რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია.

პოლარიზებულ გარემოს კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შემატა პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებამ „ნაციონალებზე“ – „დაგასრულებთ!“. ამას მოჰყვა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის - „ან ჩვენ“, ან ისინი“!. შემდეგ იყო გიორგი ვოლსკის „ლელოზე“ აშკარად დამამცირებელ ტონალობაში ნათქვამი - „ხაზარაძე ხან „ჩრდილოვან კაბინეტზე“ საუბრობს, ხან მზიან საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე.“

პოლიტიკურ ძალთა შორის ერთმანეთის მიმართ მიუღებლობა რომ სცდება ყოველგვარ კრიტიკულ ზღვარს, ვხედავთ, თან თვალნათლივ. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპონენტები და კონკურენტები ერთმანეთის მხოლოდ განადგურებაზე საუბრობენ და არა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში თანამშრომლობაზე და ძალების კონსოლიდაციაზე, რაც ასე საჭიროდ ჩანს?

- ზაფხული იმდენად დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით, რომ პოლიტიკური არდადაგების განცდა არც გვქონია, გადაგვღალა პოლიტიკამ და, ალბათ, ამიტომ აღარ გვახსენდება საკუთარი გამოცდილებაც კი.

პოლიტიკურ ძალათა მიუღებლობამ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი მოგვიტანა. მაშინ განადგურებაზე კი არ საუბრობდნენ, ანადგურებდნენ ერთმანეთს, ქვეყნისთვის კიდევ უფრო საჭირო კონსოლიდაცია არც გახსენებიათ. ბრძოლის ჟინმა საზღვარი არ იცის და თუ არ მოითოკა, გადაქელავს ყველაფერს.

პოლიტიკურ ძალათა მიუღებლობამ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი მოგვიტანა. მაშინ განადგურებაზე კი არ საუბრობდნენ, ანადგურებდნენ ერთმანეთს, ქვეყნისთვის კიდევ უფრო საჭირო კონსოლიდაცია არც გახსენებიათ. ბრძოლის ჟინმა საზღვარი არ იცის და თუ არ მოითოკა, გადაქელავს ყველაფერს

მაგალითები უხვადაა ისტორიაში. დემოკრატიამ ეს ჟინი მოთოკა კანონებით, ბრძოლა დატოვა, ოღონდ უსისხლო, სიტყვით ბრძოლა. არჩევნების ბუნებაა კონფრონტაციული და ჩვენ, მოქალაქეები უნდა შევეგუოთ პარტიების დაპირისპირებას ისევე, როგორც მოკრივეების წინასწარ მუქარებს არის შეგუებული კრივის მაყურებელი.

არჩევნებში გამოუცდელ ჩვენს მოქალაქეებს სულ აწუხებთ - რატომ იბრძვიან, ითანამშრომლონო. მოკრივეებმა შეიძლება ითანამშრომლონ? არჩევნებამდე პოლიტიკა კრივია, შენება არჩევნების შემდეგაა. მადლობა ვუთხრათ პარტიებს, თუ ისინი არჩევნების შემდეგ მაინც ითანამშრომლობენ.

- რადგან ახლა შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა, ალბათ თამამადაც კი შეიძლება კითხვა ასე დაისვას - თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

არ ვგულისხმობ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, ჩვენ ამ თემას აუცილებლად შევეხებით, მხედველობაში მაქვს ის პროცესები, რომელნიც განსაზღვრავენ შიდა პოლიტიკაში არსებულ ტენდენციებს...

- მე მგონია, რომ ძირითადად ორი ტენდენცია ჩანს ამჟამად. ერთი, - „ოცნების“ მძაფრი დაპირისპირება „ნაცებთან“ და მეორე - ახალი გუნდების, ამჟამად - „ლელოს“ დაძვრა პოლიტიკისკენ.

სხვა ტენდენციებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. ამჟამად სპეციფიკურია „ოცნება-ნაცების“ დაპირისპირება. ის ადრეც იყო, ოღონდ „ოცნება“ ხმების აღებას ცდილობდა იმით, რომ ეჩვენებინა „ნაცების“ გავლენის ზრდის საფრთხე.

ახლა რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნების“ სტრატეგიაა ამ გავლენის მინიმუმამდე დაყვანა, რაზეც რიტორიკის გარდა მოწმობს ახალი დანიშვნები მთავრობაში. გახარიაც, ღარიბაშვილიც და წულუკიანიც ცნობილი არიან „ნაცებთან“ დაპირისპირებით.

თუ „ნაცების“ გავლენის შემცირების ამოცანა ნაწილობრივ მაინც გადაჭრა, „ოცნება“ მიიღებს პოლიტიკურ სპექტრს, სადაც აღარ იქნება ორი დიდი პარტიის ალტერნატივა და მესამის ძიება, რაც მისთვის არანაკლებ სახიფათოა.

თუ „ნაცების“ გავლენის შემცირების ამოცანა ნაწილობრივ მაინც გადაჭრა, „ოცნება“ მიიღებს პოლიტიკურ სპექტრს, სადაც აღარ იქნება ორი დიდი პარტიის ალტერნატივა და მესამის ძიება, რაც მისთვის არანაკლებ სახიფათოა

დარჩება ერთი ძლიერი პარტია და ყველა სხვა - სუსტი. ამგვარი ამოცანა ლოგიკურია იმ მიზნითაც, რომ მთავრობის შექმნისთვის „ოცნებას“ არ დასჭირდეს კოალიციის შექმნა, რაზეც უკვე უარს ეუბნებიან რეიტინგიანი პარტიები და რაც ქმნის პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს.

თუ „ოცნებამ“ სხვა პარტიების გავლენა მინიმუმზე დაიყვანა, შეიქმნება ახალი კონფიგურაცია, რაც ახალ ამოცანებს დაუყენებს სხვა პარტიებსაც. ვფიქრობ, ეს სტრატეგია არის ახალი ტენდენცია მოცემული მომენტისთვის.

თუ „ოცნებამ“ სხვა პარტიების გავლენა მინიმუმზე დაიყვანა, შეიქმნება ახალი კონფიგურაცია, რაც ახალ ამოცანებს დაუყენებს სხვა პარტიებსაც. ვფიქრობ, ეს სტრატეგია არის ახალი ტენდენცია მოცემული მომენტისთვის

- თუ ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევებს გავიხსენებთ, საზოგადოების განწყობების სურათი არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის სახარბიელო არაა. „ოცნებას“ დღეს მხოლოდ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალებს“ – 9%, „ევროპულ დემოკრატებსა“ და „პატრიოტთა ალიანს“ 4-4%.

ყველაზე საგანგაშო კი ის გახლავთ, რომ გამოკითხულთა 52% არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას. საერთო ჯამში 71% პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მიმართ გულგრილობას ავლენს.

აშკარად ჩანს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ქართული პოლიტიკითა და პოლიტიკისებისაგან თითქმის სრულად განხიბლულია. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კვლევის შედეგებს არა იმ თვალსაზრისით, ახლა ვის რა შანსები აქვს 2020 წლის არჩევნებზე, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ რა ცვლილებებია მომხდარი თავად ქართულ საზოგადოებაში?

- ეს ცვლილებები დიდი ხანია მომხდარია ქართულ საზოგადოებაში და დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება, რაც ჩანს გამოკითხვებშიც და არჩევნებშიც. ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციას აკრიტიკებს. იგივეს აკეთებს ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ.

არც ერთს არ უნდა იმის დანახვა, რომ ამ სტილით დაკმაყოფილება ორივესთვის წამგებიანია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ორივეზე ამბობს უარს. საზოგადოების დიდი ნაწილის ამ მდგომარეობას პოლიტიკური ნიჰილიზმი ჰქვია.

საზოგადოების გულგრილობა გამოწვეულია პარტიების უუნარობით, რომ მისცენ რეაქცია რეიტინგის დაცემას, მოძებნონ გამოსავალი და შეცვალონ სტრატეგია. მე მგონია, რომ უუნარობის გამომხატველი ეს ერთფეროვნება აღიზიანებს საზოგადოებას ყველაზე მეტად, ერთფეროვნება, სადაც არც პურია და არც სანახაობა.

საზოგადოების გულგრილობა გამოწვეულია პარტიების უუნარობით, რომ მისცენ რეაქცია რეიტინგის დაცემას, მოძებნონ გამოსავალი და შეცვალონ სტრატეგია. მე მგონია, რომ უუნარობის გამომხატველი ეს ერთფეროვნება აღიზიანებს საზოგადოებას ყველაზე მეტად, ერთფეროვნება, სადაც არც პურია და არც სანახაობა

- მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ველზე პოლიტიკოსთა სიმრავლეა, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური სცენა მაინც ცარიელია. თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ნახევრად ცარიელია, უმალ გაგვახსენდება ივანიშვილი და სააკაშვილი, რომლებიც ამ სცენაზე აშკარად ჩანან.

აქაც, მგონი ერთ უცნაურობასთან გვაქვს საქმე - სააკაშვილი ვერ ჩამოდის, ხოლო ივანიშვილი, მგონი ვერ მიდის. ანაც ბოლომდე ნათელი არაა, თუ ივანიშვილს დარჩენა უნდა - რისთვის?

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილს ზურგი აქვს შექცეული დასავლეთისა და აშშ-სთვის, მას არასდროს არ უნდოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ.

სამთავრობო ცვლილებები კი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. ანუ, ივანიშვილს დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

რადგან ასეა, კითხვაც ასეთი იქნება - თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ ივანიშვილს დასავლეთისა და აშშ-სათვის ზურგი აქვს შექცეული?

- ვცადოთ, თქვენს მიერ დასმულ საკითხში გარკვევა. მაგ ვერსიის გასააზრებლად დავუშვათ, რომ ივანიშვილს დასავლეთის და აშშ-სთვის ზურგი აქვს შექცეული. თუ ეს ასეა, ამას ხომ მოჰყვება საპასუხო რეაქცია და ისინიც შეგვაქცევენ ზურგს, ანუ, რაც დღეს საქართველოში დასავლეთის წყალობით კეთდება - აღარ გაკეთდება. ეს კი ნიშნავს, რომ არც ეკონომიკა შეგვრჩება, არც პოლიტიკა, არც თავდაცვა, არც განათლება ანუ დაინგრევა ქვეყანა.

თუ ქვეყანა დაინგრევა დასავლეთის გარეშე, ხალხი დაუპირისპირდება დასავლეთისკენ ზურგშექცეულ პოლიტიკოსს და ისეთ ხელისუფლებას მოიყვანს, რომელიც აღადგენს დასავლეთთან ურთიერთობას. გამოდის, რომ დასავლეთისთვის ზურგის შექცევა წამგებიანია ქვეყნისთვისაც და ცალკეული პოლიტიკოსისთვისაც. არავინ არ მოიქცევა ასე, მით უმეტეს - ივანიშვილი, რომელმაც ხშირად დაამტკიცა, რომ შეუძლია გრძელვადიანი გათვლები. თანაც, ეს ის ივანიშვილია, რომელიც დღესაც დასავლეთთან ერთად აკეთებს პროექტებს, ქუთაისის უნივერსიტეტიც კმარა ერთ მაგალითად. ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის ფეხზე დადგომაზე ზრუნავს მას მერე, რაც თავად დადგა ფეხზე და ამ ზრუნვას წყალს არ გაატანს. ამიტომ არ მიდის მართვიდან, თორემ სცადა კიდეც.

ივანიშვილის მიერ დასავლეთისთვის ზურგშექცევის ვერსიას ლოგიკური საფუძველი არა აქვს და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების აგრესიული ემოციით აიხსნება.

ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკის უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

მეორე მხრივ, მმართველი პარტია, პოლიტიკურ ძილს მიცემული, ვერ ახერხებს იმის მკაფიოდ და დამაჯერებლად თქმას, რომ თავად დასავლეთი არ თვლის, რომ საქართველო მისადმი ზურგშექცეულია, პირიქით - ქვეყნის დასავლეთთან დისტანციის მუდმივად შემცირებას უსვამს ხაზს და ამ მხრივ რეგიონში ლიდერად მიგიჩნევს.

მხოლოდ პოლიტიკურ აგრესიულობას და პოლიტიკურ ძილს რომ ვხედავთ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ამიტომაა, რომ ის ცარიელი გვეჩვენება - არც ერთია რაიმეს მომტანი და არც მეორე. ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკის უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი.

კალაძე მუდმივად კონტაქტშია საზოგადოებასთან და ამავე დროს საქმიანია... იგივე თვისებებს თუ დაინახავს საზოგადოება „ოცნება“-ში, ამ პარტიის რეიტინგიც მოიმატებს

- თუ მმართველი გუნდის განცხადებებს ყურადღებით დავაკვირდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ „ოცნება“ საარჩევნო წელს დაკარგული ელექტორატის დაბრუნებას შეეცდება.

გია ხუხაშვილის აზრით, 2020 წლამდე „ოცნება“ ვერ შეძლებს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების კარდინალურად შეცვლას. თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ დაიბრუნოს დაკარგული ელექტორატი?

- თქვენი კითხვის პასუხი თბილისშია. თბილისის ეკონომიკური და სოციალური ვითარება კარდინალურად არაა შეცვლილი, მაგრამ კალაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

ეს რეიტინგი იმის შედეგია, რომ კალაძე მუდმივად კონტაქტშია საზოგადოებასთან და ამავე დროს საქმიანია. მან გაბედა ის, რაც ვერ გაბედა ვერც ერთმა მისმა წინამორბედმა - მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება.

პოზიტივს შედეგი აქვს, როცა მის მთქმელს ენდობიან. ხოლო მთქმელს ენდობიან, თუ ის საკუთარ შეცდომებს ისე შეაფასებს, როგორც მათ აფასებს ხალხი... თუ პოლიტიკოსს არ ენდობიან, მისი ლაპარაკი პოზიტიურ მომავლზე ან სადღეგრძელოდ აღიქმება, ან ავანტურად

ამასთანავე კალაძემ მკაფიოდ აუხსნა თბილისელებს ამის აუცილებლობა. იგივე თვისებებს თუ დაინახავს საზოგადოება „ოცნება“-ში, ამ პარტიის რეიტინგიც მოიმატებს. ისტორიული პრობლემების გადაჭრა სასურველია, მაგრამ აუცილებელი არაა ამ არჩევნებისთვის.

- არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა, მაგრამ უკვე ცხადად ჩანს - მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთის კონკურენტები არიან, იმათაც კი ვისაც დღეს შეიძლება ჰქონდეს 2020 წლის არჩევნებზე მეტ-ნაკლებად კარგი შედეგის დადების შანსები, ერთმანეთთან მოუწევთ თანამშრომლობა თუნდაც მთავრობის დასამტკიცებლად.

მაგრამ დღეს ტრენდი ასეთია - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ამტკიცოს, რომ „ნაციონალებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არ ითანამშრომლებს, თავის მხრივ ეს უკანასკნელებიც ამტკიცებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ მთავრობის ჩამოყალიბებაში. იგივე მდგომარეობაშია „ლელოც“, რომელიც ახლა იძულებულია ამტკიცოს, რომ არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ ითანამშრომლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, - „ის პოლიტიკური ძალა, რომლის ნარატივში იქნება სწრაფვა მომავლისკენ და არა ოპონენტების დისკრედიტირების მცდელობა, ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს“. თუ ამ თვალსაზრისით ვითარება საგრძნობლად არ შეიცვალა, აშკარაა, რომ უმძიმესი საინფორმაციო წელი გველის. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ვეთანხმები ბატონ ალექსანდრეს, ხალხის გულს მოიგებს პოზიტივის მომტანი ჯგუფი, მაგრამ ამას დიდი იმედით არ ვუცქერ. ჯერ ერთი, დისკრედიტაცია ბრძოლის ინსტრუმენტია და პარტიებს ამ ინსტრუმენტზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

მეორეც - პოზიტივს და მომავლისკენ სწრაფვას ხშირად ავლენენ პარტიები, მაგრამ უშედეგოდ, რადგან პოზიტივის ეფექტურად გაკეთება უფრო ძნელია, ვიდრე ნეგატივის.

და ბოლოს - პოზიტივს შედეგი აქვს, როცა მის მთქმელს ენდობიან. ხოლო მთქმელს ენდობიან, თუ ის საკუთარ შეცდომებს ისე შეაფასებს, როგორც მათ აფასებს ხალხი. ჩვენთან არც ერთი პარტია არ ამბობს „შეცდომა დავუშვიო“, ისევ მმართველ პარტიას უფრო სჩვევია ეს. ხოლო თუ პოლიტიკოსს არ ენდობიან, მისი ლაპარაკი პოზიტიურ მომავლზე ან სადღეგრძელოდ აღიქმება, ან ავანტურად.

შანსი უდავოდ არის, ოღონდ შეცდომების დრო აღარ არის და „ლელო“-ს დიდი ძალისხმევა დასჭირდება... არსებითი სიახლის გარეშე ამომრჩევლის დიდი რაოდენობის მოზიდვა ყველა პარტიას გაუჭირდება

- თუ ვითარება არ შეიცვალა, ჩემს მიერ ნახსენებ ქართული სცენის კულისებში პოლიტიკოსთა საკმაოზე მეტად დიდი რიგი დგას, რომელიც ხალხისგან ელოდება მთავარი როლის შესრულებაზე მანდატის სწორედ მათთვის დაკისრებას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ენ-დი-აის გამოკითხვის დღევანდელ ფავორიტებს ამომრჩევლებმა სხვები არჩიოს?

- ერთი წელი ინერტული პოლიტიკოსებისთვის ცოტა დროა, ინოვაციური და ენერგიულებისთვის - საკმარისი, რომ შედეგი მიიღონ.

ჯერჯერობით ინერცია სჭარბობს ინოვაციას. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- სულ ცოტა ხნის წინ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის მოძრაობა „ლელო“-ც გამოჩნდა. პოლიტიკაში მათ გამოჩენას წინ უძღოდა, როგორც ისინი თავად ამბობენ, ,„ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ ორკესტრირებული დისკრედიტაციის კომპანია“.

რამდენიმე დღის წინ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თანაგუნდელების პირველი ჯგუფი წარადგინეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კორპორატიული მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვთ, აქვთ შესაძლებლობა თავი მოუყარონ საკმაოდ მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ძალებს და მოახდინონ გარკვეული ამომრჩევლების კონსოლიდაცია, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ „ლელომ“ 2020 წლის არჩევნებზე სწორედ იმ ამომრჩევლის მიმხრობა შეძლოს, რომლის დიდი ნაწილი დღეს არჩევნებზე არათუ წასვლას არ აპირებს, პოლიტიკოსებისკენ გახედვაც ეზარებათ?

- შანსი უდაოდ არის, ოღონდ შეცდომების დრო აღარ არის და „ლელო“-ს დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მას ნულოვანი ბარიერის გარდა იმ ბარიერის გადალახვაც მოუწევს, რომელიც ხალხს აქვს ბანკირების და, საერთოდ, ბიზნესმენების მიმართ.

ეს ბარიერი ივანიშვილმა 20-წლიანი ქველმოქმედებით გადალახა. ამდენი დრო „ლელო“-ს არა აქვს და უნდა ეძებოს ახალი გზები.

არსებითი სიახლის გარეშე ამომრჩევლის დიდი რაოდენობის მოზიდვა ყველა პარტიას გაუჭირდება.

გახარია, კალაძისა არ იყოს, გაბედულია და საქმიანია. საზოგადოებასთან ურთიერთობაც შეუძლია. ის ბევრ სიახლეს შეიტანს „ოცნების“ იმიჯში... ანალოგიური პოტენციალის ახალი ფიგურა ჯერჯერობით არ ჩანს ოპოზიციაში

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები 2020 წლის გაზაფხულამდე, როცა არჩევნების სტარტისთვის სამზადისი პრაქტიკულად დასრულებული უნად იყოს?

- ვვარაუდობ, რომ გაზაფხულამდე სურპრიზებს შემოგვთავაზებს მმართველი პარტია. ვვარაუდობ იმის საფუძველზე, რომ გახარიაც, კალაძისა არ იყოს, გაბედულია და საქმიანი. საზოგადოებასთან ურთიერთობაც შეუძლია. ის ბევრ სიახლეს შეიტანს „ოცნების“ იმიჯში, თუ ბედმა და თანაგუნდელებმა არ უმტყუნეს. ანალოგიური პოტენციალის ახალი ფიგურა ჯერჯერობით არ ჩანს ოპოზიციაში.

ალბათ, ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენ ისინი, ვინც დღეს NDI-ს ფავორიტი არ აღმოჩნდა, „ლელოსაც“ ვგულისხმობ.

- ზაზა ფირალიშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი აზრი გამოთქვა - „მთავარი მოთამაშეები "ან - ყველაფერი, ან - არაფერის" და "ახლა ასეა საჭიროს" პრინციპებით იქცევიან... როცა ასეა, კარგ არაფერს უნდა ველოდეთ. ნებისმიერ ფასად ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების ბარბაროსულმა ინტერესებმა ყველაფერი გადაფარა და ვერც გრძნობენ, როგორ იქცენ ჰიბრიდულ ომში მტრის ჯარისკაცებად... როგორ უნდა შევაჩეროთ ეს ცივი სამოქალაქო ომი,უპასუხისმგებლო ადამიანებმა თავს რომ მოგვახვიეს? ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ვაჭარბებდე“.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ძალებმა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცივი სამოქალაქო ომი ცხელ ფაზაში არ გადავიდეს?

- როგორც ვახსენეთ, სამოქალაქო ომმა ბევრი სიმწარე უკვე მოგვიტანა და ეს მწარე მოგონებები დაგვიცავს მისი განმეორებისგან. სამოქალაქო ომს კიდევ ერთი თავისებურება აქვს - დაპირისპირებულ მხარეებს დაახლოებით თანაბარი ძალები უნდა ჰქონდეთ, ისე ომში არ ჩაებმებიან. მე მგონია, რომ ეს წესი ცივ სამოქალაქო ომზეც ვრცელდება.

ცალკე საკითხია, თუ ვინ არის დაინტერესებული ომში ანუ ისეთ დაპირისპირებაში, რაც კანონის ფარგლებს სცილდება. ამაში დაინტერესებულია ის მხარე, რომელმაც იცის, რომ კანონიერი გზით ვერ მიაღწევს ხელისუფლებას.

NDI-ს მონაცემებით, ასეთი მხარე, ჯერჯერობით, „ნაცმოძრაობაა“ და მისგან ისმის კიდეც რევოლუციის მოწოდებები, მაგრამ 9%-იანი მხარდაჭერით სამოქალაქო ომი ვერ მოხდება რევოლუციის ან რაიმე სხვა სახით.

თუ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი გაიზრდება ისე, რომ გაუჩნდება არჩევნებში გამარჯვების იმედი, თავად იტყვის უარს ცივ ომზე. ამდენად, ცივი სამოქალაქო ომის საფრთხე რეალური არ მეჩვენება, თუმცა სიფრთხილეს თავი არ ასტკივა.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით