ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019

"ჩერნობილი 2“? - რადიაციამ სევეროდვინსკიდან საქართველომდე ჩამოაღწია

ტოტალური წმენდა "რუსთავი 2“-ში

***

"ჩერნობილი 2“? - რადიაციამ სევეროდვინსკიდან საქართველომდე ჩამოაღწია

“8 აგვისტოს სევეროდვინსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიური სამსახურის მიერ გაავრცელებული ცნობით, ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა. თუმცა, ამის შედეგები შესაძლოა გაცილებით სახიფათო იყოს. „ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლასინა ზერბომ გაავრცელა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ რადიაციამ უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოშიც შემოაღწია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ჩერნობილი 2“? - რადიაციამ სევეროდვინსკიდან საქართველომდე ჩამოაღწია

"რეზონანსი“ შეეცადა იმის გარკვევას, მომატებულია თუ არა საქართველოში რადიაციის დონე და რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ რადიაციის დონის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ახლომდებარე სადგურები მწყობრიდან გამოვიდა. სულ საუბარია 4 სადგურზე, რომლებიც აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც გამოცემა "უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რადიაციის დონის განმსაზღვრელი სადგურები საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში შედის. ეს ქსელი მონიტორინგს უწევს სეისმურ ძვრებს, ბგერით რყევებს და სხვა ცვლილებებს, რომელიც ბირთვულ ცდებს უკავშირდება. მოცემულ სადგურებთან უკვე რამდენიმე დღეა კავშირი გაწყვეტილია. ერთი ვერსიით, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ეს სადგურები მწყობრიდან გამოიყვანა. თუმცა, ასევე არსებობს ეჭვი, რომ რუსები მიზანმიმართულად ანადგურებენ მათ, რათა რეალური მონაცემების შეგროვება ვერ მოხერხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსული საინფორმაციო სააგენტო „ერ-ბე-კას“ ცნობით, 20 აგვისტოს რადიაციის მონიტორინგისთვის განკუთვნილი კიდევ ორი სადგური გამოვიდა მწყობრიდან. ლასინა ზებრომ განაცხადა, რომ სევეროდვინსკში მომხდარი აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა ჩუკოტკაში მდებარე ქალაქ ბილიბინოსა და ალტაის მხარის სოფელ ზალესოვოში მდებარე სადგურები, გუშინ კი იგივე მოხდა კიდევ ორ სადგურზე, რომლებიც ქალაქებში დუბნასა და კიროვში მდებარეობს. რუსმა მაღალჩინოსნებმა განმარტეს, რომ სადგურებთან წვდომა შეფერხებული იყო იმიტომ, რომ საკომუნიკაციო შეფერხებები იყო შექმნილი. რაც შეეხება საქართველოში რადიაციის შესაძლო შემოღწევას, მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების კომპეტენტური წარმომადგენლებისაგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება „რეზონანსმა“ ვერ შეძლო. იმ რესპოდენტებს კი, რომლებსაც დავუკავშირდით, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ”, - განაგრძობს გამოცემა.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ არის. „ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. იქ არის ბირთვული უსაფრთხოების (ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი) და ამ საკითხთან მიმართებით მომუშავე სპეციალიზირებული სამსახური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „რეზონანსი“ შეეცადა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან დაკავშირებას, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლის განხორციელებაზე, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე ამბობს, რომ საკითხს არ იცნობს და საჭიროების შემთვევაში სამოქალაქო თავდაცვის კუთხით უნდა გატარდეს ზომები: „მე მაგ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს წვდომა, არ დავინტერესებულვარ ჯერჯერობით. გავეცნობი ამ საკითხს. უნდა გავერკიო რაზეა საუბარი და რაც შეეხება მისაღებ ზომებს, სამოქალაქო თავდაცვის კუთხით უნდა იყოს მიღებული“, - ამბობს კობა კობალაძე. აღსანიშნავია, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს, „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელ ნინო ჩხობაძეს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია გაჩეჩილაძეს ვერ დავუკავშირდით”, - წერს სტატიის ავტორი.

ტოტალური წმენდა "რუსთავი 2“-ში

"რუსთავი 2“-ში წმენდა დაიწყო - ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო. დირექტორი ამბობს, რომ გაბუნია, ლაფერაშვილი და კვესიტაძე, რომლებიც შვებულებაში არიან, ჯერ არ გათავისუფლებულან, თუმცა უკან დაბრუნების შემდეგ მათ ამის შესახებ ეცნობებათ. სალია აცხადებს, რომ მას ნოდარ მელაძესთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა და გადაწყვეტილების შესახებ აცნობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ტოტალური წმენდა "რუსთავი 2“-ში / ახალმა მფლობელმა დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს

"ვინც კონფლიქტშია არხის მფლობელის ინტერესებთან, ვეცდებით, რომ ის ხალხი აღარ იყოს ამ არხზე. ნოდარ მელაძესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესიც, რის გამოც შესაძლოა დაზარალდეს „რუსთავი 2“. ეკა კვესიტაძემ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის აკეთებს ახალ არხს ნიკა გვარამიასთან ერთად და მთელი მისი გუნდი მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას - როგორ შეიძლება, რომ ეკა კვესიტაძე ერთდროულად მუშაობდეს „რუსთავი 2“-შიც და „მთავარ არხზეც“? მე მასთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი. „რაც შეება ნანუკა ჟორჟოლიანს, ნანუკას აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ ვითარებაში თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს, მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებული“, - აცხადებს პაატა სალია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ნოდარ მელაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ პაატა სალიამ მას ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა. „პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება. უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ მიეღოთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა,“ - განაცხადა მელაძემ. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში მას ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა”, - განაგრძობს გამოცემა.

"რუსთავი 2“-ისგან „იმედის“ გაკეთება არ სურთ და კრიტიკის რაღაც დოზა „კურიერში“ დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ, უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი, იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. „დაარქმევდნენ ოფიციალურად, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, ჩამოიწეოდა „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“. „მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა, იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"იგი აცხადებს, რომ მას რამდენიმე შემოთავაზება უკვე აქვს და ჯერ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, ერთ-ერთი შემოთავაზება მოქმედი ტელევიზიისგანაც აქვს. თუმცა ამ ეტაპზე შემოთავაზებების განხილვის პროცესშია და ასევე „რუსთავი 2“-დან გაშვების შემდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ტელეკომპანიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს მიმართავს და „მთავარ არხზე“ იწვევს. „გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით „მთავარ არხზე“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, არავის სჯეროდა არხის ახალი ხელმძღვანელობის დაპირება, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა. ბენიძე ამბობს, რომ არხის მთავარი სახეების გათავისუფლებით ხალვაშმა სხვა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ თუ ისინიც არ დაემორჩილებიან, იგივე ბედი ელით. „ეს ასევე არის გზავნილი სხვა ჟურნალისტებისთვის და სხვა თანამშრომლისთვის, რომ აი, ყველაზე ცნობილი სახეებიც კი არ არიან დაცული და თუ ისინიც არ დაემორჩილებიან, იგივე ბედი ელით. ეს არის გზავნილი ყველასთვის, რომ ჟურნალისტი ახალ მფლობელს, ახალ მენეჯმენტს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. ეს კი ასევე სარედაქციო პოლიტიკაზე აისახოს, რაზეც ყველა საუბრობდა და პრინციპში ველოდით კიდეც. ახალი სეზონის წინ მცდელობა იმისა, რომ რიგი პირები ჩამოშორდნენ არხს, გარკვეულწილად ეს სარედაქციო პოლიტიკაზეც აისახება“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე „რეზონანსთან”, - წერს გამოცემა.

"რუსთავი 2“-დან „რუსთავი 2“ წავიდა - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ტელეკომპანიაში დაწყებულ წმენდას. ხუხაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიიდან წამყვანი სახეების გაშვება კანონზომიერი იყო და ეს რომ მოხდებოდა, ყველამ კარგად იცოდა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს და ხელისუფლებას იმისთვის არ უწვალიათ, რომ ტელევიზიიდან ისევ ის სახეები გვესაუბრებოდნენ, რომელთა საქმიანობაც ამ მთავრობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს კი პროცესის სახე მისცეს და მოსაჩვენებლად ერთი თვე იყო გარკვეული დალაგების პროცესი, რაც ახლა დააგვირგვინეს. „ახლა მთავარი ის არის, ხალვაშს ხელში ამ ტელევიზიისგან რა შერჩა. ფაქტია, რომ მთავარი სახეების ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ ალბათ „იმედს“ ჩააბამენ ბუქსირზე და ასე გააგრძელებენ მის მაუწყებლობას. „21-ე საუკუნეში ტელევიზია ტექნიკა და კედლები არ არის. ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, შესაბამისი წყაროებით, მედია კრიტიკა და ადამიანური რესურსი. ამის გარეშე დღეს ტელევიზია არაფერია. თუ ამ ადამიანურმა რესურსმა, რომლებიც არხის ყურადობისთვის პროდუქტს ქმნიდნენ, სხვაგან ახალი პლათფორმა იპოვა, პრინციპში ხელისუფლებამ შედეგად შეიძლება კიდევ უფრო დიდი პრობლემა მიიღოს, ვიდრე „რუსთავი 2“ უქმნიდა. ასე რომ, არაფერი არ მთავრდება და ყველაფერი ახლა იწყება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ხუხაშვილი. მისივე თქმით, ქიბერ ხალვაშმა "რუსთავი 2“-ის როგორც პრობლემის თავიდან აცილება გაყიდვით სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. მისი აზრით, როგორც ჩანს, რაღაც აირია და სიტუაცია ისე ვერ წავიდა, როგორი მოლოდინიც იყო. ხუხაშვილი ამბობს, რომ გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა, ამიტომაც ახლა ეს გამოსავალი იპოვეს და არხის წმენდა დაიწყეს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ყველაფერი ერთ თვეში დალაგდება და შემოდგომისთვის „რუსთავი 2“ ფაქტიურად აღარ იქნება. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრდება და არჩევნებისთვის ხელისუფლებას ძალიან ცუდად უკან შემოუბრუნდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით