ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019

რისკენ მოიწევს საოკუპაციო ხაზი - რა არის კრემლის მთავარი სამიზნე

როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე

***

რისკენ მოიწევს საოკუპაციო ხაზი - რა არის კრემლის მთავარი სამიზნე

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოკუპანტები არანაირ პრინციპს არ ეყრდნობიან. მათი ლოგიკა და მიზანია, მიახლოება საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტთან, ანუ გორი-თბილისის მაგისტრალთან, რადგან ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი უკვე, ფაქტობრივად, დაიკავეს. "მგონია, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი სამხედრო პლაცდარმის შექმნას ჩვენს შიდა ტერიტორიაზე", - ასე შეაფასა "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ რუსი ოკუპანტების მიერ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება და გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე "საზღვრების" გადმოწევა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისკენ მოიწევს საოკუპაციო ხაზი - რა არის კრემლის მთავარი სამიზნე

"რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გადმოწევის შედეგად სოფელი გუგუტიანთკარი ორად გაიყო და ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს, მანამდე კი ომის დროს დაზიანებული საცხოვრებლები საკუთარი ხელით დაშალეს. ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქაოტურია და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს არანაირი გეგმა და ლოგიკა არ გააჩნიათ - უბრალოდ, გაცხოველებული ტემპით ცდილობენ ტერიტიროების გაფართოებას. "როგორც ვუკვირდები ოკუპაციის გეოგრაფიას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, თითქოს, ისინი არანაირ პრინციპს არ ეყრდნობიან. ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ ოკუპანტები მისდევდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრებს, რომელიც დადგენილი იყო საბჭოთა პერიოდში. შემდეგ, სააკაშვილის დროს, თითქოს და, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს. მაგრამ ახლა ისეთი აზრი მიჩნდება, რომ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი აზრით, მათი ლოგიკა და მიზანია, მიახლოება საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტთან, ანუ გორი-თბილისის მაგისტრალთან. როგორც ჩანს, საუბარი იმაზეა, რომ ისინი ამ ტერიტორიასთან რაც შეიძლება ახლო მისვლას ცდილობენ იმ ტერიტორიიდან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და იქიდან აპირებენ ამის გაფართოებას. საუბარია იმავე ხურვალეთიდან - იგოეთის, ახალგორის მონაკვეთამდე არსებულ ტერიტორიებზე, რათა რამენაირად მეტი ტერიტორია დაიკავონ და ჩამოიჩოჩონ შემოდგომში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, მოახერხონ ამ მაგისტრალის გადაკეტვა. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე პირადად, შეიძლება ვცდები და მინდა კიდეც, რომ ვცდებოდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ესაა მათი ლოგიკა", - დასძენს ის”, - განაგრძობს გამოცემა.

"ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს უკვე დაკავებული აქვთ ბაქო-თბილის- სუფსას ნავთობსადენი და შემდეგი სამიზნე, სავარაუდოდ, გორი-თბილისის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალი იქნება: ფაქტობრივად, მათ ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი დაიკავეს. ერთ სტრატეგიულ ობიექტზე მოახდინეს გავლენა და ხელში ჩაიგდეს ეს ორკილომეტრიანი მილსადენი, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე გამოუსადეგარია. მეორე კი ისაა, რომ თბილისი-გორის მაგისტრალის მიმართ აქვთ გაცხოველებული ინტერესი. ეს მათი სამხედრო ტაქტიკური ქმედებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, მათ უფრო იოლად მოახდინონ საქართველოს დემორალიზება და პარალიზება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. პუტინმა 2006 წელს განაცხადა, რომ მას ჰქონდა შემუშავებული საქართველოსთან ომის სამხედრო გეგმა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა აამოქმდა თავისი სამხედრო მანქანა. მგონია, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი სამხედრო პლაცდარმის შექმნას ჩვენს შიდა ტერიტორიაზე", - განმარტა ვახტანგ მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე

"მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი. ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ არიან განთავსებული. ადამიანების გატაცება გრძელდება. ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც არასაკმარისია," - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სოფელ გუგუტიანთკარში დღეს არსებულ ვითარებაზე საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე / “უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი - რეალურად ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განთავსებულნი არ არიან”

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 19 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა ღობეების აღმართვა განაახლეს. ისინი პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ. ამასთან ერთად, 17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნიდან ოკუპანტებმა 7 ადამიანი გაიტაცეს. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, საერთაშორისო გამოხმაურება არასაკმარისია, თუმცა ეს ფაქტი დაუკავშირა იმას, რომ ევროპარლამენტი, ინსტიტუციის დონეზე, ჯერ არ შეკრებილა. "ევროკავშირის წარმომადგენლობის დონეზე იყო განცხადება. ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზიტი და ეს ინდივიდუალური განცხადება, რომელიც გავრცელდა. პრობლემა ისიც გახლავთ, რომ რეალურად ინსტიტუციების დონეზე, ევროპარლამენტი ჯერ არ შეკრებილა, არჩევნები დასრულდა და უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა ეს შეკრება მხოლოდ სექტემბერში იმართება. ევროკომისია, ფაქტობრივად, ჩამოყალიბების პროცესშია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი ცუდად ემთხვევა იმ ვითარებას, რაც გუგუტიანთკარშია. „ეს განცხადებები რაღაც დონეზე თავის საქმეს აკეთებს, თუმცა, ცხადია, რომ ეს უპირობო საშუალება არ არის იმისა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდება. აქამდეც არაერთხელ გვინახავს ასეთი განცხადებები, მაგრამ, სამწუხაროდ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. იმის თქმა, რომ ეს 100%-ით აღმოფხვრის ყველაფერს და რუსეთი უკან დაიხევს, ასე ნამდვილად არ იქნება," - ამბობს ჩხიკვაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ 19 აგვისტოს ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა, რომ რუსეთი ამ ქმედებით ამოწმებს, როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. მისი თქმით, აუცილებელია ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ძლიერი განცხადება გააკეთოს. „ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. მე ძალიან არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა, ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად. „ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, - თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ," - განაცხადა ევროპარლამენტარმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუკი რუსეთი მცოცავ ანექსიას შეწყვეტს და ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინისა და საქართველოს საკითხი ერთ კონტექსტში განიხილებოდეს. „მისასალმებელია ევროპარლამენტარის ეს განცხადება, მაგრამ მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. ამის გარდა, უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი. „ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ რეალურად ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განთავსებულნი არ არიან. ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, შემდგომში ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც საკმარისი არ არის, რადგან, როგორც ადამიანების გატაცება, ასევე, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გრძელდება. „სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მუდმივად იმყოფებოდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, მათ შორის, როგორც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ასევე აფხაზეთშიც. კონფლიქტების მოგვარების, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა უნდა განიხილებოდეს უკრაინის პრობლემის პარალელურად. „რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს, რომ რუსეთი მცოცავ ანექსიას შეწყვეტს. თითოეულ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი მცოცავი აგრესიის ფარგლებში ახორციელებს, მის წინააღმდეგ დასავლეთმა უნდა განიხილოს ეკონომიკური სანქციები და კიდევ უფრო გააძლიეროს. საჭიროა დიპლომატიური ზეწოლა და დიპლომატიური კორპუსის უფრო აქტიური მოქმედება," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქმედებებზე გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიას ეს ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, შეამცირებს მაინც. ამის საუკეთესო საშუალებად ჩხიკვაძეც ეკონომიკურ სანქციებს ასახელებს. „ამის აღმოფხვრის ერთგვარი საშუალება სანქციების გამკაცრებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნდა შეეხებოდეს უშუალოდ იმ ხალხს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. ვხედავთ, რომ დღესაც არცთუ ისე მარტივია ევროკავშირში კონსესუსის შექმნა, როდესაც უკრაინის საკითხის ჯერი დადგება. განცხადებებთან ერთად კონკრეტული ქმედებებიც უნდა იყოს და ამ კონკრეტული ქმედებების საუკეთესეო ვარიანტი ისევ საქნციების გამკაცრება და უკრაინის თემის მიბმა იქნება," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მოექცა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო