ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2019

გია ხუხაშვილი - "გახარია რუსეთის კაცი არ არის, ის ივანიშვილის კაცია"

ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია

გახდება თუ არა ხაზარაძე “ახალი ბურჭულაძე”

* * *

გია ხუხაშვილი - "გახარია რუსეთის კაცი არ არის, ის ივანიშვილის კაცია"

“რასმუსენის თავად იდეა - საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ, - განხილვას იმსახურებს. სინამდვილეში ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. დღესაც ვუყურებთ როგორ ხდება ოკუპანტების მოძრაობა ფაქტობრივად ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვერაფერს ვერ ვშვრებით და გარკვეულ უსაფრთხოების სისტემაში განთავსება გვჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ნატოში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავცვალოთ, სრული სისულელეა და ეს რასმუსენს არ უთქვამს. მის იდეას დახვეწა და კარგად გააზრება სჭირდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გახარია რუსეთის კაცი არ არის, ის ივანიშვილის კაცია, - ხუხაშვილი.

“ბევრად უფრო სკანდალური ჩვენი ხელისუფლების განცხადება იყო - ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანება ერთმანეთს დააპირისპირეს. ეს უკვე შეშფოთების საგანია. არ შეიძლება მათ არ ესმოდეთ რასმუსენმა რა თქვა. შესაბამისად, საზოგადოებაში ისინი იმ დასკვნას კულტივირებენ, თითქოს ვიღაც ამ ტიპის გაცვლას გვთავაზობს. მაშინ როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლიც კი არის ჩაწერილი. ეს რას ნიშნავს? ნატო არ უნდათ, თუ რასთან გვაქვს საქმე? იქნებ გაგვარკვიონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ირმა ინაშვილის კონფერენციაზე მისვლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრორუსულმა ძალებმა ღია მოქმედება დაიწყეს?” - პასუხობს:

“ინაშვილი და მისი პარტია ამას არც მალავდა. ჯობია და კარგიც არის, რომ ირმა ინაშვილი თავისი იდეოლოგიის შესახებ ღიად საუბრობს და მოქმედებს კიდეც. მასთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს, ის ისე იქცევა, რა ამოცანაც აქვს. ეს არის ამ პარტიის პოლიტიკის ტაქტიკა და თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ამ ამომრჩეველზე მუშაობს. ის თავისი ელექტორატისთვის აკეთებს იმას, რაც კონფერენციაზე გააკეთა. “ოცნების” სპიკერებისგან განსხვავებით, ის ღიად საუბრობს და მოქმედებს”.

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გახარიას სიტყვები, რომ “ნაციონალებს” დაასრულებს. რა თქმა უნდა, ახლა მისი მთავარი დღის წესრიგია, რომ მოხდეს შუას გაკრეფა. ალტერნატიული ძალის არდაშვება და ქვეყანაში ნეგატიური დღის წესრიგის შემოტანა. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლის ეგიდით საარჩევნო კამპანიის ჩატარება - ეს არის გახარიას მთავარი დავალება, რაც ძალიან სამწუხაროა. ნაცვლად იმისა, რომ ხალხი დააპუროს და ამხელა სოციალური პრობლემები მოაგვაროს, ისევ “ნაციონალებთან” ბრძოლას აპირებს. რაც შეეხება გიორგი გახარიას მიერ “დოიჩე ველეში” დაბეჭდილ სტატიას, საუბარი იმაზე, რომ გიორგი გახარია რუსეთის კაცია, არასერიოზულად მიმაჩნია. მე ზოგადად ასეთი საუბრების წინააღმდეგი ვარ - ადამიანს როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ, მაშინ საკმარისი საბუთი უნდა გქონდეს. ასეთი მტკიცებულებები კი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ ის რუსეთის კაცია, ის არის ბიძინა ივანიშვილის კაცი, როგორც “ქართულ ოცნების” ყველა წევრი”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს წერილზე, რომელიც, ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ მისწერა, ამ წერილს ხაზარაძე როგორ გამოიყენებს, ეს უკვე ტაქტიკის თემაა. მისი გადასაწყვეტი იქნება. ფაქტია, რომ ეს პრობლემაა და პრემიერის მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდება. ხელისუფლება თუ ამ საკითხში სუფთაა, მაშინ თავადვე დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ამაზე წერტილი დასვას. ამის გარკვევას რა უნდა? მასალები ხელში აქვთ, გახარიას ანაბეჭდები აქვთ, შეადარონ და თქვან ოფიციალურად ვისი ანაბეჭდები აღმოჩნდა და ვისი არა. ამას თუ არ გააკეთებენ, მაშინ ეს ირიბი აღიარება იქნება, რომ აქ რაღაც წესრიგში არ არის. ბუნებრივია, იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლება თავის თავს დაიჭერს. თუმცა ამ სირაქლემის პოზაში ყოფნით გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ”- დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლებამ “რუსთავი 2”-ის ჯგუფს, ვინც “მთავარ არხზეა” და ნიკა გვარამიას ძალიან დიდი სამსახური გაუწია - ვალები მოაშორა, გაასუფთავა, საკადრო წმენდა ჩაატარებინა, კიდევ უფრო მობილური და გაძლიერებული გამოსვლის საშუალება მისცა მედია ბაზარზე. ხელისუფლებამ ფაქტობრივად გვარამიაზე იმუშავა. ის თვითონ ასეთ კარგ რაღაცას ვერ მოიფიქრებდა. პასივები ქიბარ ხალვაშს შეტენეს, აქტივები კი “მთავარ არხზე” წამოვიდა. ეს ჯგუფი შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ძალიან ძლიერები რომ არიან, ფაქტია. ეს ქართულ სინამდვილეში უნიკალური შემთხვევაა - 19 დღეში სრულფასოვანი ტელევიზია გაუშვა, რაც ფანტაზიის სფეროდან არის...” - დასძენს ხუხაშვილი.

ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია

“ამ წუთას მიმართულება აღებული აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართლებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული და ოკუპირებული აქვთ”, - ასეთი ინფორმაცია მოაწოდა “რეზონანსს” მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერმა დავით ქაცარავამ საოკუპაციო ხაზიდან სოფელ ჩორჩანასთან მიმდნარე ვითარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი ე.წ. საგუშაგო დაასრულეს, მეორეს კი ამონტაჟებენ. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტს ეს ინფორმაცია მისმა მოძრაობამ მიაწოდა ხოლო შემდგომ კი მათ ამ განცხადებით დაადასტურეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია.

“ჩვენ ამ ინფორმაციას უკვე დიდი ხანია ვავრცელებთ, ჩვენგან გამოვიდა ეს ამბავი და ეს განცხადება ჩვენი გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა. ოკუპანტები პირველად შემოიჭრნენ 1130 მეტრზე, იქ პირველი საგუშაგო გააკეთეს, შემდეგ უკვე 250 მეტრით წინ წაიწიეს, სადაც გამართეს მეორე საგუშაგო. ისინი მუშაობენ და ტყეში გზას ჭრიან. სავარაუდოდ, მათი მიმართულება აღებულია ჩვენი ქართული საგუშაგოს მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ტალკის საბადოსთან მდებარეობს. თუ ისინი არ გაჩერდებიან, მათი მიმართულებაა ჩვენი საგუშაგოსკენ. საბოლოო ჯამში ის რუკა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ , ის მოიქცევს ჩვენს საგუშაგოს საოკუპაციო ხაზს შიგნით. სოფელ აბანოში, რომელიც წნელისის მოპირდაპირედაა, სადაც დოლომიტის საბადო მდებარეობს, არ გაგვიკვირდება, რომ ისინი ამ მიმართულებითაც დაიძრან, ვინაიდან დოლომიტის საბადო ოკუპანტებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს”, - აცხადებს ქაცარავა, რომლის თქმით, ოკუ[ანტებს ეს საბადო “შეტანილი აქვთ თავიანთ პრიორიტეტების ნუსხაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართულებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული აქვთ და ოკუპირებული. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, ეს ხაშურის რაიონის ტერიტორიებია, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში”, - ამბობს ქაცარავა. მისივე თქმით, ოკუპანტების ამ ქმედების შემდგომ, არც ერთი ოფიციალური პირი ადგილზე არ ჩასულა. მისივე აზრით, ეს ხელოვნურად ხდება, რადგან ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ არც ერთი ოფიციალური პირის განცხადება არ მოგვისმენია, არც ერთი ოფიციალური პირი აქ არ ჩამოსულა, არიან მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ეს ასეც უნდა იყოს, ისინი მუდმივად აქ იმყოფებიან, მაგრამ ოფიციალური პირები ძალიან იკავებენ თავს, არავინ ჩამოდის. ძალიან სუსტი განცხადებები კეთდება. სულ რამდენიმე განცხადება ვიხილეთ, ერთი იყო საგარეო სამქეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსები შემოიჭრნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ აკეთებენ თავის საგუშაგოსო და მეორე იყო, სადაც სუს-მა ჩვენს მიერ - ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას”მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ხელოვნურად იქმნება ინფორმაციული ვაკუუმი, თითქოს აქ არაფერი ხდებოდეს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ძალიან შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელია. ეს იმაზე ცუდი ვითარებაა, ვიდრე იყო გუგუტიანთკარში. იქ ხელისუფლება განცხადებების გაკეთების კუთხით ძალიან აქტიური იყო. იქ ასევე ჩამოდიოდნენ დიპლომატები, ადგილზე კი ჟურნალისტები მუშაობდნენ. აქ ასეთს ვერაფერს ვხედავთ”, - ამბობს ქაცარავა, რომლის თქმით, ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ “ჩვენი ხელისუფლება მშვიდად და წყნარად აბარებს ჩორჩანას ტყეებს ოკუპანტებს”, - დასძენს გამოცემა.

“ფაქტობრივად, ჩვენ საზოგადოების ერთადერთი წარმომადგენლები ვართ, ვინც აქ ვიმყოფებით და ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაციას ვაწვდით. სხვა მხრივ ჩვენ ჩვენი ხელისუფლება გადაადგილებას გვიზღუდავს, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გადავიდეთ სოფელ კოდაში, ან სოფელ აბანოში, მივიდეთ იმ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენს მიერ კონტროლირებადია, ატოცის გარდა ფაქტიურად სოფლებში ვეღარ გავდივართ, ბუნებრივია ამით ჩვენი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, მაგრამ ჩვენ ვხდებით - ეს კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რომ აქედან ინფორმაციის გატანა შეიზღუდოს, რადგან ამ ეტაპზე ამ ტერიტორიის დათმობა უმტკივნეულოდ და ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, ისე, რომ არც ერთ პოლიტიკოსს და მთავრობის არც ერთ წარმოამდგენელს განცხადება ჩორჩანასთან და რუსების ამ შემოჭრასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია”, - განმარტავს ქაცარავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალები ორ ლოკაციაზე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ”, - წერს სტატიის ავტორი

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი", - აცხადებენ სუსის პრესსამსახურში. რადიო “თავისუფლების” ცნობით კი, ოკუპანტების მიერ წნელისთან რამდენიმე დღის წინ საგუშაგოს განთავსების შემდეგ კიდევ ორი დამატებითი საგუშაგოს მოწყობის შედეგად, აქ მდებარი ქართული პოლიციის საგუშაგო ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდება მოქცეული, რაც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გახდება თუ არა ხაზარაძე “ახალი ბურჭულაძე”

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად შემოდის - მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება, სადაც ხაზარაძე საზოგადოებას იმ გუნდს წარუდგენს, რომელიც სავარაუდოდ მასთან ერთად იბრძოლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები. პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილი ამასთან დაკავშირებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ავლებს პარალელს და პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის შემოსვლას იხსენებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გახდება თუ არა ხაზარაძე “ახალი ბურჭულაძე” / ცნობილი ბიზნესმენი ანაკლიაში თავისი გუნდისა და ახალი საზოგადოებრივი მოძღაობის პრეზენტაციას აწყობს.

“ხაზარაძემ მოძრაობის დაფუძნების წინ იმ წერილის ექსპერტიზის შედეგები წარმოადგინა, რომელიც, მისი მტკიცებით. მას გიორგი ხაზარაძემ მისწერა. ექსპერტიზა ინგლისში ჩატარდა. ხაზარაძის ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დისკი მიიღეს, რომელზეც ექსპერტიზის შედეგებია ასახული და აღმოჩნდა, რომ მასზე ათობით თითის ანაბეჭდია ნაპოვნი. როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენენ. ხოლო ამ ანაბეჭდების ავტორთა ვინაობის დადგენა საქართველოს პროკურატურის პრეროგატივაა. მამუკა ხაზარაძემ თავის “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა, რომ მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა და ღირსების დაცვა იქნება. მისი სიტყვებით, “ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება”. რაც შეეხება მის გუნდს, ამაზე საუბრი დაზუსტები უკვე 12 სექტემბერს იქნება შესაძლებელი, თუმცა მანამდე უკვე ცნობილია, რომ ხაზარაძის მოძრაობაში ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ასევე პრეზიდენტის ყოფილი მრცეველი კახა კოჟირიძე და იურისტი ლევან ალაფიშვილი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მის გუნდში მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ვიხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ თუ მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძის პათოსს გავითვალისწინებთ, მათ, სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ წერილი და მისი ექსპერტიზის დასკვნა იმის საშუალებას მისცემთ, რომ საზოგადოებაში საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოხდინონ, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პირადი შურისძიებაა და მათი რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვა ხდება. კაკაჩია აცხადებს, რომ წერილთან დაკავშირებით მათ აქვთ გარკვეული მყარი გარანტია, რომ ამას პოლიტიკურ თამაშში გამოიყენებენ და დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ამ საქმის გამოუძიებლობით ამის საშუალებას მისცემს”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ ვიცით ჯერჯერობით ამ გუნდის არც ხედვები და არც იმ პრობლემების გადაჭრის გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. თუმცა, ფაქტი ერთია - კვლევების მიხედვითაც და ისედაც კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ განწყობა უარყოფითია. ამიტომ ყველა რაღაც ახალს ელოდება. თუკი მამუკა ხაზარაძე ამ ელექტორატის მიმხორობას შეძლებს, მას შანსები აქვს. თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი - მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. გვახსოვს ბურჭულაძე როგორ ჩაძირეს. ამიტომაც ხაზარაძე ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. არც ის არის კარგი, რომ ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ჯერჯერობით თანამშრომლობას და პარტნიორობას არ აპირებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ “ნაციონალები” და “ოცნება” მის წინააღმდეგ უბრალოდ შეიკრან და ყველა მხრიდან წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს. ვნახოთ და დაველოდოთ, ალბთ ეს რისკები მასაც გაანალიზებული ექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძეს არ აქვს საზოგადოებაში არც რეიტინგი და არც ის ქარიზმა, რომ მან ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს. მით უმეტეს ბანკირების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არცთუ კარგი დამოკიდებულება არსებობს. ძაბირაძეამბობს, რომ ხაზარაძეს რესურსი აქვს, თუმცა გააჩნია ამ რესურსებს როგორ და რა ფორმით გამოიყენებს. მისი აზრით, მას არ აქვს პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილება, ამიტომაც ახალი სახეებით პოლიტიკაში შემოსვლა საკამოდ რთულია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ანალიტიკოსს არ მიაჩნია, რომ მას ბურჭულაძის მსგავსი ბედი ეწევა. მისი აზრით, ხაზარაძე თუ პოლიტიკის მიღმა დარჩა, ის ბიზნესის მიღმაც დარჩება, რადგანაც მას ახლა დასაკარგი, ბურჭულაძისგან განსხვავებით, უფრო მეტი აქვს. ასევე ბრძოლის იარაღად ხელთ ანაკლიის პორტი მშენებლობა აქვს და მისი საშუალებით შეუძლია, რომ დასავლეთის ყურადღებაც მიიპყროს და ადვილად ჩასაყლაპიც არ გახდეს”, - დასძენს გამოცემა.

“რესურსი იმისა, რომ შეიქმნას ძლიერი პარტია და გუნდი, არსებობს. ელექტორატი, რომელიც „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ მიღმაა, ნამდვილად ასათვისებელია. თუ პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია არ იქნა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდა, ეს ელექტორატი მშვიდად რომელიმე მესამე ძალაზე არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არჩევანს მაინც და მაინც ხაზარაძეზე გააკეთებენ. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: პირველ რიგში გუნდი, ვინ იქნებიან ხაზარაძის გვერდით, შემდეგ - ამ ხალხს პოლიტიკის კეთების რა გამოცდილება აქვს. თავად ხაზარაძეს ეს გამოცდილება არ აქვს. კი, ბიზნესმენია და საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანდ ძაბირაძე.

“მხოლოდ ფინანსური რესურსი და იმის იმედად ყოფნა, რომ ეს ორი პარტია - “ოცნება” და “ნაციონალები” გულზე დიდად არავის აღარ ეხატება, არ შეიძლება. ეს გარანტიები ვერ იქნება. შესაძლოა ბარიერი ხაზარაძემ გადალახოს, მაგრამ მერე რა? ის იქნება ერთი ჩვეულებრივი დეპუტატი. სხვას სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს. თუმცა, თუ პოლიტიკური ველის მიღმა დარჩა, მაშინ მას საქმე ძალიან ცუდად ექნება - ის ბიზნესის მიღმაც დარჩება. მას ახლა დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს და ამიტომაც მგონია, რომ ბევრად უფრო გააზრებული ექნება ყველაფერი, ვიდრე ბურჭულაძეს 2016 წელს ჰქონდა“, თვლის ძაბირაძე. მისივე აზრით, ხაზარაძე ოპოზიციაში მისაღები იქნება როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გააჩნია ხაზარაძის მადას და ამბიციებს - რა სურს მას და სადამდე წავა. ხელისუფლების ქმედებებიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხაზარაძეს პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე ბრძოლა კიდევ უფრო გაუჭირდება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა