ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენი დევნის ყველაზე ლოგიკური მოტივი შეთქმულების თეორიაა”

“ჩვენ ვკარგავთ საქართველოს...” - განგაში დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში

მამუკა არეშიძე - “დღეს რუსეთი თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს”

* * *

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენი დევნის ყველაზე ლოგიკური მოტივი შეთქმულების თეორიაა”

“იმედია, მთავრობა და კონსორციუმი დარჩენილ დროს სრულად გამოიყენებენ პროექტის გადასარჩენად. შეუძლებელია მთავრობამ კონსორციუმის გარეშე­ განახორციელოს პროექტი. ერთადერთი გამოსავალი დღეისათვის არსებული ფორმატის შენარჩუნებაა - ანუ კერძო სტრუქტურისა და სახელმწიფოს პარტნიორობა. თუ დღეს არსებული ფორმატით ვერ შედგება პარტნიორობა, ამას მოჰყვება სამართლებრივი დავა. სამწუხაროდ, თუ დღეს არსებული ფორმატი არ შენარჩუნდა, ანაკლიის პროექტი ჩიხში შევა - ეს გვაწუხებს, თორემ მე და მამუკა უკვე წამოვედით აღმასრულებელი რგოლიდან და ახლა დაკავებული ვართ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებით”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი დევნის ყველაზე ლოგიკური მოტივი შეთქმულების თეორიაა” / “პროკურატურამ უცხოელი ექსპერტები შავი პიარისთვის გამოიყენა” / “არც კი ვიცი, ამ ადამიანებს აქვთ თუ არა გააზრებული, თავიანთი სიჯიუტის გამო როგორ მტრობენ ქვეყანას”.

“კონსორციუმმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. ყველაფერი მზად არის. ინვესტორებიც მოძიებულია, ბოლო ძალისხმევაა დარჩენილი, ახლა მთავრობასა და კონსორციუმის უკვე მოძიებულ ინვესტორებს შორის არის საჭირო მოლაპარაკება. ეს არ არის მარტივი პროექტი - შეგახსენებთ, რომ პროექტი აფხაზეთთან 4 კილომეტრის მოშორებით ხორციელდება. ჩვენ სრულიად არამეგობრულ გარემოში შევძელით პროექტის ამ კონდიციამდე მიყვანა. ახლა განზე გავდექით და კონსორციუმსა და მთავრობას მშვიდად მუშაობის საშუალებას ვაძლევთ. ჩვენთვის მთავარია პროექტი განხორციელდეს... ლოგიკა გვკარნახობს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს იმის გამო, რომ ეს ალტერნატიული კორიდორია, მოსკოვს კი თავად სურს აბრეშუმის გზის მარშრუტი რუსეთზე გადიოდეს. გარდა ამისა, რუსეთს სულაც არ აძლევს ხელს, აფხაზებმა 4 კილომეტრში დაინახონ ის უზარმაზარი პერსპექტივა, რაც ანაკლიის პროექტის სახით საქართველოს ექნება. ებრძვის თუ არა რუსეთი ამ პროექტს? რა თქმა უნდა, ებრძვის. ჩვენ ვხედავთ, რომ პროექტის განხორციელებას მუდმივად ექმნება წინააღმდეგობები”, - აღნიშნავს გამოხცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“მუქარის წერილთან" დაკავშირებით ჩვენ გასარკვევი აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი ნათელია, წერილში ჩამოთვლილი ყველა რეპრესიული ღონისძიება ჩვენს წინააღმდეგ უკვე გატარებულია. ჩვენ პროკურატურას გადავცემთ ინფორმაციას. ახლა ჯერი მათზეა... რაც შეეხება მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნას, პროკურატურის თაღლითობას რომ აქვს ადგილი, ამაზე თავად ექსპერტების მომზადებული დასკვნა მეტყველებს. ესე იგი, ექსპერტები თავადვე ამბობენ, რომ ქართულ სამართალს არ იცნობენ, ამ მხრივ დისტანცირებას ახდენენ ამ მოვლენის შეფასებისგან. რაც მთავარია, ამბობენ, რომ მათი დასკვნა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მასალას. ჩვენ არ ვიცით, რა მასალა და როგორი კონფიგურაციით მიაწოდა პროკურატურამ. მასალის შერჩევითად მიწოდება ხომ თვალსაჩინოა? ფაქტია, პროკურატურამ უცხოელი ექსპერტები შავი პიარისთვის გამოიყენა. როგორ მიიღებ ექსპერტებისგან ობიექტურ დასკვნას, თუ მათ სრულ ინფორმაციას არ მიაწვდი? ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ეს ექსპერტები ანაზღაურებას იღებენ პროკურატურიდან. ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროკურატურამ დასკვნა ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოიყენა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თქვენ იცით, რომ დასკვნა სექტემბრის დასაწყისში უკვე მომზადებული იყო?! ამის მერე დაცვის მხარემ უამრავი მასალა მიაწოდა, დამატებითი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვები და ა.შ. მათ რა ქნეს? 2 სექტემბრის დოკუმენტს 10 ოქტომბერი გადააწერეს და იმავე შინაარსის დასკვნა გამოაქვეყნეს. რასთან გვაქვს საქმე, თავად განსაჯეთ. აშკარაა, რომ ჩვენ პოლიტიკური დევნის ობიექტები ვართ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს დევნას გადააყოლეს სახელმწიფო. ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული წელიწადნახევრიანი დევნის განმავლობაში ქვეყანაში კატასტროფულად იკლო ინვესტიციებმა, საერთაშორისო ბაზარზე ქართული კომპანიების აქციების ვარდნა დაიწყო. ყველა უცხოელმა ინვესტორმა იცის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ბიზნესმენს სრულიად უსაფუძვლოდ დაუწყონ დევნა. მგონია, რაღაც უცნაურ ფენომენთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ვიღაცას ეგონა, როგორც რუსეთში 90-იან წლებში ხდებოდა, ჩვენც ასეთი დანაშაულებრივი მეთოდით ვმოქმედებდით. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, მაგრამ ახლა უკან აღარ იხევენ. არც ვიცი, ამ ადამიანებს აქვთ თუ არა გააზრებული, თავიანთი სიჯიუტის გამო როგორ მტრობენ ქვეყანას”, - ამბობს ჯაფარიძე.

“რა შემთხვევაში ასამართლებენ ადამიანებს ფულის გათეთრების ბრალდებით ამერიკასა და ევროპაში? როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკებს, იარაღით უკანონო ვაჭრობას, კორუფციას. ჩვენს შემთხვევაში ბანკიდან ფულის სესხებაა და შემდეგ ამ ნასესხები ფულით მეორე სესხის დაფარვა. ხომ ყველაფერი თვალსაჩინოა? სრულიად უსაფუძვლოდ ფულის გათეთრების ბრალდებას ავტოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურად არასასურველი პირების დევნისთვის იყენებენ. ერთი საინტერესო დეტალი: პროკურატურამ სასამართლო განხილვაზე ჩვენი ადვოკატების მიერ მოპოვებული ჰოლანდიელი კრედიტორების ჩვენების ამოღება მოითხოვა. ისინი ადასტურებდნენ, რომ ჩვენ მათგან ფული ვისესხეთ ბანკის საჭიროებისთვის და შემდეგ ისევ დავუბრუნეთ. თუ პროკურატურას სიმართლის დადგენა სურს, რატომ ამბობს უარს მათ ჩვენებაზე?” - დასძენს “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერი და შეკითხვაზე - “როგორ გგონიათ, რა შეიძლება იყოს თქვენი დევნის მთავარი მოტივი - ანაკლია, პირადი შურისძიება, თუ კიდევ სხვა რაიმე?” - პასუხობს:

“ამაზე ბევრი მიფიქრია. ყველაზე ლოგიკური შეთქმულების თეორიაა. მე და მამუკა ვიყავით ანაკლიის პროექტში, ქვეყნის უდიდესი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში, და მესამე: გაირკვა, რომ 2008 წელს ფული გვასესხა კაცმა, რომლის შვილი “TV პირველის” დამფუძნებელია. ეს სამი მდგენელი გახდა ეჭვიანობის საგანი. მმართველი პარტიისა და ევროპელი დიპლომატების შეხვედრისას ასეთი რამ თქმულა - თითქოს კვირიკაშვილსა და ბანკებს ალტერნატიული ცენტრის შექმნა სურდათ. მართლაც, ამის შემდეგ ძალიან მალე დაითხოვეს კვირიკაშვილი, შემდეგ დაიწყო შეტევა ბანკზე, პრობლემები შეექმნა ანაკლიის პროექტს, ბოლოს მივიღეთ ცნობილი მუქარის წერილი. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ვერც მივხვდი, როგორ უნდა შეგვეცვალა მე და მამუკას “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკა. მერე, აქტიურად რომ დაიწყეს ჩვენი პროკურატურაში დაბარება, ყველაფერს მივხვდი”.

“პოლიტიკაში მოსვლაზე ნამდვილად ბევრი ვიყოყმანეთ. ჩვენ ბიზნესში საქმიანობით ქვეყნისთვის მაქსიმალურს ვაკეთებდით. ისეთი კომპანიები შევქმენით, რომლებითაც უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ, შემოვიტანეთ ინვესტიციები. ეკონომიკის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვქონდა. როდესაც პირადად შევეჩეხეთ უსამართლობას, ბევრ რამეზე აგვეხილა თვალი და გადავწყვიტეთ, სხვა მიმართულებით ჩავმდგარიყავით ქვეყნის სამსახურში. შარშან ზაფხულში არც გვიფიქრია პოლიტიკაში ჩართვა. რაც შეეხება საქმის დალაგებას ივანიშვილთან, ჩვენ ვცადეთ ვითარების ახსნა, რომ უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და მზად ვიყავით იმ დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც ჩვენს უდანაშაულობას დაადასტურებდა. სამწუხაროდ, არანაირი კონსტრუქციული პასუხი არ მიგვიღია, პირიქით, უფრო გაძლიერდა ანგარიშსწორება. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მოძრაობა დავაარსეთ და პოლიტიკური პარტიის შექმნა დავაანონსეთ, განსაკუთრებულად ცდილობენ პირსისხლიან ბანკირებად წარმოგვაჩინონ. სინამდვილეში ამას კავშირი არა აქვს სიმართლესთან - ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ტიპური ბანკირები, ბანკი ერთ-ერთი ჩვენი პროექტი იყო მრავალ პროექტს შორის”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ბევრმა არც იცის, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს, რა დაემართა საბანკო სექტორს კი არა, მთლიანად ეკონომიკას. ყველანი გავკოტრდით. პროკურატურა არც ახსენებს ამ ამბავს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საბანკო სისტემა არ ჩამოშლილიყო. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ბევრ პოლიტიკოსს იცნობთ, რომლებიც თან დაპირებას გასცემდნენ და თან სამუშაო ადგილებს ქმნიდნენ? ჩვენ ათი ათასი სამუშაო ადგილი გვაქვს უკვე შექმნილი. ეს მოვახერხეთ იმ გაჭირვებაში, რაც ქვეყანამ გამოიარა - ჩვენს თავზე გადაიარა სამოქალაქო ომმა, 1998 წლის კრიზისმა, 2007 წელს რუსული ბაზრის დაკეტვამ, აგვისტოს ომმა, გლობალურმა კრიზისმა... ამ უკანასკნელს მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა ვერ გაუძლეს, უზარმაზარი ინსტიტუტები გაკოტრდა. მე და მამუკამ ჩვენი 50% დავთმეთ, რომ ინსტიტუტი გადაგვერჩინა. პასუხად რა მივიღეთ?! პოლიტიკური დევნა და ფულის გათეთრების ბრალდება”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

“ჩვენ ვკარგავთ საქართველოს...” - განგაში დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში

“ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ბრიტანელი ექსპერტი ედვარდ ლუკასი შიშობს, რომ დასავლეთი საქართველოს კარგას. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან საჭიროა აქტიური მოქმედება საქართველოს უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში მისაღებად, რასაც ქართველი პოლიტიკური ექსპერტებიც ეთანხმებიან, თუმცა გაუგებარი რჩება, რატომ თვლიან ევროპაში, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ სულ უფრო მეტად ექცევა. “ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველო სწრაფად მივიღოთ დასავლეთის უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში, რადგან საქართველო გვშორდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთისა და ჩინეთის სულ უფრო მზარდ დიდ გავლენას, ვხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას, საჯარო ინსტიტუციების დეგრადაციას, ძალადობრივ დაპირისპირებებს საერთაშორისო კონფერენციებზე”, - ამბობს ლუკასი. პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ დასავლელი ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებს ადრეც აკეთებდნენ და ეს პირველი შემთხვევა არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ჩვენ ვკარგავთ საქართველოს...” - განგაში დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში.

“როგორც იქნა, დასავლეთმა რუსეთის სახე დაინახა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდეგ. ამ ფონზე წამოიწია საქართველოს თემამ. 2008 წლის შემდეგ საქართველოს მიმართ დაგვიანებული გულშემატკივრობის გამო გულნატკენი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის დასავლეთის გარდა სხვა გზა არ არის. “მათი მხრიდან ეს ფორმულა პირველი არ არის. ამბობენ, რომ დასავლეთის გულგრილობა საქართველოს მიმართ შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთისთვის ხელ-ფეხის გამხსნელი. უფრო თავიანთ საყურადღებოდ ამბობენ ამას. ეს ხაზი დასავლეთის პოლიტიკურ რიტორიკაში ახალი არაა და ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია. მათ ნახეს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს მსგავსი ერთგული დამცველი დასავლური კურისისა არც ერთი ქვეყანა არ იყო”, - განმარტავს საყვარელიძე. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ პროდასავლური გეზის შესუსტება ამჟამად არ იგრძნობა, თუმცა დროა, რომ დასავლეთმა რეალური ნაბიჯების გადადგმაზე იზრუნოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბატონი ლუკასის საქმიანობას ვიცნობ და მიკვირს, რატომ არის შეშინებული. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, საქართველოს არაფერი ეტყობა, რომ იგი დასავლეთისთვის იკარგება. თუმცა, საკითხის დაყენება ისე, რომ დასავლეთი აქტიური უნდა იყოს თავის სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხში, ეს აბსოლუტურად სწორი და ობიექტურია. დასავლეთის მიერ აქამდე დაშვებული რამდენიმე შეცდომა საქართველოს ძვირად დაუჯდა. სერიოზული მოქმედებაა საჭირო. ბუნებრივია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესი უნდა იყოს უფრო სწრაფი; საქართველომ, როგორც მინიმუმ, უნდა მიიღოს მაპ-ი, თუმცა არც ის მეჩვენება არარეალურად, თუკი საქართველო პირდაპირ გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში”, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი. საყვარელიძის თქმით, დასავლეთთან კონტაქტი ამჟამად აქტიურია, მაგრამ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არც საქართველოს აძლევს ხელს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს დასავლეთის მხრიდან არ აკლია შეთავაზებები. მაგრამ მაპ-ის მოცემა ან შემდეგი რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ა.შ. შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთვისაც. ძალთა დღევანდელი გადანაწილების პირობებში სხვა შანსი ნატო-ს წევრობისა არ არის, გარდა იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ დაზარალდება. ჩვენ თვითონ არ გვაწყობს ნაჩქარები ვარიანტი. გვაწყობს, რომ დასავლეთს ვეგულებოდეთ მათ გვერდით მდგომ ქვეყნად. ამის ერთერთი გამოხატულება ანაკლიის პორტზე გაკეთებული აქცენტია, ხოლო ნატო-ს საზღვარს მაშინ გადავაბიჯოთ, როდესაც ეს უმტკივნეულო იქნება ყველასთვის და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. დღეს ასეთი უმტკივნეულო გაწევრიანება ნასტო-ში პრაქტიკულად შეუძლებელია”, - თვლის რამაზ საყვარელიძე. ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ სცენარის სხვაგვარად განვითარება დასავლეთის პოზიციების შესუსტების ტოლფასი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება, რომ ისინი საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაში რამეს ხედავენ და ამჩნევენ, ეს არ არის გამორიცხული. ჩემი და მათი შეფასება შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ დასავლეთის განცხადება რეალობის ობიექტურად შეფასებაა. რუსეთი იქცევა მეტისმეტად აგრესიულად. რაც დრო გავა, მისი მოქმედება სულ უფრო შემტევი და აგრესიული გახდება. არსებობს უამრავი გაურკვეველი რამ დასავლეთის პოლიტიკასა და იქაურ პოლიტიკურ სამზარეულოში. უამრავი შეკითხვაა, რომელიც ამერიკასაც აქვს, ევროპასაც და ა.შ., მაგრამ ეს უნდა იყოს დაძლეული, რადგან ჩვენს რეგიონში, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით დასავლეთმა არ დაკარგოს თავის პოზიციები და კონკრეტულად კეთილგანწყობილი მოკავშირე, რომელიც დასავლეთთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების სფეროში”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

მამუკა არეშიძე - “დღეს რუსეთი თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს”

“კარგია, რომ ატოცში ბორდერიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ძალიან სწრაფად იმოქმედა ჩვენმა ხელისუფლებამ - გაავრცელა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხოლო პრემიერ-მინისტრის მყისიერი განცხადება, ვფიქრობ, გარკვეულწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგო აღმოჩნდა. რასაკვირველია, მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის გადაჭრის მშვიდობიან გზებს ვერ ვხედავ. დღეს შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს და ჩვენი პარტნიორებიც სხვა მოცემულობაში არიან. მათი ამოცანაა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით შეაჩერონ რუსეთი, თან ამ საქმეშიც არა აქვთ ერთი პირი. დღეს რუსეთი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი პრობლემა კიდევ ის არის, რომ იმ თემაზეც კი ვერ ვთანხმდებით, რაზეც, წესით, ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს. როგორ შეიძლება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაპირისპირების თემად ვაქციოთ და ყველაფერზე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი?! ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა დაამკვიდრეს პრინციპი - რაც უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგემ, არაფერი ვარგა....”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს რუსეთი თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს” .

“ტრამპი ყურადღებას ამახვილებდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და გარკვეულწილად ქადაგებდა მონროს პროგრამისკენ დაბრუნებას, რაც გულისხმობს აშშ-ის აქტივობას ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება სულ სხვა გამოწვევებს წარმოაჩენს. გეოპოლიტიკას ასეთი თვისება აქვს _ გამოთავისუფლებულ ადგილს იმ წუთში იკავებს სხვა მსხვილი მოთამაშე. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში, განსაკუთრებით კი _ პენტაგონში. როდესაც ექსპერტულ დონეზე ისმის განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთი გამოვიდა გამარჯვებული, დარწმუნებული იყავით, რომ პენტაგონში ამას ბევრად უკეთ ხვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ დაუშვან არა მხოლოდ რუსეთის ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში, არამედ არც ის, რომ მათი მოკავშირე თურქეთი გახდეს დღის წესრიგის მოკარნახე. სხვათა შორის, ეს არც სხვა მსხვილ მოთამაშეებს მოეწონებათ, მაგალითად, ჩინეთს. არც რუსეთის მოკავშირე ირანის ინტერესია რეგიონში თურქეთის გაძლიერება. მოკლედ, იქ ისე არ ემთხვევა რეგიონის მთავარი მოთამაშეების ინტერესები, რომ რუსეთის წარმატება მხოლოდ ხანმოკლე წარმატებად შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე მან მოახერხა და რეგიონის მოთამაშეები, აშშ-ის გარდა, საკუთარ ნება-სურვილს დაუმორჩილა - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კრემლთან დათათბირების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს ისრაელიც არ დგამს. რაც შეეხება ირანს - მოკავშირეები კი ჰქვიათ, თითქოს ერთობლივად მოქმედებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რუსეთი ირანისთვის შემაკავებელი ფაქტორი ხდება, თუნდაც ისრაელთან ურთიერთობის საქმეში”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ჯერჯერობით ნაადრევია კატეგორიული შეფასებები, რადგან სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის და, ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ დიდხანს არ დამშვიდდება. ვითარება ისეთია, რომ ყველა ერთმანეთის დასუსტებას ცდილობს, ოღონდ გააჩნია, ვის რა რესურსი დარჩა... რუსეთი ამ ეტაპზე კი გახდა ძლიერი რეგიონული მოთამაშე, მაგრამ მას აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით აშკარად ნაკლები რესურსები აქვს... რაც შეეხება თურქეთს, ეცდებიან, თურქეთმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ სახე შეინარჩუნოს. ერდოღანის ინტრიგებმა დაღალა მსხვილი მოთამაშეები - მოკავშირეებიც და მტრებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერდოღანი ახერხებს და ამ ინტრიგებიდან ჯერჯერობით მშრალად გამოდის. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის. საქმე ის არის, რომ ერდოღანს საკუთარ ქვეყანაში აქვს სერიოზული პრობლემები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით: თუ თურქეთმა­ სირიის ტერიტორიაზე აგრესიული მოქმედებები გააგრძელა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს მის ეკონომიკაზე, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონიმიკაზე და დაგვაზარალებს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, საქართველოს ამ ვითარებაში სიფრთხილე მართებს. ჩვენ არ ვართ ამ პროცესების მონაწილე, ამიტომაც ჩვენს ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან საჭიროა ზომიერი პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ნატოს ორ ქვეყანას შორის შექმნილი ვითარება, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ფატალურიც არ მომხდარა, შესაბამისად, მეეჭვება, ამან განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს დასავლურ მისწრაფებაზე, რომელსაც, თავის მხრივ, ორი _ პოლიტიკური და სამხედრო მდგენელი აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლებს და დასავლეთისკენ ჩვენს სწრაფვას, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, კრემლის მიერ ომის წინა პირობის შექმნისა და წამოწყებისა და ტერიტორიების მიტაცებისა, საქართველოს მისწრაფებაზე ამას არ უმოქმედია, მეტიც - ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯებიც გადავდგით. საქართველოს აქვს უნიკალური სავაჭრო რეჟიმი, ერთი მხრივ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და, მეორე მხრივ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის წყალობით. ამას როგორ ვიყენებთ და ვიქეცით თუ არა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ პლატფორმად, რომელიც მიმზიდველი იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის, სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება ნატოსკენ სწრაფვას, ამ ორგანიზაციასთანაც ძალიან სერიოზული თანამშრომლობა გვაქვს. ამის მაგალითია ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნაც. ამ ყველაფერს ხედავენ მოსკოვიდან და არ მოსწონთ. გვიკვირს ბორდერიზაციის პროცესი, მაგრამ სწორედ ეს არის ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მოსკოვი, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, დღეს რადიკალურად შეცვლილია და ეს მაინცდამაინც აღარ აღელვებს, მაგრამ რაც შეეხება ნატოს, ამას კვლავაც ეწინააღმდეგება და ამის დასტურია მედვედევის განცხადებაც. ჩემი აზრით, პროცესის ფორსირება არ ივარგებს. ვფიქრობ, ნატოსთან დაახლოება ნელი ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს, ინტენსიური და აქტიური უნდა იყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და უნდა დაველოდოთ შესაფერის დროს ნატოში გასაწევრებლად. ამ თემაზე ისტერიკა და ნერვიულობა არ ღირს. აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი ანალიტიკური ცენტრები, მაგალითად, თუნდაც უსაფრთხოების საბჭოსთან, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიაზე, იმ გამოწვევების ანალიზზე იმუშავებენ, რომლებიც გუშინ გვქონდა, დღეს გვაქვს და ხვალ გვექნება; მოახერხებენ ამ ყველაფრის შეფასებას და პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში ხელისუფლებას მოქმედების სხვადასხვა ვერსიას შესთავაზებენ. რუსეთისგან ხიფათი მუდმივად არსებობს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ უნდა შემუშავდეს კონტრღონისძიებების სისტემა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“სირიის არ იყოს, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც ისეა აბურდული ვითარება, ჭირს სიმართლის გარკვევა. ამ პორტის პროექტს აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ის აუცილებლად და დროულად უნდა აშენდეს... თითქოს ხელისუფლებაც ამ აზრისაა, თუმცა... მთელი ეს აურზაური, ვფიქრობ, დაიწყო ძალიან ტრივიალური მიზეზით. საქმე ის არის, რომ ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობისას არ გაითვალისწინეს ბიძინა ივანიშვილის აზრი. ცნობილია, რომ როდესაც ეს საკითხი გავიდა ტენდერზე, ამით დაინტერესებული იყო ძალიან ძლიერი ჩინური კომპანია, რომელიც გაცილებით წელში გამართული იყო ფინანსურად, ვიდრე ის კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ამ ჩინური კომპანიით იყო დაინტერესებული... გასაგებია, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოსვლა, შესაძლოა, აშშ-ს არ სურდა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: თუ ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის, მაშინ უფრო სერიოზულად რატომ არ მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში? განა რა გახდა იმ ფინანსური რესურსების მოძიება, რაც პროექტის განხორციელებას სჭირდება?! ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის ბუნებას - რადგან თავიდან არ გაითვალისწინეს მისი მოსაზრებები, როგორც ჩანს, ამ პროექტისადმი ანტაგონისტურად განეწყო”, - ამბობს რესპონდენტი.

“მახსოვს რამხელა წინააღმდეგობა ხვდებოდა რუსეთის მხრიდან ბაქო­ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა “ბრიტიშ პეტროლიუმი” და ამ პროექტის “პატრონი” გახდა, ვერავინ ვერაფერი გააწყო მის წინააღმდეგ. აღარც მოსკოვს ამოუღია ხმა... ანალოგიური რამ თუ მოხდა ანაკლიის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მომენტალურად გაჩაღდება იქ მუშაობა და ყველაფერი დროულად დასრულდება. მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორის ბრალი არ არის, ეს რომ არ ხდება... აბა, გამოჩნდეს ძლიერი ამერიკელი ან დასავლელი ინვესტორი, რომელიც იტყვის, მორჩა, ამ პროექტის განხორციელებაში ვდებ ფულსო. ჩათვალეთ, რომ მთელი ეს აურზაური შეწყდება. ასეთ პროექტში, როგორც წესი, ბევრი მოთამაშის ინტერესები იკვეთება. აქ გასათვალისწინებელია ფოთის პორტის ინტერესიც, რომლის უკან ძლიერი ამერიკული კომპანია დგას... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ანაკლიის პროექტი იქცა პოლიტიკური დაპირისპირების თემად, ეს კი იმის ბრალია, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო საგრძნობი ხდება ინტელექტუალური პოლიტიკის დეფიციტი. ცივ გონებასა და ანალიზს სჭარბობს ემოცია და პოლიტიკური კონიუნქტურა.. ასე ქვეყანა არ შენდება, მით უფრო ქვეყანა, რომლის მშენებლობა ჯერაც საწყის სტადიაზეა. ამ ყველაფრის მიზეზი კულტურისა და განათლების დეფიციტია”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩვენ კულტურა დეკორაციად ვაქციეთ და იმით ვტრაბახობთ, რა იყო გუშინ. გუსტავ მალერმა თქვა კარგი ფრაზა: კულტურა და ტრადიცია ჩირაღდანია, რომელიც მუდმივად უნდა გადაეცემოდეს თაობიდან თაობას და არა ის, რომლის ფერფლთან მუდმივად უნდა იჯდე და იტიროო. ჩვენ ხომ ამ ფერფლთან ჯდომა და ტირილი მოგვწონს, იმის ნაცვლად, რომ მუდმივად განვითარებაზე ვზრუნავდეთ”, - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “საარჩევნოდ პოლიტიკური ძალებისგან მხოლოდ ის ისმის, რომ არავისთან აპირებენ თანამშრომლობას...” - პასუხობს:

“საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე ითანამშრომლებენ, როგორც დაგიბარებიათ... ამას პოლიტიკური რეალობა განაპირობებს. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტში გადამწყვეტი უპირატესობით ვერც ერთი პარტია ვერ შევიდა. ასეთ ვითარებაში თუ კოალიციური მთავრობა არ შეიქმნება, პრეზიდენტი იძულებული იქნება, პარლამენტი დაშალოს. თქვენი აზრით, პარლამენტში შესული პარტიები ამდენ შრომას წყალში ჩაყრიან და ამას დასთანხმდებიან? ეს არის ხალხის წინ პოზიორობა, ვითომ იმის ჩვენება, აი, ჩვენ ასეთი პრინციპულები და შეუვალები ვართო, რაც მხოლოდ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. ისინი მხოლოდ ხანმოკლე წარმატებაზე ფიქრობენ და არა _ ისტორიის შექმნაზე, არადა, გვჭირდება ადამიანები, ვინც ისტორიის შექმნაზე იქნებიან ორიენტირებული, იმაზე იფიქრებენ, ქვეყანაში 25 წლის შემდეგ რა ვითარება იქნება და როგორი ქვეყანა გვექნება... საქართველოში ასეთი პოლიტიკოსების დიდი დეფიციტია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისადმი კი აქვს ასეთი დამოკიდებულება და ფიქრობს იმაზე, რა იქნება ქვეყანაში 25 წლის შემდეგ, მაგრამ მისი მოსაზრებები ისეთი სპეციფიკურია, ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ხშირად გაუგებარია...”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა