ფინანსთა მინისტრი - ჩვენი ამოცანაა, სრულად დავნერგოთ ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც საბაჟოზე ყველა სერვისის ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს

ჩვენი ამოცანაა, სრულად დავნერგოთ ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც საბაჟოზე ყველა სერვისის ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე „სარფის“ განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გონჯა ილმაზ ბათური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

„არავისთვის სადავო არ არის, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბაჟო ორგანოების შეუფერხებლად მუშაობა და საბაჟო სერვისების მაღალ დონეზე მიწოდება. ამისათვის, ჩვენი ხელისუფლება მუდმივად მუშაობს კანონმდებლობის დახვეწა/გამარტივებაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სერვისების განვითარებაზე. საქართველოში დღეს მოქმედი, ახალი საბაჟო კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, იგი პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ - გამარტივებულია საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები; ქართველ და ევროკავშირის წარმომადგენელ ბიზნესმენთათვის არსებობს ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები. არსებითად შემცირებულია საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები და დღეს უკვე ჩვენი ამოცანაა, სრულად დავნერგოთ ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც საბაჟოზე ყველა სერვისის ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტი რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა, სადაც პროცედურები დროის მოკლე პერიოდში, ერთი გაჩერების პრინციპით ხორციელდება. ინფრასტუქტურული სამუშაოების შედეგად კი რომელიც სარფში განხორციელდა, გაიზარდა გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა.

„ჩვენი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია მეზობელ ქვეყნებთან ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის რეჟიმის ამოქმედება. ეს ნიშნავს საბაჟო კონტროლის მეტ ეფექტურობას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საზღვარზე გადაადგილების გამარტივებას. ბუნებრივია, საერთაშორისო პროექტებში განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენს მეზობელ თურქეთთან თანამშრომლობა. თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ - ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. დღეს მორიგ ნაბიჯს ვდგამთ ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს ნაბიჯი ემყარება ორმხრივ სურვილსა და შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე, გაძლიერდეს საბაჟო სფეროში კოორდინაციაც. ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის, ასევე ელექტრონული ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის შესახებ შეთანხმება. ძალზე მნიშვნელოვანია სამმხრივ ფორმატში (საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი) თანამშრომლობა. პირველ რიგში, ეს ასევე გულისხმობს ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას. სასურველია, სატრანსპორტო დოკუმენტების ჰარმონიზება და გაციფრულება, რის შედეგადაც მიიღწევა - საბაჟო პროცედურების გამარტივება. და ბოლოს, მადლობას ვუხდი ყველას, ვისი შრომითაც შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთობების გაღრმავებისთვის. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს ქვეყნებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს