ზაალ ანჯაფარიძე - „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ კი აცხადებენ, რომ სურთ არჩევნების გზით იარონ, მაგრამ ცალი თვალი მაინც რევოლუციურ სცენარზე უჭირავთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ვხედავთ, რომ ყველაფერი, რაც შიდა პოლიტიკაში ხდება სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

სხვადასხვა მიმართულებებზე აქტიურობს ხელისუფლება ასევე აქტიურებენ ხელისუფლების ძირითად ოპოზიციურ ძალებად მიჩნეული „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ფაქტია, რომ საინფორმაციო სივრცეში ძირითადად, სწორედ ამ ძალების დაპირისპირება და ბრძოლა ჰპოვებს ასახვას.

თქვენ როგორ დაახასიათებდით, წინასაარჩევნოდ ერთი მხრივ ხელისუფლების, მეორე მხრივ „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს, ხოლო მესამე მხრივ დანარჩენი ოპოზიციის მოქმედებასა თუ პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკასა თუ სტრატეგიას?

- ძალიან მრავლისმომცველი კითხვაა და რთულია მოკლე პასუხში მისი ჩატევა. მმართველი პარტიისათვის ამ არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი კოზირი ალბათ ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იქნება. ეს პროცესი შეიძლება ითქვას უკვე დაწყებულია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ საზოგადოების ნდობა და მისი რესურსები ჯერ კიდევ საკმარისია იმისათვის, რომ მნიშვნელოვან ელექტორალურ შედეგში გარდაისახოს.

წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია შეეცდება განახორციელოს სწრაფი შედეგის მომტანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რომ ამომრჩეველი მისდამი დადებითად განაწყოს.

წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია შეეცდება განახორციელოს სწრაფი შედეგის მომტანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რომ ამომრჩეველი მისდამი დადებითად განაწყოს

გარდა ამისა, შესაძლოა საარჩევნო პერიოდში ვიხილოთ „ნაციონალების“ და მათი გამორჩეული წარმომადგენლების მამხილებელი ახალი მასალებიც. ის მცირე დოზის ინფორმაცია რაც ხელისუფლების მხრიდან ღია ეთერში გაჟღერდა, ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი იყო. ჩემი ვარაუდით ეს გაკეთდა იმიტომაც, რომ ე.წ. „კოჰაბიტაციის“ არაფორმალური შეთანხმება სწორედ „ნაცმოძრაობამ“ დაარღვია.

რაც შეეხება „ნაციონალებს“ და „ევროპულ საქართველოს,“ მათ ჯერ ერთმანეთში მოუწევთ ურთიერთობების გარკვევა, რადგანაც მსგავსი ელექტორატი ჰყავთ. ისინი შეეცდებიან ის 10- 15% ჯამური მაჩვენებელი შეინარჩუნონ, რაც ბოლო გამოკითხვების შედეგად დაუფიქსირდათ და შეეცადონ ახალი ელექტორალური სეგმენტის მოზიდვას. ამას ემსახურებოდა სხვათა შორის მათი ბოლოდროინდელი მანევრები ეკლესიასთან და რელიგიასთან დაკავშირებით.

ზოგადად, „ნაციონალებისა" და „ევროპული საქართველოს“ ძირითადი სტრატეგია და ტაქტიკა უცვლელი დარჩება - მაქსიმალური პოლიტიკური, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური შეტევა ხელისუფლებაზე და ამისათვის სხვა მეთოდებთან ერთად კონტროლირებადი მედია საშუალებების და სიტუაციური მოკავშირეების გამოყენება. ეს პარტიები კი აცხადებენ, რომ სურთ არჩევნების გზით იარონ, მაგრამ ცალი თვალი მაინც რევოლუციურ სცენარზე უჭირავთ.

„ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ძირითადი სტრატეგია და ტაქტიკა უცვლელი დარჩება - მაქსიმალური პოლიტიკური, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური შეტევა ხელისუფლებაზე და ამისათვის სხვა მეთოდებთან ერთად კონტროლირებადი მედია საშუალებების და სიტუაციური მოკავშირეების გამოყენება

„პატრიოტთა ალიანსი“ ნაცადი სტრატეგიით და ტაქტიკით გააგრძელებს მოქმედებას, რომელიც, მისთვის უზრუნველყოფს საპარლამენტო მანდატებს. შესაძლოა მიმდინარე პროცესების ფონზე მოსახლეობის ტრადიციონალისტურ-კონსერვატიულად განწყობილ ერთ ნაწილში სწორედ ასეთი ტიპის პარტიაზე გაჩნდეს მოთხოვნა.

იმ მძიმე პროცესების ფონზე, რაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო ვითარდება, ყველა მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე შეეცდება რომ საკუთარი თავი ეკლესიის, პატრიარქის და მართლმადიდებლობის მედგარ დამცველად წარმოაჩინოს.

თუმცა, პარტიების სტრატეგიამ და ტაქტიკამ შეიძლება ცვლილებები განიცადონ, თუკი ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2020 წელს არჩევნების ნულოვან ბარიერიანი პროპორციული წესით ჩატარებაზე.

პარტიების სტრატეგიამ და ტაქტიკამ შეიძლება ცვლილებები განიცადოს, თუკი ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2020 წელს არჩევნების ნულოვან ბარიერიანი პროპორციული წესით ჩატარებაზე

- როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამაზ საყვარელიძემ განუცხადა - „წესით, წინასაარჩევნოდ პარტიები მოულოდნელ სვლებს უნდა აკეთებდნენ, რომ მიიქციონ ამომრჩევლის ყურადღება. რადგან სიახლე არ ხდება, ამიტომ ვთვლი, რომ პარტიებს არა აქვთ გამარჯვების სწორი სტრატეგია და ინერციით მოქმედებენ. ჯერჯერობით, ეს სიტუაცია არ შეცვლილა ძირითად მოთამაშეებში“.

რაც ჩანს, ისაა, რომ ოპოზიცია აპოკალიფრ სურათს ხატავს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ქვეყანას უამრავი წარმატებები აქვს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მტიცებების საზოგადოებას მაინცდამაინც არ სჯერა. იგი ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესებს.

თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებენ ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი და ოპტიმისტური საარჩევნო კამპანიების წარმოებას? დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება იმ იმედითაა, რომ არ დაუშვებს სააკაშვილის მხარდამჭერი ძალების არჩევნებში გამარჯვებას.

- ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს თუ რატომ ვერ ახერხებენ ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმოებას საქართველოს ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათ ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი ამომრჩევლისათვის, ისინი არ ფლობენ თანამდროვე საარჩევნო ტექნოლოგიებს და თვლიან, რომ ტრადიციული მეთოდებითაც გავლენ ფონს. მათ არ ჰყავთ ხალხში პოპულარული, ქარიზმატული და დამაჯერებლად მოსაუბრე ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების დარწმუნება.

ამის გარდა, ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ თავისებური ამომრჩეველია. ის ძირითადად პერსონიფიცირებულ არჩევანს აკეთებს და არ ინტერესდება პარტიების პროგრამებით.

ჩვენი ამომრჩევლის უმრავლესობა არ არის მიჩვეული კრიტიკულ აზროვნებას, არ უყვარს ის და ურჩევნია მისთვის მისაღებ ემოციურ ზონაში დარჩეს. ამ თვისების გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის კი შესაბამისი ცოდნა სჭირდება.

გამომდინარე იქიდან, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება 2020 არჩევნებს და რა დაძაბულ გარემოში ჩატარდება, პარტიებს მოუწევთ სერიოზულად დაფიქრება პოლიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე და ამისთვის მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზება.

ერთი ტენდენცია რაც აშკარად ჩანს არის ის, რომ ოპოზიცია ცდილობს აუდიტორიაზე ემოციურ ზემოქმედებას

- ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება გია ხუხაშვილის აზრი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ახლა იმ 40-45%-იანი სეგმენტისთვის იბრძვის, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია.

მეტიც, იგი თვლის - „არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მოქმედების სტრატეგია საზოგადოების მოთხოვნებს არ შეესაბამება.“

მაგრამ, ვხედავთ, რომ უკანასკნელ ხანებში 2020 წლის არჩევნების მზადების თვალსაზრისით საკმაოდ გააქტიურებულია სახელისუფლებო პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეა, სახელისუფლებო რესურსები ნაკლებად საუბრობენ დღეისათვის ეკონომიკასა თუ სხვა სფეროებში არსებულ ვითარებაზე, მათი მთავარი სამიზნე სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქაართველოა“.

ასეთ ვითარებაში მაინც მთავარია თუ როგორ აღიქვამს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთი მხრივ სახელისუფლებო, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციურ პროპაგანდას, ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნება - თქვენი დაკვირვებით, ელექტორატის მიმხრობის თვალსაზრისით რამდენად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ძირითადი პოლიტიკური აქტორების კონკურენცია სატელევიზიო ეთერებში?

- ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ტელედებატები თუ რამეს აჩვენებს, ესაა ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური კლასის სიღარიბე. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე მათგანი გამორჩეულად წარმატებულია. თუმცა, ერთი ტენდენცია რაც აშკარად ჩანს არის ის, რომ ოპოზიცია ცდილობს აუდიტორიაზე ემოციურ ზემოქმედებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ემოციური არგუმენტებით მოახდინოს ზემოქმედება საზოგადოებაზე, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მეტწილად რაციონალური არგუმენტაციით ოპერირებენ, რაც ხშირად მოსახლეობისათვის ნაკლებად საინტერესოა

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ადამიანების უმრავლესობა ამჯობინებს ემოციური სიმართლე დაიჯეროს ვიდრე რაციონალური სიმართლე, რადგანაც ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ემოციური არგუმენტებით მოახდინოს ზემოქმედება საზოგადოებაზე, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მეტწილად რაციონალური არგუმენტაციით ოპერირებენ, რაც ხშირად მოსახლეობისათვის ნაკლებად საინტერესოა.

ემოციური არგუმენტებით და ემოციური სიმართლით საზოგადოების მანიპულირების კლასიკური მაგალითი ჩვენ ვიხილეთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ალბათობა იმისა, რომ 2020 წლის არჩევნები სწორედ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით წარიმართოს, რა თქმა უნდა, არსებობს და საკმაოდ დიდიც

სწორედ ამას აკეთებდა „ნაციონალების“ მიერ ჩამოყვანილი ვინმე შკლიაროვის ჯგუფი და არცთუ წარუმატებლად. მათ მიაღწიეს კიდეც მოკლევადიან შედეგს. იგივე მეთოდი გამოიყენა ოპოზიციამ, როდესაც მოახერხა 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენების პროვოცირება.

- ფაქტია, რომ ახლა პოლიტიკურ ძალებს შორის მიდის ბრძოლა იმ 60-65% ამომრჩევლისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებზე.

ამ თვალსაზრისით, საზოგადოებას პრეტენზიები „ქართული ოცნების“ მიმარათ მეტი ექნება, ვიდრე ოპოზიციის მიმართ. რაც უფრო მიუახლოვდებით არჩევნებს საზოგადოება მით მეტად ხშირად მოითხოვს ხელისუფლებისაგან პასუხებს საკმაოდ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებზე.

მათ შორის შემცირებულ ინვესტიციებზე, რაც ივანიშვილს ბრალდება და ოპოზიციის მტკიცებით, ქვეყნის მთავარი და ლამის ერთადერთი ინვესტორი ივანიშვილია. გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა - თუ ადრე სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ის არის სახელმწიფო, ახლა ამას ივანიშვილი ამბობს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნებიც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევანის გაკეთების არჩევნები იქნება. ყოველ შემთხვევაში, ორივე ძალას რომ ასე უნდა იყოს, საკმაოდ კარგად ჩანს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წელს კვლავ ივანიშვილსა და სააკააშვილს შორის არჩევანის გაკეთების არჩევნები იქნება?

- არ მახსენდება ივანიშვილს საჯაროდ ეთქვას, რომ ის არის სახელმწიფო, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამს მის მზადყოფნას დაეხმაროს სახელმწიფოს იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს. ეს ორი რამ არ არის ერთი და იგივე. აი სააკაშვილს კი არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ რომ სწორედ ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი.

ალბათობა იმისა, რომ 2020 წლის არჩევნები სწორედ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით წარიმართოს, რა თქმა უნდა, არსებობს და საკმაოდ დიდიც.

შენარჩუნდება თუ არა ეს მოცემულობა 2020 წლის არჩევნებზე, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება იმისათვის, რომ ეს მოცემულობა შეცვალოს

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ის ყოველთვის მოუგებს არჩევნებს „ნაცმოძრაობას,“ ამას ადასტურებს თუნდაც ბოლო გამოკითხვის შედეგები. ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ მისთვის ამჟამად არსებული პოლიტიკური მოცემულობა ერთგვარად მომგებიანიც არის.

შენარჩუნდება თუ არა ეს მოცემულობა 2020 წლის არჩევნებზე, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება იმისათვის, რომ ეს მოცემულობა შეცვალოს.

ჯერჯერობით პოლიტიკურ ველზე არ ჩანან ისეთი სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალის მქონე ლიდერები და პარტიები, რომ ეს ორპოლუსიანი პოლიტიკური მოცემულობა შეცვალონ.

„ნაციონალების“ სულიერი ლიდერის როლი მონოპოლიზებული აქვს მიხეილ სააკაშვილს და არ მგონია ის ვინმეს გაუყოს

პოლიტიკური სიურპრიზები, ისეთი როგორიც იყო მაგალითად ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე, რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის. თუმცა ამის ალბათობა ვფიქრობ არც ისე მაღალია.

- ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე საუბარი ჩვენი არჩევანი სულაც არაა, მაგრამ ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საუბრისას ჩვენ მას გვერდს ვერ ავუვლით.

რაც საკმაოდ ცხადად ჩანს, ისაა, რომ ახლა ეკლესიაში მიმდინარე პროცესებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. უფრო სწორად იმისათვის ბრძოლას, თუ რომელ პოლიტიკური ძალას დაუჭრს მხარს ეკლესია 2020 წლის არჩევნებზე.

ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე ბევრი კი არა საკმაოზე მეტად ბევრიც კი ითქვა. ახლა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა ის, რომ მეუფე პეტრეს უკან „ნაცმოძრაობა“ დგას. მეტიც, სააკაშვილი შეეცდება წინასარჩევნოდ მეუფე პეტრე „ნაციონალების“ სულიერ ლიდერად წარმოაჩინოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მეუფე პეტრე „ნაციონალების“ სულიერი ლიდერის როლს მოირგებს?

- იმ შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, რაც აწ უკვე ყოფილმა მეუფემ პეტრემ გააკეთა პატრიარქის მიმართ და ამით მრევლის უმრავლესობის სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურა, რამდენად აწყობს „ნაცმოძრაობას“ და მის განშტოებებს ასეთი პიროვნების სულიერ ლიდერად ან რაღაც მსგავს ამპლუაში წარმოჩენა?!

ეს ხომ პოლიტიკურად და პიარ-ტექნოლოგიურად დამაზიანებელი იქნებოდა იმის ფონზე როდესაც „ნაციონალები“ აქტიურად ცდილობენ იმ მართლმორწმუნე მართლმადიდებლური მრევლის მიმხრობას, რომელიც ითვლება რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია.

გარდა ამისა, ჩემი დაკვირვებით, „ნაციონალების“ სულიერი ლიდერის როლი მონოპოლიზებული აქვს მიხეილ სააკაშვილს და არ მგონია ის ვინმეს გაუყოს.

ხომ არ გვაქვს საქმე საინფორმაციო ომთან, რომლის ერთ-ერთი მეთოდია დაახვავონ ეკლესიის მიმართ რაც შეიძლება მეტი კითხვა, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით, რომ მერე ამ საინფორმაციო შეტევის სამიზნე - მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივი მოპასუხის რეჟიმში ამყოფონ, და ამით მისი როგორც ინსტიტუტის ერთგვარი დისკრედიტაცია გამოიწვიონ

გარდა ამისა, ვიცნობ რა კარგად „ნაცმოძრაობის“ ხელწერას, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყოფილ მეუფე პეტრეს ცუდი რამ დამართონ და მერე საქმე ისე წარმოაჩინონ თითქოს ამის უკან ხელისუფლება დგას.

- აღარავინ დავობს, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები დიდი რელიგიურ-პოლიტიკური სპეკულაციების თემაა. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატით მას უფლება არ აქვს ჩაერიოს ეკლესის საქმეებში, ჯერ მეუფე იაკობის, ხოლო შემდეგ მეუფე პეტრეს განცხადებების გამოუძიებლობა ჩვენზე მეტად დემოკრატიულ ქვეყნებში რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იქნებოდა.

მეტიც, თუ მეუფე პეტრეს ბრალდება, რომ მის უკან „ნაციონალები“ დგანან, ასეთივე წარმატებით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ყველა ბოლო არჩევნებზე მიტროპოლიტები და სხვა მამაოები არ ერიდებოდნენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ეკლესიებში ქადაგებას.

ახლა დაახლოებით ასეთი სურათია - ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებზე ეკლესიისა და ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები იმაზე მეტია, ვიდრე სასურველია იყოს. არადა, აშკარაა, რომ ამგვარი ვითარებით ორივე ზარალდება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ვითარების ამგვარი აღქმა არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში ან არ, ანაც ვერ აქვთ. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- თქვენს კითხვაში კარგად აღწერეთ ის ტენდენცია და განცდა, რომელმაც ეკლესიასთან დაკავშირებით ფეხი მოიკიდა ჩვენს საზოგადოებასა და მრევლში. ერთი შეხედვით, კითხვები მოითხოვს პასუხებს, მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ გვაქვს საქმე საინფორმაციო ომთან, რომლის ერთ-ერთი მეთოდია დაახვავონ ეკლესიის მიმართ რაც შეიძლება მეტი კითხვა, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით, რომ მერე ამ საინფორმაციო შეტევის სამიზნე - მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივი მოპასუხის რეჟიმში ამყოფონ, და ამით მისი როგორც ინსტიტუტის ერთგვარი დისკრედიტაცია გამოიწვიონ.

ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია ბუნებრივია არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეკლესიაში წარმოქმნილი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

ვფიქრობ, ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც აცნობიერებენ შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობას, რადგანაც სასწორზე დევს ის, რაზეც დგას ჩვენი როგორც ერის, საზოგადოების მთლიანობა, და გარკვეულწილად სახელმწიფოს მდგრადობაც, მიუხედავად იმისა რომ სეკულარული ქვეყანა ვართ

ვგულისხმობ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში სასულიერო პირების ახალი ტალღის შემოდინებას და შემდეგ მათი ცალკეული წარმომადგენლების იერარქიულ დაწინაურებას. ზოგიერთ მათგანს წმინდა საეკლესიოს გარდა აღმოაჩნდათ სხვა ინტერესებიც და მიზნებიც.

ვფიქრობ, ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც აცნობიერებენ შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობას, რადგანაც სასწორზე დევს ის, რაზეც დგას ჩვენი როგორც ერის, საზოგადოების მთლიანობა, და გარკვეულწილად სახელმწიფოს მდგრადობაც, მიუხედავად იმისა რომ სეკულარული ქვეყანა ვართ.

ეკლესიამ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიტიკაში აღარ ერევა. ამის ინდიკატორი კი იქნება ის, რომ სასულიერო პირები დაკავდნენ თავიანთი ძირითადი მისიით - საეკლესიო საქმიანობით და მრევლზე ზრუნვით, ნაკლებად გამოჩნდნენ ტელეეთერებში თუ სოცქსელებში და რაც მთავარია პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭირონ

ვხედავთ, რომ ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო თუნდაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის ვიზიტები პატრიარქთან.

- დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ ეკლესია ძალაუფლებისათვის ბრძოლაში კარგა ხანია ჩაბმულია. მეტიც, ის პრობლემები, რაც ეკლესიას დაუგროვდა, სწორედ ამის შედეგია.

მეტიც, ამ თემაზე მსჯელობისას ბატონმა გია ხუხაშვილმა ეკლესიაზე საინტერესო მოსაზრებაც გამოთქვა - „თუ ეკლესიას უნდა ჰქონდეს ერის მაკონსოლიდირებლის როლი, უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაემიჯნოს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას“.

მისივე დაკვირვებით, მოვლენათა სხვა სავარაუდო სცენარებმა შესაძლოა ავნოს, როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოსა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. თქვენ რამდენად გაქვთ განცდა იმისა, რომ ეკლესია შეძლებს გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესს და ერის მაკონსოლიდირებლის როლის შენარჩუნებას?

- კონსტიტუციით ეკლესია ისედაც პოლიტიკურად ნეიტრალურია და გამიჯნულია სახელმწიფოსგან და საერო საქმეებისგან. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასეთი განაცხადი რომც გააკეთოს, ამით ფაქტიურად აღიარებს, რომ აქამდე არღვევდა როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ასევე სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას-კონკორდანტს.

არავითარი სპეციალური განცხადება ვფიქრობ საჭირო არ არის, ეკლესიამ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიტიკაში აღარ ერევა. ამის ინდიკატორი კი იქნება ის, რომ სასულიერო პირები დაკავდნენ თავიანთი ძირითადი მისიით - საეკლესიო საქმიანობით და მრევლზე ზრუნვით, ნაკლებად გამოჩნდნენ ტელეეთერებში თუ სოცქსელებში და რაც მთავარია პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭირონ.

ჩვენი საზოგადოება, მართლმადიდებელი მრევლი, მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთა სიმძიმე შეიძლება ბოლომდე არც კი გვაქვს გაცნობიერებული

ის რაც ეხლა ხდება, ჩემი როგორც მრევლის წარმომადგენლისთვის მიუღებელია. პოლიტიკური თოქ-შოუები გადავსებულია სასულიერო პირებით, რომელთა მხრიდან წამოსული ინფორმაცია ხშირად დამყარებულია მათ პოლიტიკურ პრეფერენციებზე, კონიუნქტურულ მიზნებზე და კიდევ უფრო მეტი შფოთი და იმედგაცრუება შემოაქვს მრევლში.

ფიქრობენ კი აღნიშნული მღვდელმთავრები იმაზე თუ როგორ შემოუბრუნდება ეს ყოველივე მართლმადიდებლურ ეკლესიას ?! ჯერჯერობით არ მაქვს ამის განცდა, რომ ამ კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდეს, გამომდინარე იმ რთული და წინააღმდეგობრივი პროცესებიდან რაც ვითარდება ეკლესიაში და მის გარშემო.

მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ამ ბრძოლამ სრულიად ხილული ხასიათი მიიღო 2003 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და საზოგადოებისათვის ეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

დღეს ეს წრეები ცდილობენ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფით კონოტაციაში მიაბან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და დაუკავშირონ ღირებულებით არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის.

დასავლურ მედიაში და ანალიტიკურ გამოცემებში ხშირად შეხვდებით ცალკეული ქართველი ექსპერტების და პოლიტიკოსების სტატიებს, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქი წარმოჩენილი არიან, როგორც საქართველოში რუსეთის საყრდენი და ბარიერი საქართველოს პროდასავლური ორიენტაციისათვის.

ერთ-ერთ სტატიაში პირდაპირ რეკომენდაციაა მოცემული ეკლესიის წიაღში პროდასავლური ძალების გაძლიერების აუცილებლობაზე. როდესაც ამ ჯგუფებს ასეთი მიზნები და დღის წესრიგი აქვთ ეკლესიის მიმართ, ბუნებრივია, რომ ისინი მხოლოდ სტატიებით არ შემოიფარგლებიან და კონკრეტულ ქმედებებსაც განახორციელებენ, რომელთაგანაც უმეტესობა რა თქმა უნდა ფარულია.

ასე რომ, ამ კუთხით, ჩვენი საზოგადოება, მართლმადიდებელი მრევლი, მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთა სიმძიმე შეიძლება ბოლომდე არც კი გვაქვს გაცნობიერებული. ამიტომაც, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ამ გამოწვევების პირუთვნელი და კომპეტენტური ანალიზი.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა