დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი დატოვა. ბეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტმა ცნობად მიიღო, მის შემცვლელად კი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მეზურნიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. ოპოზიციას ბეგაძის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც კანდიდატი საკუთარი საკითხის განხილვას არ ესწრება, ეს ნიშნავს რომ იგი პროტესტს გამოხატავს.

„მე მადლობას ვეტყვი გიორგი ბეგაძეს, იმედია, დარჩება კომიტეტში, ძალიან კარგად ასრულებდა თავის ფუნქციებს, მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, კომიტეტს უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. როცა ადამიანი არ ესწრება თავისი საკითხის განხილვას, ეს ყოველთვის ასოცირდება პროტესტის ფორმასთან - მე ასე გავიგე, ან არ მოვიდა იმიტომ რომ ღირსად არ ჩაგვთვალა რომ აეხსნა. ვიცი რა მისი პიროვნება, მისი საკმაოდ გაწონასწორებული, ეთიკური პოზიციები, ის ამას არ გააკეთებდა. სხვა რამესთან ხომ არ გვაქვს საქმე? არ მგონია გადატვირთული საათები ჰქონდა? თუ თქვენ იცით გვითხარით, თუ არ იცით გადავდოთ ეს საკითხი და დაველოდოთ მას“ , - მიმართა კითხვით რომან გოცირიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, რაზეც რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პოლიტიკური ინსინუაციები გამორიცხულია.

„რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული ახსნა-განმარტებების გაკეთება. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, თუ სურვილი აქვს თვითონ დააკონკრეტებს. ნებისმიერ პოლიტიკურ ინსინუაციას გამოვრიცხავ. ჩემი ვალია გამოვრიცხო პოლიტიკურ ჭრილში იყო თუ არა გადაწყვეტილება მიღებული. მე ვესაუბრე მას, უმრავლესობის წევრები ესაუბრნენ კომიტეტიდან და გამოვრიცხეთ რა ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ თემის ზედმეტი გაგრძელება. თუ რატომ არ მოვიდა - ეს მისი გადაწყვეტილებაა და თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ჩემი ვალდებულება“ , - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა