თეონა ჭალიძე - სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებს არ უნდა ვანდოთ ათასობით ბავშვის კვება

ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, აღნიშნულმა სამმართველომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე შპს ,,სოფოს“ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, რომელიც მათი განცხადებით აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

,,როგორც ჩანს, რამდენიმე კვირის წინ შპს „ელენიკოს“ დირექტორისთვის პატიმრობის შეფარდებამ წინა წელს სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტის დადგენის შემდეგ დიდად ვერ დააფიქრა ბიზნეს ოპერატორები და მაინც ბედავენ საბავშვო ბაღების მომარაგებას საეჭვო წარმოშობისა და მდგომარეობის ხორცპროდუქტებით. სახელმწიფოს მხრიდანაც საკმარისი ნება არაა, რომ საბავშვო ბაღების მომმარაგებლები მეტი სიფრთხილით იქნენ შერჩეული. აღსანიშნავია, რომ შპს ,,სოფო“ დაფუძნებულია 2018 წლის 26 მარტს და პირველი ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და მოიგო კიდეც გამოცხადებული გახლდათ ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრის ცენტრის“ მიერ 2018 წლის 16 მარტს და განაცხადების შეტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 29 მარტი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შპს ნაჩქარევად სპეციალურად ამ ტენდერისთვის შეიქმნა და შესაბამისად მას არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. ისმის კითხვა: რატომ ანდო სატენდერო კომისიამ ასეთ შპს-ს 43 საბავშვო ბაღის ხორცპროდუქტებით მომარაგება? გამოძიება უნდა დაიწყოს სწორედ აქედან და დაიკითხოს NAT180004337 ტენდერის სატენდერო კომისიის მთლიანი შემადგენლობა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია, ამავე ცენტრის თანამშრომლები და სატენდერო კომისიის წევრები: ნინო ქადიეშვილი, კაკო ზაქარიაძე, მალხაზი კვაჭანტირაძე, ნატალია კალანდაძე, ბადრი გორგილაძე, ანა გოგატაძე, მარიკა ანდღულაძე. შემდეგ კი, ყველა იმ ტენდერის სატენდერო კომისიის წევრები, რომელშიც შპს სოფომ გაიმარჯვა. თავისთავად შპს-ს დამფუძნებელი სოფიკო გორგაძე და დირექტორი ბეგლარ ბერიძეც.

აღსანიშნავია, რომ ეს შპს მოხვდა „შავ სიაშიც“, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, კერძოდ ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ტენდერით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად უხარისხო პროდუქტების მიწოდების გამო.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ ტენდერების მოგება შესაძლოა, უკავშირდებოდეს კონკრეტულ ინტერესებს. ამიტომ აუცილებელია აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება.

ცალსახად უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის მიმწოდებელი ბიზნეს ოპერატორების შერჩევის დროს, სატენდერო პირობების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კომპანიის გამოცდილებას და სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებს არ ვანდოთ ათასობით ბავშვის კვება.“- აცხადებს ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა