ხათუნა ლაგაზიძე ხაზარაძის მოძრაობაზე - ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია, რადგან მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა

სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია, რადგან მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაციის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მას განცდა დარჩა, რომ ეს იყო 2 კაცის და არა ახალი ლიდერების პრეზენტაცია. მისივე თქმით, ეს არ იყო პრეზენტაცია გამარჯვებისთვის, რადგან გამარჯვების ენერგია უნდა წამოსულიყო, რაც არ მოხდა.

„ამომრჩეველში პრეზენტაციამ შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო ასოციაციები, რომ ეს არის 2 ადამიანის პრობლემებიდან გამომდინარე აგორებული საზოგადოებრივი მოძრაობა. მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა ამ პრეზენტაციამ. სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი. იმიტომ, რომ ამომრჩევლის უზარმაზარი ნაწილი, 50% არის ახალი ძალის მოლოდინში, რაც ღონისძიებამ ვერ დატოვა. არადა, მთავარი ამოცანა, რაც ამ პრეზენტაციას უნდა გადაეწყვიტა, სწორედ ძალის მოლოდინი იყო. ხელკეტებს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ვგულისხმობ იმ ძლიერი ძალის მოლოდინს, რომელიც არამარტო 2 ადამიანის, არამედ საზოგადოების პრობლემებს გადაჭრიდა და ამომრჩეველს გაუჩენდა იმის განცდას, რომ მესამე ძალა შემოვიდა. ამისი განცდა პრეზენტაციამ არ დატოვა, არამარტო იმის გამო, რომ ვთქვათ, სხვა ლიდერები არ გამოვიდნენ, ზოგადად. მე ისიც სერიოზულ ნაკლად მიმაჩნია, რომ ეს იყო 2 კაცის და არა ახალი, მათთვის და საზოგადოებისთვის ღირებული სახეების, დავუშვათ ანა ნაცვლიშვილისა და კახა კოჟორიძის პრეზენტაცია. რატომ გადაწყვიტეს ასე წამგებიანად ამისი პრეზენტირება და ამისი მოწოდება საზოგადოებისთვის. ჩემთვის გაუგებარია,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, „ლელოს“ დღეს მძლავრი სტარტი უნდა აეღო, რათა ადამიანებს მათთან მისვლის სურვილი გასჩენოდათ, თუმცა ასე არ მოხდა. ლაგაზიძის განმარტებით, შეცდომების გამოსწორება შეიძლება, ამისთვის კი აუცილებელია, გაჩნდეს განცდა, რომ აღნიშნული მოძრაობა საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად იქნება.

„შანსი, რესურსი და პოტენციალი მათ მაინც რჩებათ, იმ ფონზე, როცა ძალიან დიდია ერთი მხრივ, იმედგაცრუება არსებული პოლიტიკური ძალებისგან, მეორე მხრივ, ძალიან დიდია მოლოდინი ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. იმედი მაქვს, ისინი დღევანდელი პრეზენტაციის შეცდომებს გაითვალისწინებენ. დღევანდელი შეცდომები ისეთი რამ არის, რისი გადალახვა და გამოსწორებაც მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამას შეცდომად ჩათვლიან და თვითკმაყოფილებას არ მიეცემიან“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, მან პრეზენტაციის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასახელება „ლელო“ მუსიკალურ ფონთან ერთად ძალიან კარგი, სწორი პიარსვლა იყო. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორები საბრძოლო შემართებას უსვამს ხაზს.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო