პროკურორი - გიგი  უგულავასა და საქმეში არსებულ სხვა ბრალდებულთან ესემეს მიმოწერები არსებობს, რომელიც თანხის გადმორიცხვის დაჩქარებას ეხებოდა

გიგი უგულავასა და საქმეში არსებულ სხვა ბრალდებულთან ესემეს მიმოწერები არსებობს, რომელიც თანხის გადმორიცხვის დაჩქარებას ეხებოდა. მოწმე გიორგი კაპანაძის განმარტებით, თანხები მიდიოდა მათ შორის ბრალდებულ გიორგი უგულავასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი აცხადებს, გიორგი კაპანაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება დამაჯერებელია. პროკურორი აცხადებს, რომ გიორგი კაპანაძეს ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობას სთხოვდნენ.

"მოწმემ სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემობასთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ფულის გათეთრების სქემას და ამ სქემაში ჩართულ პირებს. მათ შორის, ბრალდებულ გიორგი უგულავას. მოწმის განმარტებები ასევე დასტურდება ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და ამ საქმეში სხვა ბრალდებულ პირთან გიორგი უგულავას მიმოწერებით. დაცვის მხარის მიერ წარმოებული დაკითხვა არ შეეხებოდა ფულის გათეთრების სქემას, მხოლოდ არაარსებითი კითხვები იყო, რომელსაც ფულის გათეთრებასთან, მასში ჩართულ პირებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე შეეხება ფულის გათეთრებას. ეს იყო გიორგი კაპანაძეზე მუქარით განხორციელებული ქმედება. მუქარის ამსახველი ტექსტის დოკუმენტი მტკიცებულების სახით სასამართლოში წარმოდგენილია. მოწმე, რა თქმა უნდა, დამაჯერებელი იყო. მოწმის მიერ მიცემული განმარტებები თანხვედრაშია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერთან. გიორგი კაპანაძის როლი შუამავლობა იყო, ის თანხის ერთგვარი გამტარი იყო, მისი შესაძლებლობები, მისი კომპანიები იქნა გამოყენებული. რა იყო ამის მოტივაცია და მიზეზი, თუ რის გამო სთხოვეს ეს ყველაფერი, მან სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვიმეორებ, არსებობს გიორგი უგულავასა და ამ საქმეში არსებულ სხვა ბრალდებულთან ესემეს მიმოწერები, რომელიც სწორედ თანხის გადმორიცხვის დაჩქარებას ეხებოდა. რაც შეეხება გიორგი კაპანაძის გიგი უგულავასთან შეხვედრას, მან ეს დაადასტურა და ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. მოწმის განმარტებით, თანხები მიდიოდა მათ შორის ბრალდებულ გიორგი უგულავასთან", - აცხადებს სადრაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე