გიორგი ტაბიძე - ცვლილებების დროა

ფრთხილად რუსეთია!

ქართული სახელმწიფოს განვითარება დამოკიდებულია ჩვენზე, რაც მსოფლიო პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობით და ოკუპაციის დაძლევით უნდა გამოიხატებოდეს.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ღირსება შელახულია, ეროვნული თავმოყვარეობა გათელილია და ამის მთავარი მოქმედი სუბიექტი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. მიმდინარე მოვლენები მაიმედებს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე მოლაპარაკების მაგიდასთან არავინ დაგვტოვებს.

სოფელ ჩორჩანასთან რთული ვითარების წარმოქმნის გამო საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თუ დეესკალაციის მოლოდინს გააჩენს ეს ქართული მხარისთვის უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ დიპლომატიაში მნიშვნელოვანია დეტალები, სად, ვისთან ერთად, რამდენ ხანს, რა ფრაზებით, რა კონტექსტით შედგა შეხვედრა.

ვნახეთ ჩვენი, რუსებისა და შვეიცარიელების განცხადებები გამართულ შეხვედრაზე და სამივე სხვადასხვა ტონალობაშია. დიპლომატიაში გასაჯაროებასაც თავისი წესი აქვს. რუსები ამტკიცებენ, რომ შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. ბუნებრივად ჩავარდით თავის მართლების პოზიციაში. ასე არ შეიძლება, მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ყოფნა ძალიან დამამცირებელია.

მოდით ვთქვათ სიმართლე, - სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად ვერ მუშაობენ. "ოცნებამ" ხელისუფლებაში დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი კადრები. მათი მუშაობის სტილი მოძველებულია, თან ამ ადამიანების უმეტესობა კომფორმისტია, პუტჩისტია, კორუფციისადმი მიდრეკილია. ახლა ხელისუფლებაში ასევე არიან "ნაციონალების" დროინდელი მეოთხე-მეხუთე ხარისხოვანი უწიგნური კლერკები.

ქვეყანა კი სხვა გამოწვევის წინაშეა, რადგან რუსეთი საკმაოდ ვერაგი მოთამაშეა. ეს რომ ასეა, ამას ისტორიაც ადასტურებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო - ვახტანგ მეექვსეს, ერეკლე მეორეს პერიოდი, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკურლების დარღვევა, შევარდნაძის დიდი ლავირებები და საბოლოოდ ის, რომ იგი პენსიაზე ივანოვმა მიაცილა.

რუსეთს არ უდგას სახარბიელო პერიოდი, ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს, სოციალური პრობლემები მატულობს, ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგები ხელისუფლებას მისთვის გარკვეულ არასახარბიელო ტენდენციებზე მიუთითებს. ასეთ ფონზე რუსეთი გარკვეულ სიგნალებს იძლევა. უკრაინას ტყვეები გაუცვალა, ლავროვმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავთულხლართების და ნატოში საქართველოს გაწევრიანების გამო ომს არ დაიწყებს. მეზობელმა ბელორუსიამ სამხედრო ბაზებზე უარი უთხრა, საერთოდ ჩინეთისკენ გაიხედა, ბევრი ნიუანსი იყრის თავს.

საარჩევნო წელია და ლავროვი-ზალკალიანის ტიპის შეხვედრების გაგრძელებას ნაკლებად ველოდები. ხელისუფლება ვერ გარისკავს რაიმე კონკრეტულ ქმედებაზე გადავიდეს. მისასალმებელია, რომ ივანიშვილი საგარეო კუთხით მკვეთრი მოძრაობებით არ გამოირჩევა, უყვარს ლავირება, ფრთხილობს, ეს იძლევა იმედს, რომ ხელისუფლებაში თუ მის გარეთ მყოფი რუსულ პოლიტიკაზე დაგეშილი პარტიები აქ ამინდს ვერ შექმნიან.

თორემ მერწმუნეთ ქართველი ერი ქვას ქვაზე არ დატოვებს თუ მის თავისუფლებას შეეხებიან.

ლავროვთან შეხვედრაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ბატონი პომპეოსა და აშშ-ს ახალი ელჩის კელი დეგნანის ჩამოსვლა და მათი მესიჯების ანალიზი.

საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რამ გაყალბდა ფაქტობრივად ისტორიის გადაწერა მიმდინარეობდა, ახლა დაიწყო დახურული ინფორმაციების გამოჟონვამ. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ მანამდე ბევრი რამ არ ვიცოდით და სამწუხაროდ, არც ახლა ვიცით. ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის გარანტორები აუცილებლად დიდი სახელმწიფოები უნდა იყვნენ.

თავისუფლების განმსაზღვრელი დამოუკიდებელი სასამართლოა

მოსამართლეების შერჩევის საკითხში ამომრჩევლის უმრავლესობის წინააღმდეგ ასეთი გაჯიუტება პირადად ჩემთვის გამოცანად რჩება და ხელისუფლებას სიკეთეს ნამდვილად ვერ მოუტანს.

თავისუფლების მთავარი განმსაზღვრელი პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, ნებისმიერ სფეროში დამოუკიდებული სასამართლოა. არ ვეთანხმები არც პარლამენტში მოსამართლეების წარმოდგენილ სიას და არც მათ უვადოდ დანიშვნას. უნდა იყვნენ თუ არა მოსამართლეები მუდმივად არჩეულები ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. ამ მოსამართლეებს კი არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მოსამართლეთა სიას მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი ხდება ამ ადამიანების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე.

თუ მოსამართლეების არჩევის საკითხში შვეიცარიის მაგალითს გავითვალისწინებთ და ასეთ მგძნობიარე თემებზე რეფერენდუმის წესს ავამოქმედებთ, ნამდვილად უპრიანი იქნება.

კონსერვატიზმი, თანასწორობა და განათლება განვითარებისთვის

უცნაური რამ გვჭირს, ყველაფერზე ვსაუბრობთ, ვკამათობთ, ვჩხუბობთ და ძირეული, რაც არის ის არ გვაინტერესებს. ქვეყნის არსებული მოდელი მთლიანად შესაცვლელია. ის არ ამართლებს, ადამიანზე არ არის ორიენტირებული.

მოდელის ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება არსებული მანკიერი სისტემის დემონტაჟიც. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ არადა უკან-უკან მივიწევთ. არ არის აუცილებელი სხვადასხვა ქვეყნების მოდელების კოპირება.

ქართველ ერს თავისი ისტორიული თუ სულიერი მისია აკისრია , ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს როლი მეტად იქნება გამოკვეთილი და რომლის საფუძველი იქნება ეროვნული და მისაღები იქნება დასავლეთისთვის. მაგრამ, ეს ჰარმონიაში უნდა მოვიდეს ტრადიციებთან, ჩვენს განვლილ ისტორიასთან, ქრისტიანობასთან.

კონსერვატიზმი, თანასწორობა, განვითარება - სწორედ ამის სინთეზით უნდა მოხდეს ახალი მოდელის შექმნა. არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, მითუმეტეს ახალი ადამიანის, ეს ერთხელ სცადეს საბჭოთა კავშირში და თავზე დაემხოთ ყველაფერი.

კომიკურია მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები, ხან აერთიანებენ და ხან შლიან სამინისტროებს. ამას აკეთებენ ისე, როგორც წინა საარჩევნოდ აწყობთ. სახელმწიფო ბიუროკრატია ყოველთვის საჭიროებს გარკვეულ ოპტიმიზაციას, რაც სახელწიფო აპარატის ეფექტიანობას გაზრდის.

აუცილებელია სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია. ასევე აუცილებელია ე.წ. სიპების გაუქმება. სიპების უმეტესობა სრულიად უფუნქციოა და რეალურად ერთგვარ დასაქმების ბიუროდ არიან გადაქცეული, ბიუროკრატიისა და მოუქნელობის დამატებითი ერთი რგოლის სახით.

აუცილებელია რეალური დეცენტრალიზაცია, რაც რეგიონალური მმართველობის მოდელზე გადასვლას გულისხმობს. დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოციალური ფონის გაჯანსაღებას და სტაბილურობას, პოლიტიკაში ინდივიდის ინიციატივის წახალისებას, რაც ძირში კლავს ავტორიტარიზმის საფრთხეს.

თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან - ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ურთიერთობის მახინჯი ფორმის გამო თბილისი თავკომბალად იქცა. გაუსაძლისი ხდება საყოფაცხოვრებო,ეკოლოგიური, სოციალური თუ კულტურული ფონი.

ჩემთვის გაუგებარია, რაში ხარჯავენ ამდენ საწვავს?! რაში სჭირდება დეპარტამენტის ან სამმართველოს უფროსს სამსახურეობრივი ავტომობილი, თუნდაც მინისტრის მოადგილეს. ასევე გაუგებარია რაში გვჭირდება საერთოდ გუბერნატორის თანამდებობა. ამ ტიპის ხარჯებს საერთოდ გავაუქმებდი. გამოთავისუფლებული თანხები შეიძლება გადანაწილდეს პენსიონერებზე.

კარგი იქნებოდა, თუ გამოთავისუფლებული თანხის ნაწილს მივმართავდით განათლების სფეროში, რომელსაც ძირეული ცვლილებები სჭირდება. ნებისმიერი რეფორმის არსი და მით უმეტეს განათლების რეფორმის, სწავლების ხარისხის ამაღლებაშია.

მრავალი წელია საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს რეფორმები და ექსპერიმენტები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ახალი მენტალობის ფორმირების პროცესი, განათლების ტრადიციული ქართული ვექტორი უარყოფილ იქნა და დაიწყო საერთაშორისო ვექტორის აქტიური ფორმირება, რომელიც თავისთავად არ ითვალისწინებდა არც მემკვიდრეობითობას და არც მის განვითარებას. დაიწყო ფასადური ცვლილებების კასკადი და ეროვნული ღირებულებების მიზანმიმართული დევალვაცია.

ნებისმიერი რეფორმის არსი და მითუმეტეს განათლების რეფორმისა სწავლების ხარისხის ამაღლებაშია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება დღესაც ირჩევს კერძო რეპეტიტორთა კორპუსს, რაც თავის მხრივ მიუთითებს სასწავლო პროცესის დაბალ ხარისხზე.

პედაგოგის პრესტიჟი ისევ დაბალია და სკოლაში მიმდინარე პროცესიც საზოგადობის მიერ არ აღიქმება სრულფასოვნად. რეფორმამ გარკვეული კრახი განიცადა. ამას ადასტურებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევები, ეროვნული გამოცდები და მასწავლებელთა ტესტირების ყბადაღებული კატასტროფული შედეგები.

აუცილებელია პედაგოგს დავუბრუნოთ პროფესიული ღირსება, სოციალურად მეტად დაცული გავხადოთ. არანორმალური და პარადოქსულია როცა სახელმწიფო მოხელის ხელფასი რამოდენიმეჯერ აღემატება მასწავლებლის ხელფასს. სწავლების ხარისხის ამაღლებაში დიდ როლს ასრულებს სახელმძღვანელოების სწორი შერჩევა. ამ თვალსაზრისითაც ძალიან სერიოზული მუშაობაა აუცილებელი.

საქართველოში დასაბრუნებელია განათლების "გერმანული მოდელი", მაგრამ სანამ ხელისუფლება ამ ინიციატივის განხორციელებას შეუდგება, დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

უნდა დაიგეგმოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, შესწავლილ იქნას შრომითი ბაზარი და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვროს პრიორიტეტული დარგები და ასე მოვარგოთ "გერმანული მოდელი" ქართულ რეალობას.

ყველა საზოგადოება საკუთარი განვითარების ვექტორს თავად განსაზღვრავს, მათ შორის ქართული საზოგადოებაც, საკუთარი ინოვაციების პარალელურად უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიოს მოწინავე გამოცდილება, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამ გამოცდილების მექანიკური გადმოტანა, მისი სარკისებური ასახვა ჩვენი ღირებულებების, ტრადიციების, კულტურისა და მენტალიტეტის იგნორირების ხარჯზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმირი რეფორმა განწირულია წარუმატებლობისთვის.

ხელისუფლების მესვეურებს ჰქონდათ პოპულისტური გამოხტომები იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“ მიმართებაში. ნებისმიერი ფილოლოგი გეტყვით, რომ სკოლის დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები გოგებაშვილის დედაენის საფუძველზეა შექმნილი, მაგრამ ის, რომ იგი სკოლაში ბრუნდება სრული აბსურდია.

წარმოუდგენელია 143 ან 100 ან თუნდაც 30 წლის წინ შექმნილი სახელმძღვანელო გამოიყენო, მას ხომ ვერ დააკოპირებ, სრულიად ახალი რეალობა გვაქვს, მასში ნახსენები სიტყვები აღარც იხმარება.

გადატრიალება - თითიდან გამოწოვილი სატყუარა

ხშირად ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული თემების წამოწევა სპეციალურად ხდება. უცნაურად დაიწყო 20 ივნისის მოვლენებიც ვიღაც კომუნისტი - მართლმადიდებელი, რაც თავისთავად უკვე ნონსენსია, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოგვევლინა, ამან სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, შემდეგ ღამით მაშინ, როდესაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ძიძგილაობას გადატრიალებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. მსგავსი სიტუაციები უამრავი მაქვს ნანახი, რადგად ეროვნული მოძრაობის ყველა აქციაზე ვარ ნამყოფი.

გადატრიალება მავანთათვის თითიდან გამოწოვილი სატყუარაა. საბოლოო ჯამში მივიღეთ თვალებდათხრილი ადამიანები, დარბეული აქცია, მომიტინგეებზე გამოცხადებული ნადირობა და სახედაკარგული ახალი პრემიერ-მინისტრი.

ამ ტიპის რადიკალიზაცია, დღეს მხოლოდ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ აწყობთ. ეს კი, „შუას გაკრიფეს“ პოლიტიკის გაგრძელებაა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარია, რაც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს საკუთარი სათქმელის შესაძლებლობასაც უსპობს.

ამას ემატება სააკაშვილის გაუთავებელი მუქარა, რომ საქართველოში დაბრუნდება. ხატოვნად რომ ვთქვათ „ოცნების“ გული მიშას სხეულში ძგერს. რადიკალიზაციას ხელს მედიაც უწყობს. აუცილებელი არ არის ეს შეგნებულად მოხდეს, სრულიად ბუნებრივი პროცესია.

ვხედავთ, რომ ერთი ტელევიზიის მაგივრად რამდენიმე მივიღეთ. 2020 წლის არჩევნები 0%-იანი პროპორციული არჩევნების გარდა, იმითიც იქნება განსაკუთრებული, რომ ყველა ძირითად პარტიას საკუთარი ტელევიზია ექნება.

ცვლილებების დროა

გარდაუვალია ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენა, ახალი ძალების გამოჩენა ქვეყნისთვის ხსნის ტოლფასი მოვლენაა, სიახლე საკუთარი წარსულით, აწმყოთი და მომავლის ხედვით უნდა გამოირჩეოდეს, პიროვნებაზე კი არ იყოს ჩამოკიდებული, არამედ დახვეწილი იდეოლოგიით და გამართული პარტიული სტრუქტურით გამოირჩეოდეს.

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ხშირად მიწევს რეგიონებში სტუმრობა და ამ განწყობას თავად მოსახლეობიდან ვგრძნობ. ხალხი სიღატაკეშია, ახალგაზრდობა ქვეყნიდან გაედინება. ქუთაისში ყოფნისას ჩემი თვალით ვნახე როგორ შენდება ტექნიკური უნივერსიტეტი, რაც მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ისმის კითხვა - ვისთვის შენდება იგი?

მიგრაცია ძალიან მაღალ ნიშულზეა აწეული, ეკონომიკა გაჩერებულია, პერსპექტივა არსაიდან არ ჩანს, ადამიანების ყოფა არავის აინტერესებს, აქა-იქ ჩვენი სპორტსმენების წარმატება თუ გაგვახარებს. მაღაზიები ე.წ ნისიებით არის სავსე, გლეხი მოსავალს მოიყვანს და რასაც გამოიმუშავებს შარშანდელ ვალებს ისტუმრებს. ჭიათურა და ტყიბული ლამის ჩერნობილს დაემსგავსა. არადა თავისი პოტენციალით შეიძლება ლიდერი რაიონებიც კი ყოფილიყვნენ.

კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია, თუ უკვე არა ვართ კატასტროფაში. დემოგრაფიული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, არადა გვაქვს უახლესი ისტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს მაგალითი - არაფრიდან დაიწყეს და დღეს წარმატებული სახელმწიფოა, დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად მუშაობს, ყველანაირი კითხვის ნიშნების გარეშე ტარდება არჩევნები და პარალელურად იარაღით ხელში მუდმივად იბრძვიან ტერიტორიების დასაცავად.

ნახევრად სიმართლე არ არსებობს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებზე არავის სურს პასუხისმგებლობის აღება, არადა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კარგად გვახსოვს ბილბორდებიდან ჩამოხსნილი მისი ფოტოები და მათ მაგივრად გამოჯგიმული „ოცნების“ ლიდერები.

საზოგადოებას მოძღვრავდნენ, რომ ფრანგულ დიპლომატიაში გამობრძმედილი პრეზიდენტი გვეყოლება, რომ ემიგრაციაში წასულების შთამომავალი უფრო მაღლა იდგებოდა თითქოს განსაკუთრებული რასის წარმომადგენელი იყოს, რითიც ნებსით თუ უნებლიედ საბჭოთა პერიოდში დარჩენილ ჩვენს ბაბუა-ბებიებს რბილად რომ ვთქვათ შეურაცხყოფდნენ, რომლებმაც ზედმიწევნით შეინარჩუნეს ქართული განათლება, რუსულიდან გადმოაქართულეს ყველაფერი, დაიცვეს ქართული ტრადიციები, თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ამ თავისუფლების წყურვილით გვასაზრდოვებდნენ ჩვენ.

სწორედ ჩვენი აქტიურობით მოვიპოვეთ 1991 წელს დამოუკიდებლობა. რითი გვამახსოვრდება ქალბატონი სალომეს საპრეზიდენტო მოღვაწეობა? მხოლოდ არასწორი შეწყალებებით? რომელმაც აღაშფოთა საზოგადოება? თუ გამართული ქართული მეტყველებით? თუ სომხეთში დაშვებული დიპლომატიური შეცდომით? თუ დავით გარეჯზე უაპელაციო განცხადებით? თუ გაეროში გამოსვლით მიიქცია ყურადღება?

რამდენი რამის ჩამოთვლა შეიძლება... ზურაბიშვილის წასვლის დროა, არც შემდგომი წესის ე.წ ხმოსანი პრეზიდენტის ამოქმედებაა საჭიროა, საერთოდ უნდა გაუქმდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, სრულად უნდა გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობაზე. მერწმუნეთ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება, ამიტომაც დროა გადადგეს და წავიდეს პოლიტიკიდან.

მოქალაქეთა კავშირის ბედი

"ოცნებაში" შიდაპარტიული დომხალი უფროა, ვიდრე სიტუაციის გამოსწორების მცდელობა. კახა კალაძე არჩეული მერია, თუმცა მთვრობაში წარმომადგენელი არ ჰყავს. შესაბამისად, ლოგიკა გვკარნახობს, რომ მისი შევიწროვება დაიწყება.

ძალოვან სტრუქტურებში არცერთი მინისტრი არ არის ერთმანეთთან ჰარმონიაში, აქაც აშკარად გამოიკვეთება დაპირისპირება. პარტიის სიისთვის ბრძოლა კალაძეს, ღარიბაშვილსა და გახარიას შორის გამძაფრდება. ისინი შეეცდებიან ივანიშვილს დაუმტკიცონ, რომ მისთვის შეუცვლელი ფიგურები არიან. რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და უფრო ახლოს იქნება წარსადგენი სია შიდაპარტიული ვაჭრობა და დაპირისპირება მოიმატებს.

დღევანდელი მთავრობა წინასაარჩევნო მთავრობაა და ის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს თავს ვერ გაართმევს. შესაბამისად, მოსახლეობა ისევ სიღატაკეში დარჩება. ივანიშვილი შეცდომას უშვებს როცა მხოლოდ მის პარტიულ აქტივს და მხარდამჭრებს ხვდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ „ოცნება“ მოქალაქეთა კავშირის ბედს გაიზიარებს.

გიორგი ტაბიძე

მოძრაობის "ტრიბუნა" დამფუძნებელი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო