თსუ-ში „ალუდა ქეთელაურის“ ებრაული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პოემის მთარგმნელი თსუ-ის ასოცირებული პროფესორი მამუკა ბუცხრიკიძეა. თსუ-ის ისრაელის ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტში ებრაული ენისა და კულტურის შესწავლა იმ დროს დაიწყო, მაშინ დაარსდა ებრაისტიკის კათედრა, როდესაც ეს სხვა ქვეყნებში მაინცდამაინც მიღებული არ იყო და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

„როგორც ებრაული ენის სპეციალისტები გვეუბნებიან, „ალუდა ქეთელაურის“ თარგმანი კონგენიალურია. ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა, რომელიც შეიძლება მთარგმნელმა დაიმსახუროს. ვულოცავ ქართულ და ებრაულ საზოგადოებას. ის კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები, რომელიც ადამიანურ დონეზე გაგვაჩნია, აუცილებლად საჭიროებს წახალისებას, რათა ახალი პერსპექტივები შევძინოთ ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩემი არჩევანი „ალუდა ქეთელაურის“ თარგმნის განაპირობა უდიდესმა სიყვარულმა ამ პოემის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს არის უბადლო ნაწარმოები, რომლის მსგავსი იშვიათია. თარგმნის პროცესი იყო უაღრესად საინტერესო, სავსე, დატვირთული ემოციებით, უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი; ისე, რომ ეს არ იყო ტვირთი“, - განაცხადა მთარგმნელმა, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ.

თსუ-ის ისრაელის ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ პოემის მთარგმნელი მამუკა ბუცხრიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორია. „რადგანაც სწორედ ამ კედლებში 1944 წლიდან იკითხება ებრაული ენა, ამ წელსვე აარსებენ ებრაული ენის კათედრას და ებრაული ენის სწავლებას იწყებენ. ეს ჯაჭვი არის მნიშვნელოვანი და ეს თემაც და საკითხიც ძალიან აქტუალურია ჩვენი დღევანდელობისთვის“, - განმაცხადა მახარაშვილმა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმნისთვის მამუკა ბუცხრიკიძეს კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა