დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ განუცხადა, მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გაეგზავნება.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი შეთავაზებაა საჯარო შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სადელიმიტაციო კომისიასთან, ასევე საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ხედვის პრეზენტაცია.

„მოგეხსენებათ, დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ათწლეულების განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. თუმცა კეთილმეზობლური თუ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველოს მხრიდან აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს სენაკები ხელმისაწვდომი იყო.

25 აპრილიდან დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა მოცემულობა, რომ დაირღვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სტატუს-კვო, რის შედეგადაც საქართველოს მხრიდან ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და აღდგომის მონასტრების ხელმისაწვდომობა დაიკარგა. ეს კი იწვევს საზოგადოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია ინტენსიურად მუშაობს.

მაგრამ ამ მუშაობის მიუხედავად, საქართველოს პოზიცია ამ საკითხში ფაქტობრივად გაუარესდა. კერძოდ კი, ჩვენი მთავრობის უმოქმედობის გამო ოფიციალურ აზერბაიჯანს ეძლევა საშუალება ღია განცხადებებში დააფიქსიროს, რომ ზემოხსენებული ადგილები მათი სუვერენული ტერიტორიაა, ასევე ხდება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა სადავო ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც კომისიის მუშაობა არ არის დასრულებული.

აქედან გამომდინარე, გარეჯის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფი მიმართავს საქართველოს მთავრობას და დელიმიტაციის კომისიის ქართულ მხარეს შემდეგ საკითხებზე:

სახელმწიფო დელიმიტაციის კომისიამ გაგვაცნოს მიმდინარე მოლაპარაკებების საბაზისო დებულებები და დაადასტუროს, რომ საქართველოს პოზიცია დამყარებულია 1996 წლის დელიმიტაციის კომისიის პირველ ოქმში დაფიქსირებულ ჩანაწერზე, სადაც საზღვრის დადგენის საბაზისო რუკად მიღებულია 1938 წლის რუკა, რაც ასევე დადასტურებულია აზერბაიჯანის ოფიციალური ხელმოწერით და სახელმწიფო ბეჭდით.

უმოკლეს ვადებში მოხდეს საჯარო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებულ შემადგენლობასთან, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არსებული ინფორმაციული ვაკუუმი ამ პრობლემასთან დაკავშირებით იწვევს საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას და მიმდინარე მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.

ასევე გვსურს ამავე შეხვედრაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ექსპერტების მიერ უკვე შემუშავებულ კონცეფციას.

ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა და განხილვა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას, მოსახლეობის სწორ ინფორმირებას და პრობლემის მოგვარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მთავრობისათვის,“ - ამბობს დავით ქაცარავა.

იმ შემთხვევაში, თუ მათ შეთავაზებებს არ გაითვალისწინებენ, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პატრულირებას, ინფორმაციის საკუთარი არხებით მოპოვებას და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებას კვლავ გააგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია