გია ხუხაშვილი - თუ ეკლესიას უნდა ჰქონდეს ერის მაკონსოლიდირებლის როლი, უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ვინაიდან ახლა ჩვენში აქტიურად განიხილავენ დანიური გამოცემისთვის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ინტერვიუმ და როგორ შეაფასებდით ამ ინტერვიუში ივანიშვილის გამონათქვამებს - „ოპონენტების საყვარელი ფრაზაა, რომ „ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა“, მაგრამ მინდა გავაწბილო ისინი - 3 წელიწადში წყალტუბოში არც ერთი სასტუმრო ჩემი არ იქნება“.

ასევე - „მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესმენებს „პანორამა თბილისი“ პროექტი ნებისმიერ ეტაპზე გადავცე“ და სხვა, ბევრი თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო განცხადებებს?

- პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ მე მივესალმებოდი წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით ივანიშვილის განაცხადს. აქ ნათლად იგრძნობა და ჩანს პერსპექტივაზე გათვლილი და საკმაოდ გამჭვირვალე პროცესის ორგანიზების სურვილი. თუმცა ეს ჯერ არის მხოლოდ განაცხადი.

ვნახოთ, რამდენად განხორციელდება ცხოვრებაში ის ალგორითმი, რაც წყალტუბოსთან დაკავშირებით ივანიშვილმა შემოგვთავაზა. რაც შეეხება მისი განხორციელების ტექნოლოგიას და პროექტის ეტაპობრივ განვითარებას ისე, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და კონკურენტული, ეს მისასალმებელია ნამდვილად.

მე გავიზიარებდი მის მოსაზრებას, რომ დასახელებული ბიზნესპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მათ შორის „პანორამა თბილისის“, მართლაც სუსტი იყოს და კომერციულად არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ ივანიშვილი ცდილობს წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელების პროცესში მისი მონაწილეობა წარმოაჩინოს როგორც ქველმოქმედება და მზად არის ვიღაცას რაღაც გადასცეს.

მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ - ბიზნესში ქველმოქმედება არ არსებობს. ქველმოქმედება არსებობს ბიზნესის შედეგად. ბიზნესი იმის ბიზნესია, რომ ის მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არამომგებიანი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია.

გვესმოდეს ერთი მარტივი რამ - ბიზნესში ქველმოქმედება არ არსებობს. ქველმოქმედება არსებობს ბიზნესის შედეგად. ბიზნესი იმის ბიზნესია, რომ ის მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არამომგებიანი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია

თუ ივანიშვილი ამბობს, რომ ეს პროექტები არის წამგებიანი, მიმდინარე ხარჯებს ვერ ფარავს შემოსავლები, იმ შემთხვევაშიც კი თუ საუბარია მათი შეძენის მსურველებისთვის 30%-50%-იან ფასდაკლებაზე, ასეთი ბიზნესის ღირებულება, რომელიც ზარალიანია, ბიზნესის თვალსაზრისით არის ნული.

როგორც უძრავი ქონება შესაძლოა იგი იყოს საინტერესო, მაგრამ არც იმდენად. შესაბამისად, მე არ მეგულება ბიზნესმენი, რომელიც ამ ტიპის აქციებს იყიდის. საერთოდ არ არის სწორი და ჯანსაღი, როდესაც ასეთი პროექტები ვითარდება, როდესაც ასეთი პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, რათა ირიბად ხელი შეუწყოს რაღაცის განვითარებას. თუ ივანიშვილი გვეუბნება - სახელმწიფო მე ვარ, კი ბატონო. ეს ძნელი მოსასმენია, მაგრამ ვინ უნდა იყიდოს ზარალიანი ბიზნესპროექტები?

თუ ივანიშვილი გვეუბნება - სახელმწიფო მე ვარ, კი ბატონო. ეს ძნელი მოსასმენია, მაგრამ ვინ უნდა იყიდოს ზარალიანი ბიზნესპროექტები?

სამწუხაროდ, წყალტუბოს აღოძინების პროექტი შესაძლოა დაახლოებით ისე განხორციელდეს, როგორც მოხდა ბლექსი-არენის შემთხვევაში. ივანიშვილმა ააშენა არენა და გადასცა სახელმწიფოს. დღეს კი ასეთი მოცემულობა გვაქვს - ბლექსი-არენის სახით არის მატერიალური აქტივი, მაგრამ იგი ზარალიანია. ამ ობიექტის შემოსავლები ხარჯებს ვერ ფარავს და სახელმწიფოს მისი შენახვა და ექსპლუატაცია დამატებითი თანხები უჯდება.

- რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, წარმოუდგენელია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ბიზნესში საკმაოდ ჩახედულმა და ჩვენზე მეტად გაცნობიერებულმა ადამიანმა არ იცოდეს.

მე კითხვას ასე დავსვამდი - რისთვის ხდება ამ თემებზე საუბარი და მას რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს წყალტუბოსა და იგივე „პანორამა თბილისის“ განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით?

- ამ თემაზე ჩემი დაკვირვება ასეთია - როგორ ჩანს, ივანიშვილს აქვს გარკვეული ნოსტალგია იმ პერიოდზე, როცა ის ქველმოქმედებას ახორციელებდა. ქველმოქმედება ქველმოქმედებაა და მისი საერთაშორისო სტანდარტი ასეთია - ბიზნესმენები ეწევიან ქველმოქმედებას არა ბიზნესის მიმართულებით, არამედ სოციალურ თუ განათლების პროგრამებზე. ივანიშვილმა ბიზნესში გარკვეული ფორმით თავისივე მონაწილეობას დაარქვა ქველმოქმედება.

რა თქმა უნდა, მას აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ხვდება ყველაფერს, მაგრამ წმინდა ფსიქოლოგიურად, რადგან ივანიშვილს აქვს ნოსტალგია იმ პერიოდზე, როცა ის იყო ქველმოქმედი და ყველას უყვარდა, ახლა ცდილობს ბიზნესში მონაწილეობა წარმოაჩინოს როგორც ქველმოქმედება და ცდილობს ისევ ყველას შეუყვარდეს. ეს კი შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკა ქველმოქმედებად არ იყიდება.

წმინდა ფსიქოლოგიურად, რადგან ივანიშვილს აქვს ნოსტალგია იმ პერიოდზე, როცა ის იყო ქველმოქმედი და ყველას უყვარდა, ახლა ცდილობს ბიზნესში მონაწილეობა წარმოაჩინოს როგორც ქველმოქმედება და ცდილობს ისევ ყველას შეუყვარდეს. ეს კი შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკა ქველმოქმედებად არ იყიდება

- სხვათა შორის, იმავე ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება მისი მხრიდან პოლიტიკაში ჩართვა იყო...

- საერთოდ, წარმოუდგენელი რამაა ამის მტკიცება. წინა ხელისუფლების ჩამოშორების პირველ ეტაპზე ივანიშვილის მაშინდელი ქმედება და თავგანწირვაც დასაფასებელია, მასთან ერთად უამრავი ადამიანი იყო ამ პროცესში ჩართული, მაგრამ მაშინ მისი მხრიდან ეს იყო თავგანწირვა და არა ქველმოქმედება.

ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მისი საქმიანობის ქველმოქმედებად გასაღება საკმაოდ ამპარტავნულად ჟღერს. მით უმეტეს, რომ პოლიტიკაში საქმიანობის თვალსაზრისით საამაყო მაინცდამაინც ბევრი არაფერი აქვს.

ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მისი საქმიანობის ქველმოქმედებად გასაღება საკმაოდ ამპარტავნულად ჟღერს. მით უმეტეს, რომ პოლიტიკაში საქმიანობის თვალსაზრისით საამაყო მაინცდამაინც ბევრი არაფერი აქვს

ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად მივიღეთ ის, რომ რასაც აქამდე ეყდნობოდა ქართული სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მაქსიმალურად დასუსტებული და ავტორიტეტდაკარგულია,

ქველმოქმედების შედეგი შეიძლება იყოს პოზიტიური, ჩვენ და ივანიშვილსაც მისივე პოლიტიკური ქველმოქმედებიდან საამაყო არაფერი გვაქვს. კი ბატონო, როცა ხელისუფლება შესაცვლელი იყო, მან ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მერე რა?

ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად მივიღეთ ის, რომ რასაც აქამდე ეყდნობოდა ქართული სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მაქსიმალურად დასუსტებული და ავტორიტეტდაკარგულია

- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთ წელზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი, ქვეყანა კარგა ხნია საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ ბრძოლაში თავის სტრატეგია აქვს.

ამ თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბატონმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა - „წესით, წინასაარჩევნოდ პარტიები მოულოდნელ სვლებს უნდა აკეთებდნენ, რომ მიიქციონ ამომრჩევლების ყურადღება, მაგრამ ასე არ ხდება... პარტიებს არ აქვთ გამარჯვების სწორი სტრატეგია და ინერციით მოქმედებენ“. თქვენ როგორ შეაფასებდით, ძირითადი პოლიტიკური პარტიების სტატეგიებსა და მოქმედებებს?

- ვეთანხმები ბატონ რამაზს. მეტიც, მე პარტიების მოქმედების სტრატეგიებს საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. თუ პარტიების ქმედებას სტრატეგია შეიძლება ეწოდეოს, მათი სტრატეგია მხოლოდ ნეგატივზე და ოპონენტების კრიტიკაზეა აგებული. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მათ არა აქვთ და არ სთავაზობენ საზოგადოებას.

მოკლედ, ასეც შეიძლება ითქვას - არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მოქმედების სტრატეგია საზოგადოების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ასეა, ვინაიდან ისინი არ საუბრობენ იმაზე, რაც საპროტესტო ელექტორატს აწუხებს.

არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მოქმედების სტრატეგია საზოგადოების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ასეა, ვინაიდან ისინი არ საუბრობენ იმაზე, რაც საპროტესტო ელექტორატს აწუხებს

დღეს მოცემულობა ასეთია - დღეს 40-45%-ს აქვს თავისი არჩევანი, 55-60%-ს აქვს მოლოდინი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენის. ამ ელექტორატის მოთხოვნილებებზე პრაქტიკულად არავინ საუბრობს. თუ საუბრობს, საკმარისი აშკარად არაა.

ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ახლა იმ 40-45%-იანი სეგმენტისთვის იბრძვის, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია. ხლა რაც ჩანს, სწორედ ამ პროცესში ვართ და არავინ არაფერს არ ცვლის.

შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმ მარტივ არჩევანში, რაც აქამდე იყო - ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ მთლიანად შეავსონ პოლიტიკური სივრცე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალები ალტერნატივის მომლოდინე საზოგადოებაზე გასასვლელს ვერ პოულობენ. ამიტომ პოლიტიკური მოზაიკა ქვეყანაში სისტემურად არ იცვლება.

ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ახლა იმ 40-45%-იანი სეგმენტისთვის იბრძვის, რომელიც პოლიტიკურად აქატიურია. ხლა რაც ჩანს, სწორედ ამ პროცესში ვართ და არავინ არაფერს არ ცვლის

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნიკალური არჩევნებია იმ თვალსაზრისით, რომ პირველად ჩატარდება არჩევნები პროპორციული სისტემით და უბარიეროდ, ეს ფაქტობრივად იძლევა შანსს, რომ შედარებით სუსტი პარტიები აღმოჩდნენ პარლამენტში და პოლიტიკური სივრცე გაიშალოს და გაიხსნას.

- ამ ეტაპზე რა ჩანს - ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ რა თემებითა და პრობლემებით აგრძელებენ ბრძოლას?

- ოპოზიცია ხატავს არმაგედონის სურათს, ხელისუფლება ოპოზიციასთან მიმართებაში შეთქმულების თეორიებითა და სახელმწიფო გადატრიალების თემებით აპელირებს.

ვიმეორებ - არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას წინასაარჩევნოდ პოზიტიური, მეტ-ნაკლებად რეალიზებადი დღის წესრიგი არ აქვს. შესაძლოა, ამიტომაც შემოვიდა ასე მძლავრად ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიის თემა.

ახლა რაც ეკლესიასთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკოსების შესრულებით ფარისევლების დოღი. ამას ემატება მართლმსაჯულების სრული დისკრედიტაცია. ფაქტობრივად, ნეგატივმა აბსოლუტურად გადაფარა პერსპექტივა.

ახლა რაც ეკლესიასთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკოსების შესრულებით ფარისევლების დოღი. ამას ემატება მართლმსაჯულების სრული დისკრედიტაცია. ფაქტობრივად, ნეგატივმა აბსოლუტურად გადაფარა პერსპექტივა

ამიტომაცაა, რომ ქართველი ამომრჩეველი ვერ ხედავს პერსპექტივას და ვერ პოულობს ძალის მოდებისთვის საყრდენ წერტილს.

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, 2020 წელს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ ნეგატიური არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. ისევ ექნება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. არადა, ორივე უარესია.

- ეკლესიაში არსებული ვითარება ახსენეთ და გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ამ თემას გვერდს ვერ აუვლით. შემფასებელთა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელი ურევია. ასევე ყველა საუბრობს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ეკლესია პოლიტიკური ინსტრუმენტადაა ქცეული.

ხშირად გაიგინებთ მტკიცებას, რომ ეკლესიაში ახლა მიმდინარეობს ბრძოლა პატრიარქის ტახტისათვის. ეს ყველაფერი რომ მართალს ჰგავს, ვხედავთ. მაგრამ ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები 2020 წლის არჩევნებსაც უკავშირდება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ ცდილობს ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც საარჩევნოდ ეკლესიისა და მრევლის სათავისოდ გამოყენებას?

- ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური პროცესია დარღვეული. ნორმალურ ქვეყნებში ეკლესია ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს თავისი დღის წესრიგით. მათი თანამშრომლობა იკვეთება მხოლოდ ისეთ საკითხებში, რაც სამოქალაქო ცხოვრებას ეხება. რადგან სასულიერო პირებიც და მრევლიც მოქალაქეები არიან.

მაგრამ, ჩვენთან ასე არ ხდება. სამწუხაროდ, პოლიტიკა დიდი ხანია მისულია ეკლესიაში. პოლიტიკა ცდილობს პარაზიტირებას ეკლესიაზე, როგორც ავტორიტეტულ ინსტიტუციაზე. არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ეკლესიას გადამწყვეტი როლი აქვს დაკისრებული და ისიც ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებს.

სამწუხაროდ, პოლიტიკა დიდი ხანია მისულია ეკლესიაში. პოლიტიკა ცდილობს პარაზიტირებას ეკლესიაზე, როგორც ავტორიტეტულ ინსტიტუციაზე. არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ეკლესიას გადამწყვეტი როლი აქვს დაკისრებული და ისიც ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებს

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდილობს ეკლესიაში მისვლას და ეკლესიის მიმართ თავისი მორჩილებისა თუ დამოკიდებულების დემონსტრირებას. გამომდინარე იქედან, რომ ეკლესიასთან მიმართებაში წითელი ხაზებია გადაკვეთილი, ეკლესიის მესვეურებსაც უჩნდებათ განცდა, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მათთან ვალდებულება და ისინიც ერევიან პოლიტიკაში.

ფაქტობრივად, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთიობაში საქმე გვაქვს ინსტიტუციურ აღრევასთან. ასეთ ვითარებაში თავს იჩენს ის სერიოზული პრობლემები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს როგორც ეკლესიაში, ისე ხელისუფლებაში. ვფიქრობ, რომ ეკლესიაში არსებული სკანდალების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

ცხადად ჩანს, რომ პოლიტიკა ძალიან ღრმად შეიჭრა ეკლესიის კულუარებში, ისევე როგორც ეკლესია პოლიტიკაში. პოლიტიკა ცდილობს ეკლესიის გაკონტროლებას, ხოლო ეკლესია თავის მხრივ ცდილობს პოლიტიკის გაკონტროლებას.

ეკლესიის მესვეურები ცდილობენ ამაში ხელისუფლებას გადაახდევინონ გარკვეული ხარკი.

ახლა ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენაა. ანუ, ეკლესიამ უნდა მიხედოს ეკლესიის საქმეებს, ხოლო ხელისუფლებამ თავის საქმეს. მათ არ უნდა გადაკვეთონ ერთმანეთის საზღვრები არა თუ სახიფათოდ, არამედ არც არანაირად

- ვხედავთ, რომ ეს პროცესი აზარალებს როგორც ეკლესიას, ისე ხელისუფლებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ვერც ერთი ხვდება და ვერც მეორე. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით როგორც ერთის მიმართ, ისე მეორის მიმართ არსებობს უპასუხოდ დარჩენილი კითხვები.

ამ თემაზე საუბრისას იგივე ბატონმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ორივეს მხრიდან საუკეთესო პასუხია ცხადი და გასაგები პასუხი იმაზე, თუ რა და რატომ მოხდა და ხდება.“ მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ ამგვარ ნაბიჯებს არც ერთისაგან ვერ ვხედავთ. თქვენი აზრით რატომ?

- ვეთანხმები ბატონ რამაზს, კონკრეტულ სკანდალებზე უფრო დამაჯერებელი პასუხებია საჭირო და არა მათ მიმართ წაყრუების პოლიტიკის გატარება. საქმე იმაშია, რომ ასეც რომ მოხდეს, არც ეკლესიის და არც ხელისუფლების პრობლემები არ გადაწყდება.

ახლა ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენაა. ანუ, ეკლესიამ უნდა მიხედოს ეკლესიის საქმეებს, ხოლო ხელისუფლებამ თავის საქმეს. მათ არ უნდა გადაკვეთონ ერთმანეთის საზღვრები არა თუ სახიფათოდ, არამედ არც არანაირად.

არა მგონია, რომ პოლიტიკოსები ეკლესიაში ხელის ფათურს თავს დაანებებენ, მაგრამ, იმ პრობლემებიდან გამომდინარე რაც ეკლესიას აქვს, მათ უნდა დაინახონ ეს პრობლემები და თავად გაემიჯნონ პოლიტიკას

ეკლესიის გამოყენება პოლიტიკაში სერიოზულად აზიანებს სახელმწიფოს და აზიანებს ეკლესიას.

არა მგონია, რომ პოლიტიკოსები ეკლესიაში ხელის ფათურს თავს დაანებებენ, მაგრამ, იმ პრობლემებიდან გამომდინარე რაც ეკლესიას აქვს, მათ უნდა დაინახონ ეს პრობლემები და თავად გაემიჯნონ პოლიტიკას.

თუ ეკლესიას თავის გადარჩენა უნდა, მკაცრად უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური დღის წერიგს, უარი უნდა უთხრან პოლიტიკოსებს საარჩევნო თანამშრომლობასა და არჩევნებში ეკლესიის გამოყენებაზე.

ეკლეისიის გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი გახლავთ ის, რომ ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს პოლიტიკოსებს, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას

ასე უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო, რომ რელიგია არის მუდმივი ფასეულობა. ხელისუფლებები იცვლებიან რელიგია და ეკლესია კი მუდმივად იარსებებს. ისინი ასე იმის გამოც უნდა მოიქცნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ეკლესიას შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები.

ეკლესიის მოვუწოდებდი იფიქრონ მომავალზე და არ ითანამშრომლონ პოლიტიკოსებთან. არჩევნებთან დაკავშირებით კი თავისი ნეიტრალიტეტი დააფიქსირონ. ქართული ეკლესია ბოლო დრომდე იყო ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ნდობასა და ავტორიტეტს ინარჩუნებდა და ერის მაკონსოლიდირებლის სიმბოლო იყო.

სამწუხაროა, რომ მის ამ როლსა და ფუნქციას სერიოზული ზიანი მიადგა და თუ ასე გაგრძელდა, ეკლესია დაკარგავს ერის მაკონსოლიდირებლის ფუნქციას. ამის უარყოფითი შედეგები მათ თავად უნდა ესმოდეთ.

შესაბამისად, ეკლეისიის გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი გახლავთ ის, რომ ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს პოლიტიკოსებს, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას.

ეკლესიას უნდა ესმოდეს, რომ მათი მრევლი სხვადასხვა შეხედულებების ხალხია, როგორც კი ისინი მრევლთან თავის პოლიტიკურ გემოვნებაზე იწყებენ საუბარს, ამით მრევლში მხოლოდ განხეთქილება შეაქვთ. ეს კი, როგორც წესი, ქვეყანას, სახელმწიფოს და ეკლესიას ბუმერანგივით უკან უბრუნდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს