ლევან ბოძაშვილი - ვფიქრობ, პრემიერმა აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსებაზე  პლებისციტი უნდა დანიშნოს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილესა და კონსტიტუციონალისტს ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს არა ერთ სახელმწიფო უწყებაზე, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საიტებსა და ვებგვერდებზე განხორციელდა კიბერშეტევა.

შეტევა საკმაოდ მასშტაბური რომ იყო, ამაზე აღარავინ დავობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თუ ვინ განახორციელა კიბერშეტევა, ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. ამ თემაზე თქვენ არა ერთი კომენტარი კი გააკეთეთ, მაგრამ მე მაინც გკითხავთ - როგორ შეაფასებდით მომხდარის მასშტაბებს და თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დადგინდეს კიბერშეტევის წყარო, ან წყაროები?

- ამ მასშტაბურ კიბერშეტევებს არ განვიხილავ მხოლოდ ვიწრო კიბერუსაფრთხოების ტექნიკურ ჭრილში. ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მხოლოდ იმის მტკიცება, რომ უამრავ სხვა სახელმწიფოს უტევენ და რა მოხდა თუ ჩვენთანაც ხდება, კიდევ ერთხელ იქნებოდა ყურადღების გადატანა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემიდან.

ეს პრობლემაა უსაფრთხოების მთლიანი, სტრატეგიული ჩარჩოს არ არსებობა, რომლის კიბერუსაფრთხოების ელემენტი დღევანდელობაში გადამწყვეტიც არის სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის.

კერძოდ, აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეტევა იქნა მიტანილი უამრავ ვებგვერდზე, არამედ ის, რომ მთლიანად კიბერუსაფრთხოების სისტემა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში არის ადვილად მოწყვლადი და ამ შეტევამ ეს წარმოაჩინა.

მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეტევა იქნა მიტანილი უამრავ ვებგვერდზე, არამედ ის, რომ მთლიანად კიბერუსაფრთხოების სისტემა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში არის ადვილად მოწყვლადი და ამ შეტევამ ეს წარმოაჩინა

დღევანდელი განვითარებული სამყაროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ვერ იქნება მხოლოდ საჯარო ინსტიტუციები, კერძო სექტორს აქ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომაც უამრავი განვითარებული სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ასეთნაირად, ერთობლიობაში არის იდენტიფიცირებული.

ამ მოწყვლადობაში ასევე იგულისხმება სახელმწიფოს უნარი დაადგინოს შეტევის წყარო, მოტივაცია და განმეორების საფრთხე, ასევე უნარი შემდგომი დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს.

ამიტომაც, როდესაც სახელმწიფოს კიბერშეტევაზე არ აქვს მკაფიო პასუხის გაცემის უნარი, ეს ფაქტორიც კი მიანიშნებს იმაზე, რომ იგი უუნაროა, ან საქმე შიდა მიზანმიმართულ საბოტაჟთან გვაქვს.

როდესაც სახელმწიფოს კიბერშეტევაზე არ აქვს მკაფიო პასუხის გაცემის უნარი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იგი უუნაროა, ან საქმე შიდა მიზანმიმართულ საბოტაჟთან გვაქვს

ამიტომაც, ამ პრობლემას მე ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში უფრო ვხედავ, ვიდრე ტექნიკური თვალსაზრისით.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს?

- დიახ, შეტევა იყო მასშტაბური და მისი პრევენცია ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა. კიბერუსაფრთხოება დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების გადამწყვეტი პრიორიტეტია.

მაშინ როდესაც პენტაგონი მაიკროსოფტს 10 მილიარდს უხდის ამის უზრუნველყოფაში და ჩვენი ბიუჯეტის უმცირესი ნაწილი მიდის ამ სფეროს უზრუნველყოფაზე, ნათელია, რომ სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები არასწორად არის დალაგებული.

ეს სისტემური პრობლემაა, მენტალურიც და ამავე დროს კომპეტენციურიც. სახელმწიფოს არჩევანი, რომ სხვებზე, თუნდაც პარტნიორებზე იყოს დამოკიდებული კიბერუსაფრთხოების საკითხში, არც სახელმწიფოებრივ წონას გვმატებს და არც კვალიფიციური, უნარიანი პარტნიორის იმიჯს გვიზრდის.

სახელმწიფოს არჩევანი, რომ სხვებზე, თუნდაც პარტნიორებზე იყოს დამოკიდებული კიბერუსაფრთხოების საკითხში, არც სახელმწიფოებრივ წონას გვმატებს და არც კვალიფიციური, უნარიანი პარტნიორის იმიჯს გვიზრდის

- ამ თემაზე კომენტარებში თქვენ გაქვთ ნათქვამი - მომხდარი იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიების ეპაქაში სახელმწიფო ვერ შედგა, როგორც სახელმწიფო. კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც წინა, ისე დღევანდელმა ხელისუფლებამ არა ერთი ნაბიჯი გადადგა.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც მოხდა, საუბარი იმაზე, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით რამე ხელშესახები გაკეთდა, მართლაც ძნელია, ვგულისხმობ, კიბერშეტევის მასშტაბებს.

ფაქტია, რომ თუ კიბერსივრცე დაცული არაა, თქვენივე მოსაზრებით, მომხდარის შემდეგ ერთი ნაბიჯია სხვა ტიპის, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვისაგან. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ბევრად უკეთ იყოს დაცული სავარაუდოდ, უფრო მტკივნეული და სახიფათო კიბერშეტევებისაგან?

- სწორედ იმიტომ, რაც უკვე გითხარით ვთვლი, რომ სახელმწიფო ვერ შედგა, რადგან იგი მხოლოდ რუტინული საჯარო სერვისი არ არის. სახელმწიფო პირველ რიგში ამოცანებისა და პრიორიტეტების სწორად დაგეგმვა და მისი განხორციელებაა.

განხორციელებულმა მასშტაბურმა კიბერშეტევამ ისიც გამოაჩინა, რომ კიბერუსაფრთხოება არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა გასული საუკუნის პარადიგმით იმართება და ჩარჩენილია პარტნიორულ თვითიმედოვნებაში.

განხორციელებულმა მასშტაბურმა კიბერშეტევამ ისიც გამოაჩინა, რომ კიბერუსაფრთხოება არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა გასული საუკუნის პარადიგმით იმართება და ჩარჩენილია პარტნიორულ თვითიმედოვნებაში

რაც შეეხება გამოსავალს, პირველ რიგში ამ სფეროს პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს, შეიქმნას შესაბამისი სტრატეგია საჯარო და არასაჯარო სპეციალისტების მონაწილეობით, ის უნდა დაეფუძნოს არსებული კიბერშესაძლებლობების ნაკლოვანებების შეფასებას, ე.წ. ხვრელებისა და სისუსტეების გამოვლენას და შემდეგ მათი გადაჭრის ადამიანური, ტექნიკური და საბიუჯეტო რესურსების განსაზღვრას და განხორციელების დასახვა მოხდეს.

აქ პრობლემა არ არის ინტელექტუალურ რესურსში, ის გაბნეულია არაერთ საჯარო თუ კერძო უწყებაში და ბევრ ამ სფეროს სპეციალისტს არავინ უსმენს. პრობლემა სწორი სახელმწიფოს მიდგომებისა და ნების არ არსებობაშია.

ამ სფეროს პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს - შეიქმნას შესაბამისი სტრატეგია საჯარო და არასაჯარო სპეციალისტების მონაწილეობით. ის უნდა დაეფუძნოს არსებული კიბერშესაძლებლობების ნაკლოვანებების შეფასებას, ე.წ. ხვრელებისა და სისუსტეების გამოვლენას და შემდეგ მათი გადაჭრის ადამიანური, ტექნიკური და საბიუჯეტო რესურსების განსაზღვრას და განხორციელების დასახვა მოხდეს

ზოგადად, სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივია ირლანდიის მაგალითი. ქვეყნისა, რომელიც ადამიანური და ბუნებრივი მასშტაბებით თითქმის იდენტურია საქართველოსი.

თითქმის 2 ათეული წლის წინ ირლანდიას ჰქონდა იგივე პრობლემები რაც ჩვენ, დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობა, დიდი ემიგრაციის დონე, სამუშაო ადგილების არ არსებობა, ეკონომიკის დაბალი განვითარების ტემპი. დღეს ირლანდია განვითარების ბევრი პარამეტრით მსოფლიოს ათეულსა და ხუთეულშია ზოგ შემთხვევაშიც.

პრობლემა სწორი სახელმწიფოს მიდგომებისა და ნების არ არსებობაშია

ყველაზე მთავარი რამაც ირლანდიის სწრაფი განვითარება უზრუნველყო, იყო ის, რომ ქვეყანამ მოახერხა ეროვნული წარმატების იდეოლოგიზაცია. წარმატება გახდა საერთო ეროვნული მიზანი, მოხდა მისი სოციალიზაცია და ერს გაუჩნდა კონკრეტული ფუნქცია.

მიზნის დასახვამ მოახდინა ეროვნული პრიორიტეტების გამოკვეთა, ნაკლოვანებების წარმოჩენა და გზებიც შესაბამისად გამოინახა. დღეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა სწორედ ის არის, რომ საყოველთაო ნიჰილიზმისა და აპათიის ფონზე არ გვაქვს საერთო ეროვნული მიზანი, საქვეყნო წარმატების მოთხოვნილება და ამას ხელს პირველ რიგში ხელისუფლების დამოკიდებულება უწყობს.

დღეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა სწორედ ის არის, რომ საყოველთაო ნიჰილიზმისა და აპათიის ფონზე არ გვაქვს საერთო ეროვნული მიზანი, საქვეყნო წარმატების მოთხოვნილება და ამას ხელს პირველ რიგში ხელისუფლების დამოკიდებულება უწყობს

ხშირად მიფიქრია, რომ ამ ხელისუფლებას არ სურს, ეწინააღმდეგება ეროვნულ წარმატებას, ეშინია მისი, ეშინია სახელმწიფოს განვითარების და ბედნიერების და ხალხს სთხოვს არსებულით დაკმაყოფილდეს.

ირლანდიის მაგალითი მოწმობს, რომ ძალიან მცირე დროში, 8-9 წელიწადში შესაძლებელია სახელმწიფოებრივი გარდატეხის მოხდენა, ხოლო ის ვინც გვეუბნება მუდმივად, რომ ქვეყნის განვითარებას ათწლეულები სჭირდება, უბრალოდ გვატყუებს, ცდილობს მენტალურად დაგვაკომპლექსოს და ამ ფონზე გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.

- სირიაში განვითარებული მოვლენები ფონზე რუსეთმა პოზიციები ახლო აღმოსავლეთში გაიძლიერა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სირიაში ქურთების შევიწროებას ჯერ ახერხებს და იმასაც კი მიაღწია, რომ შეიარაღებულმა ქურთებმა თურქეთისათვის სასურველი ზონა დატოვონ.

ამ მოვლენების ფონზე დანია მაინც დათანხმდა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი -2-ის მშენებლობას, რაც რუსული დიპლომატიის გამარჯვებად ფასდება. პარალელურად რუსეთმა გააძლიერა სომხეთში არსებული მისივე სამხედრო ბაზა, რისთვისაც გიუმრიში ჩასული იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ. სომეხ ექსპერტთა მტკიცებით, გიუმრის სამხედრო ბაზა იმდაგვარად გაძლიერდება, რომ საქართველო ნატოში კიდეც რომ შევიდეს, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება.

თუ თურქეთ-რუსეთის უპრეცედენტო დაახლობას გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ საქართველოსთვის აშკარად არასასურველი სურათი იხატება.

თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გაძლიერების ფონზე ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს და სავარაუდოდ, რა საფრთხეებს შეიცავენ ისინი?

- საქართველოს ნატოში შესვლა თავდაცვითი, უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფის საკითხია და არა შეტევითი. ამიტომ გიუმრის ბაზა როგორ გაძლიერდება ამის რელევანტურობა აქ უადგილოა.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული „ჩექმა“ ძლიერდება, მაგრამ სწორედ ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას.

სამწუხაროა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული „ჩექმა“ ძლიერდება, მაგრამ სწორედ ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას

ფაქტია, რომ ამერიკის ბოლოდროინდელი სტრატეგიული თავშეკავება, თურქეთთან მისი გართულებული ურთიერთობები არ შედის ჩვენს პირდაპირ ინტერესებში, მაგრამ სწორედ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო ზემონახსენებ თვითიმედოვნებაში ვიყოთ და მხოლოდ პარტნიორების იმედად დავტოვოთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და განვითარება.

ვგულისხმობ არა იმას, რომ პარტნიორები არ გვეხმარებიან, პირიქით, არამედ იმას, რომ არ შეიძლება სხვის იმედად მუდმივად მყოფი სახელმწიფო წარმატებული იყოს. სწორედ ეს ამტკიცებს იმას, რომ ასეთი ტემპით სახელმწიფოს განვითარება, რაც უფრო განუვითარებლობა და უკუსვლაა, დაუშვებელია და ეს ყველაფერი, ასეთი მიდგომები უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ.

შეიძლება სხვის იმედად მუდმივად მყოფი სახელმწიფო წარმატებული იყოს? სწორედ ეს ამტკიცებს იმას, რომ ასეთი ტემპით სახელმწიფოს განვითარება, რაც უფრო განუვითარებლობა და უკუსვლაა, დაუშვებელია და ეს ყველაფერი, ასეთი მიდგომები უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ

შეფასებების დრო წავიდა, ახლა გამოსავლის, ცვლილებების დროა, თანაც ეს იმდენად სასწრაფოდ არის მოსახდენი რომ პრაქტიკულად დრო აღარ გვაქვს. ეს ყველაფერი იმ ფონზე როდესაც რუსული გავლენები ძლიერდება მათ შორის ზუსტად ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს მანამდე წარმოუდგენელი იყო.

დანია კარგი მაგალითია, საკმარისია გავიხსენოთ "დანსკე ბანკის" ამასწინანდელი სკანდალი, როდესაც 220 მილიარდი შავი რუსული ფულის გათეთრება მოხდა, ხოლო სულ ორიოდე თვის წინ მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი მოკლეს დღისით მზისით.

არ ვფიქრობ, რომ აშშ რუსეთს სირიაში ბოლომდე დაუთმობს პოზიციებს. ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა. სირიაში პრეზიდენტ ობამას 2014 წლის გადაწყვეტილებებს დღემდე იმკის სტრატეგიული მსოფლიო საზოგადოება.

- რამოდენიმე დღის წინ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა გეგმებს ამუშავებს რუსეთი იმ შემთხვევისათვის, თუ მის დღის წესრიგში საქართველოს საზღვაო სივრცის ჩაკეტვის აუცილებლობა დადგა.

ცხადია, რომ ასეთ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. დღე არ გავა, რომ ამ თემაზე რამე ინფორმაცია არ გავრცელდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მეტი დრო გადის, ამ საკითხში სულ მეტი ბუნდოვანება გვაქვს.

ამას წინათ ბატონმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში იხუმრა - ანაკლიის პორტი იმდენად ღმაწყლოვანია, რომ თავისივე ღმაწყლოვანებაში ჩაიძირაო. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ ხდება და რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ანაკლიის პორტი თავისივე ღმაწყლოვანებაში არ ჩაიძირება?

- საზოგადოება ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჯერ კიდევ ვერ აფასებს ადეკვატურად. გავიხსენოთ რა თქვა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა 2017 წლის ზაფხულში ანაკლიის თაობაზე - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მაჩვენებელია.. ჩვენს ორ ერს აქვს დიდი ჯერ კიდევ გამოუთქმელი შესაძლებლობები კეთილდღეობის გასაძლიერებლად“.

მაიკლ პომპეოს სიტყვებიც ამ წლის ივნისში ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის, ეროვნული საგარეო ორიენტაციის წყალგამყოფად ითვლება. ვფიქრობ ამით ყველაფერია ნათქვამი.

ამიტომაც, დროა, ხელისუფლებამ საჯაროდ დაასახელოს რაშია რეალურად პორტის მშენებლობის გაჭიანურების პრობლემა. ინვესტირების არ არსებობა-არსებობა არის მეორადი, ხელოვნური და მარტივად გადალახვადი პრობლემა. აღმოფხვრას ეს პრობლემა და ააშენოს პორტი. ეს წლის ბოლომდე უნდა მოხდეს და ვფიქრობ მოხდება კიდეც.

ამიტომაც, დროა, ხელისუფლებამ საჯაროდ დაასახელოს რაშია რეალურად პორტის მშენებლობის გაჭიანურების პრობლემა. ინვესტირების არარსებობა-არსებობა არის მეორადი, ხელოვნური და მარტივად გადალახვადი პრობლემა

მოდით საკითხი შევადაროთ ქვეშეთი-კობის დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობას, რომელშიც სახელმწიფო 600 მილიონამდე თანხის მობილიზებას აპირებს. ეს იქნება თანხა, რომელიც იქნება ჩვენი გადასახდელი, ჩვენი ჯიბიდან, ბიუჯეტიდან.

აქ დგება კითხვა - ნუთუ 50 მილიონ დოლარიანი მეორადი, სარეზერვო გარანტია ანაკლიის შემთხვევაში იყო პრობლემა, როდესაც სახელმწიფო რუსეთის ინტერესებში მყოფი ჩრდილო-სამხრეთი მაგისტრალის აშენებისთვის იღებს 600 მილიონამდე სესხს?

სად არის ამ მაგისტრალის თუნდაც ეკონომიკური მომგებიანობა, რატომ უნდა ვიხადოთ ამ მაგისტრალის აშენების ფული ჩვენ და მომდევნო თაობებმა სტრატეგიული და კულტურული ინტერესების შეზღუდვის ფონზე?

რას მოვიგებთ ამით იმდენს რამდენსაც ვერ მოიგებდა სახელმწიფო ანაკლიის პორტის აშენებით? თუ სახელმწიფო ქვეშეთი-კობის მაგისტრალისთვის ასე სწრაფად ახდენს 600 მილიონამდე თანხის მობილიზებას, ასე სწრაფად, რატომ ვერ მოახერხა ინვესტორების შენარჩუნება ანაკლიაზე და 50 მილიონის საკუთარ რეზერვშივე ჩადება?

თუ სახელმწიფო ქვეშეთი-კობის მაგისტრალისთვის ასე სწრაფად ახდენს 600 მილიონამდე თანხის მობილიზებას, ასე სწრაფად, რატომ ვერ მოახერხა ინვესტორების შენარჩუნება ანაკლიაზე და 50 მილიონის საკუთარ რეზერვშივე ჩადება?

- მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, ყველაფერი რაც შიდა პოლიტიკაში ხდება სწორედ ამ არჩევნებს უკავშირდება. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- 2020 წლის არჩევნებამდე არის ერთი წელი, მაგრამ არჩევნებამდე შეიძლება სულ 6 თვეც არ იყოს. ვგულისხმობ, რომ გაზაფხულზე არც ვადამდელი არჩევნების გამორიცხვა შეიძლება და არც 2020 წელს ისევ მოქმედი სისტემით არჩევნების ჩატარება.

ბოლო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, როდესაც განიხილეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე, დაფიქსირდა ყველა პარტიის მხარდაჭერა მის მიმართ.

ამ ფონზე კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება რაც სხდომის შემდეგ გაკეთდა, რომ შეიძლება ოპოზიციამ ამ შემოთავაზებას მხარი არ დაუჭიროს და ამის გამო პროექტი ჩავარდეს, ჩემი ეჭვები, რომ მმართველი პარტია განიხილავს ვერსიას, რომ მომდევნო არჩევნები კვლავ მოქმედი წესით ჩატარდეს, კიდევ უფრო გამძაფრდა.

ჩემი ეჭვები, რომ მმართველი პარტია განიხილავს ვერსიას მომდევნო არჩევნები კვლავ მოქმედი წესით ჩატარდეს, კიდევ უფრო გამძაფრდა

ამას გარდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ უკვე არჩევნების შემდგომ, მმართველი პარტია შეგნებულად არ წავიდეს კოალიციაზე პარლამენტში მოხვედრილ არც ერთ სუბიექტთან და შექმნას ხელოვნური სახელისუფლებო კრიზისი, რითაც მოახდენს ახალი არჩევნების ჩატარების ინიცირებას.

პრეზიდენტის მეშვეობით დაითხოვს ახალარჩეულ პარლამენტს და უკვე შემდეგ არჩევნებს ჩაატარებს 5%-იანი ბარიერის პირობებში, რითიც შეეცდება არსებული ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებას და შესაბამისად ხელისუფლებაში დარჩენას მმართველი პარტიის სახით.

ვფიქრობ, რომ როდესაც არ უნდა ჩატარდეს, 2020 წლის არჩევნები იქნება ღირებულებითი არჩევნები - ერთი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, დასავლეთ-რუსეთს შორის არჩევანითა და მეორე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დამოკიდებულების თვალსაზრისით.

2020 წლის არჩევნები იქნება ღირებულებითი არჩევნები - ერთი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, დასავლეთ-რუსეთს შორის არჩევანითა და მეორე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დამოკიდებულების თვალსაზრისით

იმისათვის, რომ არჩევნებზე მოხდეს პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, ვფიქრობ, აუცილებელია პრემიერმა არჩევნების დღეს დანიშნოს პლებისციტი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე.

თუ პრემიერი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ნათელი გახდება, რომ ამ საკითხის განხორციელებას მთავრობა მხარს არ უჭერს. არ მაქვს ილუზია, რომ მთავრობას ამის გამბედაობა ან ნება ეყოფა, მაგრამ საინტერესო იქნება რა არგუმენტს მოიყვანს ამის საწინააღმდეგოდ, როცა საუბარი არის საერთო-სახალხო გამოკითხვაზე და არა უშუალოდ ბაზის განთავსებაზე.

ჩვენ ყოველდღიურად გვესმის სამთავრობო განცხადებები, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა, ჯერ საკითხავია ეს ნიშნული რაში გამოიხატება და თუ მართლაც ასეა, მაშინ 2 მთავარი ნიშნული - ანაკლია და სამხედრო ბაზა რატომ უნდა იყოს მიუღებელი ხელისუფლებისათვის?!

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა