არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
***
არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება, ეს ის საფრთხობელაა, რომელსაც "ქართული ოცნება" დღემდე სათავისოდ კარგად იყენებს და რომელსაც რეალურად ადამიანები ქუჩაში არ გამოჰყავს, ეს ის დაუსრულებელი წრეა, რომელზეც დღემდე საქართველოს მოსახლეობა ტრიალებს - ამ სიტუაციაში მოვლენების განვითარების როგორი სცენარია მოსალოდნელი. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 25 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათი განმარტებით, ისინი ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე / "თუ "ოცნება“ თავისივე შეცდომებში გაიხლართა ეს საერთაშორისო იზოლაციისკენ წასვლას გამოიწვევს“
"ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას ცვლილებების რესურსი არ აქვთ, რის გამოც შესაძლოა, მათი გრძელვადიანი შერკინების მომსწრენი გავხდეთ. „უახლოეს მომავალში, არც ერთ და არც მეორე ძალას ცვლილებების რესურსი არ აქვს, ამიტომაც, მათი გრძელვადიანი შერკინება დაიგეგმება, მთავარი ისაა, რომ დასავლეთი არანაირ დესტაბილიზაციას არ მიესალმება, ამიტომაც, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის ეს იმისი სიგნალია, რომ პროცესები გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა გათვალონ, გრძელვადიანი სტრატეგია კი 2020 წლისთვის მზადებაა. „ვფიქრობ, რომ ოპოზიცია შეეცდება, რომ ეს მუხტი შეინარჩუნოს, ოღონდ ეს არა პერმანენტული და განუწყვეტელი აქციებით, არამედ ხელისუფლებისთვის დაუღალავი თავის შეხსენება იქნება, ოპოზიციის სტრატეგია ისაა, რომ ხელისუფლება მუდმივად სტრესულ რეჟიმში ამყოფოს, რაც საშუალებას მისცემს, რომ მმართველ გუნდს რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ხელისუფლება რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, მით უფრო საკუთარი შეცდომების ტყვეობაში ჩავარდება, რაც დასავლეთის დედაქალაქების პროტესტს კიდევ უფრო გაამძაფრებს, ოპოზიციამ ერთის მხრივ დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება და პერმანენტული აქციების გამართვა ვერ შეძლო, რამაც ხელისუფლების ის ვერსია გააქარწყლა რომ თითქოს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას უწყობს, რომლითაც მმართველი გუნდის ყველა თავის საქციელს ამართლებს ხოლმე, ამჯერად განსაკუთრებით პროპორციული არჩევნების ჩაგდება. ეს მთავარი კოზირი დასავლეთის თვალში, ოპოზიციამ ხელისუფლებას ხელიდან გამოაცალა, იმიტომ, რომ დასავლეთს საქართველოში დესტაბილიზაციის სცენარი ყველაზე ნაკლებად უნდა, ოპოზიციას ახლა ეს კოზირი ხელში უჭირავს, რომ არა დესტაბილიზაციას , არამედ პერმანენტულ საპროტსტო აქციებს გეგმავს, რათა ხელისუფლება მუდმივ დისკომფორტის რეჟიმში ამყოფოს. ხელისუფლება იმ დღიდან, რაც პროპორციული არჩევნები ჩააგდეს, სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ამან საბოლოო ჯამში მიიყვანა იქამდე, რომ როგორც დიპლომატთა კორპუსი, ასევე დასავლური დედაქალაქები შოკირებულები არიან იმით, რაც მოხდა, რაც პირდაპირ საერთაშორისო პრესაზეც აისახება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ის ძალიან კრიტიკული გამოხმაურებები, პირდაპირი გამოძახილია დასავლეთის დედაქალაქების განწყობებისა, ეს კი „ქართულ ოცნებას" კარგს არაფერს უქადის" - აცხადებს იგი”, - განაგრძობს გამოცემა.
"მისივე შეფასებით, თუ „ქართული ოცნება" თავისივე შეცდომებში გაიხლართა, ქვეყანასაც და მმართველ გუნდსაც საერთაშორისო იზოლაციისკენ წაიყვანს, რაც რუსეთს ხელს აძლევს. თუკი „ქართული ოცნება" თავისივე შეცდომებში გაიხლართა და სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, ეს ქვეყნისა და „ოცნების" საერთაშორისო იზოლაციისკენ წასვლას გამოიწვევს, თუ მმართველმა გუნდმა დასავლეთი დაინახა, როგორიც მთავარი საფრთხობელა, რომელიც მას ხელისუფლებიდან წასვლას აიძულებს, ასეთ შემთხვევაში იგი საერთაშორისო იზოლაციისკენ სვლას გააგრძელებს, რაც შესაძლოა ძალიან მძიმედ მოუტრიალდეს მასაც და ქვეყანასაც, დასავლელი პარტნიორების გარეშე დარჩენილი „ოცნება" უკანმოუხედავად, პირდაპირ რუსეთის მანიპულირების ობიექტი გახდება. „მოვლენების განვითარების კარგ სცენარს ვერ ვხედავ, არჩევნებამდე პროცესის გამწვავებას და შეტაკებებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება შეცდომების დაშვების აღებულ გეზს არ გადაუხვევს,რაც ძალიან სამწუხაროა”, - დასძენს გამოცემა.
“ამ ფონზე კიდევ უფრო სასიცოცხლოდ იკვეთება ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიტუაციის სტაბილურ ჩარჩოში განვითარებას შეძლებენ, ეს აუცილებელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია იმიტომ, რომ ამ მყიფე სიტუაციით, ჩვენ შესაძლოა 2020 წლამდე მეტ-ნაკლები სტაბილურობით მივიდეთ, მაგრამ 2020-ში ამ შედეგებით გასვლა, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იყოს. ამიტომაც დასავლეთის და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დააბალანსებს, ერთის მხრივ პარლამენტში „ოცნების" წარმომადგენლობას და მეორეს მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას". სამწუხაროდ, ჯერჯერობით პროცესები ორპოლუსიანია, ერთადერთი, რომელსაც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის რესურსი ჯერ კიდევ აქვს, ეს მამუკა ხაზარაძეა. ვნახოთ თუ მისი მოძრაობა შემდგომში, როგორც პარტია, რა სახეს შეიძენს, ახალი პლიტიკური ძალა თავისთავად ახალ პოლიტიკურ ცენტრობას არ ნიშნავს. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომში ის, როგორც პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით წარსდგება და იმ შუაშისტ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მიყვანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ლაგაზიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
„ოპოზიციის წარმომადგნელებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ უზრუნველყოფს. ყოველი ხუთშაბათი „ბოქლომის დღე" იქნება, - ასეთია ოპოზიციის განაცხადი, რაც შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც კი გაგრძელდეს. საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირაში კენჭისყრაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული საკანონმდებლო პროექტი ჩაააგდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია / „არცერთ უწყებას არ ექნება სიმშვიდე - არც საკრებულოს, არც მერიას, არც პრემიერ-მინისტრს, არც ქალაქის მერს...”
"ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს. კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია 20 ნოემბერს გენერალურ პროკურატურასთანაც გამართა, სადაც პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატებიც „დააბოქლომონ" და პროტესტის ეს ფორმა შესაძლოა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძით დაიწყონ, რომელიც ახალი ინიციატივით გამოვიდა, რასაც გოცირიძემ „სულელური ინიციატივა" უწოდა. „ბოქლომების დადება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არის ჩაშლილი; გვახსოვს ეროვნული მოძრაობის პერიოდში რაიკომის მდივნების კარების დაჭედვა ხდებოდა. ისინი, რა თქმა უნდა, რამდენიმე საათში ისევ შევიდოდნენ, მაგრამ ეს იყო გადაჯვარედინებული ორი ფიცარი, სიმბოლო იმისა, რომ კომუნისტური ეპოქა მთავრდებოდა. სწორედ ეს არის ბოქლომების სიმბოლოც. მეც კი დავადე ბოქლომი პარლამენტის პლენარულ დარბაზს, მაგრამ მოვიდნენ და გადაჭრეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"არ არის გამორიცხული, რომ სიმბოლურად ბოქლომი რომელიმე მაჟორიტარს დავადოთ, მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც ძალიან სულელური ინიციატივით გამოდის. მას უნდა შერეული სისტემაც კი გაუქმდეს და მხოლოდ მაჟორიტარული დარჩეს. იმ შემთხვევაში ივანიშვილის დავალება შეასრულა, ახლა ძალიან გაუტკბა, აიყოლია დეპუტატები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მაშინ, რადგან ივანიშვილის მოციქულად იყო დანიშნული პარლამენტში, ახლაც ივანიშვილი ავალებს ამ ინიციატივას. "ჯერ ვერ მოუნელებიათ პროპორცული სისტემის ჩაგდება და ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის. ივანიშვილს რომ არ აწყობს ეს, დეპუტატები ვერ ხვდებიან და ფეხის ხმას აყვნენ. ამიტომ ზოგიერთ დეპუტატსაც დავაბოქლომებთ. სიმბოლურად შეიძლება ჯიბეზე დავადოთ ბოქლომები, ფული რომ არ მოიპარონ," - ამბობს გოცირიძე”, - განაგრძობს გამოცემა.
"პროტესტის კიდევ რა ფორმას შეიძლება მიმართოს ოპოზიციამ? - ამ საკითხზე საუბრისას, გოცირიძე ამბობს, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას დაადებენ ბოქლომებს და პროტესტის ეს ერთგვარი ფორმა შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს. „არცერთ უწყებას არ ექნება სიმშვიდე; არც საკრებულოს, არც მერიას, არც პრემიერ-მინისტრს, არც ქალაქის მერს... სადაც კი „ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველობის ნიშნებია, ყველგან იქნება პროტესტი; სოფელში, ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ყველგან... მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ, დათმობაზე არ წამოვლენ და პირობას არ შეასრულებს. თუ არ შეასრულებს, მაშინ ასე იქნება არჩევნებამდე და არჩევენების შემდეგ. ერთიც და მეორეც, ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან დამაზიანებელი. „მარჯვნივ წავა, მგელი შეჭამს, მარცხნივ - მგლისფერი ტურა. აქამდე მიიყვანა საქმე. არცერთი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, მაგრამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის თანხმობა ვითარებას დაამშვიდებს და ქვეყანასს შანს მისცემს, რომ ამოისუნთქოს. ასეთ ვითარებაში ძალიან მძიმე იქნება, როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე სოცილიალური. ისედაც არაფერს აკეთებდა მთავრობა და ახლა მითუმეტეს. ახლა მათი ამოცანაა როგორმე ბიუჯეტი მიიღონ," - განაცხადა რომან გოცირიძემ”, - დასძენს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არაძალადობრივი პროტესტის 200-ზე მეტი ფორმა არსებობს, შესაბამისად, ოპოზიციას „მრავალფეროვანი არჩევანი" აქვს. „არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის სახელმძღვანელოში აღწერილია არაძალადობრივი პროტესტის ფორმის 200-ზე მეტი ფორმა და ოპოზიციას ფართო არჩევანი ექნება. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩათვლიან, რომ აქციებმა საკუთარი თავი ამოწურა. ამის ინდიკატორი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება აქციების მიმართ, ასევე საერთაშორისო რეაქცია და მხარდაჭერა. „ამასთან, ალბათ იმოქმედებს სხვა ფაქტორებიც, როგორიც არის მოახლოებული წინასაახალწლო განწყობები. ისიც გასათვალისწინებელია, რას გადაწყვეტს ხელისუფლება - გააგრძელებს თუ არა თავის თავდაპირველ პოზიციას, რომ საარჩევნო საკითხი აღარ გადაიხედება, თუ მაინც გადაწყვეტს, რომ დიალოგზე დაჯდეს ოპოზიციასთან. ამჟამინდელი მოცემულობით, დიალოგის სივრცე ძალიან დავიწროებულია. „ოპოზიცია წინა აქციის დაწყებამდე აანონსებდა, რომ ეს აქცია მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ არცთუ ისე მასშტაბური გამოდგა. ამ შემთხვევაში ოპოზიციის განცხადებები არ შეიძლება იყოს მიჩნეული იმის ინდიკატორად, რომ აქციები მართლაც მასშტაბური იქნება. მათ სურთ რომ მრისხანე განცხადებებით ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე, რომ საკუთარი თავი ძლევამოსილ ძალად წარმოაჩინონ. „რევოლუციური სცენარის მომხრე არც ოპოზიციაა, როგორც არ უნდა მოსწონდეს ხელისუფლება. ის რომ, რევოლუციური სცენარით აიღონ ძალაუფლება, ნაკლებად რეალურია, თუმცა, რევოლუციები წარმატებით მთავრდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ფატალურ შეცდომას უშვებს. თუ ეს ფატალური შეცდომა დაუშვეს, მოვლენები რა სცენარით განვითარდება, რთულია ამის პროგნოზირება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"