ვისი რა საქმეა, სასადილოში საქართველოს მოქალაქე ვის აგინებს - ზვიად კუპრავა გახლავთ წმინდა წყლის პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა , ნიკა მელიამ ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ყველამ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
„ელენე გოგუაძე, ეს ქალბატონი გახლავთ ჯალათი მოსამართლე, რომელმაც ცხრა თვით დააპატიმრა ზვიად კუპრავა. კატლეტისა და წიწიბურას ჭამის დროს ადამიანი აუგად მოიხსენიებდა მოსამართლეს, ვისი რა საქმეა სასადილოში საქართველოს მოქალაქე ვის აგინებს კაცო.ზვიად კუპრავა გახლავთ წმინდა წყლის პოლიტიკური პატიმარი. დროა, ყველამ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
„დღეს ივანიშვილმა ქვეყანაში ის პირველი პრეცედენტიც დაუშვა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, საქართველოს მოქალაქის არა უბრალოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, არამედ სისხლის სამართლებრივ პატიმრობაში მიცემას გულისხმობს. დიახაც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს მოქალაქე ზვიად კუპრავას 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. ადამიანმა, რომელიც სასადილოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საკვებს მიირთმევდა, უბრალოდ აუგად მოიხსენია მოსამართლე, არც კი შეუგინებია. ამის გამო მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე და დღეს დააპატიმრეს. რა არის ეს, თუ არა ღია დიქტატორული ნიშნების გადმოფენა საზოგადოებისთვის.
სისხლის სამართლის კოდექსში არის 266-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას, თუკი იგი სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალწარმოების მხარეებს. მაგრამ როდესაც ეს მუხლი ამოქმედდება სასამართლოს დარბაზს მიღმა, სასადილოში, რესტორანში, ტრანსპორტში, ქუჩაში, პარკში, მთასა და ბარში, ხალხო, ეს იმის სიგნალია, რომ ხვალ და ზეგ, თუკი ვინმე აუგად მოიხსენიებს მოსამართლეს, ხელისუფლებას შესაძლებლობა უჩნდება დააპატიმროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მან მმართველი გუნდის წევრებსაც მიმართა. მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები ცეცხლთან თამაშს ჰგავს.
„ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო: ხალხი უკვე ხედავს ამ წარმოუდგენელ ორმაგ სტანდარტს. როდესაც არც ერთი მოძალადე არ გყავთ დაკავებული კორცხელსა და ახალქალაქში მომხდარის გამო, არავინ გყავთ დაკავებული ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე და ამ დროს უბრალოდ აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, დიახ, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს. დავიჯერო მთლიანად დაიცალეთ საღი აზრისგან და პოლიტიკურ რისკებს ვერ ხედავთ ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში? ვერ ხედავთ, რომ ქარს თესავთ და აუცილებლად მოიმკით ქარიშხალს?“ - განაცხადა მელიამ.
სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.