ეკა ლალიაშვილის შეფასებით, ნარკოტესტის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გადამოწმებული მძღოლების ნახევარი მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა, საგანგაშოა

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ პატრულის მიერ ჩატარებული ნარკოტესტის შედეგები, რომლის მიხედვითაც, 74 მძღოლიდან 34-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა, საგანგაშოა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლალიაშვილმა განუცხადა, პრობლემიდან ერთ-ერთი გამოსავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობაა, რა საკითხებზეც მისივე თქმით, არა მხოლოდ შსს, არამედ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც აქტიურად უნდა მუშაობდეს.

„ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მონაცემი საგანგაშოა და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტი მძღოლი ახალგაზრდა იქნება. ალბათ, 25-დან 45 წლამდე, იმიტომ, რომ ამ ასაკში არის ყველაზე აქტიური ადამიანი. განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან მოწყვლადი ჯგუფი, ვისაც არ აქვთ შიში, საფრთხის განცდა და ცნობიერებაც დაბალია. ამ სტატისტიკით კვლავ გვეძლევა საშუალება, განვაახლოთ საუბარი, რამდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს საგზაო უსაფრთხოებისკენ მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა და დაწყებული საქმე არ უნდა ჩერდებოდეს. ნარკოტიკული თრობის ქვეშ მძღოლების შემოწმება ბოლოდროინდელი კარგი წამოწყებაა, თუმცა ამ ეტაპზე ნარკოტესტების ლიმიტირებული რაოდენობა გვაქვს და ვთვლი, რომ ეს წამოწყება უნდა გაგრძელდეს, უნდა მიეცეს ამას მუდმივი ხასიათი, არ უნდა იყოს ფრაგმენტული - ჩვენ ქვეყანაში ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაცას დავიწყებთ და აღარ გრძელდება. ეს უნდა იყოს მუდმივად განგრძობადი შემოწმება- ადმინისტრირება ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა ამ მიმართულებით, რადგან არსაიდან არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ თუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვა საფრთხის შემცველია. ამაზე საუბრები ძალიან გვაკლია. ამ საკითხებზე მხოლოდ შსს არ უნდა მუშაობდეს, ამაში განათლების სამინისტროც აქტიურად უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების თითქმის ნახევარს მანქანის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართვა დაუდასტურდა. უფრო კონკრეტულად, შსს-მ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, რომელთაგან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

საუბარია ნარკოტესტზე, რომლითაც მძღოლის მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზე, ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანის გარეშეა შესაძლებელი. საპატრულო პოლიციამ ნარკოტესტის გამოყენება 2019 წლის 1-ელ ივნისს დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო