ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ იულია სუსლიაკს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები დაუდგინა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესატანი სარჩელის მომზადება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ თოდუა აცხადებს, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქრთველოსთან ერთად მოპასუხე უკრაინული მხარეც იყოს.

„ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად იულია სუსლიაკის მიმართ დარღვეული უფლებების თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს გენერალური პროკურატურის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან, როდესაც ის მისცეს პასუხისგებაში არარსებული დანაშაულის გამო და სამი თვე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფისა და მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის უდავო დარღვევასთან, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს“, - აცხადებს თოდუა.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის პროკურატურა უკვე ერთი თვეა, სუსლიაკის წინააღმდეგ საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს, თუმცა, ამ დრომდე ის არ დაკითხულა.

„ქალბატონი სუსლიაკი ამჟამად თავის შვილებთან ერთად ქალაქ ხმელინსკში იმყოფება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც ფსიქიატრიულმა ექსპერტიზებმაც დაადასტურეს. უკრაინის სამართალდამცავებთან ჩვენმა „დამნაშავე“ პროკურორებმა მოძებნეს საერთო ენა და ეს საქმე იქ ძიებაშია. თუმცა, ამას აქვს ფორმალური და სიმბოლური ხასიათი. იმ მიზნით, რომ ქართველ პროკურორებს თავიდან აეცილებინათ ეს პასუხისმგებლობა, ჩაფრინდნენ იქ და უკრაინელ კოლეგებთან გამონახეს საერთო ენა. შესაძლოა, ჩვენი საჩივრის მოპასუხე საქართველოსთან ერთად უკრაინის მხარეც იყოს, რადგან ისინი უკანონოდ ჩაერთნენ ამ საქმეში. გარდა ამისა, სასაცილოა, რომ ასეთი უმძიმესი ბრალდებით მიმდინარეობს უკრაინაში საქმის ძიება და ის თავისუფალია, ერთი თვეა იქ საქმე აღძრულია და ის დაკითხულიც კი არ არის“, - აღნიშნა თოდუამ.

რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლეს, თოდუას განცხადებით, ის კვლავ აფხაზეთში იმყოფება.

„მას დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი და აქ რომ გადმოვიდეს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო რუსეთიდან გამოძვეებულია და იქ რომ ჩავიდეს დააკავებენ. მათ ჰქონდათ გეგმა, რომ ყველა ერთად ჩასულიყვნენ აფხაზეთში და იქედან გადმოსულიყვნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აშშ-ის ვიზა მოეპოვებინათ. ეს იყო რეალური გეგმა, რადგან მათი ერთ -ერთი შვილი ამერიკაშია დაბადებული, იქაური მოქალაქეა“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ იულია სუსლიაკს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები დაუდგინა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა