საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე გამახვილდა. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. ზალკალიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.
საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. გარდა ამისა, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"