მეუფე დანიელი - სამების ტაძრით გამოვხატეთ ჩვენი სახე და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ღვთის ერი

„ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რომ მოგვივლინა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს“, - ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფემ ქადაგებისას აღიშნა, ბოლო ჟამს მატულობს რელიგიის დევნა და ამ დევნის ჟამს, სწორედ საქართველოსკენაა მიპყრობილი კეთილი ნების ადამიანების მზერა და ხედავენ, რომ ხდება რაღაც ისეთი, რაც არის ნიშანი ღვთის დიდებისა.

„15 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ამ დიდებული ტაძრის კურთხევა, ამ ტაძარში პირველი საზეიმო გახსნის წირვის ჩატარება მოხდა. ეს ტაძარი არის სიმბოლო ჩვენი ერის უფალთან დაბრუნებისა. მისმა უწმინდესობამ საოცრად შეაფასა ტაძრის მნიშვნელობა, მან ამ ტაძარს უწოდა ქართველი ერის ავტოპორტრეტი. დიახ, ამ ტაძრით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სახე და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ღვთის ერი, ღვთის მადიდებელი ერი და ის ჟამი, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო ღვთის დიდება და იგმობოდა ჩვენს ქვეყანაში ღმერთი, აი ამის საწინააღმდეგოდ, ამის მონანიების ნიშნად, ახალი ეტაპის დაწყების ნიშნად, აშენდა ეს დიდებული ტაძარი და ეს იყო გარდატეხა იმ დიდ პროცესში, რომელსაც ჰქვია ერის სვლა ღვთისაკენ. ეს იყო დიდი გამარჯვება. შეიძლება ითქვას, რომ 15 წლის წინ ამ ტაძრის კურთხევამ ქართველი ერი გაამთლიანა“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მეუფე დანიელმა ასევე ისაუბრა სამების ტაძრის მშენებლობაზე და ბიძინა ივანიშვილის მიერ მშენებლობისთვის ხელშეწყობაზე.

„ძალიან რთული იყო, ყველა ცდილობდა რაღაც შეეწირა, მაგრამ არ იყო საკმარისი და არ შეიძლება აღვნიშნოთ ის, რომ აი ამ რთულ მომენტში, როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო ერის სულიერი გამთლიანების სიმბოლო უნდა გამხდარიყო სამება და თუ ეს ტაძარი ვერ აშენდებოდა, ჩვენი ერის ერთობა სარწმუნოებაში ჯერ კიდევ არ იქნებოდა გაცნობიერებული, არ იქნებოდა რეალური და ხელშესახები მოვლენა და ნამდვილად არ შეიძლება არ ვუთხრათ მადლობა პიროვნებას, რომელმაც ის ნაკლოვანება, რაც გააჩნდა მშენებლობას, შეავსო და დაასრულა და დაარგვირგვინა ეს დიდი ისტორიული მოვლენა. ეს პიროვნება ბრძანდება ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ღმერთმა დალოცოს იგი და შეაძლებინოს მსახურება მომავალშიც ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება.

როდესაც ეს ტაძარი იკურთხა წირვის დროს, საკურთხეველში პატრიარქი თავის ტახტზე ბრძანდებოდა და თეთრი მტრედი შემობრძანდა საკურთხეველში და უწმინდესის ტახტის მარჯვენა მხარზე დაბრძანდა და დიდხანს იყო ასე. ეს იყო ნიშანი ღვთისა და საოცარია, რომ 15 წლის შემდეგ, დღეს როცა ჩვენ ზეიმით აღვნიშნავთ ტაძრის 15წლის თავს, დღესაც საკურთხეველში, ვიდრე მოხდებოდა პურისა და ხორცის გარდაქმნა მაცხოვრის ხორცსა და სისხლად, შემობრძანდა თეთრი მტერდი. ეს არის ნიშნები ღვთისა და უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ წყალობისა“,- განაცხადა მეუფე დანიელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა