება პოზიტივზე აქცენტირებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას საკუთარ რესურსს დაანახებს და ხაზრაძემ სწორედ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. დევიზი `წარმატება საქართველოსთვის~ კარგად მოერგება მის მოძრაობას. ამასთანავე, ხაზარაძეს უამრავი გამოწვევა ელოდება, შავი პიარით დაწყებული, რაც მის საბანკო საქმიანობაზე იქნება მიბმული, გაგრძელებული იმით, რომ მის ჩამოყალიბებულ ძალაში სამი კაციდან ორი ხელისუფლების შეგზავნილი იქნება და ისინი შეეცდებიან ამ ძალის შიგნიდან გამოხვრას. ერთიცაა - ხაზარაძეს მოუწევს იმგვარ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე შესვლა, სადაც მისი კონკურენტი არა მხოლოდ “ქართული ოაცნება”, არამედ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაც" იქნებიან. მათ პირველად რვა წლის განმავლობაში ქართულ ოპოზიციურ სპექტრში რეალური კონკურენტი გამოუჩნდათ. ამასთან, სააკაშვილს ხაზარაძის გასანეიტრალებლად სულაც არ სჭირდება მასთან ბრძოლა, ამისთვის საკმარისი იქნება, რამენაირად ხაზარაძის მასთან ასოცირება მოხერხდეს და ხაზარაძე თავის პროექტად წარმოაჩინოს. და კიდევ - თუ “ქართულ ოცნებას” შერჩა თვითგადარჩენის ინსტინქტი, უნდა ესმოდეს, რომ ხაზარაძისგან მას რევანში არ ემუქრება, ამიტომაც ურჩევნია, ის არ გაიხადოს მთავარ სამიზნედ”, - დაასკვნის ლაგაზიძე.
“თუ ხაზარაძე უახლოეს დღეებში უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა და პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაც დაიწყო, არ გამოვრიცხავ, რომ “ქართული ოცნების” დღის წერიგში რეალურად დადგეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი...რა უნდა გააკეთოს “ოცნებამ” წარმატებისთვის?! ის, რის გაკეთებასაც, ვფიქრობ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს: მან მთლიანად პოზიტივზე უნდა ააგოს საკუთარი კამპანია და საქმიანობა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ პარტიის შიგნითაც პრობლემები აქვთ. 20-21 ივნისის მოვლენებამდე ყველაზე რეიტინგული ფიგურა გიორგი გახარია, ფაქტობრივად, რეტინგის გარეშე დარჩა და დარწმუნებული ვარ, მისი გავლენა პარტიის შიგნითაც შესუსტდა. ირაკლი ღარიბაშვილს კი, რომელსაც მომხრეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს პარტიის შიგნითაც და ელექტორატშიც, აშკარაა, რომ გასაქანს არ აძლევენ. რჩება კალაძე, თუმცა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მისი არანაკლებ ეშინიათ, ვიდრე ხაზარაძის.არადა, კალაძეს აქვს პოზიტიური რეიტინგი და ახალგაზრდობის ნაწილის მხარდაჭერა, დინამიკურია და ქალაქში განვითარება თვალსაჩინოა. რეალურად მას და ხაზარაძეს დიდწილად ერთი ტიპის ელექტორატი ეყოლებათ. შეიძლება ითქვას, რომ კალაძეს, იმიჯის თუ ფინანსების გათვალისწინებით, ხაზარაძეზე ნაკლები რესურსი არა აქვს. ვნახოთ, აღიარებს თუ არა მას “ოცნება” 2020-ის წინ ლიდერად”, - დასძენს რესპონდენტი.
„მოქალაქეობის“ სანაცვლოდ 400-მა გალელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც აქამდე ქართველებად ითვლებოდნენ, “ძირძველი აფხაზურ გვარი დაიბრუნეს” და აფხაზებად ჩაეწერნენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს” თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ გააკეთა. სოხუმის რეჟიმი კი ე.წ. აფხაზურ მოქალაქეობას და ე.წ. ახალ პასპორტებს ჰპირდება ყველა გალელს, ვინც “აფხაზურ ფესვებთან” დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და აფხაზურ გვარს მიიღებს. კონფლიქტოლოგების თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ახალი სქემით ქართული მოსახლეობის ასიმილაციას გეგმავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველთა მასობრივი ასიმილაცია - 400-მა გალელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა / სანაცვლოდ სოხუმის რეჟიმი მათ „მოქალაქეობას“ სთავაზობს.
“რამდენიმე დღის წინ გალში ორგანიზაცია “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს” ყრილობა გაიმართა, სადაც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ განაცხადა, რომ “გალის რაიონის 400 -ზე მეტმა მცხოვრებმა ძველი აფხაზური გვარი დაუბრუნა”. ზუხბა ამბობს, რომ საბჭოს არსებობის 5 წლის განმავლობაში, მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა აფხაზური გვარის დაბრუნების საქმეში დახმარების თხოვნით. მისი თქმით, საუბარია ადგილობრივ “მეგრელებზე”, რომლებსაც აფხაზური ფესვები აქვთ და საბჭოთა დროს აფხაზური გვარი იძულებით “მეგრულად” გადაუკეთეს, ახლა კი “სამართლიანობა აღიდგინეს” და ძირძველი, ორიგინალური აფხაზური გვარები დაიბრუნეს. ინფორმაციას აფხაზური გამოცემები ავრცელებენ. ედიშერ ზუხბა აცხადებს, რომ “საბჭო დაინტერესებულია, რომ გალის მცხოვრებლები რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდნენ აფხაზეთის ცხოვრებაში და აღიდგინონ ძველი აფხაზური გვარები”. გარდა ამისა, მისივე ცნობით, გალის რაიონში დაგეგმილია სკოლა-ინტერნატის შექმნა, სადაც ბავშვებს აფხაზურ ენას და აფხაზეთის ისტორიას შეასწავლიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ორგანიზაცია “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო” 2014 წელს დაფუძნდა. საბჭოს წევრების განცხადებით, მათი მიზანია მურზაყანელ აფხაზთა შთამომავლების ინტერესების დაცვა. საბჭო აცხადებს, რომ დღეს გალის რაიონის მოსახლეობის 95% ეთნიკური ქართველი, “მეგრელია”, თუმცა “ყველამ კარგად იცის საკუთარი აფხაზური ფესვების შესახებ”. ბევრია ისეთი, რომლებსაც აიძულეს აფხაზური გვარი ქართულად გადაეკეთებინა. აფხაზური წარმომავლობის გვარებად დასახელებულია: ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, გვაძაბია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კაკუბავა, ეზუგბაია, ყოლბაია და კიდევ ათზე მეტი გვარი. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ეს არის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმა”, - დასძენს გამოცემა.
“რაც ხდება, მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გალში მცხოვრებ ძირძველ ქართულ მოსახლეობას მხოლოდ ბინადრობის დოკუმენტი მისცეს. წლების წინ დაიწყო ე.წ. აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა ქართული მოსახლეობისთვის იმ მიზეზით, რომ ისინი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ამ ე.წ. პასპორტის გარეშე გალელები ყველანაირი უფლებების გარეშე არიან, არასრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევიან. ამ ხალხს ნაკვეთები აქვს, ბინა, სახლები, მაგრამ არ აქვს უფლება, საკუთრება გაიფორმოს. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთი იძულებული გახდებოდა გვარი შეეცვალა. არის გვარები, რომელიც აფხაზურფუძოვანია, მაგრამ არასდროს ყოფილა იძულება, რომ გვარები ქართულად გადაეკეთებინათ. იმაზე რატომ არაფერს ამბობენ, ქართული ფუძის გვარები რატომ არიან დღეს აფხაზებად ჩაწერილები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძე.
“ძალიან ხშირი იყო, როცა ქართულ გვარებს აფხაზურად იკეთებდნენ ან აფხაზებად იწერებოდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. მაგალითად, არ მიჰყავდათ ჯარში და მარტივად ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამაზე არ საუბრობენ, იმიტომ რომ, არ აწყობთ. როგორც აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. დღეს იქ ასეთი პოლიტიკაა და ხალხს იძულებულს ხდიან აფხაზებად ჩაეწერონ”, - ამბობს კიკნაძე. მისი თქმით, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია ქართველია, გვარის ფუძეც ქართულია, მაგრამ აფხაზობს და ქართველებს ყველაზე სასტიკადაც ის ეპყრობა. “თუ ასე გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ზოგი ჩაეწერება აფხაზად, რომ ნორმალური უფლებები ჰქონდეს. ეს ტენდენცია წავა. სამწუხაროა, მაგრამ ასე იქნება”, დასძენს კიკნაძე, რომლის განმარტებით, “ეს არის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმა, რომ გალში ეთნიკური სურათი შეცვალონ”, - წერს სტატიის ავტორი.
თემურ ჭყონია: “ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით“
“ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. არადა, ლარი და მისი სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკის სტაბილურობას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლებიდან, რომელიც ამბობს, თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვსო, შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ლარი მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს. თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?” - აცხადებს ბიზნესმენი თემურ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ ჭყონია: “ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით“ / “ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ამ გაერთიანებაში შესაძლოა ისეთი მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში არიან”.
“ვცხოვრობთ მუდმივად გაურკვეველ, არასტაბილურ ვითარებაში როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით. რომ ვამბობთ, 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, დარწმუნებული ვარ, ეს არა ხელისუფლების მიერ ეკონომიკაში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და რეფორმების შედეგია, არამედ თავისთავადი პროცესი... ბიზნესიც ადამიანივით არის - დილით რომ დგები და საქმის კეთებას იწყებ, უნდა იცოდე, იმ დღეს, მომავალი ერთი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში რას გააკეთებ. დრო სიცოცხლის ნაწილია და არა ბილეთი კინოში. ამ დროს ჩვენ უნდა ვუთმობდეთ არა ეკონომიკის 4,5%-ით გაუმჯობესებას, არამედ 10 და 20%-ით ზრდას. ამის ნაცვლად დროს იმაზე ფიქრში ვხარჯავთ, თავს რით ვუშველოთ. როგორ შეიძლება პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა იმაზე ფიქრობ, არ გაკოტრდე, პარტნიორი არ დაკარგო, ხელფასები დროზე გასცე, მოტივაცია არ დაკარგო და როგორ გამოძვრე კრიზისული ვითარებიდან. ასეთ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ამბობს და, მგონი, არც არაფერს აკეთებს, უნდა გველაპარაკებოდეს ლარის კურსის რყევის მიზეზებზე, პროგნოზებზე, ოღონდ რეალობასთან მიახლოებულ გათვლებს უნდა აკეთებდეს. იგივე მოეთხოვება ფინანსთა მინისტრსაც. ესენი კი დემოკრატიაზე გველაპარაკებიან და კომუნისტური ლოზუნგებით საუბრობენ. კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი კი არ დაინგრეოდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭყონია.
“ჩვენ რუსეთის ბაზარიც გვინდა, ჩინური ბაზარიც და კიდევ ბევრი ქვეყნის. ბაზარს, ეკონომიკასა და ფინანსებს ეროვნება და წარმომავლობა არა აქვს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე უნდა ვიყოთ გადაყოლილი. რუსული ბაზარი კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, რადგან სტაბილური არ არის. თვითონ მათი პოლიტიკა არ არის სტაბილური ჩვენ მიმართ და ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს ამ არასტაბილური ბაზრის შექმნას. ამიტომ აქცენტები იმაზე, მოდი, ახლა რუსულ ბაზარს გადავყვეთო, არ არის სწორი, მაგრამ არც მისი დაკარგვაა გამართლებული. საქართველოს სჭირდება ყველა იმ ქვეყანასთან ვაჭრობა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და ხალხს მოუტანს სიმდიდრესა და კეთილდღეობას, ოღონდ იმ ფარგლებში, რომ ჩვენი ეროვნული ღირსებები შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ. ამიტომ ის, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა არასწორი ქცევისა და დაგეგმვის შედეგი. დღევანდელი ეკონომიკაც, სამწუხაროდ, არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესების სარკეა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გამოძიება ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ პროკურატურაში მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი? სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. მთელი საქართველო აალაპარაკეს ამაზე. ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე?” - დასძენს ბიზნესმენი და შეკითხვაზე - “მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რაც პოლიტიკაში მოსვლის განაცხადად ჩაითვალა. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვა ბიზნესმენებთან ერთად შესაძლოა ხაზარაძის გუნდში თქვენც გიხილოთ” - პასუხობს:
“მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. შეწუხდა ადამიანი დღევანდელი მდგომარეობით და თქვა, რომ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააჯანსაღებს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. რა არის ამაში ცუდი? ამ იდეის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ამ გაერთიანებაში შესაძლოა ისეთი მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში არიან”.
“რა თქვა სამტრო და ვინმეს საწინააღმდეგო მამუკამ? რომელ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდა მისი განცხადება? არც ერთს. თუ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ისინი, ვინც მათ ოჯახს მოუტანს კეთილდღეობას. წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება ძალიან ცნობილი ბიზნესმენების ჯგუფი, ვისაც აქვს სურვილი და უნარი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს. წინასწარ ვიცი, რომ მათზე იტყვიან - ოლიგარქები არიან, ქვეყნის შესაჭმელად მოდიანო და კიდევ ათას სიბინძურეს დასწამებენ, მაგრამ, მოდი, მათ დავუსვათ შეკითხვა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს იყო ხელისუფლებაში - თვითონ რა გააკეთეს? ხომ ხედავთ, როგორი სწორი ნაბიჯები გადადგეს ბადრიმ და მამუკამ და საერთოდ გაერიდნენ იმ ბიზნესპროექტებს, რომელთა სათავეშიც იდგნენ. ყველაფერი დატოვეს, რომ ბიზნესზე არ იმოქმედოს ცუდად საგამოძიებო პროცესმა, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. მათ აქვთ პასუხისმგებლობა პარტნიორებისა და აქციონერების წინაშე და თავიანთი ქმედებით თქვეს - დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, არ ვებღაუჭებით თანამდებობებს, დავამტკიცებთ, რომ მართლები ვართ და შემდეგ დავბრუნდებით ვაჟკაცურადო. სხვა რამეს ვერც განვიხილავ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, მათ შორის პოლიტიკაშიც”, - დაასკვნის თემურ ჭყონია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"