ქეთევან ციხელაშვილი - სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს ეხმაურება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია.

„ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც, როცა ე.წ. მეორე ტურია დანიშნული, პროცესები მშვიდობიანად, დაძაბულობის გარეშე წარიმართოს, რადგან აფხაზური საზოგადოების ბედი ჩვენთვის სულ ერთი არ არის.

არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები - უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ საჭიროა კომუნიკაციის არხების გაფართოვება თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო, ასევე მშვიდობაზე დიალოგის კუთხით.

„ამიტომ, დღეს, როდესაც ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები ჩართულობის, შერიგების მიმართულებით, რადგან კონტაქტები ძალიან გაზრდილია და კიდევ უფრო მაღალია ინტერესი, პირდაპირი დაბრკოლებებით რომ არ ეშლებოდეს ხელი, ჩვენთვის აშკარაა, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაფართოოთ კომუნიკაციის არხები თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო და დიალოგი მშვიდობაზე. ამაში ვგულისხმობ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც ვაჭრობას, განათლებას, ჯანდაცვას დ ა.შ. უკავშირდება. ასევე იმას, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ მომავალი უკეთესი პერსპექტივებით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს