„ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის ანგარიშს პასუხობს

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ხაზგასმული, "ჯორჯიან მანგანეზი" თავიდანვე იყო ჩართული Human Rights Watch-ის მიერ წარმოებულ კვლევაში, თანამშრომლობდა და ადგილობრივად, ჭიათურაში აცნობდა სამუშაო გარემოსა და მის სპეციფიკას.

„ინტერპრესნიუსი“ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"Human Rights Watch-ის ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეფასებებს კომპანიის ოპერირებისა და სამუშაო პრაქტიკის თაობაზე, ისევე როგორც ყველა იმ საკითხს, რომელსაც ეხება დასკვნა, კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი. მაგალითად: ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება, შესვენების საკითხი, კვოტების საკითხი. ასევე, არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა. კერძოდ, ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა , სურვილის შემთხვევაში იშუამდგომლონ მათთვის მისაღები ცვლიანობის მქონე სამუშაოზე გადაყვანის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას, ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლის და უფასო ტრანსპორტირების არსებობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპოვების ე.წ. ახალი მოდელი ახალი არ არის, აპრობირებულია საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში, სადაც წარმოებს წიაღის მოპოვება (მაგალითად: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვა).

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემის შემოღებისას ინტენსიური უკუკავშირი არსებობდა პროფკავშირებთან და მაღაროს თანამშრომლებთან. იმართებოდა შეხვედრები, ვიზიტები ადგილზე სიტუაციის გაცნობის და სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების დათვალიერების მიზნით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის აზრით, მან შესთავაზა დასაქმებულებს დასაქმების ისეთი მოდელი, რომელიც მოიცავს კვებას, ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რითაც ერთის მხრივ ამცირებს დასაქმებულთა ყოველდღიურ ხარჯებს, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მძიმე სამუშაო ადგილას მომუშავე პირებისათვის საჭირო და სათანადო დასასვენებელ გარემოს. რეალობამ ცხადყო, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ დიდი დაინტერესებით სარგებლობს შრომით ბაზარზე და დასაქმებულები საკუთარი შრომითი პირობების ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე არჩევენ მათთვის მისაღებ შრომით მოდელს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ Human Rights Watch-ის კვლევის პარალელურად წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს კომპანიისა და დასაქმებულებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგად, გადაიხედა და მომავალშიც უნდა გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის გარკვეული საკვანძო საკითხები. კომპანიისთვის დასაქმებულების შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე.

"ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, Human Rights Watch-სა და პროფკავშირებთან ერთად ნებისმიერ სამუშაო ფორმატში გააგრძელოს თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტურ მუშაობას როგორც დასაქმებულთა შრომითი პირობების უზრუნველყოფის, ისე - შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ნაწილში“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა