საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს

საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, სადავო ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს.

დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეფასდებოდა იმ შემთხვევაში, სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხზე ბუნდოვანება რომ იყოს, არსებულ ვითარებაში კი წამოჭრილი წინადადებით დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილების საკითხი ეჭვქვეშ დგება.

„გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი.

ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.

ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება.

„უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის; ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ ვაყენებთ.

ამიტომაც, საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას.

ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა