ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “კანდიდატების შემხედვარემ ვინატრე, ღმერთმა არასოდეს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა-მეთქი”

“პრეზიდენტი აჩვენებს, რომ ის სახალხო პრეზიდენტი არაა”, - გამზარდია

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლების პიარსამსახურში დასაქმებული 1037 ადამიანი და დახარჯული 20 მილიონი ეს ხალხის დაცინვაა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “კანდიდატების შემხედვარემ ვინატრე, ღმერთმა არასოდეს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა-მეთქი”

“არ არის გასაკვირი, რომ გახარიამ პრემიერის რანგში უცხოური ვიზიტები სწორედ აზერბაიჯანით დაიწყო. აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც გვაქვს გაუგებრობა, რის მოგვარებასაც თანამიმდევრული მუშაობა სჭირდება. დავითგარეჯის საკითხი მეტად საფრთხილოა, ამიტომაც შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ხელაღებით ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ბოლოდროინდელი დაძაბულობა, სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტის არასწორი საჯარო განცხადებების ბრალია. არ მიყვარს პრეზიდენტის გაკრიტიკება, მაგრამ ძალიან მიკვირს, ასეთმა გამოცდილმა დიპლომატმა როგორ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კანდიდატების შემხედვარემ ვინატრე, ღმერთმა არასოდეს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა-მეთქი” / “ცოტა სასაცილოა ოპოზიციური ძალების განცხადებები, მოდი, ფიცი დავდოთ და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ თანამშრომლობას არ დავთანხმდეთო. ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ არის. როგორი ფიციც უნდა დადონ, საბოლოოდ მაინც უკან წაიღებენ თავიანთ სიტყვას”.

“რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის სადავო მონაკვეთებს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია ადვილი საქმე არ არის. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იქ განსაზღვრული მონაკვეთები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, ამიტომაც ამ პრობლემას ახლებური მიდგომით სჭირდება გადაჭრა. დამერწმუნეთ, აზერბაიჯანს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ სომხეთთან ასეთი ურთიერთობის შემდგომ საქართველოსთანაც გაიფუჭოს ურთიერთობა. თუმცა ზოგიერთი სასაზღვრო მონაკვეთი იმდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებისთვის, რომ მოგვიწევს გაგებით მოვეკიდოთ მის გადაწყვეტილებებს, მათ შორის პოსტის აგებასაც. იმავდროულად, არამც და არამც არ უნდა დავიჭიროთ შეშინებული ბავშვის პოზიცია და ჩვენს ინტერესებზე უარი ვთქვათ. ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ხაზი, ოღონდ მეზობლის პოზიციაც გავაანალიზოთ და ზოგჯერ გავიზიაროთ კიდეც. თუ აზერბაიჯანიც ასევე მოიქცევა, გამოსავალს ვიპოვით. ორივე ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა არ შეეწიროს მესამე ძალის პროვოკაციებს. გახარიას ვიზიტის შედეგად მიღწეული შეთანხმება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი, პრობლემა კი კვლავაც პრობლემად რჩება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილის მოსმენის შემდგომ გულწრფელად ვინატრე, ღმერთმა არასდროს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა და ამათ ხელში ჩავარდნა-მეთქი. ცხადად ჩანს გაუნათლებლობის პრობლემა - მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ჰოდა, ამ მოსამართლეების შემყურე ვხვდები, რომ უარესი და უარესი არ ილევა... მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებისა და ანგარიშსწორებისა, უპირველესად გაუნათლებლობის პრობლემა გვიდგას და არა მარტო სასამართლო სისტემაში. ეს მთელი ერისა და ქვეყნის პრობლემაა. რას ვიზამთ - ხელისუფლებაში ის თაობა მოვიდა, ვისაც უმძიმეს 90-იან წლებში მართლაც ორღობის უნივერსიტეტებში უწევდა დიპლომის აღება, ვის რა გზით, ეს სხვა საკითხია. ვიმეორებ, ეს პრობლემა ყველა სფეროშია. რა, პოლიტიკაში არ არიან არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანები, ან რომელიმე სხვა სისტემაში? ერთია, რომ პრობლემაა, ვთქვათ, ადამიანის, რომელიც გენერალური პროკურორია და ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა უნდა, დიპლომის ხარისხი, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ადამიანის შეურაცხყოფა, სრულიად უსაგნო კითხვების დასმა და მისი ამგვარად დამცირება...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვენეციის კომისიის “დამსახურებაა” ამ უვადო მოსამართლეობის დაკანონება. თითქოს იდეა კარგი იყო და ამგვარად გარანტირებულად მივიღებდით სახელისუფლებო ან კიდევ სხვა ტიპის გავლენებისგან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. სინამდვილეში კი იმ ვითარებაში, რაშიც დღეს ქართველი საზოგადოებაა, ეს უზარმაზარ ცდუნებას აჩენს... ეს ადამიანები, იგივე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები და ა.შ., თავდაცვის მექანიზმით მოქმედებენ. ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, მიშა, ბიძინა თუ კიდევ ვინმე, მუდამ შეეცდებიან საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებასა და საჭირო დროს საჭირო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. ისინი ფიქრობენ არა მართლმსაჯულებაზე, არამედ თავიანთ ადგილზე მართლმსაჯულებაში. ეს არის მთელი ჩვენი მორალი. ხელისუფლებასაც აწყობს იოლად მოპოვებული წარმატება, რაშიც ეს ადამიანები ეხმარებიან. ჩვენ რომ მართლაც დემოკრატიული საზოგადოება ვიყოთ, ამ თაობას სასამართლო სისტემიდან გავისტუმრებდით, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს დრო სჭირდება - შესაძლოა რადიკალური და უხეში, არცთუ თავაზიანი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ აშკარად პრინციპული ახალი თაობა მოდის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილების საზოგადოება გაცილებით უკეთესი იქნება”, მიიჩნევს ექსპერტი.

“შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიტყვი - დღეს გვყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც ვიმსახურებთ. უზენაესი სასამართლოც სწორედ ასეთივე იქნება. დაგინახავთ, ალბათ, ქუჩაში, შეუძლიათ ადამიანი გაიტანონ, ვიდრე გზა დაუთმონ. ასეთივე მენტალიტეტია აქაც. ამიტომაც ჯერ ადრე იყო ჩვენთვის უვადო მოსამართლეების დანიშვნა. თქვენ ასეთ შეურაცხყოფას, რასაც ეს კანდიდატები ამ მოსმენისას ითმენენ პარლამენტში, გაუძლებდით? მე ვერა, აუცილებლად ავდგებოდი და წავიდოდი, ამ ყველაფერზე უარს ვიტყოდი. ისინი კი ითმენენ და იცით, რატომ? - გახდებიან მოსამართლეები, ამ ყველაფერს გადაყლაპავენ, ცხელ შხაპს მიიღებენ და დაივიწყებენ, სამაგიეროდ, იქნებიან უვადო მოსამართლეები, დიდი ხელფასითა და სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული კეთილდღეობით. მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. ამ კანდიდატებს შორის შესაძლოა არის რამდენიმე კვალიფიციური იურისტიც, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ რუხი ფერით არის მოცული მოსამართლეთა მთელი კოჰორტა”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ჯერჯერობით პოლიტიკური სივრცე ისევ ამორფულია. ვფიქრობ, უფრო ცხადი სურათი გაზაფხულზე გვექნება. ნამდვილად დიდი ბიძგები გამოიწვია პროპორციულად და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებ ინიციატივამ. პოლიტიკური ელიტა დაბნეული ჩანს, არ იცის, რა ქნას. ვფიქრობ, ცოტა სასაცილოა ოპოზიციური ძალების განცხადებები, მოდი, ფიცი დავდოთ და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ თანამშრომლობას არ დავთანხმდეთო. ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ არის. როგორი ფიციც უნდა დადონ, საბოლოოდ მაინც უკან წაიღებენ თავიანთ სიტყვას. ჩემი აზრით, ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გათვალისწინებით, “ქართული ოცნება” პარლამენტში იმგვარი მხარდაჭერით შევა, რომ სწორედ ის დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას და მასთან აუცილებლად ითანამშრომლებენ ის ძალები, ვინც დღეს ამაზე სასტიკ უარს აცხადებენ. ჩემი აზრით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივა ბოლო წლებში ყველაზე სწორი პოლიტიკური ნაბიჯია. ძალიან ჭკვიანური სვლა იყო”, - ამბობს ექსპერტი.

“ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ხაზარაძის შემოსვლა პოლიტიკაში. ჯერჯერობით, მისგან და “ლელოსგან” არ მოგვისმენია მკაფიო გზავნილები, მისი პროგრამა, პრინციპში, ჯერ პარტიაც არ დაუარსებია. ამიტომაც მიჭირს მისი ნაბიჯების შეფასება. მამუკა ხაზარაძე ჭკვიანი ადამიანია, ვფიქრობ, ღირებულ პროგრამას შექმნის. ამის მერე უფრო გამიადვილდება ლაპარაკი მის შანსზე. იმედია, “ლელო” პოლიტიკურ ასპარეზზე საინტერესო ალტერნატივად ჩამოყალიბდება, პოლიტიკურ სივრცეში პოზიტიურ დღის წესრიგს შექმნის. თუ ეს შეძლო, ვფიქრობ, სერიოზულ მხარდაჭერას მიიღებს”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, 2018 წელს 194 საჯარო უწყებაში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 20 მილიონზე მეტი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 7 წელია ხელისუფლების აქილევსის ქუსლია საზოგადოებასთან ურთიერთობის უსუსტესი პოლიტიკა...” - პასუხობს:

“გეთანხმებით. ამ ცოტა ხნის წინ გურიისა და იმერეთის სოფლებში გახლდით და გავოცდი, რამდენი რამ გაკეთებულა - მიუვალ სოფლებშიც კი ყველა სკოლა გარემონტებულია, გამოყოფილია მანქანები, რომლებიც ატარებენ მოსწავლეებს, ყველგან დგას სანაგვე ურნები, მოწესრიგებულია გზები, ზოგან ბეტონის გზებიც ვნახე. არადა, ქვეყანაში რა კეთდება, ვერავინ ვერაფერს იგებს, საზოგადოებასთან ურთიერთობა ხელისუფლების ყველაზე სუსტი სფეროა. გაკეთებული საქმის ჩვენება უჭირთ. “ქართული ოცნების” ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი უსუსტესია. მეტიც, მგონი, ამგვარი პოლიტიკა საერთოდ არა აქვს. თადუმაძის არ იყოს, საინტერესოა, ამ უწყებებში დასაქმებულებმა, ამ ვითომ პიარსპეციალისტებმა, რა უნივერსიტეტები დაამთავრეს და რა დიპლომები აქვთ. მე მინახავს პიარსპეციალისტები, რომლებსაც პიარის არაფერი გაეგებათ. არა აქვთ ერთი იდეაც კი, არ იციან, როგორ გააანალიზონ პრესა, როგორ ჩაატარონ სოციალური გამოკითხვა, დაამუშაონ შედეგები და ა.შ. ამ ხალხს რამდენი ფულიც უნდა მივცეთ, გადაყრილია...”

“პრეზიდენტი აჩვენებს, რომ ის სახალხო პრეზიდენტი არაა”, - გამზარდია

“მედიისთვის მეორეჯერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მას “ბოლოს და ბოლოს თავი დაანებონ”, - ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე მეორე უარს. ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების სკანდალზე კითხვები ამჯერად გურჯაანში ღვინის ფესტივალზე დაუსვევს, სადაც იგი დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ ჩურჩხელებს ავლებდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხვა თემაზე არ საუბრობს, რომ შესანიშნავი დღესასწაულია და მათაც ისიამოვნონ. გამზარდია ამბობს, რომ რადგან საზოგადოებისთვის ზურაბიშვილს რაიმე ღირებულის შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომაც აირჩია ეს დამოკიდებულება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პრეზიდენტი აჩვენებს, რომ ის სახალხო პრეზიდენტი არაა”, - გამზარდია ზურაბიშვილის მეორე უარზე.

“საზოგადოების ერთ-ერთ ღირებულ ინსტრუმენტთან, მედიასთან ზურაბიშვილი თვლის, რომ ის არავის და არაფრის წინაშე ანგარიშვალდებული არაა. თითქოს ცდილობს, რომ თავისი დღის წესრიგი შექმნას და არა მედიის ან საზოგადოების ინტერესს უპასუხოს. თუმცა, ისიც ძნელი სათქმელია, თუ რა დღის წესრიგს ქმნის იგი, იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი საქმიანობით საზოგადოებას რაიმე საინტერესო, ღირებული და პოზიტიური შესთავაზოს. ამიტომაც მან არჩია ხისტი რიტორიკა, რომლითაც თავის თავს ახსნა-განმარტების ვალდებულებებზე მაღლაც კი აყენებს. ჯერჯერობით ხერხდება, რომ სადაც ზურაბიშვილი აღმოჩნდება ხოლმე, იქ ჟურნალისტბიც გაჩნდნენ და გარკვეული კითხვები დაუსვან. მაგრამ ის აჩვენებს, რომ სახალხო პრეზიდენტი არაა. ალბათ ჰყავს თავისთვის ანგარიშის ჩასაბარებელი პირი, ვისი შემწეობითაც ის პრეზიდენტი გახდა და მასთან მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“ზურაბიშვილს, მიუხედავად საზოგადოებრივი სკეპტიციზმისა, მაინც შეეძლო, რომ საინტერესო ლიდერი გამხდარიყო და მათ შორის მედიასთან ურთიერთობითაც შეძლო ჰქონოდა პოზიტიური პლატფორმა. თუ ის მოიწადინებდა ღიაობას, ახსნას, გულისხმიერებას, მათ შორის მეტ მოკრძალებასაც, სხვა შთაბეჭდილებებს დატოვებდა და შესაძლოა, ეს მისთვისვე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არც ადარდებს. მედიისთვის მეორეჯერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მას “ბოლოს და ბოლოს თავი დაანებონ”. ერთგვარად მისი სტრატეგიაა, რომ აზრი არ აქვს მასთან შეკითხვის დასმას, ცდილობს რაღაც ეტაპზე იქნებ მიაღწიოს იმას, რომ სადაც ზურაბიშილი იქნება, ჟურნალისტები არც კი დაინტერესდნენ პრეზიდენტის პოზიციებისა და გამონათქვამებთან მიმართებაში. მედია ცდილობს, რომ კრიტიკული შეკითხვები დაუსვას და მისცეს სივრცე, რომ მან ისაუბროს რაღაცეებზე, ეს ერთგვარი „გამოძალვაა", რომ მან გარკვეული ურთიერთობები საზოგადოებასთან ჯერ კიდევ შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ამას საჭიროდ არ თვლის და ამიტომაც აქვს აგდებული, უკმეხი და უხეში დამოკიდებულება. იგი ფიქრობს, რომ რასაც უნდა და როგორც უნდა გააკეთებს, მთავარია მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე როგორ ჩაუთვლიან და არა ის, რას ფიქრობს დანარჩენი საზოგადოება”, - დაასკვნის გამზარდია.

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლების პიარსამსახურში დასაქმებული 1037 ადამიანი და დახარჯული 20 მილიონი ეს ხალხის დაცინვაა”

“ჩემთვის მოულოდნელია ამ სამსახურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ამხელა ხარჯი (“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მონაცემებით შარშან ხელისუფლების პიარსამსახურში დასაქმებული 1037 ადამიანის ანაზღაურებამ 20 047 896 ლარი შეადგინა), მაგრამ უფრო მოულოდნელია თანამშრომელთა რაოდენობა. ეს კატასტროფაა, მით უფრო, რომ მუდმივად ლაპარაკობენ რეფორმების გატარებაზე, ქამრების შემოჭერასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და ამ დროს პიარისთვის 1000-ზე მეტი კაცი ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც არაფერს აკეთებენ. “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ამ ხელისუფლების უსუსტესი ადგილი პიარია. ვერა და ვერ მოახერხეს, რომ გაკეთებული საქმეების, გეგმების თუ პროექტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე ისე მიეტანათ, რეიტინგზე დადებითად ასახულიყო”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პიარში გადახდილი 20 მილიონის “შედეგი”.

“პიარსამსახურების თანამშრომლები ნამდვილად არიან კომპეტენტური იმ საქმეში, რისთვისაც ხელფასს იღებენ? მაგალითად როდესაც ამა თუ იმ ვიზიტზე მიბრძანდება პირი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს, პიარსამსახურებმა კეთილინებონ და მისი შესაძლებლობები შეაფასონ, შედეგები გათვალონ და ვიზიტისთვის მოამზადონ - ვგულისხმობ არა მარტო პრეზიდენტის გამოსვლებს - რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის განცხადებები შეთანხმებული იყო თუ არა პიარსამსახურებთან? როდესაც ლაპარაკია ურთიერთობაზე არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც, საკვანძო საკითხები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, ჩვენ კი არაერთხელ გვქონია ძირითადი თემებიდან აცდენა, რის გამოც ჩნდება ასეთი კითხვები... დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გავიხსენოთ - რბილად რომ ვთქვათ, უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, თავის მართლების მთელი კასკადი მოვისმინეთ. ამის შემდეგ როგორ შეიძლება პიარის არსებობაზე ლაპარაკი? საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაქტობრივად, კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ყველაზე ცუდი ის არის, ვითარების გამოსწორებაზე კი არ ფიქრობენ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ვერ გაიაზრეს, რომ ამით სახელმწიფო ზარალდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოცნების” 7-წლიანი მმართველობის განმავლობაში არც მახსენდება რომელიმე რეფორმა წარმატებულად გაეპიარებინოთ. არადა, თუნდაც ჯანდაცვის რეფორმა მართლაც ძალიან კარგად გატარდა და დიდი სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ისე ვერ მიაწოდეს მოსახლეობას, რომ კითხვები არ გაჩენილიყო. არ ვიცი, როგორ მოახერხეს და ასეთი კარგი პროექტი, რომელსაც, წესით, სულ სხვა გამოხმაურეობა უნდა მოჰყოლოდა, ფაქტობრივად, ვერ გააპიარეს... თუ იმით არიან დაკავებული, რომ ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებთან ერთად შეთანხმებულად ებრძოლონ “ნაცმოძრაობას”, სხვა საკითხია, მაგრამ ეს შეიძლებოდა პიარის ერთი მიმართულება ყოფილიყო და სხვა ნაწილს სხვა მიმართულებაზე ემუშავა. ამ სამსახურების მთავარი საქმე ხომ ხელისუფლების მიღწევების წარმოჩენაა? ეს სამსახური ყველაზე სუსტი რგოლია და თუ ამ სისუსტეში ამდენი კაცია ჩართული და ამდენი თანხა იხარჯება, ეს ხალხის დაცინვაა”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “კვლევის თანახმად, პიარში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და ყველაზე მეტი პიართანამშრომელი ჰყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მას მოჰყვება პარლამენტი და შს სამინისტრო. რას გვეუბნება ეს ფაქტი?” - პასუხობს:

“კარგი იქნება, თავდაცვის უწყებას განმარტებული ჰქონდეს მისი საქმიანობის ხარჯები, რა ღონისძიებაში რა დახარჯა...­ თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო მისიებში ჩვენი ჩართულობა კარგად აქვს წარმოჩენილი, ასევე ევროპის ქვეყნებთან დაახლოების მნიშვნელობაც - ანუ მისი პიარის ორიენტირი მაინც საგარეო მიმართულებაა, მაგრამ რამდენი კაცი აკეთებს ამას?! რაც შეეხება პარლამენტს, რაში სჭირდება ამ რაოდენობის ადამიანური და ფინანსური პიარრესურსი, როდესაც ისედაც მუდმივად ყურადღების ცენტრშია? ალბათ, შსს-აც სჭირდება პიარი, მაგრამ რომელიმე უწყებას, გარდა იმისა, რომ ამდენი­ ადამიანი ჰყავს დასაქმებული, შედეგი ჰქონდა?! ფაქტია, პიარსამსახური დასაქმების ბიუროდ და კერძო ინტერესების ადგილად იქცა. ხელისუფლებას მინდა ვურჩიო - თუ ვინმე გყავთ ან აქამდე გყოლიათ ამ სამსახურში, ყველა გასაშვებია. ახალი კადრები უნდა იპოვოთ, რადგან ცუდი პიარი გაქვთ. გაქვთ კი არა, საერთოდ არა გაქვთ”...

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს