ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2019

გიორგი გობრონიძე - “საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”

“კულუარული საუბრები მიდის რუსეთის პატრიარქთან და ხელისუფლებასთანაც” - ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის

დათო მაღრაძე - “ჩაიშალა არა პრეზენტაცია, არამედ ჩაუვარდათ საპროტესტო აქცია”

* * *

გიორგი გობრონიძე - “საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”

“ის, რაც ვნახეთ 31 ოქტომბერს, ვფიქრობ, იყო გარეგნული გამოხატულება იმ კრიზისისა, რაც არსებობს დღეს საქართველოს საპატრიარქოში. კრიზისი გამოჩნდა ჯერ კიდევ ე.წ. მამალაძის საქმის დროს, თუმცა ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, უფრო ადრე იღებს სათავეს. ვგულისხმობ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რითიც ეკლესიამ მიიღო პრივილეგიები, ამან კი გააჩინა იმგვარი ცდუნებები, რაც აღარ არის დაკავშირებული რელიგიასთან და გულისხმობს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიკეთეების მოპოვებას. არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გამოყენების მცდელობა. ძალიან რთულია, ჩვენი ტიპის საზოგადოებაში დაიცვა რეალური სეკულარული ბალანსი. მოდი, ვაღიაროთ - ამ ბალანსის დაცვა ჩვენში არც ერთ ხელისუფლებას არ უცდია; არ უცდია, არ ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში და პირიქით, არ დაეშვა პოლიტიკაში სამღვდელო პირთა ჩართვა. ამიტომაც მივიღეთ ძალიან მანკიერი ურთიერთობის სისტემა. შესაძლოა ამ პროცესებში ვეძებოთ გარე ძალების კვალიც, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ქართულმა სახელმწიფომ და საპატრიარქომ ვერ დაიცვეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”.

“სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ სააშკარაოზე ვიხილეთ, მიჩენს აზრს, რომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა საპატრიარქოს შიგნით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსალოდნელია ეკლესიის ავტორიტეტის შემცირება... იქნებ ამას მოჰყვეს ის პოზიტიური შედეგი, რომ მომავალ ხელისუფლებებს საკუთარი სისულელის ფონზე პოზიციების გასამყარებლად ღვთაებრივი ლეგიტიმაციის მოპოვების ცდუნება აღარ გაუჩნდეთ. საქართველოში პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობდნენ, ეკლესია ან პარტნიორად გაეხადათ, ან მასზე გავლენა მოეპოვებინათ. მაშინ, როცა საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობ რეალურ გამოსავლად, სასუფევლის დაპირება იოლია. ასეთ პოპულიზმთან გვქონდა საქმე წლების განმავლობაში. პრობლემა ისიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები კი ცდილობდნენ ეკლესიის გამოყენებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან თავის შორს დაჭერას არც ეკლესია ცდილობდა. არაერთი მღვდელმსახურისგან გვსმენია ამბიონებიდან ქადაგება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც ნაწილი აშკარად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს, ნაწილი - ბიძინა ივანიშვილს. ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ყველას ეკლესიის წიაღში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“დიდი პრობლემაა მრევლშიც. ვამბობთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 99% მართლმადიდებელია, მაგრამ საინტერესოა, რა არის მათთვის რელიგია და სარწმუნოება; აქვს კი მათ უმრავლესობას გააზრებული რწმენისა და ქრისტიანული იდეის აზრი, ან იციან, რას ნიშნავს, იყო ქრისტიანული კულტურის ნაწილი?! ვეჭვობ, რომ არა. მათთვის სარწმუნოება უფრო ტრადიციაა. სამწუხაროდ, არც ქრისტიანული საზოგადოება გვყავს და სასულიერო პირების ნაწილიც ვერ გამოხატავს ქრისტიანულ მრწამსს. ის, რაც მოხდა და რაც აუცილებლად დაარტყამს ეკლესიის ავტორიტეტს, უპირველესად მაინც ჩვენი შეცდომების შედეგია. ადვილია, გარეთ დავაბრალოთ ვიღაცას რაღაცა, მაგრამ ჩვენ კი გვქონდა დალაგებული საქმე ისე, რომ იქ უცხო ძალას თავისი ინტერესებით ვერ შეეღწია? მეტი ერთგულება რომ ჰქონოდათ ადამიანებს ღვთისა, პირად ამბიციებსა და ინტერესებზე რომ არ ეფიქრათ, ამ შედეგს არ მივიღებდით...”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთსულოვნად დამტკიცებული “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” უმნიშვნელოვანესია რამდენიმე თვალსაზრისით. შინაარსთან ერთად აღსანიშნავია, რომ ის მხარდაჭერილია აშშ-ის ორივე პარტიის მიერ, რაც ნიშნავს, რომ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” ამერიკული პოლიტიკური კონსენსუსის შედეგია. სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარი კონსენსუსი, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი, ფაქტობრივად, მიუღწეველი რჩება და ხშირად ვიწროპარტიულ ინტერესებს ეწირება მნიშვნელოვანი საკითხები. მოკლედ, ამ დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება თეთრი სახლის ადმინისტრაცია, საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება... ეს არის მკაფიო გზავნილი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ნეგატიური განწყობა აქვთ საქართველოს მიმართ, მათ შორის - რუსეთის ფედერაციისთვის. ეს აქტი ასევე გახლავთ მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილი ჩვენთვისაც, რომ შეგვიძლია ვენდოთ აშშ-ს, როგორც ჩვენს მოკავშირეს. სასურველია, ჩვენთანაც კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდეს საგარეო პოლიტიკური ხედვა. ჩვენც გვჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პოზიცია, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, მიუხედავად იმისა, ვინ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში”, - დაასკვნის ექსპერტი.

“მიუხედავად იმისა, დღეს რა ხდება საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ ვუყურებთ რუსულ სამხედრო აღმშენებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ეს გახლავთ მთავარი პრობლემა, კიბერუსაფრთხოებასთან ერთად... როგორც ვთქვი, სავარაუდოა, რომ ამ შეტევის უკან რუსეთის ფედერაცია იდგეს; არ არის გამორიცხული, ამას მოჰყვეს სხვა, უფრო მძლავრი და დამანგრეველი კიბერთავდასხმები. გარდა ამისა, საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ. ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, სირიაში რუსეთის ყოფნას ემატება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აღმშენებლობის პროცესი.ეს არის პირველი თემა და საფრთხე საქართველოსთვის. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ომის დაწყების ალბათობა დაბალია, თუ რუსეთმა დაინახა ომის დაწყების საჭიროება, ამას ადვილად შეძლებს ჩვენივე ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო კონტინგენტის გამოყენებით...”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“ამბობენ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი ჰუმანიტარულია, მაგრამ მათი შეხვედრების მიუხედავად, ის ქართველები, რომლებიც დარჩენილი არიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ცხოვრებენ აპარტეიდის რეჟიმში - დევნის, შევიწროების პირობებში. აფხაზეთში შეცვალეს ამ კვაზიწარმონაქმნის კვაზიკანონმდებლობა და ეთნიკურ ქართველებს ჩამოართვეს არა მხოლოდ სამოქალაქო, სოციალური უფლებებიც. მათ ეზღუდებათ გადაადგილება, განათლების უფლება; ახალგორში ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში ცხოვრობს; აშკარაა, რომ მიმდინარეობს ქართველების ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროება. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ამ ორ კვაზიწარმონაქმნში ფაშისტურ რეჟიმებს აყალიბებს? საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხორციელდება პატარა ეთნოკრატიებით, რომლებიც მათ შექმნეს. ამ ვითარებაში რა ჰუმანიტარულ თემებზე ვაპირებთ კარასინთან ლაპარაკს? იქცევა ეს საკითხები განხილვის თემად ან გვაქვს რაიმე პოზიტიური ცვლილების იმედი?!”, - დასძენს ექსპერტი.

“კულუარული საუბრები მიდის რუსეთის პატრიარქთან და ხელისუფლებასთანაც” - ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის

“დიდი ხანია ეს პროცესი დაიწყო - ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის. საპატრიარქოში მღვდელმთავრებს შორის სხვადასხვა დაჯგუფებებია და ყოველი დაჯგუფება იბრძვის იმისთვის, რომ პატრიარქად საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს. ეს დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამაში, რა თქმა უნდა, ჩართულია, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, ძველი და ახალი”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “კულუარული საუბრები მიდის რუსეთის პატრიარქთან და ხელისუფლებასთანაც” - ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის.

“ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, პატრიარქის განკარგულებით, ის შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს. “მოთხოვნა “განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად” - არაკანონიკურ მსჯავრს წარმოადგენს. მიტროპოლიტს უნდა მიეცეს ბრალის დადასტურების შესაძლებლობა, კანონიკურ სამართლებრივი გზით შემდგომ სინოდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რა უნდა მოინანიოს მიტროპოლიტმა, რომელიც ირწმუნება, რომ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე აქვს საკმარისი სამხილი და მისი მიზანი ვითარების გაუმჯობესებაა”, - წერს “ფეისბუქზე” თეოლოგი ლადო ნარსია. 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულებას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - მეუფე იაკობ იაკობაშვილის სკანდალური განცხადება სინოდის გადაწყვეტილებამ და მეუფე პეტრეს ასევე სკანდალურმა განცხადებამ ჩაანაცვლა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი, ის ეპარქიის მმართველად რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) შეცვლის, რომელიც პირველ ნოემბერს, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, მარტვილში ჩავიდა და ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასა და მრევლს შეხვდა. ვახტანგ ძაბირაძე საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების საფუძველსა და გარკვეულ მიზანზე საუბრობს; მისი თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებამ ის მთავარი საკითხი გადაფარა, რომელიც მეუფე იაკობმა წამოჭრა - თუკი მისი განცხადება სიმართლეს შეესაბამება, აქედან გამოდის დასკვნა, რომ სახელმწიფო საეკლესიო საქმეებში უხეშად ერევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსთა ვიზიტებს თუ გავითვალისწინებთ, რა ხდებოდა აშშ-ში ბოლო ორი წლის განავლობაში, ვნახავთ, რომ იქაც სხვადასხვა დაჯგუფებაა. რუსეთთან ღიად არ ჩანს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კულუარული საუბრები მიდის არა მხოლოდ რუსეთის პატრიარქთან, არამედ ხელისუფლებასთანაც. ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება და საზოგადოებაშიც გამოჟონა. ყველაფერს ამართლებს ერთი ანდაზა, “რაც ერი, ის ბერი”, - რაც ხდება საქართველოში, ზოგადად საზოგადოებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე, იგივე პროცესები მიდის ეკლესიაშიც. არ მგონია, რომ ეს უბრალოდ ყურადღების გადატანა იყოს ერთი თემიდან მეორეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც შედგა თუ არა ის საუბარი. თუ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ პატრიარქი უნდა ჩანაცვლდეს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში ერევა. მგონია, რომ ქვეყნისთვის და ერისთვისაც ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მეუფე პეტრე ბერად შიომღვიმეში წავა, თუ სხვა რომელიმე მონასტერში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს ეწევა და ალბათ იმით დასრულდება, რომ გარკვეული ძალა გამოიკვეთება. როდესაც მოსაყდრედ მეუფე შიო დასახელდა, თითქოს სიტუაცია საპატრიარქოში დალაგდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მონასტერი ისევ აირია. წმინდა სინოდის შეკრებაზე საზოგადოებაში მოლოდინი იყო იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც მეუფე იაკობმა გააკეთა. აქ საერთოდ ატრიალდა ეს თემა და სულ სხვა შედეგი მივიღეთ; თუ მეუფე პეტრეს განცხადებები საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და კერძოდ პატრიარქისთვის, მისი ჩამოშორება საეპისკოპოსოდან შეიძლებოდა უფრო ადრეც მომხდარიყო და გაგზავნა მონასტერში. თემის და მოლოდინების ცვლილება მოხდა, თუ რატომ, ცოტა გაუგებარია. იმის თქმა, რომ მეუფე იაკობმა კარდინალურად შეცვალა თავისი პოზიცია, ეს არ ჩანს. გარდა ამისა, ხელისუფლების აქტიურობასაც თუ შევხედავთ, ამ შემთხვევაში, უფრო აქცენტების გადანაცვლება მოხდა. იმდენად მოულოდნელი და ამასთანავე, შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა მეუფე პეტრემ, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ზის, მეუფე იაკობის განცხადება უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩა და მთელი მედია დაკავებულია საპატრიარქოს, პატრიარქის, წმინდა სინოდისა და მეუფე პეტრეს ურთიერთობით”, - დასძენს ძაბირაძე.

“თეოლოგი ლადო ნარსია “ფეისბუქპოსტს” აქვეყნებს შემდეგი სათაურით - “წმ. სინოდის სხდომის ოქმის არაკანონიკურობის და ვალიდურობის პრობლემის შესახებ”. “დადგენილებაში მითითებული მრავალჯერადი მსჯავრი (აეკრძალოს მღვდელმოქმედება; განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად), ეკლესიის ძირეულ სამართლებრივ პრინციპს არღვევს, რომელიც განმტკიცებულია მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის 9-ე კანონებით: “შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ”. ბუნდოვანი ფორმულირებაა - “აეკრძალოს მღვდელმოქმედება”. უნდა იყოს - “დროებით შეეზღუდოს სამღვდელმთავრო ფუნქციების განხორციელება” და ამასთან ერთად, უნდა იქნას ჩამოთვლილი აღნიშნული ფუნქციები. მოთხოვნა - “განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან”, სრულიად დაუსაბუთებელია და წარმოადგენს არა კანონიკურ-სამართლებრივ მსჯავრს, არამედ სისტემის შურისგებას “ურჩ” ეპისკოპოსზე. ე.ი. არსობრივად ეს სანქცია საბჭოთა რეჟიმის დროს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ძალადობის ინსტრუმენტია ეკლესიაზე”, - მიიჩნევს თეოლოგი, რომლის აზრით, “ამ მავნე გავლენებს და ინერციებს ეკლესიამ თავი უნდა დააღწიოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეპისკოპოს გრიგოლ კაციას მივლინება მარტვილის ეპარქიაში არაკანონიკურია. წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შეზღუდული აქვს “მღვდელმოქმედების” უფლებამოსილება და არა მმარველობის უფლებამოსილება. შესაბამისად, აუხსნელია მეუფე პეტრესთვის სამიტროპოლიტო - ე.ი. მმართველობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მიზეზი. რომ შევაჯამოთ, მეუფე პეტრემ მორჩილებით მიიღო წმ. სინოდისაგან დაუმსახურებელი სასჯელი. მსგავს ფაქტებს, როგორც საქართველოს, ასევე ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში უამრავი პარალელი ეძებნება. მჯერა, რომ ეს დროებითია, რადგან ზრუნვა საქართველოს ეკლესიაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სიცოცხლეშივე აუცილებლად იქნება დაფასებული ქრისტეს ეკლესიის მიერ: “და რომელნი - იგი ცოდვიდნენ წინაშე ყოველათაისა ამხილე, რაითა სხუათა მათ ეშინოდის”, - ამბობს თეოლოგი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

დათო მაღრაძე - “ჩაიშალა არა პრეზენტაცია, არამედ ჩაუვარდათ საპროტესტო აქცია”

“ვფიქრობ, მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც თანამედროვე პოეტი აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე ითარგმნა. რაც შეეხება იორდანიაში გამართულ ფორუმს, მასში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი იორდანიაში ზაზა კანდელაკი და თავიდანვე ვიტყვი, რომ საქართველოს მისი სახით ძალიან ღირსეული დიპლომატი ჰყავს. ასევე ესწრებოდნენ ჩემი წიგნის, “ჯაკომო პონტის” აფხაზურ ენაზე მთარგმნელი ირმა ოსია, რომელიც გუდაუთიდან გახლავთ და ჩერქეზულ ენაზე მთარგმნელი ლარისა ტურწაყვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენელი მკვლევრები, ასევე აშშ-სა და თურქეთში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები”, - აცხადებს პოეტი დათო მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რაც ხდება, ეს დესტრუქციული რევანშია” / “თუ ეკლესიაში გაჯანსაღება დაიწყო, მაშინ საზოგადოების გაჯანსაღებაც დაიწყება“.

“ღონისძიება მხედველობიდან არ გამორჩა იორდანიაში რუსეთის საელჩოს და მის სპეცსამსახურებს, ვის ინტერესებშიც არ შედის თანამედროვე ქართველი პოეტის, ქართული წიგნის აფხაზურად და ოსურად თარგმნა და გამოცემა. დიდი გამოცნობა ამას არ სჭირდება. ღონისძიებამდეც იყო ინფორმაცია, რომ რაღაცას აპირებდნენ, ბოლოს კი პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს. პროტესტანტები მოვიდნენ ე.წ. აფხაზური დროშებით, რუსულწარწერებიანი ტრანსპარანტებით. ჯერ სასახლის წინ გამართეს აქცია, შემდეგ შემოვიდნენ შეძახილებით, ხმაურით. უნდოდათ ჩვენი ღონისძიების ჩაშლა, რომელსაც ესწრებოდნენ იორდანიის პარლამენტის წევრები, იორდანიაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და ა.შ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი გამოდიოდა სიტყვით - ამ მომენტს განზრახ დაუცადეს. ჩვენმა შეგნებამ, კულტურამ და საქმისადმი ერთგულებამ გამოიწვია ის, რომ ჩაიშალა არა პრეზენტაცია, არამედ საპროტესტო აქცია - ჩაუვარდათ მცდელობა, რომ წიგნის წარდგენა ჩაშლილიყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მაღრაძე.

“მათ არავინ მიაქცია ყურადღება, ელჩმა მშვიდად გააგრძელა გამოსვლა, მათი ხმაური კი ნელ-ნელა იკლებდა და როდესაც მიკროფონთან მივიდა ირმა ოსია და აფხაზურად დაიწყო ლექსის კითხვა, ეს ხალხი მიხვდა, რომ აფხაზეთის ხმა იმწუთას სცენაზე იყო, სწორედ ირმა ოსიას წაკითხულ ქართველი პოეტის ლექსში ისმოდა და არა - მათ ხმაურში. ბოლოს უხმოდ დატოვეს დარბაზი. გამართლდა ჩემი სიტყვები, რომ პოეზიას ვერ დააკავებს ვერც მავთულხლართი და ვერც მესაზღვრე. ამბავი ამ წარდგენისა მოედო მთელ საერთაშორისო სოციალურ ქსელებს. დაიხატა სურათი - იმპერია პოეტის წინააღმდეგ, რაც პოეტის გამარჯვებით დასრულდა. იქ ითქვა და შემდგომ დაიწერა კიდეც, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის იცნეს რუსეთის საელჩოს ოფიციალური თანამშრომლები. მათი განზრახვა არ იყო სასიკეთო, მაგრამ გამოუვიდათ ისე, რომ წარდგენას საერთაშორისო რეზონანსი შესძინეს. მძიმე დღეში ჩაცვივდნენ. ტრანსპარანტზე ეწერათ, ქართველებმა გენოციდი მოგვიწყვესო და ამ დროს სწორედ ქართველების წყალობით დარბაზში აფხაზური ენა ისმოდა. ეს გენიალური წუთები იყო. რუსულმა საიტებმა სცადეს გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს პრეზენტაცია ჩაიშალა, ანუ სცადეს სურვილი რეალობად წარმოეჩინათ...”, - დაასკვნის პოეტი.

“რაც შეეხება ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარებას, ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა ეკლესიის ერთიანობის გადარჩენა და შენარჩუნება, ოღონდ - კულტურულ სივრცეში. რაც ჩვენ ვიხილეთ, არ არის კულტურული სივრცის ნაწილი. ვნახეთ დიდი უხამსობა. მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის უდიდესი პრობლემა საზოგადოების პოლარიზებაა. ამ პოლარიზაციის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ვინც დაკარგა ხელისუფლება 2012 წელს, ის ცდილობს რევანშს და ამ ყველაფერში ხელისუფლების ბრალიც დიდია. მათ სურდათ ამ რევანშისტული ძალების დამარცხება ისე, რომ გამარჯვებული არავინ ყოფილიყო. საზოგადოებრივი კონსოლიდაცია არ სცადეს, არადა, სწორედ საზოგადოებამ მოიყვანა `ოცნება~ ხელისუფლებაში. საქმე ის არის, რომ თუ საზოგადოება თავს გამარჯვების თანამონაწილედ მიიჩნევს, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს მისი აზრი გაითვალისწინოს, ეს კი ხელისუფალთ აღარ მოსწონთ. ამ ხელისუფლებამ ბუნებრივად დაწყებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხელოვნურად შეაჩერა კონსოლიდირებული საზოგადოების დასაბალანსებლად. ეს არ უნდა მომხდარიყო ეკლესიაში, ვერ უნდა გაებედათ ამის კადრება, მაგრამ ხელოვნურად რომ შეაკავეს სიმართლის გამარჯვება, ეს ამის შედეგია”, - დასძენს დათო მაღრაძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, როგორ აირეკლება ეს პროცესები საზოგადოებაზე?” - პასუხობს:

“ეს ყველაფერი, ცხადია, მტკივნეულია, მაგრამ თუ ეკლესიაში გაჯანსაღება დაიწყო, მაშინ საზოგადოების გაჯანსაღებაც დაიწყება. ჩვენ შეიძლება ერთმანეთთან აზრთა ჭიდილში ვიყოთ, მაგრამ თანაცხოვრების კულტურას უნდა მივეჩვიოთ. დესტრუქციული რევანში, რომელიც დამყარებულია დანაშაულზე და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მისი დაშლისა და დამსხვრევისკენ, არ შეიძლება პოლიტიკის ნაწილი იყოს. აქვე ვიტყვი, რომ არ უნდა ვიყოთ ხელისუფლების კეთილი ნების მოლოდინში. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ჩვენს დასაბალანსებლად კრიმინალები პოლიტიკურ მხარედ არ წარმოაჩინოს...”

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა