გიგი უგულავა - ვოლსკის პრუტუნი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა კეზერაშვილის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა

დავით კეზერაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოში „ქართული ოცნება“ სამჯერ დამარცხდა, ინტერპოლში დამარცხდა, საფრანგეთის სასამართლოში დამარცხდა, ინგლისის სასამართლოში დამარცხდა, ისრაელის გამოძიებაში დამარცხდა. შესაბამისად, ყოველი მათი გაფართხალება, პროკურატურის იქნება თუ კოლექტიური ვოლსკის, განწირულია მარცხისთვის, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც უგულავა აცხადებს, პრობლემა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ერთ ან ორჯერ არშემდგარ ტელევიზიასთან ბრძოლა.

„მოტივაცია არის ერთადერთი - კაცმა თქვა „რუსთავი 2“-ის გაუქმების შემდეგ, რისი ალბათობა და საფრთხეც ძალიან დიდია, საქართველოს სჭირდება თავისუფალი პლატფორმა, სადაც თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა იქნება. ამის შემდეგ, 5 წელი რომ არ გახსენებია თავისი მარცხი ხელისუფლებას და პროკურატურას, გაათკეცებული ძალით დაიწყო მუშაობა. ბავშვსაც კი ესმის, რა არის მოტივაცია - ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე, ბევრი ტელევიზიით, მაგრამ სად წაიღონ ეს ბევრი ტელევიზია არ იციან, რადგან არჩევნები თვლით არის. მათ არ ჰყავთ პარტნიორები და 50 პროცენტს სულ რომ მარსიდან და მზიდან ჩამოიყვანონ ტელევიზიები, ეს ხმები მაინც არ ჰყოფნით. მათი პრობლემა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ერთ ან ორ ჯერ არშემდგარ ტელევიზიასთან ბრძოლა“, - განაცხადა უგულავამ.

უგულავა ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნა, რომ „ფაქტი ერთია - მთავრობა, ჩეკისტების კოჰორტა ახლა დაიძრა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო თავისუფალი სიტყვის გამოვლინება ჩაახშონ“.

„ვოლსკის გუშინდელი პრუტუნი და სიცრუის ტირაჟირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივანიშვილს თავი ქუდში ჰგონია, “რუსთავი 2” წიღო და ახლა ჰგონია, რომ ბედნიერების მწვერვალზეა. გუშინ ბატონმა ვოლსკიმ და სახელისუფლებო პროპაგანდამ მის მიერ ინიცირებული სისულელით უბრალოდ ტყუილები აკადრა საზოგადოებას. ის საქმე, რომელზეც საუბრობდა ბატონი ვოლსკი, მერე უკვე სახელისუფლებო ექსპერტები, როგორიც არის ბატონი აბაშიძე, მამუკა არეშიძე და ა.შ. უბრალოდ იტყუებოდნენ. ის საქმე დაიხურა იქ კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორების სასარგებლოდ. ვერანაირი დარღვევა ებრაულმა გამოძიებამ იქ ვერ ნახა. ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოში კითხვა ვინმემ არ იცის და თარგმნის შესაძლებლობა არ არსებობს.

ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენი მთავრობა, ჩეკისტების კოჰორტა ახლა დაიძრა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო თავისუფალი სიტყვის გამოვლინება ჩაახშონ. დღეს კიბერშეტევა განახორციელეს ტვ „პირველზე“, რაც აისბერგის წვერია და ვხედავთ შეტევას მის დამფუძნებელზე. მანამდე იყო სახელისუფლებო ტრენდზე გადაჯდომის მოთხოვნა და ა.შ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კი ვხედავთ რაც ხდება, sale-ზეა გამოტანილი. ამ მომენტისთვის რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ერთი - ქიბარ ხალვაში პროგრამაა, რომელსაც „ახევა“ ჰქვია, მაგრამ არა მართვა და განვითარება, ამიტომ მან თავისი საქმე გააკეთა და მხოლოდ ტვირთია მისი სახელის და გვარის ხსენება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროგრამის ამოწურვის შემდეგ ის ჩასაჩოჩებლად იყო განწირული. ვინ იქნება, რა იქნება და როგორ, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულს თავად კეზერაშვილი უარყოფს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კეზერაშვილის ქმედებებთან მიმართებაში „დანაშაულის ნიშნები არსებობს“.

„მე რაც ზუსტად მახსოვს ის არის, რომ ომის შემდეგ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებით ადამიანმა გადაინაცვლა ისრაელში და ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი წყარო. ახლა არ ვიცი ერთმანეთთან რა ურთიერთობა აქვთ ან სად დაეძაბათ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ ისრაელის საინფორმაციო საშუალებებში ეს თემა ინტენსიურად დგას დღის წესრიგში. აქ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ასევე ფინანსურ გადაცდომებს უკავშირდება” ,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა