ვახუშტი მენაბდე - მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს ყურადღებას გავამახვილებთ, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლია

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. მენაბდემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საინტერესო დებატები იქნება და იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ გამოსავლაზე შეჯერდება.

„მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, ჩვენთვის არის კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ, რომ არჩევნების დღეს მთავარი ამბები, მთავარი პრობლემები არის არა უბანში, არამედ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამიტომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ, თუმცა ეს არის ძალიან რთული საკითხი. ძალიან რთულია ნებისმიერი წესის დანერგვა და მერე მისი კონტროლი, ამიტომ დღეს ძალიან საინტერესო იქნება დებატები, განხილვა ამ საკითხის, მით უმეტეს ესწრებიან საერთაშორისო ექსპერტები და იმედი გვაქვს, რომ რაიმე კონკრეტულ გამოსავალზე შევჯერდებით“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფში შემოთავაზებულია კონკრეტული მექანიზმები, ამ პრობლემის მოგვარების, თუმცა მასში არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს.

„შემოთავაზებულია კონკრეტული წესი, ეს არის 25- მეტრიანი პერიმეტრის წესი, ასევე არჩევნების დღეს გარკვეული აგიტაციის აკრძალვა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ამ შემოთავაზებულ ვერსიას აქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დღეს მის დახვეწაზე“, - დასძინა ვახუშტი მენაბდემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა