ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019

მამუკა არეშიძე - “ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის”

ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება - პოლიტიკურ ოლიმპს პოლიტიკოსთა შვილები უტევენ...

დავით უსუფაშვილი - “ეს რა ჩაიდინა ივანიშვილმა?.. საქმე გვაქვს ან წარმოუდგენელ ბოროტებასთან, ან წარმოუდგენელ უგუნურებასთან”

“ოცნებას” კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს, კრიტიკული ზღვარი დგება - ჭიჭინაძე

* * *

მამუკა არეშიძე - “ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის”

“რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნიშნები. ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება. როგორც 90-იანი წლების დამდეგის მძიმე მოვლენების მომსწრე, გეტყვით, რომ ჩემმა თაობამ ეს უკვე გაიარა. იმას, რაც მოხდა 1991 წლის 2 სექტემბერს, როდესაც პირველად დაიღვარა სისხლი ქართველებს შორის, სისხლის მდინარეები მოჰყვა. ის ჭრილობები დღესაც არა აქვს ქვეყანას მოშუშებული”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის” / “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლის დანაშაული აშკარაა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

“აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტელიტის შეცდომების ბრალი იყო, თუმცა მასში, რა თქმა უნდა, გარე მტრის ხელიც ერია. დღესაც ამ პროცესებში ქართველები ჩანან წინა პლანზე, მაგრამ ამის უკან იმდენი ძალაა თავმოყრილი, იმდენი ქვეყნის აგენტურა მუშაობს... ოპოზიციამ პროტესტი უნდა გამოთქვას, მაგრამ უკვე პროტესტშიც აღარ არის საქმე, ლაპარაკია ორმხრივ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ და კვლავაც უშვებენ. სამწუხაროდ, სურათი ასეთია და ამისი გამოსწორების პერსპექტივა ამწუთას არ ჩანს... ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა - ნახა, რომ აქციებზე ბევრი ხალხი ვერ გამოჰყავს და სხვადასხვა ადგილას გადაწყვიტა აქციების ჩატარება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონებშიც გააქტიურდება დაპირისპირება. ქუთაისში დანთებული პატარა ცეცხლი ყველა რეგიონს რომ გადასწვდეს, წარმოიდგინეთ, რამხელა ხანძარი აგიზგიზდება. ეს ძალიან სახიფათოა, მით უფრო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ საფრთხილო რეგიონები გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდებოდა არჩევნებამდე სხვა მიზეზით. საქმე ის არის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიზანია, ქვეყანაში არეულობა იყოს და ამ ქაოსით მივიდეთ არჩევნებამდე. ეს მათი სტრატეგიული გათვლაა, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სხვა მეთოდით ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”, მთელი მათი რესურსის გათვალისწინებით, ვერ დაამარცხებენ. სწორედ ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლების გადამწყვეტი შეცდომა კოაბიტაცია იყო. ერთმა შეცდომამ სხვა - მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. განაპირობა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნ კანდიდატთა შორის ბევრი ვერ მოხვდებოდა და ეს პრობლემაც მოიხსნებოდა; არც იმ ადამიანების ნაწილი დადგებოდა რუსთაველზე, ვისაც დღეს ვხედავთ, რადგან პატიმრობის მოხდა მოუწევდათ; ასევე არ გვეყოლებოდა უამრავი პორტირებული პირი მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ. ეს ყველაფერი სხვანაირ შედეგს მოიტანდა და ქვეყანა განვითარდებოდა. შეიძლება მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური გარღვევა არ ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება კვლავაც ღირსებაშელახულად არ იგრძნობდა თავს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“კარგად ვხვდებით, “ნაციონალური მოძრაობა” ამ ვითარებაში როგორ მოიქცეოდა - ხვალვე დაარბევდა აქციებს, ყველას მიწასთან გაასწორებდა და ზეგ დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს ისეთი ფორმატით, როგორიც მოუნდებოდა, და მიიღებდა იმ შედეგს, რაც გაუხარდებოდა. “ქართული ოცნება~ ამას არ აკეთებს. მას სხვა ტიპის ტაქტიკა აქვს, მაგრამ. თუ ხელისუფლება ქვეყანას ქაოსისკენ წაიყვანს, ეს ნაკლები უბედურება ნამდვილად არ იქნება. დიახ, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების ბრალია, ის არის პასუხისმგებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ცამდე მართალია. “ნაციონალური მოძრაობის~ მოქმედებები გამიზნულია პროვოკაციაზე, ოღონდ კი ვინმე წამოაგონ და, რას აღარ აკეთებენ. მაგალითად, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს შეუძლია ერთ დღეს ჟურნალისტებს აგინოს, მეორე დღეს ბოდიში მოიხადოს, შეუძლია კამერის წინ პოლიციელს ჩაარტყას, მეორე დღეს კი მოუწოდოს, გვერდით დაგვიდექითო. ეს პოლიტიკური ცინიზმი “ნაციონალური მოძრაობის” დამახასიათებელია, ანუ მუდმივი აპელაცია ხალხზე და მერე ამ ხალხის დიდი ნაწილის ციხეებში ჩაყრა და წამება. შესაძლოა გვარამიას განცხადება “ფეისბუკში”, რომელშიც ლაპარაკია ხელისუფლების დამხობაზე იმის მოსინჯვაც იყო, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას, რა ნაწილს მოეწონებოდა მისი იდეა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ურთიერთობას, ისინი ერთმანეთს აცოცხლებენ და ეს უკვე მექანიკურ ფაზაში გადავიდა - თუ ადრე მათი თანაცხოვრება გარკვეულწილად ხელოვნური იყო და ამაში კოაბიტაცია ეხმარებოდათ, დღეს უკვე მოვლენები თავისით ვითარდება. ჩემი აზრით, ახლა ბრძოლა იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც ყველა ხერხი მისაღებია, მაგრამ რადგან ამ პროცესებს აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდებიან ისინი, ვისაც ანგარიშს უწევენ მხარეები, ამიტომ მეტ-ნაკლებად ფრთხილობენ. სხვა შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედება გაცილებით რადიკალური იქნებოდა. თუ ჰგონიათ, საქმეში ჩახედულ პირებს არა აქვთ ინფორმაცია, რა ტიპის მზადება მიდის ოპოზიციაში ქუჩაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისთვის თუ ძალოვან სტრუქტურებში, ძალიან ცდებიან. საქართველო პატარა ქვეყანაა - იციან, ვინ რას ლაპარაკობს, როგორ იქცევა, რა ტიპის შეკრებებს აწყობს. ასე რომ, ჩემთვის, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედულისთვის, ცხადია, რომ ოპოზიცია ექსტრემალური ვითარების შექმნას მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერს აკეთებს, როგორმე ასწიოს დუღილის ტემპერატურა, რათა შემდგომ ამაში ჩართოს ის ხალხი, ვინც კვლავაც მუშაობს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ხელისუფლების შეცდომები, მეტიც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლის დანაშაული აშკარაა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა ისინი, ვისთვისაც მთავარია ძალაუფლება, მეეჭვება, ამაზე ფიქრობდნენ. ახლა მიდის ბრძოლა სწორედ ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის. მინდა საზოგადოებამ ეს კარგად გაიგოს. დღევანდელ აქციებზე ფიზიკური დაპირისპირება გახშირდა და ჩვენ არ ვიცით, ერთ მშვენიერ დღეს როგორ დასრულდება. საზოგადოებაში აგრესია საკმაოდ დიდია, დუღილის ტემპერატურაც მატულობს, რასაც მედიაც ხელს უწყობს, განსაკუთრებით სატელევიზიო”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “მაჟორიტარები, რომლებსაც დაჰბრალდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიან - ჯერ იყო და, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ და ხელმოწერებს აგროვებდნენ, ახლა ორპალატიანი პარლამენტის იდეით გამოდიან...” - პასუხობს:

“საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, რაც მოხდა, ივანიშვილთან შეთანხმებით დადგმული სპექტაკლი იყო. ჰოდა, ბევრისთვის ისე ჩანს, რომ ამ ინიციატივებით ისინი სპექტაკლს აგრძელებენ. საზოგადოებას ასე სჯერა და მას ძნელად გადაარწმუნებენ. არის მეორე მხარეც - ის, რომ არსებობდა პროპორციული სისტემის გამო მაჟორიტარების უკმაყოფილება. საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებამდე ცოტა ხნით ადრე პირადად ვესაუბრე რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატს (მათ შორის არ ყოფილა კახა ოქრიაშვილი), რომლებიც ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში აღარ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს, რადგან თავდაპირველად რომ დავთანხმდით, დაგვპირდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში ჩვენს ჩასმაზე იფიქრებდნენ, ახლა კი აღარაფერს გვპირდებიან და ქუჩაში ვრჩებითო. ეს განწყობა არსებობდა, ამიტომაც მთლად ივანიშვილის მოფიქრებულიც არა მგონია ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იცოდნენ მაჟორიტარების განწყობა და მათი დემარშის პროვოცირება მოახდინეს”.

ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება - პოლიტიკურ ოლიმპს პოლიტიკოსთა შვილები უტევენ...

“საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბურჯანაძის, სანიკიძის, ბოკერიას, ბერძენიშვილის შვილები პოლიტიკურ ოლიმპს უტევენ - ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება.

“ქართულ პოლიტიკურ ოჯახებში თაობათა ცვლა ახალი არ არის. მაგალითად, თბილისის დღეს მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე გასული წლების ცნობილი პოლიტიკოსის, “მრეწველთა” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ვაჟია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ოცნების” უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე ასევე გასული ცნობილი პოლიტიკოსის, “სახალხო პარტიის” ყოფილი ლიდერის, გია კობახიძის შვილია. თუმცა, მოქმედი პოლიტიკოსების შვილების აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენამ ბოლო დროს გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო. ისინი აქტიურად არიან ჩაბმული როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე მშობლებთან ერთად მნიშვნელოვან შეხვერებშიც იღებენ მონაწილეობას და ქუჩის აქციებშიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. მაგალითად, შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძის, ნინო ბურჯანაძის, ვალერი გელბახიანის, გიგა ბოკერიას ვაჟები და სხვები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მამა-შვილი ბუშები გამოირჩნენ იმით, რომ ორივე პრეზიდენტი გახდა. ძმების პოლიტიკაში ყოფნა უკავშირდება კენედების ოჯახს. ასევე არისტოკრატული ოჯახიდან მოივიდა პოლიტიკაში ჩერჩილი. ტრადიციულად კი უფლისწულებს მემკვიდრეობით ერგებოდათ მამების ხვედრი. ეტყობა ეს ნათესაური კავშირები პოლიტიკაშიც ადვილად გადადის... რა თქმა უნდა, საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ქართულ პოლიტიკაში ჯერ მკვეთრად გამოკვეთილი არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს იმ თვალსაზრისით, რომ “ის ურჩევია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა”. იდეურადაც მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს. ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნება და სასურველიც, თუ მამა პოლიტიკოსებთან შედარებით შვილების პოლიტიკური დონე უფრო მაღალი იქნება, სხვა იქნება მათი პოლიტიკური ენა, მუშტი-კრივსა და ბოქლომებს გასცდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

დავით უსუფაშვილი - “ეს რა ჩაიდინა ივანიშვილმა?... საქმე გვაქვს ან წარმოუდგენელ ბოროტებასთან, ან წარმოუდგენელ უგუნურებასთან”

“პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციისა და აღმავლობის ინსტრუმენტად უნდა გამოყენებულიყო და სწორედ ამას ვურჩევდი ხელისუფლებას ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამის ნაცვლად, “ოცნების” უუნარო ხელში პროპორციული არჩევნების საკითხი დაპირისპირების, რადიკალიზაციისა და ესკალაციის იარაღად გადაიქცა. ყველა, მათ შორის “ოცნების” მომხრეთა უდიდესი ნაწილიც, გაოგნებულია - ეს რა ჩაიდინა ივანიშვილმა? მართლა ვერ ხვდება, რა განსაცდელის წინაშე აყენებს ქვეყანას, თუ მხოლოდ ამით წარმოუდგენია ძალაუფლების შენარჩუნება? საქმე გვაქვს ან წარმოუდგენელ ბოროტებასთან, ან წარმოუდგენელ უგუნურებასთან”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით უსუფაშვილი: “ნიკა გვარამიას განცხადებები ჩემთვის არასდროს ყოფილა პოლიტიკური გზის მაჩვენებელი შუქურა”.

“ვშრომობთ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა სამართლიან არჩევნებში თქვას თავისი სიტყვა და ჩვენი რჩევაა, ხალხმა შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ არა ყოფილი ხელისუფლებით. ქვეყანა დიდი ხანია ცივი სამოქალაქო ომის პირობებში ცხოვრობს, რაც ყველაზე თვალნათლივ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლინდა. მას შემდეგ საზოგადოების გამთლიანებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნორმალურ რიტმში გადასვლის ნაცვლად “ოცნებამ” უფრო გაამწვავა დაპირისპირება. ურემი ჯერ კიდევ არ გადაბრუნებულა, მაგრამ ასეთ რყევებს დიდხანს ვერ გაუძლებს. ხელისუფლებამ ბოლომდე გაფლანგა ქვეყნის მართვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება - მორალური უპირატესობა და ნდობა. მოსახლეობის სულ უფრო მეტ ნაწილს მისი აღარაფერი ესმის და აღარაფრის სჯერა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეტიც, “ოცნების” ამომრჩევლის უდიდეს უმრავლესობასაც აღარაფრის სჯერა და აღარაფერს ითხოვს, გარდა ერთისა - არ დაბრუნდეს წინა ხელისუფლება. ასეთ ვითარებაში “ოცნებაც” ამ თემას ებღაუჭება - გვერდით დამიდექით, თორემ ბრუნდებაო. კონტრაქციებიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ “ოცნების” ამომრჩეველიც დაინახავს, რომ სწორედ ივანიშვილი უფენს და უსწორებს წითელ ხალიჩას სააკაშვილს. პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი, “ოცნების” ხელში კი ის გათიშულობის, დაპირისპირების და ქვეყანაში დიდი პრობლემების შექმნის იარაღი აღმოჩნდა. ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს კიდევ სხვა მიმართულებით დაუშვას დიდი შეცდომები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითა და არჩევნებისთვის მზადებით. რადიკალიზაცია, ესკალაცია, პოლარიზაცია ასუსტებს ქვეყანას, ყოველ ოჯახს და ყოველ მოქალაქეს. უაღრესად არამდგრად საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ ვითარებაში არნახული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია გვმართებს და ამის ნაცვლად არნახულად ვართ გათიშული და დაპირისპირებული”, - მიიჩნევს “შენების მოძრაობის” ლიდერი.

“დაგამთავრებ” და “გამოგლევ” კონცეფციებით სადღაც პრესახელმწიფოებრივ ეპოქაში, ათასწლეულებით უკან ვცვივდებით მაშინ, როდესაც წინ ევროპული კეთილდღეობის, თავისუფლების და უსაფრთხოების პერსპექტივა გადაგვეშალა. “ოცნება” ამას რომ აღიქვამდეს, ცხადია, სხვაგვარად მოიქცეოდა - აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად აბრმავებს და აყრუებს. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მაჟორიტარული სისტემის სრულად ამოქმედების კანონპროექტს. არსობრივად ეს წმინდა წყლის ბლეფია _ პარლამენტში არ არსებობს ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილების გამზიარებელი 113 წევრი. ტაქტიკურად ეს “შიდაოცნებური” ბრძოლების გამოვლინებაა - მომავალ პარლამენტში მოსახვედრად კუნთების თამაში და მამა-მარჩენლისთვის ერთგულების დემონსტრირების მცდელობა”, - დასძენს უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს “ოცნების” გარღვევის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს?” - პასუხობს:

“უმრავლესობამ ქვეყნის დაზიანებასთან ერთად იმდენი თვითდაზიანება მიიყენა, რომ გარდაუვალია შიდა ქაოსი და უთანხმოებები. “ოცნებას” აქვს შანსი, დღემდე გამქრალ ყოფილ სახელისუფლებო გუნდებზე უფრო სწრაფად გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან და ეს იქნება “ოცნების” ლიდერის და არა ოპოზიციის დამსახურება”.

“ოცნებას” კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს, კრიტიკული ზღვარი დგება - ჭიჭინაძე

“პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა იწყება და ბოიკოტში მყოფ საპარლამენტო ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დროებით შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს ამ კენჭისყრებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ “რეზონანსს” დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. ჭიჭინაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკითხი “ქართულ ოცნებაში” შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს დაპირისპირებისა და განხეთქილების მიზეზი, რის შედეგადაც ზოგიერთი დეპუტატის მიერ უმრავლების დატოვებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, იმედოვნებას, რომ ხელისუფლებას “გონიერება ეყოფა”, რომ ქვეყანში კრიზისული ვითარება არ შექმნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოცნებას“ კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს, კრიტიკული ზღვარი დგება - ჭიჭინაძე.

“საკომიტეტო კვირა უკვე იყო და უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა არ ჩატარდა. შესაძლოა პლენარული სხდომების შესვენების დროს ჩაატარონ, ან შეიძლება შიგნით არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და ახლა, ერთი მეორეზე პრობლემების მიმატებას არ აპირებენ. ეს ისეთი კენჭისყრაა, არ მგონია კიდევ რამე ძალადობა იყოს მოსალოდნელი. მეტ-ნაკლებად შეეცდებიან, რომ არგუმენტირებულად დაუსაბუთონ და თავისუფალი მანევრის საშუალება მისცენ დეპუტატებს, რადგან “ოცნება” ნელ-ნელა უკვე კრიტიკულ ზღვარს ადგება. კიდევ 4-5 დეპუტატი რომ გამოაკლდეს “ქართული ოცნებას”, კრიტიკული ზღვარი დგება იმ თვალსაზრისით, რომ “ოცნებას” 76 ადამიანის (საკანონმდებლო ცვლილების ან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა) მოკრება გაუჭირდეს. გააჩნია, როგორ იმოქმედებს თვითონ ხელმძღვანელობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება კომიტეტებზე უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა, ამის შესახებ სხდომამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი. ოპოზიცია კი ამ დღისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება, რათა სიის ჩასაგდებად უმრავლესობის დეპუტატებზე ზეწოლა გაზარდოს”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა