საგარეო უწყებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა ბოლო დროს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროვოკაციული პროცესები. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალგორის კიდევ ერთ მკვიდრს - თამარ გიგაურს არ ეძლევა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისა და საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

ლაშა დარსალიას თქმით, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს. საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მწვავედ დასვა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. საუბარი შეეხო უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამწვავების კონტექსტში.

„გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას. საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საქმეს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. აღინიშნა პროგრესის მიღწევის აუცილებლობა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა