რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, სამწუხაროდ, ქუჩაში გადასული პოლიტიკური პროცესი ღრმავდება. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები ოპოზიციის მხარდამჭერებზე ხუთჯერ მეტნი არიან, ხელისუფლების მომხრეები, როგორც გაირკვა ძირითადად სსიპ-ის თანამშრომლები, ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისსა და მცხეთაში გააქტიურდნენ.

სამწუხაროდ, უკვე არსებობენ ამ შეხლა-შემოხლის დროს დაშავებულებიც და დაკავებულებიც. რადგან ნაცემები და დაკავებულები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება თავად დაჰყო თავისიანებად და მოწინააღმდეგეებად, ანუ დასაჭერებად და იმათ, ვისზეც კანონი არ ვრცელდება.

მგონი, საკამათო არ უნდა იყოს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთ გართულებულ ფონზე როგორც ახლაა, ხელისუფლება ამაზე უარესს ვერაფერს გააკეთებდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ქუჩაში მას შემდეგ ხდება, რაც ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის თემა „დახურულად“ გამოაცხადა?

- ვფიქრობ, თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს. ჯერ ერთი, გაუგებარია ინფორმაციის წყარომ საიდან იცის, რომ „ნაციონალებთან“ დაპირისპირებულები სსიპ-ის თანამშრომლები იყვნენ მხოლოდ? ალბათ, არ ეჭირათ პლაკატები „ჩხუბს ვუერთდებით ამა და ამ სსიპ-ის თანამშრომლები“-ო.

მეორე მხრივ, ამ ინფორმაციას პოლიტიკური ფუნქცია აქვს. ვინც მას დაუჯერებს, დაასკვნის, რომ „ნაცმოძრაობით“ უკმაყოფილებას მხოლოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ხალხი გამოხატავს, დანარჩენები - „ნაციონალების“ მხარეზეა. ეს ძალზე წააგავს „ნაციონალების“ პროპაგანდას. შეიძლება ეს ინფორმაციაც მათგან არის შემოგდებული.

ხსენებული ინფორმაცია ლოგიკურადაც არაა დამაჯერებელი. გარდა ცხრაწლიანი ძალადობის ისტორიებისა, ის კადრი მაინც ხომ ახსოვს ადამიანებს, „ორ ტრუპს“ რომ ითხოვდა მერაბიშვილი?!

ამ მეხსიერების გამოა, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც, არჩევნებშიც და მიტინგებზეც ხალხის დიდი რაოდენობისთვის მიუღებელია „ნაცმოძრაობა“ და მის შესანიღბად გამოყენებული სხვადასხვა პარტიები თუ ახალგაზრდების ჯგუფები. ამიტომ, ის ვერსია, რომ „ნაციონალებს“ მხოლოდ სსიპ-ის თანამშრომლები უპირისპირდებიან, ლოგიკურიც არა მგონია და გადამოწმებას საჭიროებს. ასევე, გადამოწმებას საჭიროებს ალბათ ის, რომ დაკავებულები მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

ახლახანს საწინააღმდეგო ინფორმაციაც გაისმა და, საერთოდ, დაპირისპირების ეს პროცესი ახლა დაიწყო და საბოლოო დასკვნა ან ერთი ან მეორე მხარის პოლიტიკაზე ნაადრევი მეჩვენება.

ის ვერსია, რომ „ნაციონალებს“ მხოლოდ სსიპ-ის თანამშრომლები უპირისპირდებიან, ლოგიკურიც არა მგონია და გადამოწმებას საჭიროებს

არსებობს „ნაციონალებით“ უკმაყოფილო ხალხი, ამაზე თვალის დახუჭვას აზრი არა აქვს. არც მათი აქციაა გასაკრიტიკებელი სხვების აქციების ფონზე. მათ აქვთ უფლება, გამოვიდნენ და გამოხატონ უკმაყოფილება თავიანთი რაოდენობის ჩვენებით და არა ცემა-ტყეპით. თავშეუკავებლობა ძალადობის გამართლება არ არის და ყველაფერს აყენებს ზიანს, ყველაზე მეტად - თავშეუკავებლებს.

ამიტომაა, „ნაციონალები“ ადრეც და ახლაც ადვილად მიდიან ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რადგან თუ მეტოქე მოძალადედ გადაიქცევა, „ნაციონალები“ მოიპოვებენ მორალურ და პოლიტიკურ უპირატესობას. ამიტომ, ვინც „ნაცმოძრაობას“ უპირისპირდება, მათ ინტერესშია, რომ მშვიდობა არ დაირღვეს. ამის დანახვას შეიძლება დასჭირდეს დრო. თუ იქამდე რაიმე გამოუსწორებელი არ მოხდა, მე მგონი, ქუჩის დაპირისპირებები ჩადგება მშვიდობიან კალაპოტში.

ვინც „ნაცმოძრაობას“ უპირისპირდება, მათ ინტერესშია, რომ მშვიდობა არ დაირღვეს. ამის დანახვას შეიძლება დასჭირდეს დრო. თუ იქამდე რაიმე გამოუსწორებელი არ მოხდა, მე მგონი, ქუჩის დაპირისპირებები ჩადგება მშვიდობიან კალაპოტში

რაც შეეხება ქუჩას, ქუჩა პოლიტიკურ სამზარეულოდ რომ ვარგოდეს, პოლიტიკის საკეთებლად პარლამენტებში არ შევიდოდნენ, არც არჩევნები გახდებოდა ხელისუფლების წყარო და ვინც ქუჩაში გაიმარჯვებდა, ის გახდებოდა ხელისუფალი.

ქუჩა პოლიტიკურ სამზარეულოდ რომ ვარგოდეს, პოლიტიკის საკეთებლად პარლამენტებში არ შევიდოდნენ, არც არჩევნები გახდებოდა ხელისუფლების წყარო და ვინც ქუჩაში გაიმარჯვებდა, ის გახდებოდა ხელისუფალი

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ პოლიტიკა ქუჩაში გადის ხოლმე, როცა ჩნდება სამართლიანობის შიმშილი და საშუალებების სისუფთავეზე აღარ ზრუნავენ.

დღეს ჩვენთან პოლიტიკამ ქუჩაში გადაინაცვლა უსამართლობის მოტივით. არც ისაა გამორიცხული, რომ ქუჩაში გამარჯვებით ხელისუფლების შეცვლა სურდეს ოპოზიციის ნაწილს, ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის შეგონებები ამაზე მიანიშნებს. ამ მხრივ დემოკრატიული მექანიზმებიდან ამოვარდნის საფრთხე არსებობს. თუმცა, რეალური არ მეჩვენება, რაც ხშირად იყო საქართველოში და არასოდეს კარგად არ დამთავრდა.

არც ისაა გამორიცხული, რომ ქუჩაში გამარჯვებით ხელისუფლების შეცვლა სურდეს ოპოზიციის ნაწილს, ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის შეგონებები ამაზე მიანიშნებს. ამ მხრივ დემოკრატიული მექანიზმებიდან ამოვარდნის საფრთხე არსებობს. თუმცა, რეალური არ მეჩვენება

ამის შეფასება მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება. დასანანი იქნება, ისევ ქაოსის პირას მყოფ ქვეყანაში რომ დავბრუნდეთ, სადაც მტყუან-მართალი არ არსებობს. ქაოსს ყველა ერთად ქმნის.

- როგორც ჩანს, პოლიტიკურ ძალთა მხარდამჭერების ქუჩაში დაპირისპირება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ოპოზიციის წინადადები პარლამენტში არ დარეგისტრირდება, მათ მოთხოვნას ობმუდსმენი ეუთო/ოდერში არ გააგზავნის და მასზე პასუხი არ მოვა.

ფაქტია, რომ ახლა შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები აშკარად სახიფათო ზღვარზეა. წარმოუდგენელია ამას პოლიტიკოსები ვერ გრძნობდნენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია და ვისზეც პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის იმ ნაწილის, ვინც ახლა თავის მხარდამჭერებთან ერთად ქუჩაშია გასული. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების ქმედებებს?

- შეფასება სურვილებს ეყრდნობა ხოლმე. ჩემი სურვილია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური სუბიექტი მოჭადრაკეს ჰგავდეს - ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ხომ პოლიტიკას საჭადრაკო დაფა უწოდა - და პოზიციას ირჩევდეს კარგად გათვლილი კომბინაციის საფუძველზე, ხოლო მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად იცავდეს პოლიტიკური თამაშის წესებს. ამ სურვილის ფონზე თუ შევაფასებთ, არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია.

ხელისუფლებამ საინტერესო სვლა გააკეთა, როცა ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების იდეა წამოაყენა, პოლიტიკურ პერსპექტივებს ქმნიდა ეს იდეა. შეცდომად მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ისევ ამ უგემურად გადაღეჭილ საარჩევნო სისტემას დაუბრუნდა და „გადამგდების“ იარლიყი დაიმსახურა. ოპოზიციონერებმა მორალური უპირატესობა მიიღეს, მაგრამ თავის მხრივ დაუშვეს შეცდომა - სიმართლით გათამამებულებმა ქაოსის („ჯოჯოხეთის“) მოწყობა გადააქციეს სტრატეგიად, რითაც მორალური უპირატესობაც დაკარგეს და ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერაც, ჯოჯოხეთში ჩაყოლის მსურველები ცოტანი არიან ხოლმე.

შეცდომად მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ისევ უგემურად გადაღეჭილ საარჩევნო სისტემას დაუბრუნდა და „გადამგდების“ იარლიყი დაიმსახურა. ოპოზიციონერებმა მორალური უპირატესობა მიიღეს, მაგრამ თავის მხრივ დაუშვეს შეცდომა - სიმართლით გათამამებულებმა ქაოსის („ჯოჯოხეთის“) მოწყობა გადააქციეს სტრატეგიად

ოპოზიციურ პარტიებს ისიც არ სურთ გააცნობიერონ, რომ სანამ „ნაციონალების“ სახეები და აგრესიული სტილი იქნება წამყვანი ოპოზიციაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელ ოპოზიციაზე იტყვის უარს, რაც მრავალპარტიულობას ფორმალობად გადააქცევს.

დაშვებული შეცდომების გამო, ვვარაუდობ, რომ ორივე მხარის პოზიციებიც მოუფიქრებელია და თამაშის წესებიც დაუცველი. რომელიმე მათგანისთვის კომპლიმენტების თქმა ძალიან ძნელია.

ორივე მხარის პოზიციებიც მოუფიქრებელია და თამაშის წესებიც დაუცველი. რომელიმე მათგანისთვის კომპლიმენტების თქმა ძალიან ძნელია

- მოძრაობა „ლელომ“, „შენების მოძრაობამ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია - „სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას“ და ივანიშვილს დაეკისრებათ.“

პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებსო“, მაგრამ მმართველი გუნდის გენმდივანმა კახი კალაძემ „ოცნების“ ოფისთან მომხდარზე უცნაური კომენტარი გააკეთა - „ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღსო“.

იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს, თან საგრძნობლად, მხარეებმა ყოველთვის დიალოგის გზით შეძლონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობის პრობლემების გადაჭრა, თქვენ რას ურჩევდით ხელისუფლებას?

- ყველა ხელისუფლებაზე ლაპარაკობს, თითქოს მხოლოდ მასში იყოს პრობლემა. პრობლემა კი არის სერიოზული კონკურენციის არყოფნაში. ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობა და მხარდაჭერა რომ სუსტია, აჩვენა არაერთმა გამოკვლევამ და არჩევნებში ნიჰილისტების სიმრავლემ.

ასე რომ, რჩევები ოპოზიციას ხელისუფლებაზე ნაკლებად არ სჭირდება. მას რომ ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება შეეძლოს, ხელისუფლება ავტომატურად გახდებოდა უფრო მგრძნობიარე პრობლემების მიმართ. ახლა ყველა მხარე დარწმუნებულია თავისი გზის სისწორეში და რჩევები არავის არ სჭირდება.

ახლა ყველა მხარე დარწმუნებულია თავისი გზის სისწორეში და რჩევები არავის არ სჭირდება

- ვიცით, რომ ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა ოპოზიციის წინადადებაზე ე.წ. გერმანული მოდიფიცირებული მოდელის არა მარტო განხილვაზე, არამედ ვენეციის კომისიისთვის, ანაც ეუთო/ოდერისათის გაგზავნაზე.

თუ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციამ „ორ სვლაში მიიღო შამათი“, თქვენი აზრით, რატომ ამბობს უარს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინადადებების ვენეციის კომისიისთვის ანაც ეუთო/ოდერისათვის გაგზავნაზე?

- ყველაფერს აქვს ინერცია, პოლიტიკოსების სიჯიუტესაც.

- ამ თემებზე მსჯელობისას გია ხუხაშვილმა განაცხადა - „როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, მიმართავენ არბიტრს. თუ რომელიმე მხარე უარს აცხადებს არბიტრის ჩართვაზე, ის ხდება პასუხისმგებელი კრიზისის გაგრძელებაზე. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ხელისუფლება“.

იმაში, რომ ვერ ხერდება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში დაბრუნება, რამდენად დიდია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა?

- დიდია, მაგრამ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა? პოლიტიკის სასამართლო მხოლოდ არჩევნებია. ამიტომ თქვა ივანიშვილმა, თუ მტყუანები ვართ, არჩევნებზე მისული ხალხი გადაწყვეტსო. პასუხისმგებლობაზე აპელირება რიტორიკაა, არჩევნები - პრაგმატიკა. ჯერჯერობით, „ოცნება“ პრაგმატიკით ხელმძღვანელობს.

ამიტომ თქვა ივანიშვილმა, თუ მტყუანები ვართ, არჩევნებზე მისული ხალხი გადაწყვეტსო

- გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე სასამართლომ „ქართუ“ ბანკის საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. მელიას 2 წელი და 3 თვე თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

სასამართლოში გრძელდება ხაზარაძე-წერეთლის საქმე, რომელზეც საქმეში ჩახედული ადამიანები გაოცებასა და გაკვირვებას არ მალავენ. ხაზარაძემ ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით „აეროფლოტის“ ბიზნესკლასის ბილეთი უყიდა და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გრძელდება აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვა სასამართლოებში. დაკავებულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. პარალელურად, საინტერესო პროცესებია მმართველ გუნდში. მხედველობაში მაქვს ის, რომ სოფო ქაცარავას შემდეგ პარლამენტი „ოცნების“ კიდევ ერთმა სახემ, თან საკმაოდ კვალიფიციურმა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ დატოვა.

როგორც ჩანს, ვითარება პარლამენტს შიგნით და პარლამენტს გარეთ მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდება, როცა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დამტკიცებას დაიწყებს. ამის პარალელურად მესამე პრეზიდენტი თუ აქამდე „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგზე საუბრობდა, ყოფილ ოპონენტებს იკრებს და ივანიშვილის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებას ცდილობს.

რჩება შთაბეჭილება, რომ ხელისუფლება ხისტი ქმედებებისკენ იხრება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ჩამოყალიბებულ რეალობაში რამდენად ეფექტურად და პერსპექტიულად გამოიყურება ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის გზა, რომელსაც, როგორც ჩანს, ის უკვე დაადგა?

- თუ გულისხმობთ, რომ ხელისუფლება სიხისტის გზას დაადგა გეთანხმებით, რომ ახლა ეგ სიტუაციაა, მაგრამ პერსპექტივის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან შეიძლება ხისტი გზაც აღმოჩნდეს შედეგის მომტანი.

დავაკვირდეთ, ხშირად ოპოზიციაც ხისტია. როცა სიხისტემ შედეგი არ მისცა, ოპოზიციამ გამოავლინა ელასტიურობა და გადავიდა მოდელების შეთავაზებაზე. სწორი სტრატეგიაა.

ანალოგიურად მოიქცევა ხელისუფლებაც - თუ სიხისტე შედეგს არ მისცემს, ისიც გახდება ელასტიური. ადრე ელასტიურობის გამოვლენა იყო ბუნებრივი ბარიერის შეთავაზება. ამდენად, ნაადრევი მეჩვენება სტრატეგიების დღევანდელი სურათით პერსპექტივების შეფასება.

ნაადრევი მეჩვენება ხელისუფლებისა და ოპოზიციის სტრატეგიების დღევანდელი სურათით პერსპექტივების შეფასება

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემის გარეშე 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა.

დამკვირვებელთა ასევე დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 50%-ს ვერც „ნაციონალები“ მიიღებენ, მაგრამ ოპოზიციას აქვს თეორიული შანსი „ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღოს. ვიმეორებ, მხოლოდ თეორიული.

ისეთი პირი უჩანს, ეუთო/ოდერმა ოპოზიციის წინადადებები რომც ჩათვალოს შესაძლებლად, ხელისუფლება მათზე უარს იტყვის. ასეთ ვითარებაში რომ ოპოზიციაც არ გაჩერდება, უკვე ეგეც ცხადია. სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს სურთ არჩევნებამდე არჩევნების მოგება.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი აცხადებს - „ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია, დაძაბულობის განსამუხტად დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია“, მაგრამ ასე არ ხდება. რადგან ასე არ ხდება, გინდა არ გინდა ჩნდება ეჭვი, რომ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარება ხელისუფლებასაც აწყობს და მასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ან მარტო „ნაცმოძრაობას“, ან პროპორციული სისტემის მოთხოვნით გაერთიანებულ ოპოზიციას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარება „ქართულ ოცნებასაც“ აწყობდეს, „ნაცმოძრაობასაც“ და როგორც მინიმუმ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილსაც?

- რევოლუცია ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი აქტია. არც ერთ ხელისუფლებას საკუთარი თავის შეცვლა არ აწყობს. შეიძლება ხელისუფლებას აწყობდეს, რომ ოპოზიციამ იხმაროს ძალა რევოლუციის მოსაწყობად, რათა მერე თავად გამოიყენოს ძალა მისი ჩახშობისთვის. ახლახანს იყო ამის მაგალითი თურქეთში. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას აწყობს რევოლუცია, როგორც ასეთი. ზოგადად, რევოლუცია აწყობს ხოლმე იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებში იმარჯვებს მიუხედავად შელახული იმიჯისა, რადგან მისი ალტერნატივა, ჯერჯერობით, „ნაციონალებია“.

რევოლუცია აწყობს ხოლმე იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებში იმარჯვებს მიუხედავად შელახული იმიჯისა, რადგან მისი ალტერნატივა, ჯერჯერობით, „ნაციონალებია“

ახალ პოლიტიკურ გუნდებს ბევრი რამ აკლიათ საიმისოდ, რომ სერიოზულ ალტერნატივად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვისაც კი რევოლუცია მიუღებელია, რადგან მას სურს შეინარჩუნოს დასავლეთის ნდობა, რასაც 2003 წლისგან განსხვავებით, რევოლუციური სცენარის პირობებში დაკარგავს. ამიტომ, არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი.

„ოცნება“ და „ნაციონალები“ თავიანთი შეცდომებით ისე ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს, რომ „შეთქმულების თეორია“ გიტივტივდება ადამიანს, მაგრამ შეთქმულება არცაა საჭირო, ისინი ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები არიან

ხანდახან მგონია, რომ რეალობა საპირისპიროა. არათუ რევოლუცია, შეიძლება არჩევნებში გამარჯვებაც არაა ოპოზიციის მიზანი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ყველას აწყობს დღევანდელი განაწილება - „ოცნება“ პირველ საპრიზო ადგილზე, „ნაციონალები“ - მეორეზე, დანარჩენები - მარგინალებად.

„ოცნება“ და „ნაციონალები“ თავიანთი შეცდომებით ისე ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს ამ განაწილების შენარჩუნებაში, რომ „შეთქმულების თეორია“ გიტივტივდება ადამიანს, მაგრამ შეთქმულება არცაა საჭირო, ამ ვარიანტში ისინი ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები არიან.

ქალბატონი ნინოს ვიზიტი მოსკოვში, არსებითად, არაფერს შეცვლის არც იქ და არც აქ. ამ უშედეგობის ტვირთიც ისევ ქალბატონ ნინოს დააწვება

საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა ამ ვარიანტშიც გამართლებულია. „ნაციონალები“ კარგად უნდა ხვდებოდნენ, რომ თუ მათი პარტია მიუღებელია მოსახლეობისთვის, იგი პროპორციულ არჩევნებშიც ვერ მოიპოვებს გამარჯვებას. ამდენად, ივანიშვილის ჩამოშორება ძალაუფლებიდან მათთვის რეალური მიზანი შეიძლება არცაა.

მეორე მხრივ, პროპორციულ არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, უფრო მეტი მანდატი შეიძლება აიღონ, ვიდრე დღეს აქვთ, ხოლო ეს უფრო მეტი დაფინანსებაა ბიუჯეტიდან. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დემოკრატიის გადარჩენის გარდა შეიძლება სხვა მოტივებიც არსებობდეს, რაც რევოლუციურ სცენარს არ გულისხმობს.

პოლიტიკისთვის უცხო არაა მოტივების სიმრავლე. ისე, ამ ვერსიაში სწორად გამიზნულ სვლებად გამოიყურება ის, რაც ზემოთ თავად შევაფასე შეცდომებად. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, რომელი ვერსია იყო ახლოს რეალობასთან.

- ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მოსკოვში დიდი ხმაური მოჰყვა.

გასაგებია, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი კარგა ხნის წინ იქნებოდა დაგეგმილი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თბილისში აქციების ფონზე ბურჯანაძის ვიზიტის ცალკე და განყენებულად განხილვა, მაინც აშკარად ჭირს.

ამ თემაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კი გააკეთეს კომენტარები, გაემიჯნენ მას, მაგრამ ამ თვალსაზრისით თაკო ჩარკვიანის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის რიგების ხმაურიანი დატოვებაც საგულისხმო იყო აშკარად.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგიასა თუ ტაქტიკაში და რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს იგი ხელისუფლებისთვის?

- ქალბატონი ნინოს მოსკოვში ვიზიტი არაა ახალი მოვლენა. ადრეც ყოფილა იგი მოსკოვში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამით არ სარგებლობდა, რაც ჩემთვის მაშინაც გაუგებარი იყო - ყველა ინფორმაცია შეიძლება იყოს სასარგებლო. აღსანიშნავია, რომ არც მოსკოვს დატყობია რამე ცვლილება საქართველოს მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში. მე ვეჭვობ, რომ იგივე მოხდება ახლაც, არ იქნება რაიმე შედეგი.

საქართველოში მოსკოვთან გაკარება პოლიტიკოსებს აშინებს, პრორუსულობა არ დამაბრალონო. ამ ნაბიჯის გადადგმას გაბედვა უნდა, რაც დასაფასებელია როგორც ბურჯანაძეში, ისე სხვა პოლიტიკოსებში, ოღონდ, ყველა გაბედულ ნაბიჯს შედეგი უნდა მოჰქონდეს. ამ ვიზიტების შედეგი კი არა ჩანს.

პოლიტიკოსების ჩასვლის საპასუხოდ მოსკოვმა გავრილოვი გამოაგზავნა და პოლიტიკური მიწისძვრები გამოიწვია. ეს ძალზე ცუდი პასუხია. ქართველების მოსკოვურ ვიზიტებშიც არ იკითხება ის, რაც ზემოთ დავიჩივლე - დადებით პოლიტიკურ შედეგზე გათვლილი სცენარი.

გაბედულ ნაბიჯებს მხოლოდ იმათი დისკრედიტაცია მოჰყვება ხოლმე, ვინც გაბედულება გამოჩინა, რაც სწორედ უშედეგობის ბრალია. თუ ამ ვიზიტის შედეგად მოსკოვმა, მაგალითად, ქართველი ექიმი გაათავისუფლა ცხინვალის ტყვეობიდან, ნახავთ, რომ მოსკოვთან ცალკეული პოლიტიკოსების ურთიერთობის შეფასება საგრძნობლად შერბილდება. მაგრამ მეეჭვება, რომ ეს მოხდეს, მოსკოვი მოსკოვია. ამიტომ მგონია, რომ ქალბატონი ნინოს ვიზიტი მოსკოვში, არსებითად, არაფერს შეცვლის არც იქ და არც აქ. ამ უშედეგობის ტვირთიც ისევ ქალბატონ ნინოს დააწვება.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა