დავით ზალკალიანი - ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალია

ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, მე კონკრეტული ფაქტებით ვესაუბრები ოპონენტებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანმა საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს საკითხზე ისაუბრა და ის მაგალითები, მოიყვანა, რომელიც მინისტრობის კანდიდატის თქმით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქვეყნის საკითხი მუდმივად დღის წესრიგში დგას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ კი, კარგია მობილიზაცია, რეზოლუციები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, სხვადასხვა ფორმატების გამოყენება, მაგრამ საქართველო არის გამქრალი საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან. მე კონკრეტული ფაქტებით ვესაუბრები ოპონენტებს, როდესაც მომყავს კონკრეტული ფაქტები უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებიდან. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, როდესაც საზოგადოება შეჰყავთ სიცრუეში იმასთან მიმართებაში, რომ თითქოს საქართველო გამქრალია. ის ფაქტები, რომელზეც მე გესაუბრებით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

სულ რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, პენსისა და პოლონეთის პრეზიდენტის, დუდას ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების მნიშვნელოვანი თემატიკის განხილვისას, საქართველო იყო დასახლებული როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის პროცესი.

ასევე, ესტონეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის დროს, ჩვენი თემატიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი თემატიკა, მისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში გამოიტანა.

ასევე, მე მაქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრების დროსაც, ბოლო შეხვედრაზეც და მანამდე გამართული შეხვედრის დროსაც, ჩვენს თემატიკაზე იყო საუბარი“, - აცხადებს ზალკალიანი.

მისივე თქმით, დიპლომატიას თავისი სპეციფიკა აქვს და ხშირ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესში გაჟღერებული ინფორმაციის გასაჯაროება ვერ ხერხდება, თუმცა ზალკალიანის მტკიცებით, ფაქტები მეტყველებს, რომ ქვეყნის საკითხი საერთაშორისო ურთიერთობებში მუდმივად წინ არის წამოწეული.

„ხშირად, მოლაპარაკების პროცესში გაჟღერებული თემატიკა, შესაძლოა, დარჩეს მოლაპარაკების პროცესში და არ იყოს საჯაროდ გაჟღერებული ტაქტიკური მოსაზრებების გამო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენს ყველა დონეზე, ჩვენს ყველა დასავლელ და სტრატეგიულ პარტნიორთან ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ, რომ საქართველო წინ იყოს წამოწეული ორმხრივი ურთიერთობის საკითხში რუსეთის ფედერაციასთან და ეს ფაქტია“,-აცხადებს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. სხდომას არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა