ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა

რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პოლიტიკის ანალიტიკოსს, საზოგადო მოღვაწესა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოფილ პროფესორს, ვალერი სოლოვეის ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, ყირიმის ანაქსიისა და დონბასში რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე პარიზში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი შედგა.

კრემლთან დაახლოებული თქვენი კოლეგა რუსი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთი არანაირ საერთაშორისო იზოლაციაში აღარ იმყოფება. თქვენ როგორ შეაფასებდით პარიზში პუტინის ვიზიტის შედეგებს და თქვენი დაკვირვებით, რუსეთი მართლაც გამოდის საერთაშორისო იზოლაციიდან?

- მე ვერ გავბედავდი იმის მტკიცებას, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის. საქმის ვითარების ამგვარად წარმოჩენას კრემლის პროპაგანდა და ხელისუფლებაზე დამოკიდებული მედია ცდილობს.

რუსეთის მიმართ ევროკავშირის მკაცრი კურსი შენარჩუნებული იქნება. ამგვარი კურსის მენეჯერი აშშ გახლავთ. ამერიკული და ევროპული ისტებლიშმენტი გააგრძელებს რუსეთის მიმართ უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებულ კურსს.

რუსეთის მიმართ ევროკავშირის მკაცრი კურსი შენარჩუნებული იქნება. ამგვარი კურსის მენეჯერი აშშ გახლავთ. ამერიკული და ევროპული ისტებლიშმენტი გააგრძელებს რუსეთის მიმართ უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებულ კურსს

დროდადრო დასავლეთის ლიდერები, განსაკუთრებით საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები, შეეცდებიან რუსეთის მიმართ რევერანსების გაკეთებას. რუსეთის მიმართ მათი მხრიდან ამგვარი შერეული, ერთის მხრივ მკაცრი, ხოლო მეორეს მხრივ რბილი მიდგომები გათვლილია იმაზე, რომ კრემლი კორექტივებს შეიტანს თავის საგარეო პოლიტიკაში.

სინამდვილეში, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არანაირი ცვლილებები არ ხდება და მე ვერ ვხედავ იმის მიზეზებს, რომ დასავლეთმა მოსკოვის მიმართ მის მიერვე უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკა შეცვალოს.

- თქვენ კი ამბობთ, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში ცვლილებების მიზეზს ვერ ხედავთ, მაგრამ თქვენს მიერ ნახსენები კრემლის პროპაგანდისტები იმედოვნებენ, რომ პუტინი შეძლებს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ დადგა დრო ევროკავშირმა რუსეთს მოუხსნას მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები...

- არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ რუსეთმა მიაღწიოს იმას, რასაც ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური საქნციების მოხსნა ჰქვია. ყველა ის მიზეზი, რის გამოც დაუწესდა რუსეთს სანქციები, კვლავაც არსებობს. ასე იქნება იმის შემდეგაც, როცა პუტინი დიდი შვიდეულის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ რუსეთმა მიაღწიოს იმას, რასაც ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა ჰქვია

მიზეზების ჩამონათვალი კი ასეთია - ყირიმის ანექსია, ომი დონბასში, ჩამოგდებული ბოინგი. ამას ემატება ის, რომ ამერიკელები ადანაშაულებენ რუსეთს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში.

ვინაიდან, ჩემს მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე რუსეთი პოზიციას არ იცვლის, შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნარჩუნდება. ის, რომ პუტინს ევროპის ლიდერები ხვდებიან, იგი G7-ს მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი კრემლთან ურთიერთობებში სერიოზულ დათმობებს გააკეთებს.

- სირიის პროვინცია იდლიბში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასადის სამთავრობო ძალებმა ალყაში მოაქციეს ოპოზიციის ძალები და აიღეს ქალაქი ხან-შეიხუნი.

ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე თურქეთი ამ ოპერაციას დაიწყებდა, ისინი რუსებს მოელაპარაკნენ, მაგრამ რუსებმა შეთანხმება დაარღვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია თურქეთის სრული ფიასკოთი დასრულდა, ანკარა მაინც აგრძელებს იდლიბის პროვინციაში თავისი ძალების გაგზავნას.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც სირიის პროვინცია იდლიბში მოხდა და ახლაც ხდება, და სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს მომხდარი ანკარა-მოსკოვის ურთიერთობებში?

- ჩემი აზრით, მომხდარი არანაირ გავლენას არ იქონიებს ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობებზე. გარკვეული სახის დაძაბულობას სიმბოლური ხასიათი ექნება. საქმე იმაშია, რომ მოსკოვი კარგა ხანია ანკარისაგან მოითხოვდა გაერკვია ურთიერთობები იმათთან, ვისაც ისინი ბოევიკებად თვლიან. უნდა ითქვას, რომ ისინი მართლაც არიან ბოევიკები.

ანკარა არანაირ ზომებს არ იღებდა. მან ვერ შეძლო ერთმანეთისგან განესხვავებინა, როგორც თავადვე ამბობდნენ, ზომიერი რადიკალები რადიკალებისაგან. ახლა ამის გაკეთებას იქ ვერავინ ვერ შეძლებდა. ამიტომ სირიის ძალები რუსეთის დახმარებით პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებაზე გადავიდნენ.

როგორც ცნობილი იყო, ეს ოპერაცია დიდი ხანი იგეგმებოდა და მისი განხორციელება გარდაუვალი იყო. ჩემი ახლო მეგობრები დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებიან სირიაში და მათგან ვიცი, რაც იდლიბის პროვინციაში მოხდა, ამისკენ საქმე კარგა ხანია მიდიოდა.

ჩემი ახლო მეგობრები დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებიან სირიაში და მათგან ვიცი, რაც იდლიბის პროვინციაში მოხდა, ამისკენ საქმე კარგა ხანია მიდიოდა... ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობებში პრინციპულად არც არაფერი შეიცვლება

ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობებში პრინციპულად არც არაფერი შეიცვლება. იქნება ვერბალური დაძაბულობა. თურქულ პრესაში რუსეთზე კარგი არაფერი დაიწერება. მეტიც, ბევრს აგინებენ რუსეთს და ყველაფერი ამით ამოიწურება. ასეთი რამ პირველად არ მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ არც უკანასკნელად.

- ანკარა და მოსკოვი ქურთულ საკითხში ვერ თანხმდებიან თუ რაშია საქმე?

- რუსეთი ცდილობს გაითვალისწინოს ანკარის ინტერესები. შესაძლოა, ქურთული საკითხი ის თემაა, რომელზეც მხარეებს შორის არაა მიღწეული შეთანხმებები და არც მგონია, რომ ამგვარი რამ მოხდეს, მაგრამ არსებობს ურთიერთგაგება.

პრაქტიკულად, სირიის ქურთისტანი დამოუკიდებელია. ანკარის პოზიცია ასეთია - თურქეთი ცდილობს თავიდან აიცილოს დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნა.

სირიის ქურთისტანი დამოუკიდებელია. ანკარის პოზიცია ასეთია - თურქეთი ცდილობს თავიდან აიცილოს დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნა

რუსეთს ეს ესმის. რუსეთი არაა დაინტერესებული თურქეთთან შემდგომ დაძაბულობის შეუწყოს ხელი.

- მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრისას განაცხადა - „მე მჯერა რუსეთის ევროპულობის,“ კრემლის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის ევროპულად დახასიათება სულ უფრო და უფრო ჭირს.

სულ ახლახანს ხელისუფლებამ ძალის უხეში გამოყენებით ჩაახშო მოსკოვის ქუჩებში გამოსული მოქალაქეების პროტესტი. თქვენ როგორ დაახასიათებდით ყოველივე იმას, რაც დღევანდელ რუსეთში ხდება?

- თუ რამ ხდება რუსეთში ეს არის ის, რომ რუსეთი დეგრადირებს. ხდება რუსეთის მართვის სისტემის დეგრადაცია, დეგრადირებას განიცდიან რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რუსეთის საზოგადოება და ქვეყნის ეკონომიკა.

ყოველივე ამის ფონზე მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაშია რუსეთის სამხედრო მანქანა. ასეა იმის გამო, რომ რუსეთს პოლიტიკური ამბიციები ძალიან დიდი აქვს.

მაგრამ ყველაფერი, რაც საშინაო პოლიტიკას ეხება, სხვა არაფერია თუ არა დეგრადაციის პროცესის გაღმავება.

რუსეთი კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით უფრო ახლოა ევროპულ ცივილიზაციასთან, მაგრამ იმ ღირებულებებით, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას აქვს და რითაც საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რუსეთი არ გახლავთ ევროპული ქვეყანა

ასეთ ფონზე იმაზე საუბარი, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა, თუ რა თქმა უნდა, ევროპულობაში გარკვეული ღირებულებების სისტემა იგულისხმება, არასწორია. სამწუხაროდ, რუსეთი ევროპული ქვეყანა არაა.

რუსეთი კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით უფრო ახლოა ევროპულ ცივილიზაციასთან, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი აქტუალური ღირებულებებით, მხედველობაში მაქვს ის ღირებულებები, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას აქვს და რითაც საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რუსეთი არ გახლავთ ევროპული ქვეყანა.

- რუს ექსპერტთა ნაწილი, რომლებიც საკმაოდ ინფორმირებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ამბობენ, რომ ახლა პუტინისთვის ყველაზე დიდი უბედურება ელიტაში არსებული განხეთქილებაა. ეს უბედურებაა იმიტომ, რომ მის გარემოცვაში მყოფ ელიტას აქვს რესურსები - ძალოვანი, ფინანსური, მორალური, სტრატეგიული, კავშირები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

თქვენი დაკვირვებით ეს მართლაც ასეა თუ ამგვარი მტკიცებები გადაჭარბებულია?

- რა თქმა უნდა, ელიტაში განხეთქილებას არ აქვს ადგილი.

ქვეყანაში დაძაბულობა აშკარად გაზრდილია. რაც ქვეყნის შიგნით გაზრდილ პრობლემებს უკავშირდება. ეს ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ უპირველესად შიდაპოლიტიკურ პრობლემებს. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაში დაძაბულობის მთავარი მიზეზი უკავშირდება იმაზე მსჯელობასა და ფიქრს, შემდგომი განვითარების რა მოდელს აირჩევს რუსეთი.

რუსეთის ელიტაში არის ჯგუფი, რომლებსაც აკურატულად ძალოვნებს უწოდებენ, მაგრამ თავად ელიტაში „მუხრუჭებდაკარგულებს“ ეძახიან და რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში მკაცრი კურსის გატარებას.

ამგვარი მკაცრი კურსი მიუღებელია იმათთვისაც კი, ვინც საბჭოთა კგბ-დან არიან გამოსულები. მათი აზრით, ამგვარი კურსი ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს. ამის შესახებ ისინი საჯარო სივრცეში ცდილობენ საუბარს. კერძოდ, ბატონი ჩემიზოვი, რომელიც გარდა იმისა, რომ პუტინის მეგობარია, ისინი ერთად მუშაობდნენ დრეზდენის რეზიდენტურაში.

რუსეთის ელიტაში განხეთქილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთში იქნება მასობრივი და მასშტაბური სახალხო გამოსვლები. ვიდრე ასეთი რამ არ ხდება, რუსეთის ელიტაში არსებულ განხეთქილებაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია

მიუხედავად ამისა, ეს რა თქმა უნდა, არ გახლავთ ელიტებში განხეთქილება. რუსეთის ელიტაში განხეთქილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთში იქნება მასობრივი და მასშტაბური სახალხო გამოსვლები. ვიდრე ასეთი რამ არ ხდება. რუსეთის ელიტაში არსებულ განხეთქილებაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია.

- საკმაოდ ინფორმირებულმა, „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა ამას წინათ განაცხადა - „პუტინი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ელცინის მემკვიდრე იყო, მორე ვადაში - ზომიერი კონსერვატორი. მესამე ვადაში - რეაქციული შეხედულებების კონსერვატორი, მეოთხე ვადაში რაც ხდება, აბსოლუტური ბნელეთია - გარემოცვა მას და ქვეყანას სსრკ-სკენ მიათრევს.“

მისივე დაკვირვებით, პუტინი ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს თავის გარემოცვაში, ვიდრე მაშინ, როცა ის ელცინის მემკვიდრე იყო. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს პრეზიდენტ პუტინის გარემოცვაში რეაქციონერების კომფორტულად ყოფნა?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ რეაქციონერების გარემოცვაში პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს. კი, პუტინს ახასიათებს გარემოცვაზე დამოკიდებულება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მას მისი გარემოცვიდან ვინმეს მიმართ ჰქონდეს დიდი ნდობა.

შესაძლოა, მე თქვენ ახლა ფანტასტიკური რამ გითხრათ - პუტინი არა უგვიანეს 2020 წლისა თანამდებობას დატოვებს

პრობლემა იმაში კი არაა, რომ ამ გარემოცვაში ყოფნა მას სიამოვნებს, არამედ იმაშია, რომ მას არ შეუძლია სხვა ვინმეს დაეყრდნოს. ანუ, ნდობის პრობლემაა. ნდობით კი პუტინი მხოლოდ საბჭოთა უშიშროებიდან გამოსულებს ენდობა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს. შესაძლოა, მე თქვენ ახლა ფანტასტიკური რამ გითხრათ - პუტინი არა უგვიანეს 2020 წლისა თანამდებობას დატოვებს.

რუსეთი ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისში შედის. თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უკვე ცხადია, რომ 2021 წელს მას უმძიმესი ზვირთისებრი ხასიათი ექნება.

რუსეთი ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისში შედის. თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უკვე ცხადია, რომ 2021 წელს მას უმძიმესი ზვირთისებრი ხასიათი ექნება

- ვთქვათ, ასეც მოხდა, ამის შემდეგ სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- ეს უკვე არავის არ იცის. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაუღიმებთ ბედი და რამდენად ამბიციურები იქნებიან ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც კრიზისის ვითარებაში პროცესების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაუღიმებთ ბედი და რამდენად ამბიციურები იქნებიან ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც კრიზისის ვითარებაში პროცესების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაველოდოთ პროცესების განვითარებას და შევეცადოთ ასეთ ადამიანებს გზა გავუკვალოთ. მაგრამ, მათი გამარჯვების არანაირი გარანტიები არ არსებობს და არც შეიძლება იყოს.

- ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ საუბარს საქართველოს თემით გავაგრძელებთ. არა ვარ დარწმუნებული, რომ ყურადღებით ადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ მე მაინც გკითხავთ - თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესებს რაც საქართველოში ხდება?

- ჩვენ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალისტები ბევრი არ გვყავს, განსაკუთრებით ისეთი, ვინ ანგაჟირებული არაა, ამიტომ ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში მხოლოდ ძალიან მიახლოებითია.

რუსეთის ტელევიზიებში საქართველოსთან მიმართებაში კომენტარებს ბევრი აკეთებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი საქმის არსში გარკვეული არიან. ჩემი აზრით, ისინი საქართველოს საქმეებში არც ჩახედული და არც გარკვეული არ არიან.

- დიახ, ეს აშკარად ნათლად ჩანს...

- თქვენ მხედველობაში უნდა გქონდეთ ის, რომ განსაკუთრებით ახლა საქართველო რუსული ცნობიერების მხოლოდ პერეფერიაზე შეიძლება იყოს. სხვათა შორის, უკრაინის თემაც უკვე რუსული ცნობიერების პერეფერიაზე ხვდება. ახლა რუსული ცნობიერება ფოკუსირებულია მხოლოდ შიდა პრობლემატიკაზე. ეს სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება.

ტელევიზიები ძალიან კი ცდილობენ შიდა პრობლემებზე ნაკლებად ისაუბრონ და უკრაინაზე და საქართველოზე იმსჯელონ, მაგრამ ხალხს ეს უკვე აღარ აინტერესებს. ამას ჰქვია თემის ჩანაცვლება, დღის ბოლოს მაყურებლისთვის ისეთი პოზიციების შეთავაზება, რაც ხალხს ადგილობრივ პრობლემებს დაავიწყებს.

მაგრამ, რუსეთის მოქალაქეების ყოველდღიური ყოფა ყოველდღე იმდენად მძიმდება, რომ რაც მეტი დრო გავა, ხელისუფლებას სულ უფრო მეტად გაუჭირდება საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზოს. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება ხალხს სთავაზობს იმაზე იფიქროს, რაც ცუდია ქვეყნის გარეთ.

სხვათა შორის, სახელისუფლო ტელევიზიების მიერ სულ იმაზე საუბარი, რომ უკრაინაში ცუდადაა საქმე, ასევეა საქართველოში, ევროპაში უმწვავესი მიგრაციული კრიზისია - ეს არის მცდელობა მომგებიანი ფონი შეიქმნას იმ პრობლემების გადასაფარად, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიაკში არსებობს. ხელისუფლება ამითაა დაკავებული ბოლო 5 წელი და ხალხს ეს უკვე მოსწყინდა.

სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ სულ იმაზე საუბარი, რომ უკრაინაში ცუდადაა საქმე, ასევეა საქართველოში, ევროპაში უმწვავესი მიგრაციული კრიზისია - ეს არის მცდელობა მომგებიანი ფონი შეიქმნას იმ პრობლემების გადასაფარად, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიაკში არსებობს

გვიან, მაგრამ ხელისუფლება ახლა იმასაც ხვდება, რომ მასობრივ ცნობიერებას გაცნობიერებული აქვს, რომ ქვეყანაში საქმე კარგად აშკარად ვერ მიდის. ქვეყნა რომ დეგრადაციის გზაზეა, ამას კარგა ხანია ხალხიც ხვდება.

- დეპუტატ გავრილოვის ხმაურიანმა ვიზიტმა თბილისში, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი რუსულ-ქართული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა. კრემლმა ჯერ საქართველოს მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ შემდგომ ისინი აშკარად შეარბილა. თუმცა, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა აღარ ხორციელდება.

მიუხედავად ამისა, თბილისში რუსი ტურისტების ნაკლებობა აშკარად არ იგრძნობა. სხვათა შორის, ადამიანებს შორის ურთიერთობა აშკარად ნორმალურია, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რომ ასეთი არაა, ფაქტია. ეს კიდევ საკმაოდ რბილი ნათქვამია... თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოსთან მიმართებაში კრემლის მიერ წარმოებულ პოლიტიკას?

- დიახ, საქართველოს მიმართ რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკასა და რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ მასობრივად არსებულ დამოკიდებულებას შორის კოლოსალური განსხვავებაა.

საქართველოს მიმართ რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკასა და რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ მასობრივად არსებულ დამოკიდებულებას შორის კოლოსალური განსხვავებაა

სხვათა შორის, საქართველოში დასასვენებლად დადიან რუსეთის დიდ ქალაქებში მცხოვრები რუსული საზოგადოების საშუალო ფენის წარმომადგენლები. ისინი, ვისზეც შეიძლება თქმა, რომ ჩვენი საზოგადოების მოდერნიზებულ ნაწილს წარმოადგენენ.

რაც შეეხება ოფიციალურ პოლიტიკას, მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ გააზრებული პოლიტიკა ჰქონდეს. მერწმუნეთ, ჩვენ არ გვესმის თუ რა უნდა კრემლს საქართველოსაგან? გასაგებია, რომ რუსეთს არ უნდა საქართველო შევიდეს ნატოში. რუსეთს უნდა საქართველოში ჰქონდეს უპირატესობა ყველაფერში, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით

ჩემი აზრით, რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცნაურ ხასიათს ატარებს და თან ძალიან არათანმიმდევრულია. მიმაჩნია, რომ ეს კიდევ რბილად ნათქვამია. რადგან ეს პოლიტიკა არავისთვის გასაგები არაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით.

პრინციპულად გაუგებარია რეალურად როგორ უნდა მიაღწიოს იმას რუსეთმა, რისი მიღწევაც უნდა. მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, საერთოდ მიღწევადია თუ არა ეს მიზნები...

როგორც ჩანს, პუტინს მოახსენეს, რომ თბილისში მღელვარებების უკან სააკაშვილი დგას. სააკაშვილი პუტინისთვის ისეთი რამაა, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ამას მოჰყვა საკმაოდ მკაცრი განცხადებები. ამას გათვლილ, გააზრებულ და საფუძვლიან პოლიტიკას ვერანაირად ვერ დავარქმევდი.

გარდა იმისა, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში კრემლის პოლიტიკასა და რუსეთის ხალხის დამოკიდებულებაში არის კოლოსალური განსხვავება, პრინციპულად გაუგებარია რეალურად როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა იმას, რისი მიღწევაც უნდა. მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, საერთოდ მიღწევადია თუ არა ეს მიზნები.

პუტინი თვლის, რომ ხაჯიმბასთან შეხვედრით ირიბად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე

მე ბევრჯერ მქონია საუბარი ექსპერტებთან, ვინც ცდილობს ინტელექტუალურად გაამართლოს კრემლის ქმედებები. მათი სიტყვებით, რეალისტურად მოაზროვნე ადამიანებისთვის არსებობს იმის გაგება, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა.

- მიუხედავად ამისა, პუტინი დროდადრო აქტიურობს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით. 25 აგვისტოს აფხაზეთში დე-ფაქტო პრზიდენტის არჩევნებია. გასაგებია, რომ ამ არჩევნებს რუსეთის გარდა არც არავინ ცნობს, მაგრამ პუტინი ერთ-ერთ კანდიდატ ხაჯიმბას შეხვდა, რითაც მას პრაქტიკულად მხარი დაუჭირა.

ამგვარი ქმედებებით რის დემონსტრირებას ცდილობს პუტინი, რომ მოსკოვს სოხუმთან თავისი დღის წესრიგი აქვს თუ ეს კიდევ სხვა რამეს?

- ხაჯიმბასთან შეხვედრა პუტინის მხრიდან გახლავთ მცდელობა გავლენა მოახდინოს საქართველოზე. საქართველოსთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხომ ჩამონტაჟებული ნაღმებია.

პუტინმა იცის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები ქართული საზოგადოებისთვის და ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის მანამდე იქნება მტკივნეული და აქტუალური, ვიდრე საქართველო არ ჩათვლის, რომ ეს პრობლემები მოგვარებულია.

პუტინი თვლის, რომ ხაჯიმბასთან შეხვედრით ირიბად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. მე იმდენად კარგად ვერ ვერკვევი ქართულ პოლიტიკაში და არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია პუტინის ამგვარი ნაბიჯები. მე ვამბობ იმაზე, სავარაუდოდ ეს ნაბიჯები როგორ ესმის კრემლს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების პრობლემა ისაა, რომ ისინი საქართველოზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტებად განიხილება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების პრობლემა ისაა, რომ ისინი საქართველოზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტებად განიხილება. ასეთი დამოკიდებულება აქვს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვმა თავად შექმნა.

არ გამოვრიცხავ, რომ როცა რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება და კრემლში უფრო პრაგმატული ხალხი აღმოჩნდება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შესაძლოა ძალიან სწრაფად გაუმჯობესდეს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ ამ ურთიერთობებში მაინც დარჩება სერიოზული წინააღმდეგობები

კრემლში თვლიან, რომ ერთ შემთხვევაში ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რომ იგი ნატოში არ შევიდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში ზეწოლას ახდენენ უკრაინაზე, რომ როგორმე შეაფერხონ ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია.

- ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, საქართველოში სულ უფრო ხელშესახებია რუსული რბილი ძალისა და პრორუსული ძალების გააქტიურება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი საქართველოს მიმართ მაინც მოლოდინის რეჟიმშია...

- შესაძლოა, ასეც იყოს, პრინციპში კრემლის პოლიტიკაში ჩადებულია იმგვარი დათქმა, რასაც მე სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებ. ამას საფუძვლად უდევს აღქმა, რომ დრო რუსეთზე მუშაობს.

საქართველოს მიმართ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაც შესაძლებელი იქნება და რუსული მიზნების განხორციელებაც.

- უკაცრავად, სიტყვა პრაგმატული ბრჭყალებში ჩავსვა თუ მათ გარეშე...

- ძალიან კარგი კითხვაა. როგორც წესი, ურთიერთობების გაუმჯობესების უკან დგას პრაგმატული ინტერესები. სხვა საქმეა, თუ როგორ მოქმედებს ის რეალურ პოლიტიკაში. ახლა რაც ჩანს ისაა, რომ გაცილებით მეტი დროა საჭირო, რომ შესაძლებელი იყოს პერსპექტიულ ურთიერთობებზე მსჯელობა.

ასეა, რადგან ახლა ჩემთვის გაუგებარია თუ რა შეიძლება მოხდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ისეთი, რაც პერსპექტივას უკეთეს გახდიდა.

მე არ გამოვრიცხავ, რომ როცა რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება და კრემლში უფრო პრაგმატული ხალხი აღმოჩნდება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შესაძლოა ძალიან სწრაფად გაუმჯობესდეს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ ამ ურთიერთობებში მაინც დარჩება სერიოზული წინააღმდეგობები.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში შესაძლებელია კონდომინიუმზე საუბარი, ანდაც კონფედერაციის მსგავსი რამის შექმნაზე... მაგრამ, გამოვრიცხავ, რომ რუსეთში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე და ამ რეგიონების ბედზე უარს იტყვის

ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია რუსეთის ხელისუფლება, სხვათა შორის, რაც არ უნდა ლიბელალური იყოს იგი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე უარს იტყვის და ივალდებულებს ამ რეგიონების საქართველოში რეინტეგრაციისათვის ხელის შეწყობას. ვფიქრობ, ეს გამორიცხულია.

ამ შემთხვევაში პრაგმატიზმი შესაძლოა იყოს ის, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის სხვა ვარიანტები იქნას მოძებნილი. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ვფიქრობ, რომ ასეთი ვარიანტების მოძებნა შესაძლებელია.

- მაგალითად...

- მგონი, შესაძლებელია კონდომინიუმზე საუბარი ანდაც კონფედერაციის მსგავსი რამის შექმნაზე..

- თუ სწორად მახსოვს, კონდომინიუმი ერთობლივ მართვას ნიშნავს...

- დიახ, სწორად გახსოვთ. კონდომინიუმი ერთობლივ მართვას ნიშნავს. შესაძლოა, საუბარი იყოს ამ რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნაზე. ვფიქრობ, შესაძლებელია იმგვარი ფართო სპექტრის გეგმებზე მსჯელობა, რომელთა რეალიზება ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

ერთმანეთის უკეთ გაგება ჩვენ მოგვცემს საშუალებას გავთავისუფლდეთ ილუზიებისაგან და შეგვმატებს სიფხიზლეს. ერთმანეთის პრობლემების უკეთ გაგება არის საფუძველი და გზა იმისკენ, რაც წინ მოძრაობის საშუალებას მოგვცემს

მაგრამ, იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე და ამ რეგიონების ბედზე უარს იტყვის.

- ბატონო ვალერი, ვინაიდან „ინტერპრესნიუსი“ თქვენ პირველად დაგიკავშირდათ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თუ რამის დამატება გსურთ იმ თემებზე რაზეც ვისაუბრეთ, ბრძანეთ ...

- მე ძალიან მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთის უკეთ გვესმოდეს. როგორც პოლიტიკის პროფესიონალი ანალიტიკოსი ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთმანეთის უკეთ გაგება ჩვენ მოგვცემს საშუალებას გავთავისუფლდეთ ილუზიებისაგან და შეგვმატებს სიფხიზლეს. ერთმანეთის პრობლემების უკეთ გაგება არის საფუძველი და გზა იმისკენ, რაც წინ მოძრაობის საშუალებას მოგვცემს.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა