ქართული პრესის მიმოხილვა 28.08.2019

ცხინვალის "კა-გე-ბემ“ ქართული პოლიციის საგუშაგოების გამო განგაში ატეხა

პანკისელი მებრძოლის შეკვეთილი მკვლელობა ბერლინში - რუსეთს გერმანიასთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაეძაბოს

***

ცხინვალის "კა-გე-ბემ“ ქართული პოლიციის საგუშაგოების გამო განგაში ატეხა

"საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის პარალელურად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს „პროვოკაციულ ქმედებებში“ ადანაშაულებს, რაც, მათი აზრით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრი საპოლიციო პუნქტების გახსნაში გამოიხატება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება და ქართული მხარის დადანაშაულება ოკუპანტების ტაქტიკური სვლაა, რომლის მიზანიც ისაა, რომ ოფიციალური თბილისი „საზღვრის“ საკითხზე მოლაპარაკეკების დაწყებაზე დაითანხმონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ცხინვალის „კა-გე-ბემ“ ქართული პოლიციის საგუშაგოების გამო განგაში ატეხა

"ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი კი ქართულ მხარეს აფრთხილებს და ურჩევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე დაძაბულობის პროვოცირებას თავი დაანებოს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 25 აგვისტოს დილით, ძაუს რაიონის სოფელ სინაგურის მახლობლად ქართულმა მხარემ „საპოლიციო დანიშნულების“ ობიექტების მშენებლობისათვის სამშენებლო მოედნის მოწყობა დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამ პუნქტზე ქართველი ძალოვნები სპეციალური საძილე ვაგონის განთავსებას გეგმავენ. გარდა ამისა, ასევე დაგეგმილი აქვთ ამ პუნქტის სოფელ პერევთან დამაკავშირებელი გზის შეკეთება. გარდა ამისა, ცხინვალის „კა-გე-ბეს“ შეშფოთებას ასევე იწვევს ზნაურის საიონის სოფელ წნელისთან დაწყებული ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა. მათივე ცნობით, ადგილზე მუდმივად იმყოფება 6-7 შეიარაღებული ქართველი პოლიციელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები პროვოკაციული ხასიათისაა, რადგანაც ამით იზრდება იმის ალბათობა, რომ ქართველი პოლიციელები „საზღვარს“ დაარღვევენ და ოსური მხარე იძულებული იქნება ისინი დააკავოს, ამას კი საქართველოს ხელისუფლება, მათი აზრით, აჟიოტაჟის ატეხვისა და დაძაბულობის ახალი კერების შესაქმნელად გამოიყენებს. "რეზონანსს“ ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ უდასტურებს და აცხადებენ, რომ მსგავს ქმედებებს საქართველოს მხრიდან ადგილი არა აქვს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასეთი ბრალდებების დროს ძალიან რთულია ამტკიცო მართალი რომელი მხარეა. ზაქარეიშვილის განცხადებით, ძალიან ხშირად არის, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია ბოლომდე არ გვაქვს. ყოფილი მინისტრის აზრით, ოსური მხარე რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა თუნდაც ამ ფორმით გაამართლოს. ხოლო სამხრეთ ოსეთი დანარჩენი საქართველოსგან მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს, რათა დიალოგის ყველა შანსი დაიკარგოს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ე.წ. ოსეთის უშიშროების განცხადებები აღარავის უკვირს, რადგანაც ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველო ნებისმიერ რამეში დაადანაშაულონ. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა პარალელურად რაღაცით ხომ უნდა გაამართლონ. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ასეთ რაღაცებსაც იგონებენ. „რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ვამტკიცოთ ასეთი ბრალდებების დროს ვინ არის მართალი ან მტყუანია, მაგრამ ოსები ასეთი მითების შეთხზვაში რომ დახელოვნებულები არიან, ეს ახალი ამბავი არაა. „ბუნებრივია, მათ საკუთარი ქმედებების გამართლება უნდათ და რაღაც ვარიანტებს იგონებენ, რომლის შემოწმებაც და უარყოფაც ძნელია. ეს პოლიტიკაში ხშირია, ამიტომაც საზოგადოებას მუდმივად ამ ჭორებში გარკვევა გვიჭირს. „ეს ყველაფერი დიალოგის არარსებობის შედეგია, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ოსური მხარე ცდილობს, რომ ნებისმიერი დიალოგის ფორმატი გამორიცხოს და საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ბრალდებების რეჟიმში ამყოფოს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, საქართველოს არაფერში სჭირდება ე.წ. საზღვარზე პოლიციის რაოდენობის გაზრდა და საგუშაგოების მშენებლობა, რადგანაც ეს კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს და გარკვეულ რისკებს ქმნის. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წინაშე ვალდებულება აქვს აღებული და იქ სწორედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოძრაობს. ამას კი ჩვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საგუშაგოების გაზრდას და პოლიციელების სიმრავლეს”, - დასძენს გამოცემა.

"ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის საერთაშორისო ავტორიტეტი და პრესტიჟი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ბევრად გვირჩევნია კარგი სახელი გვქონდეს ევროკავშირთან, ვიდრე იქ პოლიცია შევიყვანოთ და რუსეთისთვის სასარგებლო საქმე გავაკეთოთ. მუდმივად მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი პროვოცირება მოახდინოს და ქვეყანას საფრთხის წინაშე დავაყენოთ. კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს ბრალდებები ახალი არ არის და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეების დონეზეც გაჟღერდა. არეშიძე ამბობს, რომ ოსები სოფელ წნელისის თავზე ქართველებს პოლიციის საგუშაგოს მშენებლობაში ადანაშაულებენ. მისი თქმით, ეს „გაღმა შეედავე გამოღმა შემოგედავებას“ პრინციპია, რადგანაც ბორდერიზაციის პარალელურად ისინი ქართულ მხარეს ოკუპაციის ხაზთან საპოლიციო ძალების გაძლიერებაში ადანაშაულებენ. არეშიძე ფიქრობს, რომ ამ გაღმა შედავებას ტაქტიკური დანიშნულება აქვს, რადგანაც რუსეთი და ცხინვალის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საქართველო როგორმე „საზღვრების მოწესრიგების“ თემაზე მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. „რუსეთს სურს, რომ საქართველო სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. ამაზე კი წლებია, რაც ჩვენი ხელისუფლება ლეგიტიმურად თავს არიდებს. სქემა ასეთია - ჩვენ ხომ ვჩივივართ, რომ ისინი პირობით საზღვარს აქეთ გვიწევენ, ახლა ამათმა დაიწყეს, რომ ევროპელ კოლეგებთან, იგივე ჟენევის მოლაპარაკებაზე, საკითხი დასვან, რომ მოდი განვსაზღვროთ ბოლოს და ბოლოს ეს ოლქის თუ პირობითი საზღვარი სად გადის. აი, ეს არის ამ ბრალდებების მთავარი მიზანი. „საქართველოს ხელისუფლებას კი ასეთ ბრალდებებზე რეაგირება უნდა ჰქონდეს, თუნდაც ისეთი ტიპის აქტიურობა დავიწყოთ, რომ ორივე მხარის საგუშაგოების განთავსება მოხდეს. ამით კი ის პროცესი შეჩერდება, რაც დღეს ხდება. „რეალური პოლიტიკა სხვა ტიპის მოთხოვნებს აჩენს. იმ ტაქტიკას, რასაც რუსეთი და ე.წ. ოსეთის ხელისუფლება გვიპირისპიებს, მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ვეღარ დავუპირისპირდებით. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფორმატი შევთავაზოთ და დროებითი საგუშაგოების განლაგება მოხდეს. სხვაგვარად მუდმივად ასეთი ბრალდებებისგან თავის მართლება მოგვიწევს“, - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

პანკისელი მებრძოლის შეკვეთილი მკვლელობა ბერლინში - რუსეთს გერმანიასთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაეძაბოს

"23 აგვისტოს, შუადღისას ბერლინში, ტირგარტენის პარკში კანცლერის ოფისისა და რაიხსტაგის შენობასთან ახლოს 41 წლის მამაკაცი მოკლეს, რომელიც პარასკევს მაჰმადიანთა ტრადიციულ ლოცვაზე მიდიოდა. გერმანული მედია გამოძიების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობაა, რომლის კვალიც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებამდე მიდიოდეს. თუ ეს ეჭვი გამართლდა, რუსულ-გერმანული ურთიერთობებიც შესაძლოა ისე დაიძაბოს, როგორც რუსულ-ბრიტანული ურთიერთობები სოლსბერის ცნობილი ინციდენტის შემდეგ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პანკისელი მებრძოლის შეკვეთილი მკვლელობა ბერლინში - რუსეთს გერმანიასთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაეძაბოს

"როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელმა მსხვერპლს პირველი ტყვია ზურგში ესროლა, ხოლო შემდეგ საკონტროლო გასროლა თავის არეში მოახდინა. გერმანული მედიის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა „სიკვდილით დასჯას" წააგავდა. თავდამსხმელმა მაშინვე დაიწყო კვალის დაფარვა - მოიხსნა პარიკი და მდინარე შპრეეში იარაღთან და ველოსიპედთან ერთად გადაყარა. შემდეგ კი წინასწარ მომზადებული მოპედით გაქცევა სცადა. მკვლელი მცირე ხნის შემდეგ დააკავეს, მოგვიანებით კი მყვინთავებმა მდინარიდან დამნაშავის გადაყრილი ნივთები ამოიტანეს. ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, თავდაპირველად გერმანული გამოცემები წერდნენ, რომ ის ეთნიკური ჩეჩენი იყო, 26 აგვისტოს კი გამოცემა „ბილდმა" დაწერა, რომ მკვლელი ციმბირიდან იყო და მას „ვადიმ სერგეევიჩი" ერქვა. იგი ბერლინში მოსკოვიდან ჩავიდა. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებს კი მკვლელის პასპორტის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ზელიმხან ხანგოშვილია. იგი ჩეჩნეთის ომის აქტიური მონაწილე იყო და 60 მებრძოლისგან შემდგარ სამხედრო დაჯგუფებას მეთაურობდა. ომის შემდეგ რუსების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობდა და „კავკასიის იმარატის" მხარდამჭერი იყო. 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ზელიმხან ხანგოშვილმა პანკისის ხეობაში 200-კაციანი მოხალისეთა ჯგუფიც ჩამოაყალიბა საქართველოში შემოჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა პირადად ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. 2002 წელს იგი რუსეთში ძებნილთა სიაში აღმოჩნდა, თუმცა მის მიმართ რუსეთის ხელისუფლებას რა კონკრეტული ბრალდებები აქვს, გერმანელი გამომძიებლებისთვის უცნობია. ხანგოშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, სავარაუდოდ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ განყოფილებასთან თანამშრომლობდა, 2012 წელს მან თავის თავზე აიღო შუამავლის როლი ლოპოტას ხეობაში ჩეჩენი ექსტრემისტებისა და საქართველოს უსაფრთხოების ძალებს შორის. 2016 წელს კი ხანგოშვილი თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით უკრაინის გავლით გერმანიაში ჩავიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

"სააგენტო „დპა" წერს, რომ საქართველოში ხანგოშვილმა უსაფრთხოების მიზნით, ახალი პასპორტი თორნიკე ქავთარაშვილის სახელით აიღო (ქავთარაშვილი მისი დედის გვარია) გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკითხვის დროს მშვიდად იქცეოდა. იგი მკვლელობას არ აღიარებს და მტკიცებულებებს უარყოფს. ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე აპირებდა გერმანიიდან გაქცევას, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მას ორმხრივი მგზავრობის ბილეთი ჰქონდა აღებული და რუსეთში აპირებდა გაფრენას. გერმანული გამოცემების ცნობით, ბერლინში მის მიერ დაქირავებულ ბინაში დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს. საქმის გამოძიებაში გერმანული კონტრდაზვერვა ჩაერთო. გერმანული მედიის ცნობით, ჯერჯერობით რუსეთის ხელისუფლება გერმანიის ტერიტორიაზე შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის ჩადენაში პირდაპირ არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა გამოძიებამ პრაქტიკულად ყველა სხვა ვერსია გამორიცხა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გერმანიაში ერთგვარი წმენდის ჩატარების ვერსიაზე მუშაობს. ბერლინში ჩეჩნური საზოგადოება აღნიშნული ფაქით უკიდურესად შეშფოთებულია რადგან ხანგოშვილი იმყოფებოდა ჩეჩნების საზღვარგარეთ მცხოვრებთა სიაში. ბერლინის მკვლელობა საეჭვოდ წააგავს 2009 წელს ვენაში მომხდარ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ყოფილი პირადი მცველის, უმარ ისრაილოვის მკვლელობას. ზელიმხან ხანგოშვილის მსგავსად, ისრაილოვიც დღისით, ხალხმრავალ ადგილას - სუპერმარკეტიდან გამოსვლისას მოკლეს. მაშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანიდან 3 დააკავეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ავსტრიის პროკურატურა ეჭვობდა, რომ ამ კვლელობასთან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას და პირადად რამზან კადიროვს ჰქონდა კავშირი და მის დაკითხვასაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. გერმანული მედია კი ბერლინის მკვლელობის ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე წერს - ბერლინის ჩეჩნური სათვისტომოს წევრთა ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურის „დასახვრეტთა სიაში" იყო შეყვანილი. მათივე ცნობით, ეს სია პირადად რამზან კადიროვის შედგენილია, მასში შეყვანილია 300-მდე ჩეჩენი, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და ყოველ მათგანზე რუსულ სპეცსამსახურებს ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა