ზაზა გაბუნია რუს დეპუტატებს - ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, თქვენი პასუხისმგებლობაა, გაათავისუფლეთ ექიმი, თუკი გსურთ თავად გათავისუფლდეთ ამ მძიმე პასუხისმგებლობისგან

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, თქვენი პასუხისმგებლობაა, გაათავისუფლეთ ექიმი, თუკი გსურთ თავად გათავისუფლდეთ ამ მძიმე პასუხისმგებლობისგან, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაზე რუს დეპუტატებს.

მისი თქმით, ის არის ექიმი, რომელიც 2008 წლის ომის დროს მკურნალობდა როგორც ქართველებს, ისე დაჭრილ რუს სამხედროებს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ აქ არიან ის რუსი კოლეგები, რომლებიც ამ ორგანიზაციის ფარგლებში უბრალოდ გვეთამაშებიან ცივილიზებულ ურთიერთობებს და თამაშობენ მეგობრობას. სინამდვილეში კი, თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში. კატეგორიულად ვაყენებ ამ საკითხს, როგორც რუსეთის ფედერაციის დუმის წევრების წინაშე, ისე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტარების წინაშე. ჩვენო მეგობარო სახელმწიფოებო, დაუდექით საქართველოს გვერდით, რომ გამოვიხსნათ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და რომ ჩვენი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ რუსული აგრესიისგან. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მოვლენების განვითარებას და გააკეთოთ ყველაფერი, რომ ექიმი მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს სახლს და ახლობლებს. ბატონო გენერალურო მდივანო და კოლეგებო, მხოლოდ ასე იქნება ეს ორგანიზაცია წარმატებული და შედეგიანი,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს .

„თუ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ამ ორგანიზაციას და მის წესდებას, მაშინ დუმის და ფედერაციის საბჭოს აქ წარმოდგენილო წევრებო, გაიღეთ თქვენი ძალისხმევა ექიმის გასათავისუფლებლად. საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე უკრაინაში თქვენ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებთ შუასაუკუნეობრივ, ძალადობრივ და ბნელ პოლიტიკას. რუსეთის ფედერაციამ იქ მოაწყო ქართველთა გენოციდი და დღესაც აგრძელებს ქართველთა სიძულვილით მოტივირებულ საქმიანობას, რომლის მსხვერპლია არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და აქ კი, ამ ასამბლეაზე თავმომწონეობთ თითქოს ცივილიზებული პოლიტიკის მომხრეები იყოთ. მე არ შემეძლო ეს არ აღმენიშნა, რადგან თუ ვამბობთ, რომ ეს ასამბლეა აქ გაწევრიანებული სახელმწიფოების ურთიერთმხარდასაჭერადაა, მაშინ ასეთ მტრულ პოლიტიკას ადგილი არ უნდა ქონდეს. თუ არადა უარი თქვით ფარისევლობაზე! კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელები - არჩილ ტატუნაშვილი და და გიგა ოთხოზორია - მნიშვნელოვანია რომ მათი სახელები დღეს აქ ისმის, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ვერასდროს გაიგონებთ მათ ხმას, რადგან ისინი რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ შეიწირა, რომლის წარმომადგენლები აი ეს ხალხია, აქ დუმის სახელით ჩვენს შორის მყოფნი. ძვირფასო მეგობარო სახელმწიფოების წარმომადგენლებო, თქვენ ჩვენთან ერთად უნდა ამხილოთ რუსული პოლიტიკა რომ ხვალ თქვენ არ გახდეთ ამ აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი”, - განაცხადა მან.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა