ყიფშიძეზე მომხდარი დაჭრის საქმეზე  ბრალდებულის, ლევან ძნელაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო კლინიკაში მსჯელობს

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ძნელაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ღუდუშაურის კლინიკაში მსჯელობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმედი აქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ბრალდებულის მდგომარეობას და აღკვეთის სახით საპატიმრო ღონისძიებას არ გამოიყენებს.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„ბრალდებული ამბობს, რომ დაზიანებები არავისთვის მიუყენებია.ზოგადადაც, საქმეში არ ჩანს, რომ ვინმეს რაიმე სახით დაზიანებები მიეღოს. უბრალოდ ერთ-ერთს, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, კოჭი აქვს დაზიანებული, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანება. რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებას, ის ამ ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს. ექიმის რეკომდენაციით, პროცესი საავადმყოფოში იმართება სწორედ იმიტომ, რომ ბრალდებული მძიმე მდგომარეობაშია. მას საუბარი უჭირს და გადაადგილება არ შეუძლია - 5 ჭრილობა აქვს მიყენებული და მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა გავიდა, მდგომარეობა მაინც მძიმეა,“ - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ლევან ძნელაძეც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს