ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2019

საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი რამდენიმე თვეში 80-100 ლარით გაიზარდა

"ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“ - მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე

***

საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი რამდენიმე თვეში 80-100 ლარით გაიზარდა

“ტოტალური ინფლაციის ფონზე საქართველოში ოჯახებს ხარჯი საგრძნობლად გაეზარდათ, გაძვირებულია პროდუქტი და ყოველდღიური მოხმარების საგნები. სპეციალისტების თქმით, ეს არის სამჭუხარო რეალობა იმ ფონზე, როდესაც ლარი ასე გაუფასურებულია. პირველადი დანიშნულების საგნები კი უკვე 11%-ით გაძვირდა, ხოლო ხორცპროდუქტები 14%-ით. შესაბამისად, საშუალო ოჯახის ყოველთვიურმა ხარჯმა 70-100 ლარით მოიმატა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი რამდენიმე თვეში 80-100 ლარით გაიზარდა / რამდენად ახერხებენ საქართველოში ტოტალურ ინფლაციასთან და გაზრდილ ხარჯთან გამკლავებას?

"სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი გამოააშკარავა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ამ მასშტაბის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. შემოდგომის მიწურულს ადამიანებს ყველაზე მეტი ხარჯი აქვთ, რადგან ზამთრისთვის მზადება და პროდუქტების მომარაგება სწორედ ამ პერიოდში იწყება. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა რამდენად ახერხებენ საქართველოში ოჯახები ამ ხარჯებთან გამკლავებას და ტოტალური ინფლაციის ფონზე დაახლოებით, რამდენით გაიზარდა თვიური ხარჯი. მია სოლომონია ადასტურებს, რომ, მის ოთხსულიან ოჯახს ხარჯი, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ საგრძნობლად გაეზარდა: „დაახლოებით 80-100 ლარით გამეზარდა ხარჯი, განსაკუთრებით პროდუქტებია გაძვირებული, შეიძლება ლარი ძველ ნიშნულს ნელ-ნელა დაუბრუნდეს, თუმცა ფასები უცვლელი რჩება, თითქოს დრო იხელთეს მოვაჭრეებმა არაადეკვატურად გაზრდეს ფასი და ძველ მაჩვენებელს არა და არ უბრუნდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მაია სოლომონიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"შოთა დობორჯგინიძის ოჯახს თვიური დანახარჯი საგრძნობლად მოემატა. იგი განსაკუთრებით საკვები პროდუქტის გაძვირების გამო წუხს. „ბევრნი ვართ სახლში და შემოდგომას გვაქვს მომარაგების პერიოდი. ჩემი მეუღლე ინახავს ზამთრისთვის კომპოტებს მურაბებს და სხვადასხვა სახის პროდუქტებს, თუმცა წელს იმის ნახევარიც ვერ გავაკეთეთ, რასაც წინა წლებში ვახერხებდით, ხოლმე. ყველაფერი გაძვირდა ყველაფრის ფასი მომატებულია, მაგრამ ხალხს ხელფასი იგივე აქვს და ასეთი შემოსავლით როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ხარჯებს, ამაზე სახელმწიფო საერთოდ არ ფიქრობს, როგორც ჩანს. უაპატრონო ქვეყნაა, არავინ არ აკეთებს ხალხის სასარგებლოდ არაფერს. ჩვენ მთელი ოჯახი ვმუშაობთ და მაინც გვიჭირს ყოველდღიურ ხარჯებთან გამკლავება და ვინც ასე არ არის და მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს ოჯახში, მათ ალბათ შიმშილობა უწევთ. როგორმე უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა და მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას შოთა დობორჯგინიძემ. თბილისელი ლალი დუმბაძე ამბობს, რომ თავის სამსულიან ოჯახს ხარჯები 50-60 ლარით გაეზარდა. „მე ყოველთვის ვითვლი თვეში გაწეულ ხარჯს. ჩვევა მაქვს ესეთი, რომ უკეთ ვაკონტროლო ფინანსები. ახლა მინიმუმ 50-60 ლარით მაქვს თვიური ხარჯი გაზრდილი. ხელფასი კი იგივეა და სახელმწიფო რაზე ფიქრობს, არ ვიცი. ისედაც გაჭირვებული ქვეყანა ვიყავით და ახლა საერთოდ მძიმე ვითარებაა", - აღნიშნა ლალი დუმბაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"რამდენადაც ლარის კურსი რეკორდულად გაუფასურდა, მას მიჰყვება ინფლაციაც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რასაც სტატისტიკა აჩვენებს. პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადგილობრივი პროდუქტია ბაზარზე და როცა ისიც გამოილევა, გაცილებით უარესი შედეგი გვექნება,“ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. უფრო საეჭვო იქნებოდა, რომ სტატისტიკას არ დაეფიქსირებინა ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო-სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, ბაზარზე სიძვირე ძალიან მტკივნეულად ჯერ არ იგრძნობა, რადგან ადგილობრივი პროდუქცია ჯერ საკმაოდ არის. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდება იანვრის შემდეგ, როცა იმპორტის წილი გაიზრდება. რადგან ფასები იზრდება მუდმივად, საბოლოოდ დადგება კიდეც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის გარდაუვალი. რთული მდგომარებაა რეგიონებშიც", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძემ”, - დასძენს გამოცემა.

"მძიმე ვითარებას, ყველაზე უკეთ, "საქასტატის" შემოდგომის დასაწყისში გამოქვეყნებული ინფორმაცია აჩვენებს, რომლის მიხედვიათაც, ბოლო 7 წელიწადში საქართველოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 33%-ით გაძვირდა. რასაც 2012 წლის სექტემბერში 300 ლარად იყიდდით, დღეს იგივე შანაძენისთვის 400 ლარი დაგჭირდებათ. საყურადღებოა, რომ ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა - 95%-ით, ანუ ფასი თითქმის გაორმაგდა. ასევე თითქმის გაორმაგდა მწვანე ლობიოს და ნივრის ფასი.78%-ით გაძვირდა ბავშვის საკვები. მაგალითად, თუ 2012 წლის სექტემბერში თვის განმავლობაში ბავშვის საკვების საყიდლად 300 ლარი იყო საკმარისი, ახლა 534 ლარია საჭირო. 50%-ზე მეტად გაძვირდა ასევე წიწაკა, ხახვი, კარტოფილი, ბრინჯი, ატამი, ფორთოხალი და თევზის კონსერვი. ხორბლის ფქვილი 39%-ით არის გაძვირებული, პური - 20%-ით, ყველი - 38%-ით, რძე - 35%-ით, ხორცი - 33%-ით, ლობიო - 30%-ით, პომიდორი - 28%-ით, კვერცხი - 15%-ით”, - წერს სტატიის ავტორი.

"ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“ - მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე

"არ გამოვრიცხავ და ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეს რუსეთის ჰაკერული ჯგუფების მორიგი თავდასხმაა, რადგან ეს ძალიან ჰგავს მათ ხელწერას,ვფიქრობ, რომ მასობრივი კიბერთავდასხმა იმ საბრძოლო შეტევების გაგრძელებაა, რომლებიც მათ მცოცავი ოკუპაციის პირობებში შეგვიქმნეს," - ასე ეხმიანება "რესონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს კიბერ-სივრცეში განხორციელებულ მასობრივ ჰაკერულ თავდასხმას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“ - მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე

"ორშაბათს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო, საორგანიზაციო, კერძო და სატელევიზიო ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმები ხორციელდებოდა, თავდასხმების მსხვერპლი ჯამში 2 ათასამდე საიტი გახდა. ვებ გვერდებზე გადასვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ჩნდებოდა წარწერით "I LL BE BACK" („მე დავბრუნდები"). მაისაიას თქმით, საქართველოს მსგავსი მასობრივი თავდასხმა რუსეთიდან მანამდე ოთხჯერ განხორციელდა, რის შედეგადაც კონკრეტული კომპიუტერები მწყობრიდანაც კი გამოდიოდა. „კიბერ თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტელექტუალური სამხედრო მოსამსახურეების ასეულები მუშაობენ, ასევე რუსეთის ეროვნული მართვის ცენტრი და გენშტაბის მეორე მთავარი სამმართველოს მოქმედი კიბერ-ჰაკერული ჯგუფები, რომლებიც სამხედრო პირები არიან, ესენი ყველა რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებენ. „სააკაშვილის ფოტოს გამოყენებაზე შესაძლოა ორი ვარიანტი იყოს, ერთი ვარაუდით ეს შესაძლოა ერთგვარი ბოროტი ხუმრობაც იყოს, მეორე ვარიანტით შესაძლოა სააკაშვილის კავშირის მინიშნება იყოს მოსკოვის გარკვეულ დაჯგუფებასთან. „ასეთი მასობრივი კიბერთავდასხმა საქართველოს აქამდეც ჰქონია, მანამდე საქართველოში მსგავსი ტიპის ოთხი კიბერშეტევა განხორციელდა, მაგალითად 2008 წლის ნოემბერში განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი მეც გახლდით, მაშინ რუსი ჰაკერების დარტყმის ობიექტი ჩემი კომპიუტერიც გახდა, რის შედეგადაც კომპიუტერიდან მთელი მასალები წამეშალა. მე მაშინ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე წიგნს ვწერდი, ამის გამო მასალები შეგროვილი მქონდა და ეს მასალები კიბერშეტევის შედეგად გაქრა," - აცხადებს იგი“ - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ეს ქმედება დაუმტკიცდა, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს, რათა აგრესიის ფაქტი დააფიქსიროს. „ეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია და თუ დამტკიცდა, რომ ამას ოკუპანტი ახორციელებს, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს, რომ აგრესიის ფაქტი დაფიქსირდეს. კიბერშეტევა, ანუ ვირტუალური ტიპის აგრესია ნატომ აღიარა, როგორც სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ქართულმა მხარემ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანის გამოიძიოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რუსებს ანალოგიური შეტევები განხორციელებული აქვს იგივე აშშ-ში ბრიტანეთში და ა.შ. "ასეთი ინტენსიური, სახელმწიფო საიტებზე და სხვა ორგანიზაციემზე მასობრივი შეტევა მხოლოდ კარგად ორგანიზებულ და სახელმწიფო ორგანოებზე დაქვემდებარებულ ჯგუფებს შეუძლიათ, ამის გამკეთებლები კერძო ჯგუფები არ იქნებოდნენ, ეს ვარიანტი კი მაძლევს იმის საშუალებას, რომ რუსული კიბერ ომის კლასიკურ ფორმაზე ვივარაუდო," - აცხადებს მაისაია“, - დასძენს გამოცემა.

"ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო", სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გავიდნენ. ინფორმაცია facebook-ით "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ გაავრცელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და საკუთრების ხელყოფას გულისხმობს”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა