საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ასევე, ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალსა და მნიშვნელობას.
მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი, ისაუბრა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აღნიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის პოზიტიური წვლილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ხაზი გაუსვა შვედეთის მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
ანდრეას ნორლენმა აღნიშნა საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმები და ხაზი გაუსვა, რომ შვედეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე შესაბამისი რეფორმების გატარებას.
დავით ზალკალიანი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.
მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა მაღალი ტრიბუნიდან აჟღერებენ. ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
მინისტრმა ზალკალიანმა ასევე მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პარლამენტის სპიკერმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა შვედეთის სამეფოს უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.