„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენის პრობლემაზე მიუთითებს და ამასთან, მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიკური ზრდის 5% -იანი მაჩვენებელი საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს. ამასთან, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია.

ბიუჯეტის შემოსულობები 1.2 მლრდ ლარით იზრდება, აქედან 675 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, ხოლო 570 მლნ-ზე მეტი სახელმწიფო ვალის აღებაზე.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 14.2 მლრდ ლარი იქნება. ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები ერთი მლრდ ლარით იზრდება, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 451 მლნ ლარი გაზრდილ სოციალურ ხარჯებზე მიემართება.

194 მლნ ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მლნ ლარით იზრდება. მთლიანობაში ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მლრდ ლარი იქნება. გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროზე (30 მლნ ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (20 მლნ ლარი) და თავდაცვის სამინისტროზე (20 მლნ ლარი).

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 111 ადამიანით იზრდება. მნიშვნელოვანი ცვლილება შსს-სა და თავდაცვის სამინისტროშია. შსს-ში დასაქმებულთა რაოდენობა 1 000 ადამიანით იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროში 1 250-ით მცირდება.

2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული.

2019 წელთან შედარებით 482 მლნ ლარით მცირდება ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, რაც მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის არასასურველია.

იზრდება ბიუჯეტის როგორც ოფიციალური (მთლიანი სალდო), ასევე ტრადიციული გაგებით დეფიციტი. უარყოფითი მთლიანი სალდო მშპ-ის 3.5% იქნება, ხოლო ტრადიციული დეფიციტი მშპ-ის 4%.

2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი 1 757 მლნ ლარით გაიზრდება, საიდანაც 856 მლნ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 901 მლნ ლარი საგარეო ვალი იქნება.

2020 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 22.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 46.8% იქნება. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება არ იზრდება, ისევ 754 მლნ ლარია გამოყოფილი. თუმცა, მიმდინარე წლის ხარჯები აჩვენებს, რომ აღნიშნულ პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაღალხარჯიანი უწყებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ზოგადი განათლების პროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია. ნარჩუნდება დღეს არსებული მიდგომა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა,”-აღნიშნულია შეფასებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო