ადვოკატი - 500 000-ლარიანი გირაო არ გავასაჩივრეთ - ლაურა ღაჭავას მეგობრები და ნათესავები თავად სთავაზობენ ქონების ჩადებას

ბრალდებულმა ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000- ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღაჭავას ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გირაოს თანხა ამ ეტაპამდე არ აქვთ გადახდილი. ამბარდნიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ლაურა ღაჭავას კუთვნილი ქონება გირაოსთვის საკმარის თანხად არ შეფასდება, მას ნათესავები და მეგობრები დაეხმარებიან, რომლებიც საკუთარი სურვილით სთავაზობენ უძრავ ქონებას.

„22 სექტემბრამდე დრო გვაქვს და ჯერ არ გადაგვიწყვიტავს არაფერი. ლაურა ღაჭავას მეგობრებიც და ნათესავებიც თვითონ სთავაზობენ, ჩემი ქონება ჩადეო, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვიტავს. ქალბატონ ლაურას უძრავ ქონებას შევაფასებთ, მასაც აქვს დარჩენილი უძრავი ქონება, თუ შეფასდა იმ ფასად, რომ შესაძლებელი იქნება იპოთეკაში ჩაიდოს, ჩადებს. თუ არადა, როგოც გითხარით, ნათესავები და მეგობრები სთავაზობენ ქონების ჩადებას. მოგეხსენებათ, ქალბატონ ლაურას ყველა ქონება, ანგარიშები დაყადაღებული აქვს“, - აცხადებს ამბარდნიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის გამო არ გაასაჩივრა, რომ დრო საქმის მასალების შესწავლას დაუთმოს.

„გადაწყვეტილება არ გაგვისაჩივრებია, მაშინ ქალბატონი ლაურა გაღიზიანებული იყო აღკვეთის ღონისძიების გამო და გადავწყვიტეთ, ის დრო, რაც გასაჩივრებაში უნდა დაგვეხარჯა, მასალების შესწავლაში დავხარჯოთ“, - აცხადებს ამბარდნიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 23 აგვისტოს იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა.

საგამოძიებო სამსახურმა ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო