ქეთევან ციხელაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველოში ას კილომეტრამდე მავთულხლართი  აუცილებლად დაიშლება, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის კედლები დაიშალა

„ხელოვნური ბარიკადებით, ტანკებით, კედლებით ადამიანების ბუნებრივი მისწრაფებების შეკავება შეუძლებელია. გვგონია, რომ ამას თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა.

ღონისძიება, ამავდროულად ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება. მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ კნირშმა მიმართა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მშვიდობის საერთაშორისო დღე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, მიმდინარე ოკუპაციისა და გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს.

„ჩვენთვის ეს ყველაზე მაღალი ღირებულება - ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ ვმუშაობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რის გარეშეც, მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოუდგენელია. ამ განსაკუთრებულ დღეს მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტითა და ომით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რომელთაც მოუშუშებელი იარები აქვთ. მათზე ზრუნვას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა, ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან პირველები, რომელთაც ყველაზე კარგად ესმით მშვიდობის ფასი. ისინი არიან პირველები, ვინც მზად არიან გადადგან ნაბიჯები ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ ჩვენს საზოგადოებებს შორის, რომლებიც დღეს მავთულხლართებით არიან დაყოფილები.

სულ მალე ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავი აღინიშნება. გერმანიის ელჩს ვთხოვე, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოებისათვის მიემართა. ბერლინის კედლის დანგრევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ას კილომეტრამდე მავთულხლართი, რომელიც დღეს ოჯახებს, ნათესავებს ერთმანეთისგან ყოფს, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის კედელი წინა საუკუნეში ყოფდა, აუცილებლად დაიშლება და იმავე ბედს გაიზიარებს, რაც საბჭოთა რეჟიმის მიერ აგებულმა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებმა. ხელოვნური ბარიკადებით, ტანკებით, კედლებით ადამიანების ბუნებრივი მისწრაფებების შეკავება შეუძლებელია. გვგონია, რომ ამას თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს