ქართული პრესის მიმოხილვა 02.09.2019

მამუკა არეშიძე - “პირველი შემთხვევაა, როცა იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ბორდერიზაციის საწინააღმდეგო ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს”

სამთავრობო ტანდემი - რომელი მინისტრი ვერ მოხვდება გახარია-ღარიბაშვილის მთავრობაში

დავით უსუფაშვილი - “ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს - ეს კი სახიფათოა”

* * *

მამუკა არეშიძე - “პირველი შემთხვევაა, როცა იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ბორდერიზაციის საწინააღმდეგო ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს”

“ვერ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულწილად სეპარატისტებმაც მოინდომეს თავის გამოჩენა და რადიკალურად მოქცევა ამიტომ დაიწყეს. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ ერთი შეხედვით თითქოს უცებ ჩაცხრა ეს თემა მას მერე, რაც რუსები ჩაერივნენ, თუმცა ძნელად წარმომიდგენია, ეს მხოლოდ მათი ინიციატივით მომხდარიყო. ჩემი აზრით, ეს იყო ვითარების ერთგვარი ტესტირება სწორედ კრემლის ან იმ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რომლებიც ცხინვალში ვითარებას განაგებენ”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამთავრობო ცვლილებები იქნება ნიშანი იმისა, რომ დაინახეს - ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია” / “ამდენი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ბორდერიზაციის საწინააღმდეგო ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს” / გახარიას აქვს შანსი, იყოს წარმატებული პრემიერი, თუმცა, ვფიქრობ, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს და რაც მალე გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება”.

“2012 წლის შემდეგ დასავლეთის ზეწოლის გარდა ბორდერიზაციის ხელის შემშლელი ბერკეტები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მეტიც, 2012 წლის შემდეგ, თუ გახსოვთ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს განლაგებული საპოლიციო პოსტები ან სულ გააუქმეს, ან მოშორებით გადაიტანეს, რათა მოწინააღმდეგე მხარეს პროვოკაციის საშუალება არ მისცემოდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობა, შეიძლება ითქვას, ამდენი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ბორდერიზაციის საწინააღმდეგო ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბორდერიზაციის პროცესი შედარებით მივარდნილ ადგილებში, სადაც ევროკავშირის მონიტორების ყურადღება ნაკლებად მობილიზებულია, სულაც აღარ მიჰყვება იმ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს იყო მოქცეული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ახლა აშკარად ცდილობენ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზეც შეიჭრან. ეს მხოლოდ იმისკენ არ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩაიგდონ ხელში, არამედ ქართულ მხარეს სცდიან - აინტერესებთ, წამოვეგებით თუ არა პროვოკაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რუსეთი ხომ, 1989 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ახერხებდა პროვოკაციაზე ჩვენს წამოგებას. ყველა კონფლიქტი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდა და რომლებშიც საქართველო დამარცხდა, პრაქტიკულად იყო რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო პროვოკაციების შედეგი. ახლაც იმავეს ცდილობენ. ერთი ვარიანტია, რომ ცხინვალმა გაღმა შედავების პრინციპით სცადა მოქმედება. საქმე ის არის, რომ ბოლო ხანს ყველა შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მუდმივად დგებოდა ამ უკანონო ბორდერიზაციის საკითხი. ცხინვალის ლოგიკით, აუცილებელი იყო შესაბამისი საპასუხო პრეტენზიის წამოყენება და ახლა ჩათვალეს, რომ ასეთი საშუალება მიეცათ. კიდევ ერთი ვერსია ის არის, რომ საქართველოს დასჯა გრძელდება მისი პოლიტიკის გამო. ხშირად ბევრს არ ესმის, ამ ხელისუფლების რბილი პოლიტიკის ფონზე რატომ აგრძელებს რუსეთი ასეთ უხეშ პოლიტიკას. საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან დაკავშირებით მიდგომები არ შეუცვლია - ქვეყანა კვლავაც პროდასავლურ კურსს აგრძელებს და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კრემლისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი არის ის, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომლის თაობაზეც ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. როგორც მან თქვა, ეს ინფრასტრუქტურა 2019 წლის ბოლომდე შეიქმნება. ეს არ არის კლასიკური სამხედრო ბაზა, სადაც ამერიკული კონტინგენტი განთავსდება. ამგვარი სამხედრო ინფრასტრუქტურა ეწყობა ნატოს მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა იქ ნატოს მოსამსახურეების წილი ძალიან მცირეა ხოლმე და, ძირითადად, ადგილობრივი კადრებით კომპლექტდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამას რუსეთი სამხედრო ბაზად აღიქვამს... უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საქმე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას ეხება, ნებისმიერი პატარა ექსცესის მიზეზები უნდა ვეძებოთ გეოპოლიტიკაშიც. სწორედ გეოპოლიტიკის თემაა 12 აგვისტოს თურქმენეთში ჩატარებული ეკონომიკური ფორუმი. ეს იყო კასპიის ზღვის ქვეყნების პირველი ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც საქართველოც ესწრებოდა. მასზე განიხილეს თურქმენული გაზის აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი, რომლის წინააღმდეგ იქ გამოვიდა ირანი, თუმცა ამ იდეის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, რომელსაც ხელს არ აძლევს თურქმენული გაზის ნაკადის ამ გზით გატარება”, - განმარტავს ექსპერტი.

“ეს არ არის აზერბაიჯანული გაზი, რომელიც უფრო პოლიტიკური პროექტია და ევროპის მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს აკმაყოფილებს. თურქმენული გაზი სულ ცოტა 10-ჯერ აღემატება აზერბაიჯანულ გაზს, რაც ნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთს, მით უფრო, რომ სამ თვეში ახალი ამერიკული სანქციები შედის ძალაში, რაც ითვალისწინებს რუსეთის ენერგომატარებლების მაქსიმალურად შეზღუდვას. არ გამოვრიცხავ, რომ რაც ხდება დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, იყოს პრელუდია ამ პროექტის ჩასაგდებად... არის ერთი საკითხიც. ამ თემით ქართული პრესა რატომღაც არ დაინტერესდა, არადა, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - 26 აგვისტოს რუსეთმა ძალიან აგრესიულად დააყენა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ე.წ. კორიდორების საკითხი, რომელსაც შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა გაუწიოს მონიტორინგი... ამ ყველაფრის ერთ დაფაზე დანახვა და გაანალიზებაა საჭირო, რაც უპირველესად ხელისუფლების მოვალეობაა. რუსეთს აქვს ერთი მიზანი - საქართველოს დაბრუნება რუსულ ორბიტაზე, რაც ნიშნავს მთლიანად სამხრეთ კავკასიის დაბრუნებას. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც უნდა კარგად გავიაზროთ, გავაანალიზოთ და შესაბამისი კონტრნაბიჯები დავგეგმოთ”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ჩემი აზრით, გავრილოვის თემამ მნიშვნელოვნად შეცვალა ხელისუფლების განწყობა. დღეს რუსი პოლიტოლოგებიც კი წერენ ასეთ რამეს - საქართველო დაისაჯა ოპოზიციის ქმედებების გამოო. ცხადად ვნახეთ, რომ კრემლის რეაგირება მოჰყვა არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ქმედებებს. ვფიქრობ, ამან ხელისუფლებას დაანახა, რომ რუსეთი რეაგირებს არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გამოწვევაზე, არამედ კრემლს აქვს გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის განხორციელებისთვისაც ნებისმიერ ვითარებას გამოიყენებს. ხელისუფლებამ რაც უნდა ლოიალობა გამოიჩინოს, ის ამ გეგმას არ შეცვლის, შესაბამისად, რუსეთის პროვოკაციული მოქმედებებიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ქცევის წესის გადაწყობა გადაწყვიტა. დადგა დრო, როცა აუცილებელია სიმტკიცის გამოჩენა, რაც დაარწმუნებს მოსკოვს, რომ აქ არ არის ხელისუფლება, რომლის იოლად მოდრეკა შეიძლება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რაში დასჭირდა ამის გასარკვევად შვიდი წელიწადი? ეს ლეგიტიმური კითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა სტაბილურობის შენარჩუნება, რათა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა არა მხოლოდ დაელაგებინა, არამედ გაემყარებინა კიდეც და დაერწმუნებინა ისინი, რომ არ გადაიხრებოდა რუსეთისკენ, ეს პერიოდი ძალიან გაუგრძელდათ... თუმცა, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, - ამბობს რესპონდენტი.

“პოლიტიკურ ელიტასაც და საზოგადოებასაც მინდა ვუთხრა, რომ ძირითადი თემები, რომლებზე ლაპარაკითა და კამათით თავს ვიკლავთ, როგორც წესი, მეასეხარისხოვანია იმ რეალობასთან შედარებით, რაც არის ქვეყანაში თუ მის გარშემო. საქართველოს წინაშეა უამრავი გამოწვევა, ვდგავართ უდიდესი რისკების წინაშე და ეს პოლიტიკანობა, ერთმანეთის ჭამა, სოციალური ქსელების უსაგნო ოკუპაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ცვლის ფსიქოლოგიურ ფონს და უფრო ამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას. ჩვენ, ყველა ერთად - პოლიტიკოსებიც და რიგითი მოქალაქეებიც - ამ მეათეხარისხოვანი თემების წამოწევით ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ვამუხრუჭებთ. მთელი პოლიტიკური სპექტრი მოქმედებს ამგვარი პრინციპით - რაც უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალამ, ის მაინც ცუდია. კარგიც რომ გააკეთოს, ამბობენ, მაგათი გაკეთებული არაფერი გვინდაო... განა ეს ნორმალურია?! საზოგადოებაც ასევეა გახლეჩილი, ამ გამოწვევებსა და რისკებს ძალიან სუსტად აცნობიერებს და, ძირითადად, ზედაპირულ და მეასეხარისხოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ამაშიც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ძირითადად მასზეა დამოკიდებული, ქვეყანაში საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, თუ ადამიანების ბრბოდ ქცევას...“ - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების თაობაზე. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ...” - პასუხობს:

“თუ პროცესები ასე განვითარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებმა დაინახეს, ქვეყანა რა მძიმე მდგომარეობაშია და რომ ძლიერი ფიგურების დრო მოვიდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს გახარიას დაწინაურებას. თუ ვინმე შეიძლება მოიაზრებოდეს ხელისუფლებაში შედარებით ძლიერ და დამოუკიდებელ ფიგურად, სწორედ ის არის. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ საზოგადოების ნაწილს აქვს პრეტენზია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაინც მიმაჩნია, რომ ეს სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, მათ შორის ისიც, რომ გახარიამ შეძლო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც თანამიმდევრულმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ძლიერ მმართველად ჩამოყალიბდეს. გახარიას აქვს შანსი, იყოს წარმატებული პრემიერი, თუმცა, ვფიქრობ, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს და რაც მალე გააკეთებს­ ამას, უკეთესი იქნება”.

“ბევრი ოპოზიციონერისგან, თუმცა არა მხოლოდ მათგან, არამედ “ქართული ოცნების” გუნდის წევრებისგანაც მომისმენია, რომ გახარიას პრემიერობა დაღუპავს “ქართულ ოცნებას”. ცოტა უცნაურია ეს განცხადებები და თან მისი გადადგომის მოთხოვნა. თუ ასეა, ოპოზიციაში უნდა უხაროდეთ გახარიას შესაძლო გაპრემიერება, ამიტომ ეს მხოლოდ თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში მათ გახარიასი ეშინიათ... რაც შეეხება ღარიბაშვილს, თუ მართლაც გახდა შს მინისტრი, მისგან ცოტა უცნაური იქნება ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა. ის პატიოსანი ადამიანია და თავის დროზე, რომ არა გარემოებები და მისი გარემოცვის პრობლემა, შესაძლოა, წარმატებული პრემიერიც ყოფილიყო. თუ იგივე შეცდომები არ გაიმეორა, შეიძლება ეფექტიანი შს მინისტრიც იყოს”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

სამთავრობო ტანდემი - რომელი მინისტრი ვერ მოხვდება გახარია-ღარიბაშვილის მთავრობაში

“მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. სავარაუდოდ, მმართველი პარტია მოქმედი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერობასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს, გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილს დაბრუნდება. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარიას პრემიერობასთან დაკავშირებით გუნდში გარკვეული წინააღმდეგობა არსებობდა და ასევე, კულუარული ინფორმაციით, მას მთავრობაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობაში ადგილს ყველა მინისტრი ვერ შეინარჩუნებს. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად თუ გახარია პრემიერი გახდება, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ იქნება. მათივე აზრით, გახარიას ივანიშვილი რის საშუალებასაც მისცემს, იმ დონის ცვლილებებს განახორციელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სამთავრობო ტანდემი - რომელი მინისტრი ვერ მოხვდება გახარია-ღარიბაშვილის მთავრობაში.

“პოლიტოლოგებს მოლოდინი აქვთ, რომ გახარიას გაპრემიერებასთან ერთად, შესაძლოა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილება მოხდეს, რადგანაც ლართან დაკავშირებულ უკმაყოფილებას ის ამ ცვლილების მიზეზად გამოიყენებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში მაია ცქიტიშვილი ნამდვილად დარჩება, ხოლო დანარჩენის ბედი უკვე სამომავლოდ გამოჩნდება. პოლიტოლოგები ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრად დაბრუნდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გახარიას ივანიშვილი ბოლომდე არ ენდობა და მას გამკონტროლებელ პირად ღარიბაშვილს უსვამს. ხოლო ღარიბაშვილის და გახარიას მეშვეობით ის წინასაარჩევნოდ მკაცრი ხელის პოლიტიკას მიმართავს და საბოლოოდ დამთავრდება იმაზე საუბარი, რომ “ოცნება” უნიათო ხელისუფლებაა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ გახარია, თუკი ივანიშვილი საშუალებას მისცემს, პირველ რიგში ეკონომიკურ გუნდს შეცვლის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პოსტს ყველა ვარიანტში შეინარჩუნებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გახარია გახდება პრემიერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად მთავრობის მეთაური იქნება. აქ საუბარი იმაზეა, თუ ივანიშვილი გახარიას ვისი გაშვების ან დატოვების უფლებას მისცემს. არ მგონია ახლა, რომ მან ასე ერთი ხელისმოსმით, ივანიშვილთან კითხვის გარეშე მინისტრები გაათავისუფლოს. ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა - რომ მაია ცქიტიშვილი დიდი ალბათობით მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. დანარჩენების რა მოგახსენოთ... ცვლილებებს უფრო ეკონომიკური გუნდიდან ველი და ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ასეთ კატასტროფულ ზრდას ამ კუთხით გადაფარავენ“, - აცხადებს ძაბირაძე. მისივე თქმით, არ არის იმის მოლოდინი, რომ გახარიას ივანიშვილი ასე დამოუკიდებლად მართვის საშუალებას მისცემს. მით უმეტეს იმ გამოცდილებიდან, რაც მან კვირიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ივანიშვილი პოლიტიკაში ზუსტად იმიტომაც დაბრუნდა, რომ მისი გავლენა ხელისუფლებაზე უფრო მძაფრი იყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილი-გახარიას ტანდემით ივანიშვილი ქვეყანაში მკაცრი ხელის პოლიტიკას განახორციელებს და საუბარი იმაზე, რომ “ოცნების” ხელისუფლება უნიათოა, დასრულდება. მათი მეშვეობით ის ხელისუფლების შენარჩუნებას კვლავ შეეცდება. ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ გახარია გაპრემიერებისთანავე რადიკალურ ცვლილებებს არ დაიწყებს. მისი აზრით, საპარლამენტო არჩევნებამდე ცვლილებები ნამდვილად იქნება, თუმცა ეს არ იქნება გუნდი, რომელიც ერთმანეთს შიგნიდან ჭამას არ დაუწყებს. მისივე აზრით, შესაძლოა, სახის შენარჩუნების მიზნით, გარკვეული ცვლილებები იყოს, თუმცა გახარია მაინც თავის მოქმედებებში ბოლომდე დამოუკიდებელი არასდროს იქნება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში რადიკალურ სამთავრობო ცვლილებებს არ ელის. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ, მაღალი ალბათობით, შინაგან საქმეთა მინისტრად ივანიშვილისთვის ყველაზე სანდო პირი დაინიშნება და გახარია, რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად უზრუნველყოფს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ გახარია შეეცდება ჯერჯერობით ქვეყანაში სიტუაცია დაალაგოს და ახალი გუნდის შექმნაზე შემდეგ იფიქროს”, - დასძენს გამოცემა.

“თუკი ეს შუალედური სვლა და ცვლილება გაამართლებს, ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ შეიძლება უკვე თვისობრივი ცვლილებებიც ვიხილოთ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდო მგონია, რადგანაც ამისთვის დრო არ ეყოფათ. ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის სახის გადარჩენის მცდელობა, რომ შემოდგომაზე მოსალოდნელი ვნებათაღელვა განეიტრალდეს. ამისთვის არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლარის კურსის ზრდის მიზეზით ეკონომიკური გუნდი შეიცვალოს. ამით გარკვეულ წილად გახარია კიდევ ქულების დაწერას შეეცდება. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნება საკმაოდ საინტერესო გარემოებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი მას ყველაზე გავლენიან სამინისტროში ისეთ ადამიანს ჩაუსვამს, რომელიც მის გაკონტროლებას შეძლებს. ამით ჩანს, რომ ივანიშვილი მას ბოლომდე არ ენდობა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“მგონია, გახარია ცვლილებებს არ განახორციელებს და ეს იქნება ერთადერთი იმით განპირობებული, რომ მაშინ ამით ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს აღიარებს. ანუ არ შეცვლის თუნდაც ლარის გამო ეკონომიკურ გუნდს, რადგანაც ეს უკვე მმართველ გუნდზე გადაბრალება გამოდის. ძალიან ბევრი მგრძნობიარე თემები დაგროვდა, როგორც ანაკლიასთან, ასევე ფოთის პორტთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი მასიური გადაადგილება, თუნდაც ეკონომიკური გუნდის მიმართულებით, არ იქნება. თანაც ამომრჩევლის თვალში გაჩნდება უნდობლობა, რომ მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას არ ატარებდა. ამიტომაც, არჩევნებამდე თუ გახარია პრემიერი იქნება, დიდ არაფერ ცვლილებებს არ ველი“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

დავით უსუფაშვილი - “ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს - ეს კი სახიფათოა”

“როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, დაგვპირდა, რომ ბევრ რაღაცას შეცვლიდა და ხაზარაძის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა ერთ-ერთი­ შედეგია - ივანიშვილმა უბიძგა მას პოლიტიკისკენ. მანამდე თუ პრობლემები იყო პერსონალური, ფინანსური, ახლა უკვე სრულმასშტაბიანი პოლიტიკური შეტაკება მწიფდება... ხაზარაძემ ჯერ იდეა გაახმოვანა, რომელიც შინაარსით არ შეუვსია. გუნდს სჭირდება ფორმირება, სტრატეგიის გამოკვეთა, ამიტომ თეორიულ განაცხადებზე მსჯელობა ნაადრევია. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდეს, პოლიტიკურ სპექტრში დაიკავოს პოზიცია და შემდეგ შეიძლება საუბარი”, - აცხადებს მოძრაობა “შენების” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს - ეს კი სახიფათოა”.

“ოცნებას” დაემართა ის, რაც დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას - საკუთარი პარტიის გარდა, ყველას ზედმეტად და მტრად თვლის. ამიტომ ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციის მიმართ აქვს, იგივე ექნება ხაზარაძის მიმართაც. ნაცვლად იმისა, ოპონენტებს არგუმენტებით და გაკეთებული საქმეებით ელაპარაკოს, შავი პიარით არის დაკავებული. ისევ გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი მეორედ მოსვლა - მან წელიწად-ნახევრის წინ განაცხადა, რომ მის პარტიასა და ქვეყანაში ცუდად წავიდა საქმე, ამიტომ დაბრუნდა. თუმცა ვხედავთ შედეგს - პარტიაში სიტუაცია უფრო აერ-დაერია, მთავრობა შესაცვლელი გაუხდა და ცვლის, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება უფრო დამძიმდა, ამიტომ “ოცნებას” ამომრჩევლის დარწმუნება, რომ არჩევნებში ხმა მისცეს, უკიდურესად გაუჭირდება. დარჩა ერთადერთი გზა - ოპონენტებისთვის საარსებო ველის შევიწროება, ეს ველი კი პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების არაკონტროლირებად ტელევიზიასა და იმ ბიზნესწრეებთან, რომლებსაც შესაძლოა ოპოზიციის დაფინანსების სურვილი გაუჩნდეთ და ეს კანონიერი გზით გააკეთონ. ხაზარაძე-წერეთლების ეპოპეაში, ერთი მხრივ, არის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების მცდელობა და მეორე მხრივ, ფინანსური დესტაბილიზაცია იმ მედიასაშუალებებისა, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. სხვა ვერაფრით აიხსნება ის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში პროკურატურას წერეთლების ჩამატებამ მოუწია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარჯზე ხდება. ეს ასუსტებს ქვეყანას - ილახება მისი პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე, პირდაპირ აისახება ინვესტიციების შემოსვლასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. როდესაც მოქალაქეები ხედავენ, პროკურატურა და ეროვნული ბანკი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ხელისუფლების მითითების შესაბამისად მოქმედებენ, სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა ეკარგებათ. ის, რაც “ნაცმოძრაობამ” დააკლო ამ საქმეს, ახლა “ოცნება” გამალებით აგრძელებს. ეს არის ყველაზე პრობლემური და სახიფათო, თორემ თავად “ოცნება” რომ შეიცვლება, ეს უკვე ისტორიულ-სოციალური კანონზომიერებაა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ანაკლიის პორტს რა ბედი ეწევა?” - პასუხობს:

“იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაცია ობიექტური მიზეზის გამო იმ ტემპით ვერ მიმდინარეობს, როგორიც ქვეყანას წაადგებოდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ვაკუუმის შევსება ანაკლიის პორტის მსგავსი მასშტაბური გეოპოლიტიკური პროექტებით. ანაკლიის პორტმა სწორედ ეს დატვირთვა შეიძინა და მისი მშენებლობის დაწყება და დასრულება დასავლურ სამყაროსთან საქართველოს გადაბმის ალტერნატიული საშუალებაა. ცხადია, ეს ნატოსა თუ ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება. ამის დაუნახაობა უკიდურესი არაკვალიფიციურობაა, ხოლო, თუ შეგნებულად ვერ ხედავს ამას ხელისუფლება, გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც ნელ-ნელა გამოიკვეთება. ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგი რუსეთია. არ ვთვლი, რომ საქართველოს რუსეთის მსახური მთავრობა ჰყავს, თუმცა მას ჰყავს დაბნეული, წყობიდან გამოსული მთავრობა, რომელიც თავის გადასარჩენად გაუგებარ სვლებს აკეთებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს